ლიტერატურა ნინო ხაჩიძე ყირამალა

ნი&მა: ყირამალა ამოტრიალებული ფიქრები ხმამაღლა და ჩუმად

ნინო თურმანაული

მაია ქავთარაშვილი

II სიზმარი

ნი

ნი ცდილობდა, გაეხსენებინა, პირველად როდის ეტკინა… მოგონება დუმდა, თითქოს არც ყოფილიყო, არადა იქნებოდა. იქნებოდა კი არადა – იყო! მაგრამ, სამაგიეროდ, გაიხსენა, როდის ჩაუყარა საძირკველი თავის მარტოობას. თან, ისეთი მყარი, რომ ძვრა ვეღარ უყო და იქნებ ვეღარც კი მოუხერხოს ვერაფერი?!

ხუთი წლის იქნებოდა ან ოთხის, რომ დაინტერესდა, რატომ უჩნდებოდა ბავშვები ქალს მხოლოდ მაშინ, როდესაც თხოვდებოდა?! უპასუხეს, რომ ქალი გათხოვების შემდეგ სპეციალურ აბს სვამდა. ნის თავში მეორე კითხვაც დაიბადა და რატომ არ სვამდა ქალი აბს გათხოვებამდე? მაგრამ ეს ხმამაღლა აღარ უკითხავს, თუმცა საკუთარ თავთან გასაუბრების შემდეგ დაასკვნა, რომ აბების გათხოვების შემდეგ დალევის მიზეზი ის იყო, რომ ორ ადამიანს (ცოლ-ქმარს) ბავშვის ან ბავშვების გაზრდა უფრო უადვილდებოდა (პატარა ნიმ ჯერ არ იცოდა, რომ დედამიწის იმ წერტილში, სადაც ის გაჩნდა, შვილები მხოლოდ დედების ტვირთი იყო). ამიტომ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ აი, იმ აბს დამოუკიდებლად მიიღებდა (სწორედ ასე თქვა: მე თვითონ დავლევ, დამხმარე არ მჭირდება!). წლების შემდეგ ასეც მოიქცა, ოღონდ ის ფიქრები მაშინ არ ახსოვდა, თავისთავად გამოვიდა.

რას ერჩოდი საკუთარ თავს? – ჰკითხა მამ. არაფერსაც არ ერჩოდა, ყოველ შემთხვევაში, ეგონა, რომ არაფერს ერჩოდა, თორემ ნი თავისი თავის მტერი ხომ არ იყო?! ან იქნებ ადამიანს თავის თავზე დაუნდობელი მტერი არც ჰყავს და ნის მტერი თვითონ ნი იყო?!

ის ერთი აბი, აბი კი არა, აბის შედეგი, მხოლოდ თავისთვის უნდოდა – ნი ცხოვრებას უმტკიცებდა, რომ მის ყოფით კანონებს არ ემორჩილებოდა. და, რადგან არ ემორჩილებოდა, ცხოვრებაც ჩაგრავდა: ჩაგრავდა რა – ტკივილებს უგზავნიდა. მაგრამ ეს ის ხარკი იყო, რომელიც ნის უნდა გაეღო, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს სამყაროში. თვითნებობა კი, რადგან ფუფუნების საგანია, ძვირადაც ფასობს.

მა…

ბანალური ჭეშმარიტებაა – ბავშვობიდან მოვდივართ ყველანი. მაგრამ მა, რისი მა იქნებოდა( სულ მა რატომ? მაშინ რა ეკერა პირზე) რომ ამას დასჯერებოდა. სად იწყება და სად სრულდება ადამიანის სიცოცხლე და არსებობა? ერთი ციდა იყო, როცა ამით დაინტერესდა. და პასუხი არავის აღმოაჩნდა. უთხრეს, მხოლოდ არის ის ადამიანი, რაც დაბადებიდან გარდაცვალებამდე ხდებაო. მან კი იცოდა, რომ დაბადებამდეც ახსოვდა საკუთარი თავი და გარდაცვალების ცვლადობის ელფერიც უკვე ეფერებოდა. როცა იკითხა, რა განსხვავებაა გარდაცვალებასა და სიკვდილს შორისო, დატუქსეს, რა შენი ჭკუის სადარდებელი ეს არისო, აუკრძალეს თითქოს. მას კითხვები ჰქონდა, კიდევ უფრო მეტი და რთულიც, მაგრამ უკვე აღარავის უმხელდა. ამიტომ არც არავის უსმენდა, გაუგონარის წოდებაც დაიმსახურა. გაუგონარი ამბავი იყო ზუსტად, რასაც მა იჩემებდა. ამბობდა, მე აქ ბოლოჯერ დავიბადე. აქ ყოფნის მიზეზი უნდა გავიხსენო და მერე წავალ. სად წავალ? საიდანაც მოვედი. საიდან? აი, იქიდან და ხელს ზეცისკენ იშვერდა. მაგრამ წასვლა მხოლოდ ერთად შეიძლება და ის უნდა ვიპოვო. მას ხან დასცინოდნენ და ხან კიკინებს აწიწკნიდნენ, მისი კიდევაც ეშინოდათ, ეტყობა, თორემ, აბა, რით შეიძლება, აიხსნას, საკუთარი დედა საკუთარ პირველ და სიყვარულის ნაყოფს გამუდმებით მახინჯსა და ჭლექიანს, ფეხებდაბრეცილსა და გრძელცხვირას რომ დასძახებს?! ან კიდევ, ოდნავ მოგვიანებით – შენ ვის ეყვარები, ვინ აგიტანს ასეთს… მას კაი ხანს ეგონა, უბრალოდ დარწმუნებული იყო, რომ უშნო და შეუხედავია. ამიტომ მხოლოდ წიგნებს შეეძლო მისი გადარჩენა და კიდევ – ჩიტებს, ყვავილებს, თუთის ხეს, პეპლებს… ადამიანებს გაურბოდა და სულ მარტო იჯდა წიგნთან ერთად. კისერი სულ სტკიოდა, რადგან გამუდმებით ზეცას უყურებდა – ღამით ვარსკვლავებზე მოგზაურობდა და დღისით ღრუბლებზე დაფარფატებდა. მაშინ გადაწყვიტა მამ, რომ არც არავინ უნდა, მთავარია, ის ერთადერთი იპოვოს და დაბრუნდეს საკუთარ სახლში. სახლი ენატრებოდა და სიყვარული. როგორ უნდოდა ვინმეს ყვარებოდა, როგორ ცდილობდა, კარგი გოგო ყოფილიყო. მაგრამ სულ რაღაც ეშლებოდა, სულ ეჩხუბებოდა დედა, მერე – მასწავლებლები და თანაკლასელებიც. სანამ ისეთი დამოუკიდებელი და უცნაურ-წაგენიოსო არ გახდა, რომელსაც, მართალია, ვერ გუობდნენ, მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ. ბიჭებსაც კი სცემდა, გოგონებს ზედ არ უყურებდა, მასწავლებლებს ადუმებდა გაკვეთილზე და დედას ხელიდან უსხლტებოდა, როცა მორიგ სენტენციას დაუპირებდა.

მაინც საიდან მოდიოდა მა? ბავშვობიდან?! და საით მიჰყავდა ამ ბავშვობას? სიკვიდილისაკენ თუ გარდაცვალებისაკენ?! მამ იმდენჯერ იცვალა ფერი სიცოცხლის განმავლობაში, უკვე არც ახსოვს, რა ფერის იყო, როცა დაიბადა და ახლა სად არის. და თუ არ იცი, სად ხარ, როგორ უნდა მიხვიდე იქ, სადაც არ ხარ?

P. S. იკითხეთ “საბაზე”

https://saba.com.ge/books/details/3875

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

“რუსეთი უნდა გვეხვეწებოდეს აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას”

Nino Khachidze

აფხაზური პასუხი – ნაწილი მეორე

Nino Khachidze

ამხტომ-ჩამხტომები

Nino Khachidze

რატომ არის გარდაუვალი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების გაიაფება

Nino Khachidze

1 მილიონ 830 ათასი ლარი ბიუჯეტიდან – სემეკის წევრ სიფიო ბრიტანჩუკის 6 წლის ხელფასი

Nino Khachidze

2009 წელი. მამუკა გიორგაძე: ბახტრიონს რომ იღებდა, ის ხალხი მანამდე შეიძლება, თავჩაქინდრული ისხდა და ბევრ უბედურებას ითმენდა, მაგრამ გამოჩნდნენ რა ის ადამიანები, ისინიც აღივსნენ უდიდესი იმედით და ყველამ თავისი საქმე გააკეთა

Zaali Tsinadze

ისლამური სახელმწიფოს რამდენი ტერორისტია საქართველოს ტერიტორიაზე და რა საფრთხე ემუქრება საქართველოს თურქეთის ჩართვით სამხედრო ოპერაციებში.

Zaali Tsinadze

თბილისის მერის ანგარიში – ნაწილი II

Nino Khachidze

ყირიმის ნახევარკუნძულზე პრეტენზიის თურქული და რუსული საფუძვლები

Nino Khachidze