ბლოგერებილიტერატურანინო ხაჩიძეყირამალა

ნი&მა – ყირამალა, Ni-ს პირველი სიზმარი

ნინო თურმანაული

სიზმარი I

ნი

 უმიზეზოდ დგებოდა ცუდ და კარგ ხასიათზეც. მოცემულობა არ იცვლებოდა, მაგრამ ნი ხან უსაზღვროდ ბედნიერად გრძნობდა თავს, ხან – უსაზღვროდ უბედურად, არადა, როდესაც მართლაც უბედურებაში გაეხვია, იბრძოლა სისხლის თუ ენერგიის უკანასკნელ წვეთამდე, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

მოკლედ, თავს ვერაფერი გაუგო, დიდად არც უცდია. პირველად სიმშვიდე, აი, გარდაუვლობის შეგრძნებას რომ მოაქვს, მაშინ დაეუფლა, როდესაც მიხვდა, რომ, რაც ეკუთვნოდა, იმას სამყარო არ დაამადლიდა, ხოლო, რაც მისი არ იყო, მაინც დაიკარგებოდა უკვალოდ თუ ნაკვალევით, რაც უნდა ტყავიდან გამომძვრალიყო (ვერც სისხლის უკანასკნელი წვეთი უშველიდა, ვერც ოფლის და ვერც რამე სხვის).

–წარსული უნდა გაუშვა, აწმყოც მიაყოლო, რომ მომავალს შემოსვლის გზა მისცე, – უთხრა მამ.

–გაშვებული არ არის, არც კი მახსოვს! – უპასუხა ნიმ.

–გახსოვს და იმიტომაც არ გიშვებს….

– არა, გაჯიუტდა ნი, არც მახსოვს და კარგა ხნის წინათაც გავუშვი.

გაშვებით, მართლაც, გაუშვა, არ იტყუებოდა, ოღონდ ასე თავად ეგონა, თორემ წარსულს რა გაუშვებდა პატიების გარდა, საკუთარი თავის პატიების, თორემ სხვების პატიება რა მოსატანია?! სხვები არც ისეთ პატივში ჰყავდა, რომ არპატიებით გაენებივრებინა.

მთლად იმიტომაც არა, რომ ეგოისტი იყო, უფრო იმის გამო, რომ უპირატესობის შეგრძნება ჰქონდა, ოღონდ ამით არ ქედმაღლობდა. მშვიდად უცქერდა დანარჩენებს ზემოდან, მაგრამ ეს ზემოდან კი არა, უფრო ქვემოდან მზერა იყო, რადგან ამ უპირატესობის მიზეზით მათთვის თითქმის ყველაფერი უნდა ეპატიებინა და პატიობდა კიდეც, ეცოდებოდა. შესაცოდები კი მართლაც იყვნენ, მათთვის უცხო ხილი იყო იქ ყოფნა, სადაც ნი ძალიან ხშირად მისდა უნებურად ვღმოჩნდებოდა ხოლმე.

თან, კეთილშობილების გამოჩენა ისეთ სიამოვნებას ანიჭებდა, რომ ამპარტავნებას აღარაფერი უკლდა, ოღონდ ეს ამბავი მხოლოდ მან და მისმა ანგელოზმა იცოდნენ.

თვითონაც მიწიერი ანგელოზი იყო… ასე არწმუნებდა მა, ჩვენ, მიწიერმა ანგელოზებმა, ყველაფერი ვიცით წინასწარ, სასწაულებში ვცხოვრობთ და ჩვენთვის გაწერილი გზას ვერ ავცდებითო.

და რატომ გვარგუნეს მარტოობა და ტკივილებიო, წუხდა ნი; იმიტომ რომ გავიზარდოთო, ამშვიდებდა მა.

https://saba.com.ge/books/details/3847

იკითხეთ სრული ვერსია “საბას” ელექტრონული წიგნების საიტზე. 13 იანვრიდან, ყოველ ოთხშაბათს – ახალი სიზმრები Ni-სა და Ma-ს სიზმარეთიდან!

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები