ლიტერატურაყირამალა

ოცდამეერთე ისტორია – ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

ისტორია ოცდამეერთე

დუდუს დაბრუნება

(მოქმედი პირები: დუდუ, თეოს პირველი სიყვარული და ლევანო, ირა–მირას ქმარი)

საქართველოში იმდენი ხანია, არ ვყოფილვარ, ყველა და ყველაფერი მეუცხოება. ქალაქი ქალაქს აღარ ჰგავს და ქუჩები – ქუჩებს. საოცრად დამახინჯებული მეჩვენება აქაურობა. ისე უცნაურად არის ჩადგმული კორპუსები, გეგონება, ვიღაცამ მუჭით მიმოაბნია და რომელიც, სად დაებერტყა, იქ დარჩა. არადა, განა რამდენი წელი გავიდა?! ჰო, საკმარისზე მეტი! საკმარისი იმისათვის, რომ ჩემი ქალაქი და ჩემი ცხოვრება საფუძვლიანად ამოყირავებულიყო.  თბილისს აშკარად ვერაფერს ვუშველი (ისე, დიდი სურვილი კი მაქვს, ერთი ხელის მოსმით ეს უსახური გარემო წავშალო და ხელახლა ავაშენო, მაგრამ ახლა ამისთვის არ მცხელა. საკუთარი ცხოვრების პროექტი მაქვს გადასაკეთებელი და დასამტკიცებლად წარსადგენი).

ახლა, ამდენი წლის შემდეგ, იმიტომ არ დავბრუნებულვარ ჩემი ბავშვობის ქუჩებსა და სივრცეში, რომ ამ ქუჩების არქიტექტურა დავალაგო. თუმცა სად მაქვს ამის ოვსილაც და გამოცდილებაც. მთავარი, რაც უნდა დავალაგო, ჩემი სიყვარულია. ჰო, პირველი და ერთადერთი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც უნიჭო მსახიობივით გავითამაშე და მერე სცენიდან გავიქეცი. ფაქტობრივად, გამაძევეს, მაგრამ საკუთარი დიდი ძალისხმევის შედეგად. თუმცა მაშინ ასე არ ვფიქრობდი, მაშინ თეო მინდოდა მომეგუდა, რომ ასე გამწირა, რომ ჩემი არ დაიჯერა, სიტუაციას კი დაუჯერა. ეს მერე გავიაზრე, წლები დავხარჯე ამის დალაგებაზე – სიზმრადაც და ცხადშიც, მთვრალმაც, დაბოლილმაც და მარხულმაც… რა არ გავიარე და არ ვისწავლე, ოღონდაც და საკუთარი გაუგებარი სამკუთხედი გამეხსნა. თეოსთვის სათქმელი მეპოვნა და არგუმენტები მომეძებნა. ახლა  მეღიმება ამ ყველაფერზე, მაგრამ ახალგაზრდობა ისეთი მაქსიმალისტია ყველაფერში?! მე და თეოს კიდევ ისე გვიყვარდა ერთმანეთი! ჰოდა, ავდექი და იმ დედამოხნულ შალავასთან დავწექი. მერე „ვჭამე“ – ბავშვს ველოდებიო, როგორც უკანასკნელმა გოიმმა და, საბოლოოდ, სიტყვაც ვერ დავძარი თეოს გახევებული თვალების წინაშე დარჩენილმა…

მერე კი, მერე იყო კოშმარული რამდენიმე თვე – ცოლი, თეოს გარეშე ოჯახი, რომელიც ოჯახად არ იქცა, უძილო ღამეები, დაკვნეტილი ტუჩები და ადუღებული სისხლი, რომელიც სრულ გიჟად მაქცევდა უძილო ღამეებსა და გამოუფხიზლებელი დღეებისა და კვირეების ხლართში გახვეულს. მართლა როგორ დავაღწიე ამ ყველაფერს თავი?..

ჩემი შალავა როცა გავუშვი და ისიც უხმოდ დამეთანხმა, რადგან ჩემთან დარჩენას აზრი არ ჰქონდა, კიდევ რამდენიმე თვეს ვილოთავე. საბოლოოდ, ისე შევშუპდი და გავბრუვდი, თითქოს სულერთი გახდა, თეო მაპატიებდა თუ საბოლოოდ დავკარგე, ვისზე ვიყავი დაქორწინებული და ვისთან გაყრილი, დღე იყო თუ ღამე, ცოცხალი დავდიოდი თუ მივიცვალე და საკურთხს მაწვდიდნენ სხვა სამყაროდან. რომ არა ბიძაჩემი ზალიკო და მისი შორეული ციმბირული სიყვარული ნასტია, დავლევდი ჩაილულის წყალს და ეგრე დავასრულებდი ჩემს უტვინო ცხოვრებას. მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად გადაწერა ჩემი ცხოვრება და შორეულ ბარნაულში ამოვყავი თავი. რაც მე იქ ვიწვალე, თუ ჰავის და თუ ქალის გამო, ამაზე ცალკე წიგნი დაიწერება. მაგრამ ახლა აქ ვარ. და იქ კი ჩემი, არც თუ ხელწამოსაკრავი ბიზნესი ყვავის. ჩემი გულისაგან განსხვავებით, ყველაფერი დალაგდა. და რაც უფრო საფუძვლიანად ლაგდება ჩემს გარშემო სიტუაცია, მით უფრო იშლება და ირევა ჩემი პირველი და, როგორც აღმოჩნდა, ერთადერთი სიყვარული. ჰო, არც არავინ გავიკარე სათოფეზე. ქალის, მგონი, მართლა მეშინია. როგორც კი ლოგინისკენ მიდის საქმე – ეგრევე თავს ვიცავ და კონტროლს არ ვადუნებ, კიდევ ერთმა რომ დაიჩემოს, შენგან შვილს ველოდებიო, ამას ვეღარ გადავიტან. არ მინდა არავისგან გაჩენილი და მორჩა. ან იქნებ უბრალოდ მეშინია, ისევ გაბიაბრუებული არ დავრჩე?! თან რუსეთში ქალი გაცილებით იოლად გახვევს ტარაბუას და არც დაწოლას ერიდება და არც ადგომას. თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ, თუ შეუყვარდი, გვერდზე აღარ იხედება და ერთგულია ფინია ძაღლივით. აი, ნონკასავით. მაგრამ, სამწუხაროდ, გვიან შემხვდა. არ დარჩა ჩემს გულში მისთვის ადგილი. არადა, ასეთ ქალზე თუ იოცნებებს კაცი. ამიტომ ვარ აქ. ამიტომ გამოვიქეცი სახლიდან და საქმიდანაც დროებით, მაგრამ დიდი იმედი მაქვს – სამუდამოდ. თუ რა თქმა უნდა, თეოს რომ შევხვდები, ისევ ის თეო დამხვდება და ისევ ის გრძნობა განახლდება. ნონკას ვერ დავაღალატებ – თუ ცოლად მოვიყვან, მას აქვს უფლება იყოს ერთადერთი ჩემთვის და ჩემს ოჯახში. მაგრამ თეო ისევ აქ არის და ეს ან უნდა დავასრულო, ან ხელახლა დავიწყო. ნეტა, რა უფრო მინდა? ეს რომ ვიცოდე… რადაც უნდა დამიჯდეს ამჯერად თეოს უნდა დაველაპარაკო. ოჯახი არ ჰყავს, ეს ვიცი, ლევანო მწერს მის ამბებს და რაც ხდება მის თავს მნიშვნელოვანი, ყველაფერი ვიცი. ბოლოს ლევანომ უცნაური მესიჯი ჩამიგდო:

რაღაცანაირი გახდა თეო და ვერ ვცნობ. არც ის ვიცი, რა ხდება მის თავს და ვერც თავს დავდებ, რომ რამე არ ხდება.

ეს ბოლო წვეთი იყო და თან, ნონკაც უკვე დავღალე, შვიდი წელია, გოგო ჩამოდნა და ჩემ იქით არ იყურება. შვილი მინდა და ოჯახიო და სანამ ასაკი არ გამეპარა, დამაყენე საშველი ან გამიშვი და აღარ დაგენახვებიო.

ჰოდა, მეც ვითხოვე „ტაიმ აუტი“. როგორც იქნა, აქეთ ვქენი პირი და ახლა თეოს სანახავად ვემზადები. მანამდე ლევანო უნდა ვნახო და სადმე ჩავუსხდეთ. გავიხსენოთ ძველი და გავლილი, ცოტა მოვშინაურდები და ენასაც ავამოძრავებ, იშვიათად მიწევს ქართულად ლაპარაკი და სანამ თეოს ვნახავ, მირჩევნია, ცოტა წავივარჯიშო ბავშვობის მეგობართან…

თეოსთვის სათქმელი კი იმდენჯერ მაქვს ნავარჯიშები – ალილუიასავით გავიზეპირე…

–ლევანო, ძმიავ, როგორ ხარ! ჰო, აგერ ვარ, სამეზობლოში. ჩამოდი, აბა, რა უნდა ქნა. არა, ირას არაფერი უთხრა, ბრატ. მერე იყოს, ჯერ ჩვენ გავიხსენოთ ბავშვობა… აბა, გელოდები და შენ იცი…

ლევანო ისე სწრაფად ჩამოქანდა მესამე სართულიდან, თითქოს ცეცხლმოკიდებული სახლის ჩასაქრობად მიეჩქარებოდა.

–ბიჭო, გადმოხტი აივნიდან?! შე დაბრედილო, რას დამსგავსებულხარ, მოდი აქ, ბრატუხა! – ლევანოს დანახვა ისე გამეხარდა, როგორც არასდროს. არც თუ დიდი მეგობრები ვიყავით, როცა საქართველოდან წავედი, მაგრამ მეზობლები და დაქალების შეყვარებულები კი ვიყავით, ამიტომ ვძმაკაცობდი და მერე ხომ, ჩემი ფოსტალიონო პეჩკინი გახდა.

–ვაჰ, დუდუ, რა ძმა ხარ!? რა იყო, ვარჯიშობ თუ რუსის ნატაშები მოქმედებენ ასე? აი, საღოლ, ძმა: ეს კუნთები ბატიბუტებივით დაგიყრია და მე მგონი გამაღლდი, თუ იწელები კიდევაც?

–ლევანო, აი, ისეთივე ლაყაფისტი ხარ, ხომ? გავიწელე არა, პლასტიკა გავიკეთე და რკინები ჩავიდგი მუხლებსა და თეძოს ძვალს შორის. დაჯექი, შე დაბრედილო, გამელოტება დაიწყე, ბიჭო? რა იყო, ხომ არ მიბერდები. ვახ, როგორ გამიხარდი, ბრატუხა…

–არა, მართლა მაგრად შენახულხარ და ეგაა! უნდა წამოვსულოყავი, რომ მეპატიჟებოდი, აი! –  ლევანომ გულდაწყვეტილმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა ბავშვობის ძმაკაცი და უხერხულად შეისუნთქა შემრგვალებული ღიპი და ხელი შეთხელებულ ქოჩორზე გადაისვა, თითქოს შეამოწმა, ხომ ნამდვილად ადგილზე ჰქონდა.

დუდუ ბროლივით ქათქათა ღიმილის აფრქვევდა და კონიაკს ასხამდა გამჭვირვალე ბროლისვე ჭიქებში. ისეთი ბედნიერი ჩანდა, ლევანოსაც გადაედო ეს განწყობა და გადაავიწყდა საკუთარი გარეგნული ნაკლები და დუდუს სპორტული და ნავარჯიშები კუნთებიც. ახლა მის წინ ბავშვობა და ახალგაზრდობა იდგა და იღიმოდა, ისეთი უდარდელი და ლაღი დრო, როცა ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად ჰქონდათ ორივეს, როცა უბანში ყველაზე ლამაზი გოგონები უყვარდათ და იმათაც უყვარდათ… ლევანოს რაღაცნაირად შერცხვა ამ მოგონებების. დაინახა ირა-მირას გაბრწყინებული ღიმილი, როცა პირველად გამოუტყდა სიყვარულში, მერე როგორ დადიოდნენ ხელიხელჩაკიდებულები და როგორ შორს ეკავათ თავი ეზოში… და ახლა თავისი ირა-მირა თავისივე სიგლახის გამო კინაღამ …

–ლევანო, ბრატუხა, რა იყო, სად წახვედი? გაგახსენდა რამე? მოდი, ერთად გავიხსენოთ, თორემ მე სულ გამიფერმკრთალდა აქაურობა. რასაც შენგან არ ვიგებდი, სხვა არაფერი ვიცი. ჰოდა, ჩავუსხდეთ აგერ: ეს ჩემი ჩამოსხმული კონიაკია, აბა, დააგემოვნე. ჰო გახსოვს, კონიკის ქარხანა მაქვს ბარნაულთან ახლოს. რამდენიმე წელია, გამაქვს ჩინეთშიც და მოსკოვსაც ვამარაგებ, ქართულ რესტორნებს, საძმოს მიაქვს.  დალიე, გაგვიმარჯოს, ძმაო. მიხარია, აქ რომ ვარ და გხედავ! აბა, ჩვენი შეხვედრისა იყოს!

იმ დღეს ისე დაღამდა, ვერც შევამჩნიეთ. ლევანოს ირამ დაურეკა, ლევანომ მეგობართან ვარ, უბანში, როცა გეტყვი ვისთან, აღარ მეჩხუბებიო და საუბარი გავაგრძელეთ. გავიხსენეთ იმ მთისა და ამ ბარისა. ყველა ჩვენი კლასელი თუ მტრული ბანაკის ბიჭი და გოგო. ვინ დაქორწინდა და ვინ წავიდა უდროოდ ამა სოფლიდან. შესანდობარიც დავლიეთ და გამარჯვებისაც. ყველა რომ მოვილიეთ და მოვიკითხე, ლევანოც კარგად რომ შეჟუჟუნდა, მხოლოდ ამის მერე დავსვი ის კითხვა, რისთვისაც აქ ჩამოვედი:

–ახლა თეოზე მითხარი, რაც იცი და რაც ბოლოს მომწერე, იქიდან დაიწყე…

როცა ქალი მზადაა, შეცდეს

(მოქმედი პირები: ლაშა და ეკა)

–იცი და იცოდე, – ცივად ვუპასუხე ზურას და ყველას ჯავრი ამოვაყოლე ინტონაციას, ჩემთვის ჯადოს გამკეთებლის თამადობით, თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა, ვინ იყო.

– ოღონდ, თუ ფიქრობ, რომ შემოგიპატიჟებ, არც იოცნებო. ცოლიან მამაკაცებს ღამით სახლში არ ვუშვებ, იცოდე! – კარის დაკეტვა ვცადე, მაგრამ ზურამ არ მომცა ამის საშუალება.

–ეკა, რატომ მეჩხუბები? იქნებ რას გთხოვ?! – თითქმის შემომვედრა.

–აბა, რატომ მატყუებ?! იცი არა – კვახი. არაფერიც არ იცი.

– არ ვიცი და არც ლანას გამო მოვსულვარ. ლაშა რაზე გელაპარაკა? – ზურას კითხვა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მეც კი დავიბენი.

–ცოტა უხერხული კითხვა ხომ არ არის, ბატონო ზურაბ?! თუ ის ქალი მნახე, სიტყვა სიტყვით მოგიყვე ამბავი, რომელიც შენ არ გეხება?! ყოველ შემთხვევაში, შენზე არ ულაპარაკია. ისე, მე შენს ადგილას ლანას უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობდი, ვიდრე ლაშას. ზურა, დაღლილი ვარ. გვიანია, ნახვამდის, – ეს ვუთხარი და კარი მივუჯახუნე. ამჯერად აღარ გაუწევია წიანაღმდეგობა.

არ შემარგო სიამოვნება ამ ოხერმა კაზანოვამ! არადა შხაპის მიღება ერთგვარი რიტუალია ჩემთვის: შემდეგ საცხების შეზელა, ხელებისა და ფეხების მოვლა. კანის დარბილება და აბზინვარება. ისე საფუძვლიანად ვემზადები ხოლმე დასაწოლად ყოველ ღამე, თითქოს  ველი, როდის ისურვებს ჩემთან ღამის გატარებას შაჰინშაჰი.

უი, არაა – ერთ დღეს გადაშენდეს ყველა შაჰინშაჰი, რაც ჩვენ ღამეები გვატარებინეს ჰარემებში?! აი, ეს რომ ხმამაღლა ვთქვა, ჩენი „ენჯეოები“ სასამართლოში მიჩივლებენ, არა, ჰომოფობიაო. ამ აზრმა ისე გამამხიარულა, ხმამაღლა გადავიხარხარე!

ჩემი ღამის რიტუალი ის-ის იყო ფინალისკენ უნდა წასულიყო: მხოლოდ აბრეშუმის ხალათის მოცმაღა აკლდა ჩემს წვრილბრეტელებიან აბრეშუმისვე პერანგს, რომ კარზე ისევ ზარი დაირეკა.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ ზურა იქნებოდა, თუმცა მაინც გავიხედე ჭუჭრუტანაში და თვალებს არ დავუჯერე: ჩემს კართან ამჯერად მთლად ზურა არა, მაგრამ თითქმის ზურა, ანუ მისი ცოლისძმა იდგა. აი, შაჰინშაჰიც მოვიდა, – ეს აზრი უნებლიეთ გამიკრთა და კარი გავაღე, აი, ასე უტიფრად – აბრეშუმის ჩახსნილ ხალათში გამოწყობილმა.

ლაშა აშკარად არ მელოდა ასე ნახევრად შიშველს და ცოტა შეცბა. თითქოს მეც შევცბი, ხალათი ხელებით მოვიხვიე, სინამდვილეში კი ტანზე უფრო მჭიდროდ შემოვიტმასნე და გაკვირვებული კრავის თვალებით შევაცქერდი. თამაშის ხასიათზე მოვედი: თუ შაჰინშაჰი არა, შაჰინშაჰის იმიტაცია მაინც იყოს?!

–მგონი, ცუდ დროს მოვედი, – რატომღაც დაიბნა ლაშა.

მე კი, რაკი მივხვდი, რომ ინიციატივა ჩემს ხელში იყო, მაგრამ აი, რის ინიციატივა, ამის წარმოდგენაც არ მქონდა, უტიფრად განვაგრძე: დრო შესანიშნავია, ხალხი ახლა იწყებს ცხოვრებას.

ლაშამ კიდევ უფრო გაკვირვებულმა შემომხედა და უცებ მივხვდი მისი გაკვირვების მიზეზს: მან იფიქრა, რომ მარტო არ ვიყავი. გულში მწარედ გამეცინა: მე სულ სხვაგვარად ვეკეკლუცებოდი, ჩემი შაჰინშაჰი კი ამ დროს, თურმე, სულ სხვა რამეს ფიქრობდა, ვაითუ ვინმე ჯეელი გამოვარდნილიყო საძინებლიდან და დაუპატიჟებელი სტუმრისთვის ანგელოზები დაეფრთხო, ამ შუაღამისას რას მოთრეულხარ ჩემი ქალის კართანო!

–მარტო ვარ, შემოდი, – უხალისოდ ვუთხარი. თამაშის განწყობამ ისევე მოულოდნელად გადამიარა, როგორც მომიარა.

–აზრებს კითხულობ?

–არა, ზედმეტად პრიმიტიულ გარემოში ვცხოვრობ და ჩვევა გამომიმუშავდა. კარი დახურე, მე გამოვიცვლი.

სწრაფი ნაბიჯით შევედი საძინებელში. აბრეშუმის ხალათი გავიხადე და სააბაზანოს ფუმფულა ხალათი ჩავიცვი: ყელზე კარგად შემოვიხვიე, რომ შიშველი სანტიმეტრიც არ გამომჩენოდა და სიგრძეც კმაყოფილმა შევათვალიერე: კოჭიც კი არ მიჩანდა! ესეც ზედმეტია მისთვის, გავიფიქრე და გავედი.

ლაშა ისევ შემოსასვლელში იდგა: რა ღარიბი ნათესავივით დამდგარხარ. შემოდი. მორჩილად გამომყვა უკან. ლოჯიაში გავიყვანე და სავარძლისკენ მივუთითე. მეც დავჯექი. უხერხული დუმილი ჩამოწვა.

–მგონი, მაინც ცუდ დროს მოვედი.

–გააჩნია, რის შემოსათავაზებლად, – იხტიბარს არ ვიტეხდი, თორემ სულ არ მეოხუნჯებოდა.

ჩემდა უნებურად ლაშა შევათვალიერე. რატომ? იმიტომ რომ არასდროს მიმიქცევია ყურადღება, როგორი იყო. მგონი – პირველად რომ დავინახე, რაღაცნაირად არ მომეწონა. მე ასე მახსოვს – ყოველ შემთხვევაში. ჩვეულებისამებრ, ვერ ვამჩნევ მამაკაცებს, რომლებიც აკრძალულ ჯგუფებს განეკუთვნებიან. აკრძალული ჯგუფებია ცოლიანები, მეგობრები, მეგობრების ქმრები, მეზობლები, თანამშრომლები. თუმცა, ფაქტობრივად, ბევრი არც აღარავინ რჩება – იმიტომ რომ ერთ ციცქნა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც, როგორც ერთი ჩემი ნადაქალარი ამბობდა, ვერც კი გაბოზდები, შეიძლება, ბიძაშვილს გადაეყარო კლიენტადო.

ლაშა ლანას ჰგავდა და, თუმცა ლანაზე ვერ იტყოდი, ლამაზიაო, უფრო კდემამოსილია, ლაშა აშკარად სიმპათიური იყო, გამოყვანილ–ჩამოთლილი ნაკვთები არ ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში შთაბეჭდილებას ახდენდა. ალბათ, იმიტომ რომ მამრის იმპულსები მოდიოდა მისგან. ჰოდა – აი, სწორედ მაგას ვერ ვხსნი – თუ მამრის იმპულსები მოდიოდა, ისეთი ცოლი რატომ ჰყავდა, როგორიც ჰყავდა?! რატომღაც, მგონია, რომ ეგ და ლანა პურიტანულ ოჯახში გაიზარდნენ და ლაშამაც იმიტომ აირჩია თავისი ცოლისნაირი ქალი.

ცხვირი არც გრძელი აქვს, არც მოკლე, ოდნავ გაღუნული. არც მსხვილი და არც წვრილი, აი, ნესტოები კი – ლამაზად გამოყვანილი. მასიურია, ოღონდ ღიპი არ აქვს – ეტყობა, ვარჯიშობს. საიდან მომდის ეს უაზრო ფიქრები?! რა ჩემი საქმეა, ლაშა როგორ გამოიყურება ან მისი ცერცეტა ცოლი?! თავშიც ქვა უხლიათ. ახლაღა შევამჩნიე, რომ ლაშაც მათვალიერებდა. იმასვე თუ ფიქრობს ჩემზე, რასაც მე – მასზე?! ეკა, ეკა – სულ დაშტერდი, აი, გოგონა?! – შევუძახე საკუთარ თავს და ლაშას გავუღიმე თანამზრახველივით, ოღონდ აი, ის კი არ ვიცოდი, რა უნდა განგვეზრახა ერთად.

–შენთან საქმიანი წინადადება მაქვს, – ისე ვიყავი გართული საკუთარ ფიქრებში, რომ ლამის შევხტი, ხმა რომ ამოიღო და ცოტა დავიძაბე. ლაშა კი მშვიდად განაგრძობდა: ხვალ შუადღისას სტამბოლში შეხვედრა მაქვს, მნიშვნელოვანი და მინდა, რომ კამპანია გამიწიო.

უფრო დავიბენი, აი, რომ ამბობენ, ლობიოსავითო. ასეთ შემოთავაზებას მეც კი არ ველოდი.

–რეისი სამ საათშია, წესით მოასწრებ მომზადებას. ყველა ხარჯს მე ვიღებ საკუთარ თავზე, ჩაცმულობიანად. თუ, რა თქმა უნდა, გცალია და დამთანხმდები. ძალიან დამეხმარები, – ლაშამ დაზეპირებულივით ჩამოარაკრაკა.

წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეპასუხა. ერთი ხეირიანი აზრიც კი არ მიტრიალებდა თავში.

–რაც მალე გადაწყვეტ, მით უკეთესი, შენს მონაცემებს ახლავე გადავცემდი ბილეთისთვის, – დაამატა და ამოისუნთქა.

–ტანსაცმელი მაქვს, – ვთქვი ჩემდაუნებურად და მერეღა მივხვდი, რომ შემოთავაზებას დავთანხმდი. მექანიკურად ავდექი. პასპორტი მოვძებნე და გავუწოდე. ფოტო გადაუღო და ტელეფონითვე გადააგზავნა.

–მოემზადე და ერთ საათში გამოგივლი, – ეს თქვა, ადგა და კარისკენ გაემართა. უკან გავყევი. უცებ გაჩერდა და ისე მოულოდნელად შემოტრიალდა, რომ თითქმის გულში ჩავეკარი. ცხვირში მისი სხეულის სურნელი მომხვდა, ძალიან ახლოს და ძალიან ნაცნობი. გველნაკბენივით უკან გავიწიე:

– უკაცრავად.

–შენი ტელეფონის ნომერი მომეცი, – ისე მშვიდად მითხრა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ვუკარნახე და კარი გავუღე.

(გაგრძელება ოცდამეორე ისტორიაში)

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *