საზოგადოება

„ორ დიპლომიანი“ ტაქსის მძღოლის ნაამბობი

კვირა დღე. საღამოს 18.30 საათი. მგზავრობის მარშუტი საბურთალო-გლდანის მე-7 მ/რ – თემქა. ავტომობილი – კარგად შეკრული „ოპელ ასტრა“.მგზავრობის ღირებულება ზომიერი. მძღოლს შეკითხვის გარეშეც ეტყობა, რომ „ორი დიპლომი“ აქვს. საუბრის თემა მარადიული საცობები.

ტაქსის მძღოლი: – წარმოდგენა არა აქვთ, როგორ შეიძლება ამ  საცობების განტვირთვა და სულ რაღაც სისულელეებს ბჟუტურობენ. ამ მერიაში ძმაო, ხომ ყველა პროფესორი ზის არადა ერთი პროფესიონალიც კი არ მუშაობს ვინც რეალურად იცის გზების პრობლემები.

მე: – ეგა თქვი შენ (კვერს ვუკრავ და გაგრძელებას ველოდები.)

ტაქსის მძღოლი: –ბოლო 7 წელია ტაქსის მძღოლი ვარ ძმაო და თავიდან-ბოლომდე ვიცი რა ხდება თბილისში. სად რა პრობლემაა გზებზე და რისი გაკეთება შეიძლება, რომ საქმე გამოსწორდეს. ამ საცობებმა შეიწირა ჩემი ჯანმრთელობა – დროც მეტი მიაქვს და საწვავიც.

მე: – რაიმე კონკრეტული აზრი გაქვს თუ ისე, ზოგადად იცი, როგორ და რა უნდა შეიცვალოს?

ტაქსის მძღოლი:  – ორივე. აი ეხლა შეხედე ამ შუქნიშანს (გლდანის ხიდების შემდეგ მუხიანისკენ მარჯვენა შუქნიშანი). ჯერ ერთი ამ ადგილას ასახვევი საერთოდ არ უნდა გაეკეთებინათ, რადგან მთელი დიღომი-გლდანის ნაკადს აფერხებს და აგროვებს მანქანებს. თუ მაინცდამაინც უნდოდათ, რომ დაედგათ, დროის შუალედი უნდა გაეზარდათ გასვლა  რომ მოასწროს კაცმა. თან პატრულიც არ მუშაობს, ხომ ხედავ პარკინგი არ არის, მაგრამ მანქანები მაინც გაჩერებულია პირველი რიგის გზაზე და ესეც აფერხებს მოძრაობას. კომუნისტებს საერთოდაც თბილისის შემოსასვლელში, გლდანის ხიდებთანაც  გზაგასაყარი მოედნები ქონდათ  დაგეგმილი, რომელიც ნაკადებს „ლაითად“ გაანაწილებდა სხვადასხვა მიმართულებებით, მაგრამ მერე ამათ არ გააკეთეს. სულელები კი არ იყვნენ კომუნისტები.

მე: – ახლა ვიღა გააკეთებს მაგას. ისე არ მოგსვლიათ აზრად, შეკრებილიყავით, რაღაც ასოციაციების მსგავსი ორგანიზაცია ჩამოგეყალიბებინათ და თქვენი (ტაქსის მძღოლების) აზრი მიგეწოდებინათ მერიისთვის. ამით მერიასაც დაეხმარებით და ქალაქსაც. ვის ვის და თქვენ კი უნდა დაგიჯერონ რაღაც-რაღაცეები, იქ ზემოთ (მაღლა ვანიშნე თითით).

ტაქსის მძღოლი (ცოტა ეჭვიანი თვალით გადმომხედა):  – მაგაზე არ მიფიქრია, თუმცა შეიძლება მასეთი რამის გაკეთება და ორგანიზება, მაგრამ აზრი? მოგვისმენს ვინმე? ან ვინ მიგიშვებს იქამდე? ისე კი იმ დღეს გავიგე კალაძე იმიტომ ჩასულა მეტროებში, ავტობუსებში და მარშუტკებში რომ ერთი ადამიანიც ვერ იპოვა ამხელა მერიაში ვინც სიმართლეს ეტყოდა რა პრობლემებია მუნიციპალურ ტრანსპორტებში. იმ დღეს ვკითხულობდი, თბილისის გენგეგმა უნდა მიიღონ, რომლითაც ვითომ საგზაო მოძრაობასაც ეშველებაო, მაგრამ იქ ისეთები ეწერა თავი ზღაპარში მეგონა. წარმოდგენა არ აქვთ რაზე ლაპარაკობენ და ხელფასს ამ სისულელეების ლაპარაკში იღებენ…

მე: – მეტ-ნაკლებად ვიცი რაც წერია მაგ გეგმაში და მაინც რა არ მოგეწონა. ჩემი დაწერილი არ გეგონოს, უბრალოდ მაინტერესებს რა არ მოგეწონა?

ტაქსის მძღოლი: –რაო და… მარცხენა სანაპირო უნდა დავკეტოთ, რკინიგზის ადგილზე ახალი ტრასა გავაკეთოთ დიდუბიდან აეროპორტამდე და მტკვარზე გემებმა უნდა იარონო (იცინის)… სასწაულ ქვეყანაში ვცხოვრობთ… ალისა საოცრებათა სამყაროში…

მე: – არა მგონია ეგრე მოხდეს, კახამ თქვა მაგ დოკუმენტს საფუძვლიანდ დავამუშავებთ, თბილისელებს აზრს ვკითხავ და მერე ერთად დავამტკიცოთო. იქნებ მოახერხოთ და თქვენც ჩაერთოთ, თქვენი აზრები მიაწოდოთ…

ტაქსის მძღოლი: – მაგ ბიჭმა კარგად დაიწყო და იმედია კარგად გააგრძელებს. მართალი ხარ შენ, კარგი იქნება ტაქსისტების ასოციაციის გაკეთება – ჩვენზე უკეთ არავინ იცის ამ ქალაქის გზების პრობლემები…

მე: – მოვედით, აი აქ გამიჩერე. შენი ტელეფონი მომეცი და რომ დამჭირდება დაგირეკავ. მე დათო მქვია…

ტაქსის მძღოლი: – მე ნუკრი. აგერ ჩემი „ვიზტკა“ და როცა დაგჭირდეს დამირეკე. ზარი შემომიშვი და შენს ნომერსაც დავაფიქსირებ. ბიჭებს დაველაპარაკები მაგ ამბავზე. ურიგო არ იქნება…

მე: – აბა კარგად. შეხვედრამდე!

საუბარში ისე გავერთე, რომ საცობით გამოწვეული დისკომფორტი არ მიგვრძნია, მაგრამ საკმაოდ დიდი დრო კი დაგვჭირდა ამ მარშუტის გასავლელად. თემქაზე რომ მივედით საათი 19.35 საათს აჩვენებდა.

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *