მეორეხარისხოვანი ბლოკიპოლიტიკა

ყოფილი პოლიტპატიმარი ჯემალ გუნდიშვილი – კიდევ ერთხელ ქოცნაცურ სამართალზე

მოსალოდნელი შედეგით დასრულებულმა ე.წ. „კაბელების საქმემ“ დაადასტურა მრავალი ექსპერტისა თუ ჩვეულებრივი მოქალაქის აზრი, რომ ახალი ხელისუფლება ძველის მიერ გაკვალული გზით აგრძელებს სვლას და, ადრე თუ გვიან, პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებს ღიად დაიწყებდა. ამის ნიშნები ჯერ კიდევ მაშინ იყო ადვილად შესამჩნევი, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები „ტრაქტორების საქმეზე“ დააკავეს. თუკი მაშინ, საზოგადოების ზეწოლის შედეგად, პროკურატურამ ბრალის უკან გაწვევა მოახდინა და უდანაშაულო ადამიანები გათავისუფლდნენ პატიმრობიდან, ახლა პროკურატურის ყოვლისშემძლე სისტემამ მთელი თავისი სიმძლავრით იმუშავა ისევ განუმეორებელი „მურუსიძის სასამართლო სისტემასთან“ ტანდემში. თავისუფალ დემოკრატებს ახლა გაუხდათ თავში საცემი, მათი თანხმობითვე, უარის თქმა სამართლიანობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე ვაფრთხილებდით ყველას, რომ ეს არჩევანი ოდესმე მათვე გათელავდა. ახლო მომავალშივეა მოსალოდნელი მსგავსი ქმედებები ყველა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთა მიმართ, რომელთაც „ბრძნული“ გადაწყვეტილება მიიღეს თავის დროზე და, თავისი კეთილდღეობის ფასად, უარი უთხრეს საზოგადოებას სამართლიანობის დამკვიდრებაზე.

რაც შეეხება აღნიშნულ საქმეს – პროფესიონალთა განმარტებით, საქმეში არ გამოიკვეთა დანაშაულის ჩადენის მოტივი, არ გამოიკვეთა დანაშაულის შედეგი, ანუ ზარალი, არ გამოიკვეთა განზრახვაც კი, ვინმეს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას რა უკანონო მოგება უნდა მოეტანა, როგორც ბრალდებულებისათვის, ასევე დაინტერესებული მხარის – „სილქნეტისათვის“. გამოძიების მიერ ინტერპრეტირებული ვერსიის მიხედვით „სილქნეტი“ დაინტერესებული მხარე იყო. ამ შემთხვევაში უნდა დამდგარიყო მათი პასუხისმგებლობის საკითხიც, რაც არ მომხდარა. თუ „სილქნეტის“ წარმომადგენლებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენება თავდაცვის სამინისტროს ამ თანამშრომელთა წინააღმდეგ, ეს სასამართლო პროცესზე უნდა გაცხადებულიყო. ბოლოს კი დადგა პროკურატურისა და სასამართლოს უპირობოდ შეთანხმებული ერთნაირი მსჯავრი, რომელიც ხუთ ადამიანს გამოუტანეს – შვიდ-შვიდი წელი პატიმრობა. ნუთუ ხუთივე, ე.წ. დამნაშავე, ზუსტად ერთნაირად იყო პასუხისმგებელი და ერთნაირად ახორციელებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს? ნუთუ მათ შორის არ იყო ვინმე უფრო აქტიური ან დანარჩენთა გადამბირებელი, დანაშაულში ჩართვის მიზნით? ინიციატორიც კი არაა მათ შორის გამოკვეთილი.

აღნიშნული საქმიდან გამომდინარე შესაძლებელია ორი დასკვნის გამოტანა:

1. დღეს არსებული სასამართლო სისტემა და პროკურატურა პირდაპირი მემკვიდრეები არიან წინა ხელისუფლების დროს არსებულისა. მით უმეტეს, რომ მათ წიაღში დღესაც წარმატებით მოღვაწეობენ მსხვერპლად გამოცხადებული პროკურორები და მოსამართლეები. სწორედ ამ ფუნქციონერთა მეშვეობით ხდებოდა და ხდებამავანის პოლიტიკური შეკვეთის აღსრულება და ამას სამართალთან საერთო არაფერი აქვს. უფრო მეტიც, შეინიშნება სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის განხორციელების მცდელობები. იმ საქმეებში, სადაც დანაშაული აშკარად გამოკვეთილია, ან საერთოდ არ ხდება მათი სასამართლომდე მიტანა, ან ჯერ პროკურატურის მიერ ხდება პროცედურული თუ სხვა დარღვევებით ამ საქმეთა გაპოლიტიკურება, შემდეგ კი ნოტარიუსის ფუნქციას ძველებურად ასრულებს სასამართლო. ეს კი ნამდვილად სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებად შეიძლება შეფასდეს.

2. „კაბელების საქმეში“ ბრალდებულები უპირობოდ იმსახურებენ პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა ანუ პოლიტპატიმართა სტატუსს.
და ბოლოს შეგვიძლია თამამად ვთქვათ – ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის გამართულ სოც-შეჯიბრს, არბიტრი ისევ ჩრდილოეთიდან ამომავალი მზის სხივებში აკვირდება. საბოლოო შედეგი კი ასეთი იქნება – ქართული სახელმწიფო, როგორც წესი, წააგებს და კოლექტიური მურუსიძე კვლავ მოგებული დარჩება.
ყოფილი პოლიტპატიმარი – ჯემალ გუნდიშვილი
სახალხო პარტიის ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები