ლიტერატურანინო ხაჩიძეყირამალა

ნი&მა: ყირამალა ამოტრიალებული ფიქრები ხმამაღლა და ჩუმად

ნინო თურმანაული

მაია ქავთარაშვილი

 

სიზმარი III

ნი…

ეს ტკივილი არასდროს გავა?! ესეც გაივლის, ხომ იცი, – პასუხობდა მა. გაივლის, ცხოვრებაც კი გაივლის და ამას რაღა დატოვებს, ფიქრობდა ნი. ხმამაღლა კი ამას ამბობდა: გაივლის თუ ყრუდ გაყუჩდება?! ისე – ტკივილშიც არის სიამოვნება. უცნაური, თითქმის ექსტაზური.

აი, ისე, შაკიკი რომ უნდა დაგეწყოს და ის-ისაა გაგიყაროს მავთულები ტვინში, მაგრამ რომ მიასწრებ, წამალს შეაშველებ (ნის 20-თეთრიანი „ციტრამონი“ შველოდა, სხვა არაფერი) და ტკივილი ყრუვდება, სადღაც შენ მიღმა ჩაიბუდებს, გღრღნის, გღრღნის, მაგრამ ვერ გერევა, ვერ განადგურებს, თუმცა განახევრებს. მოეფერე და გაათავისუფლე, ისევ ურჩია მამ.

თავის შაკიკს სულ ეფერებოდა, მაგრამ იმას მაინც არაფერი შველოდა, თავისას არ იწლიდა. მერე ასეთ გამოსავალს მიაგნო: როდესაც ეს მტანჯველი ტკივილი დაეწყებოდა, იმაზე იწყებდა ფიქრს, რომ რომელიმე ცოდვის გამოსყიდვის საშუალება ეძლეოდა: იმიტომ რომ ნი არც ეკლესიაში დადიოდა, არც მარხულობდა, არც მოძღვარი ჰყავდა, ლოცვითაც თითქმის არ ლოცულობდა.

მაგრამ ეს არ იყო მთავარი: ნიმ ზუსტად იცოდა, რომ, როდის იქცეოდა ცუდად, როდის აშავებდა, როდის სცოდავდა… იცოდა და მაინც აკეთებდა. ამიტომ გულში სულ შიში ჰქონდა, რომ დაისჯებოდა. თუმცა, ალბათ, არც ისე ძლიერი იყო ის შიში, რომ მის გამო თავი შეეკავებინა.

მაგრამ არც ეს იყო მთავარი: ნებისმიერ წინააღმდეგობასა და ტკივილს, იმედგაცურებასა და უსამართლობას იღებდა, როგორც თავისი ცოდვების საზღაურს. და იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ ჯოჯოხეთში ერთი კელია სულმოუთმენლად ელოდა.

ასე გრძელდებოდა ნისა და ცოდვების ჭიდაობა  ჯოჯოხეთის შიშის ფონზე, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს ნი მიხვდა, რომ ადამიანი, თვით ყველაზე გაუგონრად ბოროტი და სასტიკი, იმდენად საწყალი და დაუცველი იყო, როდესაც თავის თავთან მარტო რჩებოდა – თავისი შიშებით, სურვილებით, ნატვრებით, ბოროტით თუ უბოროტოთი – წარმოუდგენელია, ღმერთს, მის შემოქმედს, ასეთი უბადრუკი არსება დაესაჯა.

უცნაური ის იყო, რომ ეს აზრი მაშინ დაებადა, როდესაც ძაღლმა ფეხსაცმელი გაუფუჭა, გაცეცხლებული ნის დანახვაზე, ცუგა საწყლად მოიკუნტა, აკანკალდა და ნის ბრაზმა გაუარა, პირიქით, უსაზღვრო სიყვარული იგრძნო ამ პატარა ბეწვის გორგლის მიმართ, რომელმაც იცოდა, რომ ფეხსაცმლის დაღრღნა ცუდი საქციელი იყო, მაგრამ მაინც ღრღნიდა.

თუკი ნის გაუარა ბრაზმა თავისი შეშინებული ბიბის დანახვაზე, სავსებით ნათელი იყო, რომ შემოქმედი  ვერაფრით გაიმეტებდა კუპრში მოსახარშად თავის შემოქმედებას, რაც უნდა უვარგისი გამოსვლოდა ის.

მაგრამ ამას მისთვის სიმშვიდე არ მოუტანია. პირიქით – უფრო დაიძაბა. ცოდვებზე უარს ვერ ამბობდა, შემოქმედის უზომო სიკეთე კი ამ ცოდვებს, შეცდომებსა თუ გადაცდომებს, კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა და ამძიმებდა.

მა…

ადამიანად ყოფნის სევდა ტკივილიდან სიცილამდე ეტევაო, – აღმოაჩინა მამ საკუთარი ამერიკა. მაგრამ ტკივილს სიცილი ერჩივნა და ყველა ხერხს მიმართავდა, რომ ცტკენოდა: სწორი კვება, სუნთქვა, ვარჯიში, აზროვნების ეკოლოგია. ფაქტობრივად, დაძლია კიდეც ადამიანებისათვის ჩვეული და მორიგი ტკივილ-ჩივილები. არანაირი წნევა და წნევის აპარატი სახლში, წამალი და აფთიაქი, ზოგადად, ამოვარდა მისი ცხოვრების პანოდან. და მაინც, შაკიკმა იცოდა შემოძურწვა და შემოვლითი გზებით შემოკედლება. რადგან ვეღარ ერჩოდა, ოდნავ გესლავდა და მთლად ვერ იშორებდა. ნის არ იყოს, რამეთი ხომ უნდა გადაფაროს საკუთარი ცდომილებები და სიგლახეები?! დარჩა, კი, საკმარისად დარჩა გადასახედ-მისახედი ამბები, რომ ასე აღარ იფიქროს. თუმცა, რა შედარებაა! აი, იმასთან, რაც და როგორიც იყო, თუნდაც, ათიოდე წლის წინათ. ახლა სულ სხვა ჰგონია საკუთარი თავი და იმ მაზე ეღიმილებასავით. როგორი ჯიუტი, მშფოთვარე და მიზანდასახული გოგონა ჰყავდა მაშინდელი საკუთარი თავი. ახლაღა ხვდება მა, რომ ცხოვრება მხოლოდ დაკვირვებისა და განზე განდგომის შედეგად იცხოვრება. რომ, თუ გინდა იხარო და იცინო კიდევაც, ნება უნდა დართო სიცოცხლეს, იყოს! და შენც იყო, რადგან სხვა არც არაფერია. სიცოცხლე და შენ და შენ ხარ სიცოცხლე. საერთოდაც, მარტო ერთია აქ. ერთიანია სამყარო. ასეა. ყველა გაგებით. და მამ ეს ჭეშმარიტება რომ დაინახა, თითქოს ელდა ეცა და ელვამ გაუნათა გონებაც, გულიც და აუხილა თვალები. რა გეგმები, რის მიზნები, რა ტკივილები და ბრძოლა-კონკურენციები?! რაკი ხარ და მომავლიდან აწმყოს ქარგავ, რომ წარსული ახდეს, განა რამეს იზამ უნებურად და დაუგეგმავად? განა დაკარგავ იმას, რაც უკვე იცი, რომ ხარ? ან მოიპოვებ იმას, რაც სხვისია და არასდროს ყოფილა შენს ნახატში ჩაქსოვილი?

მა გაეშვა ზრუნვას და საფიქრალით დადარდიანების მრავალწლიან ნაცად და დახვეწილ ტექნოლოგიებს. გაეშვა – ადვილად ითქმის და ძნელი კი უნდა ყოფილიყო თითქოს! რადგან იმდენი წელი აგემოვნებდა განცდებს, ტკივილებსა და შიშებს… და როცა ისე არ ხდებოდა, როგორც გეგმებში იყო, იწყებოდა ჭიდაობა, გეგმების გადაკეთება, ბრძოლა, მტრობა, დაცემა– ადგომების აკიდო და მტელი ორომტრიალი არაფრისგან და, რაც მთავარია, უშედეგოდ, ანუ არაფრისთვის. ხოლო ახლა, აი, იმ წუთიდან ასე მარტივად რომ გაეხსნა ეს ცოდნა _ თითქოს სამდღიანი შაკიკი ალაგდაო უცაბედად და თვალმა იხილა და გულმაც ილხინა, მას კი მიეცა სიმშვიდე. რაკი აქ ვარ, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა. ისიც კი, რაც ამ წუთას ურიგოდ გამოიყურება. ხვალ ის საკუთარ თავს დაალაგებს და მოიტანს ზუსტად იმას, რაც მე მესაძიროება, რომ ვიყო ხვალ იქ, სადაც ხვალ ვიქნები. და არაფერია, თურმე, ამაზე ლამაზი და ამაზე სანატრელი, – სრულად დუნდები და მიენდობი სამყაროს. უბრალოდ სუნთქავ და ხარობ: ცუდი ამინდით, გახეული ფეხსაცმლით, დაგვიანებული სამარშრუტო ტაქსითაც კი, გაავებული მეზობლით, რომელიც სამყაროს დაქცევაში გდებს ბრალს, მხოლოდ იმიტომ, რომ წყალი წვეთებად ჩასდის აბაზანაში… და ყველაფერი თავისით ლაგდება – არსად გაგვიანდება, ტაქსის მაგივრად უცნობი გიჩერებს „მერსედესს“ და მიჰყავხარ მუსიკისა და კონდიციონერის თანხლებით; მეზობელი მეორე დღეს ამოდის, ბოდიშს გიხდის და ფულს გთავაზობს, რომ სანტექნიკოსს გადაუხადო; ამინდი მოულოდნელად გადაიფიქრებს დაგისველოს ახალი ხავერდის  ფეხსაცმელი და მანამ გაცდის, სანამ სახლში არ დაბრუნდები…

ყველა და ყველაფერი შენთვის გადაეწყობა, როცა შენ ამის უფლებას დართავ და მხოლოდ მადლიერი, გაღიმებული და სიყვარულით სავსე ხარ. აქ ხარ. ახლა ხარ და იცი –  დაცული ხარ სრულად, რადგან აქ ხარ. რადგან ერთიანი ხარ სამყაროსთან, ღმერთთან და დასჯაც და გახარებაც მხოლოდ შენი არჩევანია! ახლა მა ამის ახსნას ცდილობდა ნისთვის და საერთოდ, ყველა დანარჩენისთვის, რომ ყველას დაენახა და დაეწყო ყოფნა და სიცოცხლე!

 

P. S. იკითხეთ “საბაზე”

https://saba.com.ge/books/details/3876

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები