ნინო ხაჩიძეპოლიტიკა

ნოდარ ნათაძე: კონფედერაცია არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ნებაყოფლობითი ის კავშირი, რომელიც იშლება იმ წუთშივე, როგორც კი ერთ-ერთი წევრი იტყვის, აღარ მინდაო.

თუ ჩვენი ხელისუფლება ივარგებს, ჩვენი ტერიტორიის დაპყრობასაც პუტინს მიაწერენ, თუ არ ივარგებს, მაშინ მისი მემკვიდრე მიიღებს ამ ტერიტორიებს

ისე მოხდა, რომ რუსეთის ფედერაციამ იქით აფხაზეთს შესთავაზა თანაშრომლობის ახალი დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის ფაქტობრივ დამორჩილებას ნიშნავს და, მეორე მხრივ, თბილისს კონფედერაციის ეფექტიანობაზე მიანიშნა. არის თუ არა კონფედერაცია გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ, თუ პირიქით, მისი აწ უკვე იურიდიულად გაფორმებული რღვევისკენ მიმართული ინიციატივაა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ნოდარ ნათაძესთან ერთად შევეცდებით.

 

–  საზოგადოებამ დაიწყო კონფედერაციაზე მსჯელობა და ამას ჰყავს მომხრეები. თუმცა ვიცით, როგორი მყიფე გაერთიანებაა ის და კონფედერაციის აუცილებელი პირობაა თბილისის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება.

– ზუსტად ასე არ არის: კონფედერაცია არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ნებაყოფლობითი ის კავშირი, რომელიც იშლება იმ წუთშივე, როგორც კი ერთ-ერთი წევრი იტყვის, აღარ მინდაო. ასე რომ, ცნობის შემდეგ კი არ იქმნება კონფედერაცია, არამედ თვითონ კონფედერაციაზე ხელის მოწერა თავისი შინაარსით არის ცნობა.

– ეს ვიგულისხმე, კონფედერაციაზე რომ თანხმდები, ავტომატურად აღიარებ სუბიექტების დამოუკიდებლობას.

– კონფედერაციაში უკვე იგულისხმება წარმონაქმნების დამოუკიდებლობა.

– როგორ შეიძლება, გავიგოთ კარასინის განცხადება, რომ თბილისმა უნდა დაარწმუნოს აფხაზები და ოსები, რომ კონფედერაციაში უკეთესი პერსპექტივები აქვთ, ვიდრე დამოუკიდებლადო?

– ეს არის პრიმაკოვის დიდი ხნის ცნობილი გეგმა. პრიმაკოვი არის ჩეკისტი, იმპერიის ერთ-ერთი ორგანული ნაწილი, რომელიც გამოუსწორებელია თავის აზროვნებაში. ამის შემოცურებას რუსეთის იმპერია დიდი ხანია, ცდილობს. პრიმაკოვის გეგმა გაიმეორა რუსეთის დიდმა მეგობარმა ბოდენმა, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, როგორც ეუთოს მისიის თავმჯდომარე. ის არის გე დე ერის კაცი და პუშკინის სპეციალისტი, წარმოგიდგენიათ გერმანელი, რომელიც პუშკინზე დასპეციალდება, რა კაცია?!

– თუმცა პუშკინი კარგი პოეტია.

– რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის ის პოეტი, რომლითაც გერმანელი დაინტერესდება. ის არის ევროპული სულისკვეთების ძალიან კარგი ლირიკოსი, მაგრამ ევროპისთვის ის საინტერესო არ არის, თვითონაც ჰყავთ ბევრი.

გაეროში პრიმაკოვის გეგმა დევს, როგორც ბოდენის გეგმა. რუსეთმა იცის, რომ მას ეს ტერიტორიები არ შერჩება: რუსეთს გააგდებენ ამ ტერიტორიიდან, მაგრამ მას უნდა, რომ შეინარჩუნოს თავისი გადამწყვეტი გავლენა და ამ  ტერიტორიების საქართველოში ყოფნას ტოვებს აფხაზებისა და ოსების ნებაზე. არადა, დღეს ჩვენ კონფედერაციაზე ბევრად უკეთესი სტატუსი გვაქვს.

– გაცილებით.

– იმიტომ რომ ოკუპაცია, ადრე თუ გვიან, უნდა დამთავრდეს. და რუსეთი ცდილობს, ამის ფონზე, უკიდურეს შემთხვევაში, შეინარჩუნოს გავლენა და ოფიციალურ გარანტად იყოს. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კონფედერაციის მიმხრობა არის პირდაპირი და შეგნებული სახელმწიფო ღალატი, ან უბრალოდ, იდიოტიზმი. მე მგონი, ასეთი იდიოტი არავინ დარჩა, მაგრამ კარასინს მოწინააღმდეგედ ვინ ჰყავს? ზურაბ აბაშიძე, რომელიც არანაირი ტალანტით არ გამოირჩევა.

– ომის შემდეგ ლაპარაკი იყო აფხაზეთთან ჯერ ფედერაციაზე, შემდეგ –  კონფედერაციაზე, შევარდნაძე არც ერთს არ დათანხმდა. ორივე მოდელი ითვალისწინებდა რუსეთის, როგორც გარანტორის, ჩართვას. ამ კონფედერაციის შემთხვევაშიც იგივე სქემაა?

– ნებისმიერ სახელმწიფოსა და პიროვნებას აქვს უფლება, ნებისმიერს ნებისმიერ საქმეში დაუდგეს გარანტად. ამას არავინ არავის არ უშლის. ერთადერთი ადეკვატური რეაგირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის შემდეგი –  შენ ხარ  მხოლოდ ოკუპანტი, მხოლოდ აგრესორი, მხოლოდ მტერი, არაფრის უფლება და არაფრის რწმუნება შენ ჩემს ტერიტორიაზე ვერ გექნება. მე შენ არც ერთი საქმისთვის ჩემს ტერიტორიას არ მიგაკარებ.

– თუმცა რომ არც მივაკაროთ, ეს მაინც ვერ დაიცავს კონფედერაციას დაშლისგან.

– რასაკვირველია, ეს არის რამდენიმეს კავშირი, რომელიც დამყარებულია მუდმივ და ყოველდღიურ კონსენსუსზე. ერთმა რომ თქვას, აღარ მინდაო, დაშლილია ეს კონფედერაცია.

– და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს უკვე ექნებათ აღიარება –  ოფიციალური და სავსებით ლეგიტიმური.

– დიახ, მეტსაც გეტყვით: რუსეთს რომ არ ჰქონდეს იმედი საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის, ერთი მხრივ, ორგულობისა და, მეორე მხრივ, იდიოტიზმისა, ვერ დაგეგმავდნენ ამ გეგმის გათრევას. ესენი რომ ამას გეგმავენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენზე არიან ასეთი წარმოდგენის –  ხელისუფლება აბსოლუტური მოღალატე, საზოგადოება –  აბსოლუტური იდიოტი, სხვანაირად ისინი ასეთ სტრატეგიას ვერ ააგებდნენ. თორემ ვის ექნება იმედი, რომ ბეწვის ხიდზე გაატარებს ტანკს? იმათ აქვთ ამის იმედი, იმიტომ რომ, აქაურ კადრებს იცნობენ.

– ჩვენ არ ვიცით აფხაზებისა და ოსების აზრი და, ბუნებრივია, შესაძლო ვარიანტებზე ვმსჯელობთ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე, კონფედერაციის წინააღმდეგი ვარ, კონფედერაცია თუ დევნილების დაბრუნებას მოიტანს, ეს ხომ შეცვლის დემოგრაფიულ სურათს აფხაზეთში, თუმცა ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონში.

– საქართველოს დიპლომატიის უამრავი გუნდი შეიცვალა ამ 20 წლის განმავლობაში, მაგრამ არც ერთმა არ გადადგა დიპლომატიაში ის აუცილებელი ნაბიჯი, რის გარეშეც საპროპაგანდო ომის მოგება შეუძლებელია. არც ერთმა არ თქვა: აგერ აფსუა მთავრობავ, რუსეთო, მათო მეგობრებო, მოიტანეთ და დადეთ, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მომავალი მთლიანობის გეგმა?! ვერავინ, ვერც აფხაზი და ვერც მისი მეგობარი თუ მომხრე, ვერ დაგიდებთ მაგიდაზე გეგმას, რომელიც არ იყოს კაციჭამიური.

–  მიდგომები აქვთ სრულებით მიუღებელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ჩვენ მათ ფონზე უბრალოდ დემოკრატიის ანგელოზები ვართ.

– ეთნიკური წმენდის შედეგები მხედველობაში ვერ მიიღება, ამიტომ ჩვენ ვართ აფხაზეთის მოსახლეობა, ადგილობრივი მცხოვრებლები და ვერავინ დაამტკიცებს, რომ არ ვართ აფხაზეთის ავტოქტონური მოსახლეობა. იმიტომ რომ, ცნობილია ყველაფერი და ამ პირობებში როგორ გამოდიხარ ლოზუნგით: ქართველებო, წაეთრიეთ აფხაზეთიდან და რომ აფხაზი მოსახლეობის კონსენსუსის გარეშე ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება აფხაზეთში. მე ერთხელ ტელეხიდში მივიღე მონაწილეობა, მეორე მხარეს იყო შამბა. ვუთხარი, კატეგორიულად გამორიცხულია, ყველანაირი ნორმით, რომ ერთი აფხაზის ხმას ამ ტერიტორიის ბედის გადაწყვეტაში მეტი წონა ჰქონდეს, ვიდრე ერთი ქართველის ხმას. აქ ხომ კამათი შეუძლებელია, თუ გინდა, რომ კაციჭამიად არ გამოჩნდე. მაგრამ შამბა პასუხად მეუბნება: ჩვენ ასე ვერ მოვილაპარაკებთო. ესე იგი, შანტაჟს მიწყობს, ხოში არ მაქვს და დამთავრდაო. აი, ამის დათანხმება არ შეიძლება.

– თუმცა მათი დამოკიდებულება ჩვენთან ურთიერთობისას არის ასეთი: მხოლოდ აღიარების შემდეგ დაელაპარაკებიან ქართველებს და არ აპირებენ მათ დაბრუნებას.

– აფხაზეთი ვერ იქნება დამოუკიდებელი! მე ასეთი ფორმულირება მაქვს: საქართველოს სახელმწიფოს უფლება, რომ აფხაზეთში განახორციელოს თავისი იურისდიქცია, არის უპირობო! ეს სიტყვა არის მთელი ჩვენი პოზიციის გასაღები. უპირობოა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ის მოსახლეობა, რომელმაც ეს ტერიტორია ხელუხლებელი ტყე-მინდვრის მდგომარეობიდან გადაიყვანა განვითარებული ცივილიზაციის მდგომარეობაში; ამ ტერიტორიის სახელი, რომელიც ქართულად სხვა ბგერებითაა გამოხატული და მეგრულად –  სხვა ბგერებით, მაგრამ გამოხატავს კანონზომიერ ასოთწყობას, რამდენიმე ათასწლეულის წინათაა დაფიქსირებული. „არგონავტი“ ეს არის არა „არგოთი მოცურავე“, არამედ ნიშნავს „არგოს ქვეყანაში მოგზაურს“. რა არის „არგო“? მეგრულად –  არგიში, ქართულად –  ეგრისი. ქართულ ე-ს მეგრულში შეესაბამება ა და ხდება თანხმოვნების გადასმა. ანუ ეს არის ქვეყანა ეგრისი. ქართულად ჰქვია „მეგრელი“, მეგრულად –  „მარგალი“, რაც აბსოლუტურად კანონზომიერია. იდეალური შესატყვისია. ესე იგი, ჩვენი იქ სახლობა დამტკიცებულია. კოლხურ კულტურაზე ადრე იმ ტერიტორიაზე ცივილიზაციის არანაირი ჩანასახი არ არსებობს.

– თუმცა ისინი აქტიურად ავითარებენ აზრს, რომ სვანებიც კი აფხაზები არიან, რომ ყველაფერი, რაც მიეწერება ქართულ სახელმწიფოს არის მათი დამსახურება…  

– მათ მეცნიერებს რომ მეცნიერების რამე ეცხოთ, მოსკოვში უკვე ტიტულები ექნებოდათ მინიჭებული; მაგრამ ისინი სერიოზული ფიგურები არ არიან და მათი ნაწერები არ შეესაბამება რეალობას. მეორე –  იმ აფხაზურ ტომებს, რომლებიც საქართველოში მოდიოდნენ, არასდროს მიუყვანიათ სიტუაცია იმ ნიშნულამდე, რომ ეს ტერიტორია იურიდიულად მოსწყვეტოდა საქართველოს. სხვა მიზეზებს აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ იმის თქმა, რომ აფხაზ მოსახლეობას ეკუთვნის პრივილეგია, მხოლოდ ის გამოხატავდეს აფხაზეთის მოსახლეობის ნებას, არის აბსურდი და ამის არხსენება იგივეა, ომში წახვიდე და იარაღი სახლში დატოვო, მოწინააღმდეგეს არ ეწყინოსო. მეორე მხრივ, ქართველი ხალხის აბსოლუტური ნებაა, რომ აფხაზი ხალხი გადარჩეს. არავის აქვს არც მათი ასიმილაციის და არც მოსპობის სურვილი. მათი გადარჩენა არის ჩვენი, როგორც ამ ტერიტორიის მმართველი ძალის მოვალეობა.

– მაგრამ მათ ამის არ სჯერათ და სძულთ ყველაფერი ქართული მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქართულია, უსულო საგნების ჩათვლით.

– როგორ არ სჯერათ, მაგრამ მათ ელიტას უნდა, რომ ეს ტერიტორია, რომელიც ძალიან მომგებიანია ექსპლუატაციისთვის, გინდა გააქირვებ, გინდა, მანდარინს დაკრეფ, რომლის მოყვანას შრომა, ფაქტობრივად, არ სჭირდება. მათ უნდათ, რომ როგორც აქამდე არსებობდნენ რუსების ხელში ეთნოგრაფიის სახით, ისევე გააგრძელონ. სიძულვილი გაქრება, მით უმეტეს, რომ არსებობს ურთიერთგამიჯვნის საშუალება კომუნიკაციებით: ისე შემეძლოს ცხოვრება, რომ, თუ არ მინდა, შენს სოფელში არ შევიდე, მაგალითად, სოხუმში ჩასასვლელად და პირიქით. ეს სიძულვილი გაქრება, მით უმეტეს, როდესაც არსებობენ აბსოლუტურად დაუნდობელი მეზობლები. რუსები ვინ არიან, დაახლოებით იგრძნეს, თურქები ჯერ აბსტრაქციაში არიან და ისინი აფხაზებს მოკავშირეები ჰგონიათ. როდესაც მიხვდებიან, ვინ არიან თურქები, მეტი  სტიმული ექნებათ, იგრძნონ ჩვენთან საერთო მოტივები.

– როდესაც ჩვენთან შემოაგდო კონფედერაციის თემა, აფხაზებს შესთავაზა შეთანხმება, ანუ დილემის წინაშე დააყენა ისინი რუსეთმა: ან ქართველებთან კონფედერაციაში, ან ჩემი ჩექმის ქვეშ?

– აფხაზეთის რუსული მილიტარიზაცია სტრატეგიული გეგმა ვერ იქნება, ეს მაინც ტაქტიკური გეგმაა.

– სტრატეგიულ გეგმად რა აქვთ?

– სტრატეგიული გეგმა არ აქვთ. რუსეთი ფუნდამენტურად მარცხდება. პუტინი ყველაფერს თმობს. დათმო ის, რომ უკრაინაში დროშის გაშლას ვერ ბედავს, ომს ვერ აცხადებს. ეს ნიშნავს, ავიაციას ვერ გამოიყენებენ, რადგან ვერ იტყვიან, თვითმფრინავები შვებულებაში გავუშვით და იმიტომ მოხვდნენ უკრაინაშიო, არადა, ვინც ჰაერში არ ბატონობს, ომს ვერ იგებს.

– ამასობაში უკრაინა კი დაინგრა.

– არა, გლეხი ცხოვრობს თავის სახლში, ძროხას წველის და საკვები აქვს, ის ინფრასტრუქტურა კი მეტნაკლებად მოძველებულია და მაინც შესაცვლელია.

– და რუსეთმა თვითონ შეუწყო ხელი?

– რა თქმა უნდა, რუსეთი დაჰკარგავს ყირიმს, ოღონდ უფრო მოგვიანებით. დონბასს რაღაც სტატუსი შეუქმნეს, იმიტომ რომ, გერმანია, როგორც რუსეთის უერთგულესი მოკავშირე, ძალიან მიაწვა. მაგრამ, საბოლოოდ, პუტინისთვის ეს მაინც დიდი წაგებაა. უკრაინის გამო კონკურენციაში მოიგო დასავლეთმა. აი, ეს რუსეთისთვის ისტორიული მარცხია. მეორე საკითხია, კიდევ რამეს თუ წააცლიან უკრაინას. ასეა თუ ისე, პუტინს შეახოცავენ ყველა იმ ბრალს, რის გაუქმებასაც საჭიროდ ჩათვლიან. თუ ჩვენი ხელისუფლება ივარგებს, ჩვენი ტერიტორიის დაპყრობასაც პუტინს მიაწერენ, თუ არ ივარგებს, მაშინ მისი მემკვიდრე მიიღებს ამ ტერიტორიებს.

ნინო ხაჩიძე, ჟურნალი ,,თბილისელები”, 2014 წელი.

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *