ლიტერატურაყირამალა

ოცდამეათე ისტორია – ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

ისტორია ოცდამეათე

ბოზი სანდო არასდროს ყოფილა!

(მოქმედი პირები: ჯამლეთა და ბოზი მარინა)

კარი რომ გაჯახუნდა, მის ხმაზე შევხტი კიდეც, თითქოს „სტალბნიაკმა“ მხია, ისე გამოვსირდი. ირა კიბეებზე დაეშვა, მისი ქუსლების კაკუნი ტყვიამფრქვევივით ისმოდა სადარბაზოს სიჩუმეში. სავარძელში ჩავესვენე – ესეც ასე! გავიჩალიჩე სიამოვნება! ამ ბოზანდარა მარინას ჭკუაზე როგორ გავიარე ამხელა კაცმა?! ახლა ლევანო,  რა თქმა უნდა, აქეთ მორბის, ეს დედალი იქით გარბის და… ვახ, ყავა რომ ყლურწა?! იმ წაკლამ აკი გამაფრთხილა, მანამ რამე ჩაიდოს პირშიო… ახლა ამ ჭლექიანს რომ რამე დაემართოს… თავშიც ქვა უხლია, რა ჩემი საქმეა? აქედან გასულია და აწი, თუ უნდა ტყვია იხალოს… არა, მაინც რამე რომ ეტაკოს და მერე მე დამადგნენ. აქედან უნდა გავიდე დროულად. ახლა ლევანოს სტუმრობის განწყობა არ მაქვს. და იქნებ…

ჯამლეთა ფეთიანივით წამოხტა, ჟურნალების დაბალი მაგიდიდან წამოკრიფა ცოტა ხნის წინათ დალაგებული ჭიქები და სასმელი, სამზარეულოში შეყარა, მერე ქურთუკს მოავლო ხელი, მანქანის გასაღები ააგლიჯა საკიდს და უკანმოუხედავად დაეშვა კიბეებზე.

მანქანა ძლივს დაქოქა, ხელები უთრთოდა და ჩუმი პანიკა ცივ ოფლს ასხამდა. რის გამო ღელავდა ასე, ვერც აცნობიერებდა, მაგრამ აშკარად ეშინოდა. როგორც ქურდბაცაცას პირველი საქმის ჩაშლის შემდეგ, ისე აცახცახებდა მთელი სხეულით.

–არა, რა, ახლა გამოძვრები და მერე ამ წაკლას სათოფეზე არ გავეკარები! რა ჩემი ტოლი ეს ბოზანდარა დიაცია, მაგის ჭკუა-დარიგებებზე რომ გავიარო? საერთოდ მახატია მისი ლევანო და ამბები… არა, უნდა ავაკითხო მაინც! ეგრე სად არის, შარში გამხვია და თვითონ განზე გაიწიოს? ვერ მივართვი. თან ახლა სამალავიც მჭირდება. ცოტა ხანს დავრჩები იქ. და ლევანომ რომ ამოაკითხოს? არა, ახლა მარინასთვის სად ცხელა… მარინას ნომერი ავკრიფე:

–მარო, გაემზადე, რამდენიმე წუთში შენთან ვარ!. არა, მშვიდობაა, თითქოს. ამოვალ და მერე… – კი, მშვიდობაა, აბა, რა! უხ, შენი ბოზი დედა ვატირე, შენი…

… კარი მარომ აშკარად აფორიაქებულმა გაუღო. შიშველ ტანზე წითელი იაპონური კიმანო-ხალათი შემოეცვა, შავად შეღებილი თმა იაპონურადვე კეფაზე აექაჩა და ხის ჩხირებით დაემაგრებინა. ისედაც ნუშისებური ჭრილის თვალი ფანქრით წაეგრძელებინა და კვასკვასა წითელი პომადით შეღებილი და ფილერით გაბერილი ტუჩებიც გამომწვევად უელავდა. მარინამ დოინჯი შემოიყარა და უკვე იაპონური გეიშასაგან განსხვავებული, მაღალ ტონალობებში აწეული და მაინც ჩახლეწილი ხმით დაეკითხა:

–რაო, გვრიტი, გაგიფრინდა? არაფრის შნო რომ არ გექნება კაცს… რა მოხდა, რა შფოთი ატეხე და რომელი დედიკო მე მიპოვე, აქ რომ გამოიქეცი? იქნებ და მარტოც არ ვარ? არ გაინტერესებდა ხომ?

–მარო, თუ ქალი ხარ, დამეხსენი, ჩემი მეყოფა და დამისხი რამე.

–რა მოიტანე, რა დაგისხა?!

–მაპატიე, ვერ გავიხსენე.

–აბა, ბიჭო, პირველად დაგავიწყდა. რა ჟმოტიც იყავი – ის ხარ! დაეხეთქე მანდ და ჩაგაცეცხლებ რამეს. მოყევი, კაკალ–კაკალ დაფქვი შენი სიაბდლეები.

–რა მოგიყვე, მარო, მოსაყოლიც არაფერია!

–ბიჭო, რა უქენი იმ ქათამს, არ გაჟიმე, ხომ?!

–რაის გავჟიმე, ლაუდსფიკერზე ჩაურთავს ტელეფონი და ლევანოს ასმენინებდა თურმე…

–მერე შე, აბდალა, ქალი ტელეფონს სანამ ჩაგირთავდა, ვერ უნდა დაგენახა?!

–მორჩი ახლა, იცოდე, არ გადამიყვანო ჭკუიდან!

–ხოხ, თორემ რა?!

–მარო, მაპატიე, ავიჭერი, და ახლა ჩხუბის დრო არ არის. მთავარი ისაა, რომ იმ დეგენერატკამ ერთი მოსმით გადახუხა ყავა გასვლის წინ…

–ჰაჰაჰა!, ესე იგი, სადმე კი მიაკიმარებს და ეგაა…

–გოგო, რამდენ ხანში იმოქმედებდა? რამე არ დაემართოს, მაგ ჩემი ცოდვით სავსეს,

–არ მითხრა ახლა, რომ ლევანოს ცოლი გადარდებს?! თუ თეოს დაქალს ჩივი?!

–არც ერთი! ორივენაირად მახატია მე ეს ქათამი. მაგრამ ჩემი სახლიდან გასულს რომ რამე დაემართოს, ეს სულაც არ მაწყობს. რა ასხია ამ ბოთლში?

–მოიტა აქ! – მარინამ კატასავით ისკუპა და ხელიდან ააცალა მოლურჯო მინის ციცქნა ბოთლი ჯამლეტას, – არ ხარ შენ ამის ღირსი და არც არავინ ნახოს. რა ვიცი, სად მიაბოდიალებ…

–გოგო, კვალს ტოვებს რამეს?

–გააჩნია! ახლავე თუ გაკვეთავენ…

–გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს! ენამ არ გიყივლოს!

–ჰო, არც მე მაწყობს, ეგ, ხომ იცი. აჰა, ესეც ქმარი. სუსი არ გაიღო… გისმენ, სიხარულო? დედა, რა ხმა გაქვს, რა მოხდა, საყვარელო? მე რა შუაში ვარ, ბიჭო? მე რას მერჩი? არ ვიცი, მე რა იბოდიალა შენმა ჩერჩეტმა ცოლმა! უყურე შენ, როგორ მელაპარაკება! ? წადი ბიჭო, ტოლი ნახე და იმას უყვირე!  მარინამ ტელეფონი მოისროლა. მერე სიგარეტს დასწვდა – არა, მეც გამომიყვანეთ მდგომარეობიდან! თუმცა და ახლა ასეა საჭირო, – მარინამ მშვიდად დაარტყა ნაფაზი, ირონიულად და სულისა და სისხლის გამყინავად გაიღიმა, აკოფსილი თმა ხელის ერთი მოძრაობით გაიშალა და თავი გაქნ-გამოაქნია, თითქოს უხილავ მტერს იგერიებდა.

–რაო? – ჯამლეთა მონუსხულივით აყოლებდა მზერას მარინას ყველა მოძრაობას

–არც რაო. გადარეულია ბიჭი! შენ გეძებს… და ერთი კარგად მიამბე, ჩემზე რა უთხარი იმ ქათამს?

–შენზე რა უნდა მეთქვა, გოგო, გადაირიე?

–იმედია, რომ არ გადაირიე, ჯამლეთა უდღეურო, თორემ…

–არაფერი, გოგო! ვუთხარი, ერთი ქალი ამოვა და ის გიამბობს სიმართლეს თეოზე. და იმან დაასკვნა, რომ შენ იქნებოდი!

–ენა გრძელი და ქალივით ლაყაფისმფრქვევი გაქვს! მაგრამ ეგ არაფერი, ლევანო ახლა ისეთი გადარეული იყო, ასე ჯობდა. იფიქროს, რომ მეც გადამრია… ჰაჰაჰა! მაგან რა იცის, რომ ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა სამ ტანკისტსა და ერთ ძაღლსაც გაუჭირდებოდათ, – მარინამ სიცილი ატეხა და იმდენი იხარხარა, სანამ ბოლი არ გადაეყლაპა და ხველებით არ გალურჯდა… მაინც არ იყო მთლად თავის მოტორზე, აშკარად…

–გოგო, აქ ხომ არ ამოგადგება, ეგ გო… ლევანო?

–ეგ გოიმი ლევანო აქ არ ამომადგება, არ დაფრთხე, შე მართლა გორსალა! ვახ, რა შარი ხარ! ერთი ქალი ვერ გაგიჟიმავს, აი!

–მარო, მორჩი, ჯობია, თორემ ისედაც აჭრილ ნერვებს ვეღარ ვაოკებ.

–მემუქრები, თუ?!

–გოგო, რა დროს მუქარაა, ახლა ეს სააქმე მშვიდობიანად უნდა ჩავფარცხოთ

–მოიცა, რა, მე რა უნდა ჩავფარცხო? მე რა შუაში ვარ?

–მარო, წამალი შენ მომეცი, არ დაგავიწყდეს! – ჯამლეთამ ავად გადაუბრიალა თვალები თმაგაშლილ გეტერასა თუ გეიშას, – არ გამოვა ახლა მთლად მე დამაბრალო, ირას თუ რამე მოუვა…

–არაფერი მოუვა, ნუ ავარდი კურდღელივით! საწამლავი არ არის ეს და თუ გაითიშება და სადმე დაეცემა, ეგ უკვე მისი ორგანიზმის ბრალია და არა ჩემი… და შენიც! არ უნდა გაგეშვა ხელიდან, აბდალივით მოიქეცი და მე მირჩევ საქმეს?

–გოგო, კი არ გირჩევ, ხმამაღლა ვფიქრობ! მე რა ვიცი, შენი წამლის ამბავი… და ირა რომ სუსტი ჯანმრთელობისაა, ეს შენც იცი. ჰოდა, რამე არ…

–კაი, მორჩი მოთქმა-კვნესებს! მოუვა და – დარდი პელოს! მე არაფერ შუაში ვარ, ეს დაიმახსოვრე! ლევანოსთან რომ სიტყვა დაგცდეს, თუ იმას გადაურჩები, მე სად წამიხვალ? იმედია, ხვდები, რომ შანტაჟსა და მუქარას ვერ ავიტან…

–ახლა ჩვენი ჩხუბიღა მაკლია. კაი, მარო-ჯან! რის შანტაჟი… ძმა ხარ. ერთს კიდევ დავლევ და მივწვები აგერ. თავი მასკდება და საჭესთან ახლა ვერ დავჯდები.

–კარგი, რაც გინდა… მე საქმე მაქვს კომპთან და მერე მეც დავწვები. ისევ ხვრინავ, ბიჭი, თუ გამოსწორდი? – მარინამ დამცინავად შეათვალიერა გასაცოდავებული ჯამლეთა და ოთახიდან გავიდა. კაცმა უსიტყვოდ, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით, შეუკურთხა ზურგს უკან, მერე ნახევრად ცარიელ ბოთლს დასწვდა, მოიყუდა და ხარბად დაყლურწა… მეზობელი ოთახიდან ტელეფონის ზარის ხმა შემოესმა. ჯამლეთა დაიძაბა და სმენად იქცა. მარინა ვიღაც ქალს ელაპარაკებოდა… საუბარი აშკარად საეჭვო ეჩვენა ჯამლეთას და კარის ღრიჭოს მიადო ყური… მარინამ დაასრულა საუბარი და ხმამაღლა შეიგინა!

–ვახ, ყველამ ერთდროულად მოიცალა სააბდლოდ! გაუკეთე ახლა ამ იდიოტებს სიკეთე! არა, რა, რა ჩემი საქმეა თქვენი ქმრები და ცოლები?! ტვინი თქვენ არ გყოფნით და საზრიანობა. არ გამიტრაკეს საქმე?! ახლა ესენი ერთად რომ ალაგდნენ და წალაგდნენ, მერე ?.. არა, ბასტა, ეს კიკიმორა დაყაჭავს სასწრაფოდ, რაც ჩემი მართებს და ეგაა, მისი სუსი გაწყდება ჩემთან… მაინც რა დეგენერატია, ვერაფერი ისწავლა ამდენი წელია! – მარინა აფთარივით ეხეთქებოდა პატარა კაბინეტის კედელს. ბოლოს, როგორც იქნა ჩაცხრა და კომპიუტერს მიუჯდა.

ჯამლეთას კიდევ უფრო შემოაწვა ფიქრი და შიში გაუძლიერდა. ახლა მარინასი კიდევ მეტად შეეშინდა. არა, აქ დაძინებაც არ უნდოდა. ეს ქალი ნამდვილი ალქაჯია და თუ რამეა, შეიძლება ისეთი ჩაუყაროს… არა, რეებს ვროშავ, რას ჩამიყრის თავისსავე სახლში?! პირიქით, აშკარად გაება რაღაც ხლართებში და ბრდღვინავს. ჰოდა, ძალიანაც კარგი! ცოტა დაცხრება და დატკბება, იქნებ ღამით ჩამიგორდეს კიდეც. არ იქნებოდა ურიგო. სხეული აქვს დედაფეთქებულს, ქალის უნახავს გაგხდის…

ჯამლეთა ოთახში შეტრიალდა, ფეხზე გაიძრო ბოტასები და ტახტზე მიიკუნტა. ძილი თითქოს არ ეკარებოდა, მაგრამ ფიქრი და სადარდელი საკმარისი ჰქონდა. ჯამლეთას თეო გაახსენდა. თეოს წყლიანი და სევდიანი თვალები მოენატრა. წარმოიდგინა, როგორ გაუღიმა, ჩახედა ჯამლეთას თვალებში და ყურის ძირში თეოს სუნთქვაც მოელანდა… ჯამლეტას ძილი და ბახუსი ერთად ერეოდა, დაღლილი, სიგლახით და სიავით გაჯერებული გული, სიზმარეთში მიექაჩებოდა, რომ იქ მაინც დამცხრალიყო და დამტკბარიყო ნანატრი და ვერ ახდენილი სიყვარულით…

რატომ ვერ იშლის ბოზი ბოზობას

(მოქმედი პირები: ქეთა, ბოზი მარინა და ლანა)

მესამე დღეა, ეს კაცი დამეკარგა! მე შენ განანებ ჩემს ასე მიგდებას – თავი ვინ გგონია, შე კვერცხო?! – ხმამაღლა გავკიოდი და ოთახიდან ოთახში გავრბი–გამოვრბოდი: აი, ისღა მაკლდა, ამდენი შრომა წყალში ჩამყროდა. მეგონა, ჯიბეში მეჯდა და ვათამაშებდი, როგორც გამიხარდებოდა და ეს რა ნომერი გამომიგდო ამ „პადკაბლუჩნიკმა“?!

არ ვიცოდი, რას ვცემოდი: ლაშაც დამეკარგა და ეს ნაბიჭვარი ზურაც რომ არ მპასუხობს?! მაგას ვიღა ჰგონია თავი?! მე თქვენ გიჩვენებთ სეირს – ნაგვებო!

ლაშასგან არ ველოდი ამას: მარინამ მითხრა, რომ ის წამალი 100-პროცენტიანად მუშაობდა! და მუშაობდა კი არადა, მეგონა, კაცს თავზე ვაჯექი და აჰა, დამიტყდა!

–მარინა, მარინა! ეგ ბებერი ბოზი როგორ დამავიწყდა?! – ტელეფონს ვეცი და მარინას ნომერი მოვძებნე!

–მარო, არ გესმის ჩემი ხმა?! შენი ნახვა მინდა სასწრაფოდ, მაგარ შარში ვარ!

–ქეთას შემოვევლე, ახლა არ მცალია და ტელეფონით ვერ მეტყვი?! დაჯექი, ღრმად ისუნთქე, დამშვიდდი და მერე დამირეკე, სუნთქვას და ლაპარაკის ტემპს რომ დაარეგულირებ, გენაცვალე. სად შემიძლია მე ასეთი ისტერიკები? რა გასწავლე, არ გახსოვს? მე შენ ბეჯითი მოსწავლე მეგონე, – მარინას უკმაყოფილო ხმა ჰქონდა.

–მარო, მარო, არ გამითიშო. უკვე მშვიდად ვარ, მშვიდად. შენ გარდა ვერავინ მიშველის! მოკლედ, ორი პრობლემა მაქვს: ის ნაბიჭვარი ზურა ვერაფრით ავაგდე. აი, ვერაფრით! რას უშვება ასეთს ის მისი საყვარელი, ვერ გავიგე. მგონი, ჩვენზე კუდიანია, – მარინა გავკენწლე, იმ იმედით, რომ რამეს უკეთესს მასწავლიდა, თავისზე უკეთესები უბრალოდ სძულდა.

–გითხარი მე შენ, თუ ის ქალი უყვარს, ბოზები აღარ ევასებათ–მეთქი, თუ რამე არ დაალევინე, – არც იმ ბებერმა ბოზმა დამინდო.

–უყვარს და უყვარდეს, რა ჩემი საქმეა?! შენ აქ არ მყავხარ?! ჩემი მფარველი ანგელოზი! დავალევინებთ, რა პრობლემაა? ხომ დამეხმარები, მარო, ჩემო საყვარელო? – მარინას სრულად დავნებდი. თუ არ იგრძნო, რომ აღმერთებ და მის ნებისმიერ მოთხოვნას უსიტყვოდ შეასრულებ და დაემორჩილები, მოგისვრის გამოყენებული ჩვარივით: რას იტყვი? ის ფოტოები ხომ არ ვაჩვენოთ მის ცოლს, როგორ მოიძურწება თავისი საყვარლის ბინიდან ან როგორ სხედან სკოლის მოსწავლეებივით მანქანაში. რა კვერცხები არიან, საათობით კოცნიან ერთმანეთს იმ მანაქანაში. ვბჟირდები, ეგ რომ მახსენდება, – ისე ავხარხარდი ამის წარმოდგენაზე, რომ გავლურჯდი.

– მე შენ ეგენი უკვე გამოგიგზავნე, შეამოწმე ხოლმე, გენაცვალე, ელფოსტა! მაგრამ ჯერ ის მოყევი, რატომ გაგაბრაზა იმ შენი მულის ქმარმა, იქნებ არ ღირს ჯერ ამ კოზირის გამოყენება?! ხომ ხვდები, რომ მისი ცოლისთვის ფოტოების ჩვენების იქით აღარაფერი გრჩება?

–მეტი რაღა, მარო?! ჩემი ქმარი ქვეყნიდან წავიდა და ეს სირკუტუ არ მეუბნება, სადაა! არ მეუბნება კი არადა, დავემუქრე, შენს ცოლს ვაჩვენებენ შენს საყვარელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს-მეთქი და დამიკიდა. ტეელფონსაც არ პასუხობს! არადა, რას ვთხოვ ისეთს, გამიგოს, სად და ვისთან ერთადაა ის მეორე ნაბიჭვარი, ჩემი ქმარი! – ისევ გავბრაზდი, ლაშა რომ გამახსენდა.

–მოიცა და, შენი ქმარი სად წავიდა?– მარინას ხმაში უჩვეულო ინტონაცია შეეპარა.

–ვიცი?! რა ვიცი, სად წავიდა?! მესამე დღეა, ვერც ვურეკავ, არც მირეკავს! გუშინწინ თუ იმის წინა საღამოს დამირეკა, მთელი დღე სადღაც იყო, სახლში არც კი უსაუზმია და მითხრა, სტამბოლში მივდივარ და ხვალ ჩამოვალო და ტელეფონიც გამორთო! იმ ნაბიჭვარ ზურას დავურეკე, სად არის-მეთქი, არ ვიციო და დავემუქრე. თავი გაისულელა, ვითომ ვერ მიხვდა, ვინ იყო თეო. მერე სახლში დავადექი, იქაც დავემუქრე, ადგა და სადღაც გავარდა და მას მერე არც კი პასუხობს ჩემს ზარებს!!! ეგრევე მის ცოლთან უნდა გავქანდე და ვაჩვენო ფოტოები!

–ჯერ რა „მწვანე“ ხარ, ჭირიმე! ვერ ხვდები, რატომ არ გპასუხობს?! მისთვის სულერთია, რას ეტყვი მის ცოლს. იქნებ ასე ურჩევნია კიდეც?! – მარინა, როგორც ყოველთვის, უსიამოვნოდ იცინოდა, აი, სისხლს რომ გაგიყინავს, ისე.

–არაა, შანსი არაა, შენ არ იცი, ეგ როგორი კურდღელაა!

–შეიძლება, მე ჩემი გითხარი, შენი საქმისა შენ იცი, გენაცვალე. მე მასეთი წვრილმანებისთვის არ მცალია. პატარა „ჩე პე“ მაქვს. მერე შევხვდეთ და ვნახოთ, რა გამოვა მაგ საქმიდან.

–მარო, ყელს მჭრი?! ლაშა დავკარგე, მგონი. ტიპი გაქრა! აი, ერთ დღესაც ადგა და გაქრა და ის წამალიც ვერ მივეცი მესამე დღე გახდება დღეს უკვე!

ვიგრძენი, როგორ დაიძაბა მარინა და დაიქუხა კიდეც: კიდევ ასმევ?! ხომ გითხარი, რომ წელიწადში მხოლოდ ერთი კურსი და ისიც მცირე დოზებით. რამდენ წვეთს უსხამ საჭმელში?!

დოზა ვუთხარი და მარინა ისე ახავლდა, რომ ტელეფონი შორს გავწიე, მისი ხმა, მგონი, მეზობლებსაც კი ესმოდათ.

–რამდენს?! მე რა გითხარი შენ?! როგორ უნდა გექნა?! ასეთი ბრიყვი როგორ ხარ, გოგო?! ბოლოს როდის ჩაუსხი?!

– სანამ გაუჩინარადებოდა იმის წინა დღეს, – ამოვიკნავლე.

–მოკლედ, მაგას კრიზი ექნებოდა უკვე. კი არ გაუჩინარდა, საავადმყოფოშია, მე ასე ვფიქრობ და იმიტომაც არ გამოდის კონტაქტზე. რას გამოვა, თუ უკვე არ წაიღო წერილი.

–რა წერილი?! მოიცა, რას ამბობ, მოკვდება?! – ჯერ შემეშინდა, მერე კი თავში დამკრა, რომ, წესით, მემკვიდრე ცოლია, ანუ მე. ჰო, თუ იმ ახვარმა ანდერძი არ დაწერა.

–ეგეც შეიძლება. მერე გვამს გაკვეთენ და უცნაურ ნივთიერებას აღმოაჩენენ და ციხეში წახვალ შენ, ლამაზო! – ჩაისისინა მარინამ, – ამიტომ უნდა იჩალიჩო, რომ არ გააკვეთინო, თუ დაქვრივდი. თორემ იცოდე, შენ წახვალ ციხეში. შენ, მე კი არა?!

მარინას ნათქვამმა შემაძრწუნა: ციხე ჩემს გეგმებში არ იყო.

–არა, რა მოკვდა?! ხარივითაა.

–მოკლედ, არ ვიცი, ლამაზო. ჩემი ნომერი დაივიწყე. შენი ტელეფონიდანაც ამოშალე. ფსკერზე უნდა გავწვე ცოტა ხანს. მე თვითონ დაგირეკავ, როცა ყველაფერი ჩაწყნარდება. თუ რამე გართულდა, ჩემი სახელის ხსენება არ გაბედო, თორემ მიგაყოლებ შენს ქმარს კუდში. გაიგე, რა გითხარი, გოგო?!

–გავიგე და ისე ვიზამ, როგორც მეტყვი, – შენ ჩემი ღმერთი ხარ, მარო, ხომ იცი?! – სხვა რა გზა მქონდა, თუმცა მართლა არ მქონდა სხვა გზა, მარინას იქით.

– ჰოდა, კაი. თუ არ დაქვრივდი, ხომ გაქვს ის წამალი კიდევ? ცოტ-ცოტა ისევ მიეცი, დღეში ორ-ორი წვეთი დაუკელი, რომ ორგანიზმი თანდათან გადაეჩვიოს. მანამდე კიდევ ილოცე, რომ ცოცხალი იყოს ის საცოდავი, – მარინამ ტელეფონი გათიშა.

მგონი, მაგ ბებერ ბოზს კუდიც აქვს და მესამე თვალიც. მესამეო? მაგას მეხუთეც ექნება, ისეთი ჯიბიდან გავარდნილია. ამიტომ სასწრაფოდ წავშალე მისი ტელეფონის ნომერი. კიდევ ერთხელ ვცადე ჩემს ქმართან დარეკვა – ისევ ავტომოპასუხე…

–რაც იქნება, იქნება. ეგეთები მომკვდარან?! – გავიფიქრე. მე ახლა ზურა უფრო მაფიქრებდა: ეგ ქათმის ჩმორი! არაა, უნდა მივადგე მის ქათამს ფოტოებით: ჰაჰა, გულიც გაუსკდება. ეგ ჩემისაც არ ჩამაკვდეს ხელში?!

სარკის წინ დავტრიალდი და ხმამაღლა ვთქვი კმაყოფილმა: ისე, როგორ მომიხდება შავი კაბა, მსუბუქი მაკიაჟი, გაფითრებული სახე. იფ-იფ, ერთ რამედ ეღირება ჩემი ნახვა! უმშვენიერესი უნუგეშო ქვრივი ვიქნები! – ამ სურათის წარმოდგენამ უფრო გამამხიარულა.

კინაღამ დამავიწყდა: სასწრაფოდ შევედი ჩემს ელფოსტაზე და მარინას გამოგზავნილი ფოტოები ვნახე: ჰაჰაჰა, წაგიჭირეთ, გვრიტებო?! ნეტავ, ამობეჭდვა თუ შეიძლება? ბეჭდავენ კიდევ ფოტოებს?! ბეჭდავენ, აბა, რას შვებიან?! ფერადი პრინტერები რისთვისაა?!

ენერგიის საოცარი მოზღვავება ვიგრძენი. ჩავიცვი-დავიხურე, გავლამაზდი. ოო, ჯერ ლანას უნდა დავურეკო, ხომ სახლშია ეგ ინდაური.

სახლშია, სახლში! ან სად იქნება, რო?! ვის რაში სჭირდება, ზუ-რი-კოც კი არ ჟიმავს. ჰაჰაჰა. მოგიწყობ მე შენ ჯოჯოხეთს, განანებინებ, რომ ვერ მიტან! ახლა მიზეზიც გექნება! ჰოდა, ბარი–ბარში ვიქნებით – აღარც მე მეწყინება, თუ ვერ ამიტან!

მოიცა, ქეთა, დამშვიდდი: აბა, რა გასწავლა დეიდა მარომ?! ისუნქთე ღრმად და მშვიდად.

რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, სახლის კარი გავაღე და დარაისლურად გავედი ქუჩაში. ჯერ ინტერნეტკაფეში შევიარე. ფოტოები ამოვაბეჭდინე. საფუძვლიანად შევინახე ფაილში: აბა, ხომ არ დავჭმუჭნი?! ლანამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, როგორ ეზასავება მისი ქმარი მანქანაში, ქუჩაში, აი, ასე სახალხოდ, ვიღაც ქალს. ვიღაც ქალსო?! რაღა ვიღაც ქალს – სტაბილურ საყვარელს. რაღაც ვერ ჰგავს ეგ ქალი შეჩვეულ საყვარელს: შეჩვეულებს ასე კოცნიან ვითომ?! მგონი, მაგ თეოსაც ჰყავს ვიღაც ჩემი მაროსნაირი, აბა, ეს ზურაბა როგორ შეაცდინა?! ეგეთი რამე მე ამ ჩემსას ვერ ვუქენი, არადა, რას არ ვაჭმევ.

მოკლედ, მკიდია: ახლა მულიკოს უნდა ავუხილო თვალები. მანამდე ზურასთან კიდევ ერთხელ ვცდი დარეკვას: მე წესიერი ქალი ვარ და ბოლო შანსს მაინც მივცემ. ისევ არ მპასუხობს ეგ ახვარი! კაი, ბატონო. ჰოდა, საკუთარ თავს დააბრალე!

ლანას სახეზე შეეტყო, რომ ჩემი დანახვა არ ესიამოვნა.

–რამე ხომ არ გაგიგია ლაშაზე? – მკითხა ეგრევე.

–არა, არაფერი. შენზე ახლობელი არავინ მყავს, ამიტომ ისევ შენთან მოვედი. ლაშა მაპოვნინე, ლანა… – და დავიწყე ქვითინი, თან, ლანას მოვეხვიე.

აუ, რა შტერია ეს ქალი: ისე ჩამეკონა, როგორც გულითად მეგობარს და ჩემთან ერთად ატირდა. კაი ხანს ვიყავით ასე გადაჭდობილები, თითქოს ერთმანეთზე ძვირფასი არავინ და არაფერი გაგვაჩნდა. მერე მე ფრთხილად გავითავისუფლე თავი და ჩემი მიამიტური, ბავშვური გამომეტყველება დავიყენე: მაპატიე, ლანა, თავი ვერ შევიკავე, შენ ისე ჰგავხარ ჩემს ლაშიკოს.

ლანამ თავზე ხელი გადამისვა. მისაღებში შევედით. უხერხულად დავჯექი სავარძელზე და თითქოს ლაპარაკის დაწყება მიჭირდა, ისე შევიშმუშნე.

–ლანა, არც კი ვიცი, როგორ დავიწყო. აი, წუხელ რომ ვთქვი, მგონი, ლაშა მღალატობს-მეთქი…

–მახსოვს, სასაცილო სახელი ახსენე. რა ერქვა?

–თეო, თეო ჰქვია… ჰოდა, დეტექტივი დავიქირავე. იმ ქალის სათვალთვალოდ. ლაშას ამას ვერ ვაკადრებდი…

–მერე? – ლანას თვალები გაუფართოვდა!

–ვუთხარი, რომ იმ დედაკაცის თითოეული ნაბიჯისთვის ეთვალთვალა და ფოტოები გადაეღო. მერე სულ გადამავიწყდა ეგ ამბავი. გადამავიწყდა რა, მითხრა, რომ, ფოტომასალას გამომიგზავნიდა ელფოსტაზე (მარომ მასწავლა: ტყუილს, რაც შეიძლება, ბევრი სიმართლე შეურიე, უფრო დამაჯერებელი იქნებაო). წუხელ ეჭვებმა რომ წამომიარა და კინაღამ გავგიჟდი. გამახსენდა და დავურეკე…

–მერე? – უაზროდ მკითხა ისევ ლანამ.

–მერე ის, რომ გამორთული ჰქონდა ტელეფონი. ფიქრით ტვინი ლამისაა გამისკდა და უცებ გამახსენდა, რომ ფოტოების გამოგზავნას დამპირდა. ეს ჩემთვის იმედენად დამამცირებელია, რომ იმ კაცთან მეორედ შეხვედრა აღარ მინდოდა და ამიტომ ვარჩიე ურთიერთობის ეს ფორმა. ახლაც, ამას რომ გივყვები, სირცხვილით ვიწვი. ლაშიკომ რომ გაიგოს, ასეთი რამ ვიკადრე, არც კი ვიცი, თვალებში როგორ შევხედავ…

–მერე? – ლანას ეს „მერე“ ისე მაღიზიანებდა, თავს ძლივს ვიკავებდი, არ მეპასუხა, მერე დაჯექი და კერე-მეთქი. ჰაჰაჰა, ისე, კარგი კი იქნებოდა, მისი სიფათის დანახვა, ამას რომ ვეტყოდი…

–მერე ის, რომ ფოტოები გამოეგზავნა… მე… ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ… მთელი დილაა, ვფიქრობ, რა ვქნა… სიკვდილი მერჩივნა აქ მოსვლას და შენთვის ამის თქმას… მე აქ დავტოვებ ფოტოებს და წავალ. ოღონდ დამპირდი, რომ ჩემი წასვლის მერე ნახავ. მაპატიე, ლანა. მაპატიე. ლაშას გაფიცებ, მაპატიე… არ შემეძლო, არ მეთქვა… უბრალოდ არ შემეძლო, – ფოტოები მაგიდაზე დავდე და სწრაფი ნაბიჯებით გავეცალე ლანას. გვერდითა მზერით ვხედავდი, როგორ გაფითრდა: იცის, იცის, დამკრა თავში. ჰოდა, ახლა დატკბება იმის ხილვითაც, როგორ ლოშნის მისი ზუ-რი-კო ვიღაც ქალს იმ ტუჩებით, რომლის შეხებაზეც ეგ ინდაურთან ნაჯვარი ქათამი ოცნებობს ღამ-ღამობით!

(გაგრძელება ოცდამეთერთმეტე ისტორიაში)

ჟურნალი “თბილისელები”

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *