ლიტერატურაყირამალა

ოცდამეექვსე ისტორია – ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

ისტორია ოცდამეექვსე

ორს პლუს ორი, როცა მაინც სამია

(მოქმედი პირები: თეო და დუდუ)

 კარზე კაკუნმა ორივე ერთნაირად  და ერთდროულად წამოყარა. თეო ისეთი შეშინებული უყურებდა გვერდით წამომჯდარ დუდუს გაშიშვლებულ, დაკუნთულ სხეულს, თითქოს პირველად დაინახა არამც თუ დუდუ, არამედ შიშველი მამაკაციც. არც დუდუ ჩანდა მთლად მშვიდი, მაგრამ მისი მწვანე თვალები უცნაურად ციმციმებდენ, აი, ისე, პირველად რომ გამოუტყდა თეოს სიყვარულში და თეომ პირველადვე კოცნის უფლება რომ მისცა. ეს აციმციმებული სიმწვანე კიდევ უფრო აგიჟებდა და კარზე გაძლიერებულ კაკუნს სრულად გამოჰყავდა წყობიდან.  ხმას არც ერთი არ იღებდა და ორივეს ერთი და იგივე კითხვა აწვალებდა: ვინ აკაკუნებდა ამ დილაუთენია!?

ზურაა?! – გაიფიქრა თეომ, –  მაგრამ ზურას გასაღები აქვს! ზურას გასაღები აქვს!!! ეს როგორ დაავიწყდა?! – გველნაკბენივით წამოხტა საწოლიდან, მერე მიხვდა, რომ სრულიად შიშველი იყო და ფილმებში ნანახი მოძრაობით დასწვდა ზეწარს და მოქაჩა. დუდუმ დაუჭირა ბოლო და უხმო სიცილი დააყარა. თეოს კი გაეღიმა, მაგრამ აზრი იმის შესახებ, რომ ზურას შეეძლო, ასეთ სიტუაციაში შემოეღო კარი, სისხლს უყინავდა.

–თეო, ბაბუ! სად ხარ, გოგო, გამიღე კარი…

ბაგრატიჩი! – ორივემ ერთდროულად ამოისუნთქა, მაგრამ ისევ გაისუსნენ. არც ბაგრატიჩი იყო ახლა აქ სასურველი სტუმარი.

ნეტავ, რამ მოიყვანა ამ დილაუთენია ბაბუა? ხომ მშვიდობა აქვს? და რატომ არ დარეკა? შეიძლება, დარეკა კიდეც – თეოს გაახსენდა ზურას წასვლის შემდეგ როგორ გათიშა ტელეფონი და სადღაც სამზარეულოში მიაგდო. იქნებ ბება გახდა ცუდად, მაგრამ მაშინ ამდენ ხანს არ დააბრახუნებდა და არც მიატოვებდა… ღმერთო, მაკლდა ვითომ დამალობანას თამაში და ახალი დავიმატე. ახლა ზურასაც უნდა დავემალო…

თეო უცბად გამხიარულდა. თითქოს რაღაც სასაცილო გაახსენდაო, პირზე ხელის გული მიიფარა და მოიკეცა. დუდუც აჰყვა და ორივე ჩაბჟირდა. როგორც იქნა, ბაგრატიჩი გაერიდა კარს! და დუდუ და თეო ხარხარზე გადავიდნენ. იცინოდნენ ისევე გულამოგდებულები, როგორც გუშინ ტიროდა თეო, როგორც კოცნიდა დუდუ, როგორც გმინავდნენ ორივენი და როგორც იმალებოდა მათი შემხედვარე გაოცებულ-დარცხვენილი მთვარე…

–მომეცი, აბაზანაში მინდა, – თეო ისევ დასწვდა ზეწარს

–ასე წადი!

–არა, მოიტა–მეთქი…

–კარგი, ოღონდ მალე დაბრუნდი!

თეომ დაკუჭული სატინა შემოიხვია ტანზე და სანამ აბაზანის კარს გამოაღებდა, შემოსასვლელი კარი ურდულით ჩარაზა…

აბაზანიდან რომ გამოვიდა, დუდუ საწოლში არ დახვდა. გული და სხეული კი დაასვენა კონტრასტული შხაპის ქვეშ და აზრებიც ოდნავ დავარცხნა. დალაგებასა და გააზრებაზე ზედმეტი იყო ზრუნვა. ამ სიტუაციას ახლა გამჩენი თუ დაალაგებდა, თორემ თეოს ეს ნამდვილად არ გამოუვიდოდა… ცალკე ბაგრატიჩის უჩვეულო სტუმრობა აფიქრებდა, ბაბუა უცერემონიოდ არასდროს დასდგომია თავზე და თან დილის 7 საათზე. არადა, რომ არა ბაბუ, ვინ იცის, როდის გამოფხიზლდებოდა და ზურას რომ… არა, ეს წარმოუდგენელია. კუსტურიცასთვისაც კი! არანაირი მეორე სამკუთხედი, აი, ესღა აკლია ახლა! არადა, ფაქტია, წუხანდელი ღამე შექსპირის სონეტების კითხვაში არ გაუტარებია დუდუსთან ერთად… დუდუსთან ერთად! ღმერთო, რას მერჩი!? რა დროს დააბრუნე ან როგორ გამაბრუე და ზუსტად ზურაზე გამწარებული დავხვდი… სად იყო აქამდე და, საერთოდაც, ვარ ნორმალური?! ამის შემდეგ რით უნდა ვიმართლო თავი? აქამდე თუ ვიცოდი, ზურა მიყვარდა და მისი ცოლობა მინდოდა, ახლა რა პირით… და საერთოდ, ზურაზე ფიქრი არაფრით გამომდის… სრულად ავირიე, აშკარად, თავი სადღაც სიზმარსა და სერიალს შორის მგონია…

თეომ ზურას ნაჩუქარი აბრეშუმის ხალათი შემოიცვა და სამზარეულოში გავიდა. იქიდან ახლად მოდუღებული ყავის სურნელი შემოეფრქვა.

–წაგდგომია დრო და ასაკი! დილას ასე იწყებთ ერთმორწმუნეში?

–გეგონოს! იქაც ჩემი საქართველო ავაწყვე და წესებიც ჩემი დავაწესე. დილას ასე შენთან ერთად ვიწყებ!

–აბა, რა! დავიჯერე და დავდნი!

–ჯერ დალიე და მერე იშაყირე… – დუდუს მხოლოდ ტრუსი ეცვა და შიშველი აპოლონივით იდგა თეოს მომცრო სამზარეულოში ყავადანით ხელში. მაგიდაზე კი უკვე ტოსტები ელაგა, საკარაქით კარაქი და თაფლი ქილით. კონიაკი, ტრუფელები და ზეთისხილის ასორტი დაობებული ყველის გვერდით უკვე თეოს მაცივრიდან არ იყო გამოღებული.

„გუშინდელი საგზალი“ , – გაახსენდა თეოას და დუდუს უკვე თბილად, რაღაცნაირად შინაურულად გაუღიმა. ზურა არასდროს ამოიტანდა დაობებულ ყველს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა თეოს სისუსტე. დუდუს კი ამდენი წლის შემდეგაც ახსოვს. ზურა საერთოდაც არაფერს ამოიტანდა. როგორც ყოველთვის, უბრალოდ ჩაურიცხავდა ანგარიშზე თანხას და რაც გინდა, თვითონ იჩუქეო.  სულ ეს იყო ზურას რომანტიზმი. ყვავილებით ვერ ვივლიო, საჩუქრების ყიდვას რაც მოჰყვება, იცი შენცო და ასე ყველაზე უსაფრთხოა და თანაც გამართლებულიო… მოკლედ, დუდუს ეს დილის საუზმე თეოსთვის საყვარლის ხასიათის გადახედვა-გახსენების მიზეზად იქცა.

–შენ… არა, ჩვენ გაგვიმარჯოს! – დუდუმ რამდენიმე წვეთი კონიაკი ჩაისხა ყავაში და თეოს მიუჭახუნა

– დილით შამპანურს ვინ სვამს, ვიცი და  ყავას კონიაკით?

–ჩვენ! – დუდუს ბროლივით ქათქათა კბილები ზუსტი, მწყობრი და სრული შემადგენლობით დაენახვა თეოს და თითქოს მზემ შეანათაო, ისე გაუთბა ღიმილიც და გულიც ამ ღიმილს მონატრებულ ქალს…

დუდუს თვალები და ღიმილი ხომ ყველა სოლოლაკელი და მთაწმინდელი გოგონას საოცნებო სიზმარივით იყო. ისე არავინ იღიმებოდა და არც არავის ჰქონდა ისეთი მწვანე და ჭაობისფრად ჩაბინდული მზერა, როგორც დუდუ დიდებულიძეს. და ეს კიდევ უფრო მეტად ახარებდა თეოს, რომ ასეთი განძი მხოლოდ მას ეკუთვნოდა… თუმცა, თურმე, არა მხოლოდ მას… მაგრამ ახლა რაღა ამაზე ფიქრის დროა. ახლა ზურაა საფიქრალი. არა, ზურა კი არა – მე, ზურა, დუდუ და ლანა! ერთ საღამოში ამდენი ხლართის მოხერხება უკვე შენთვისაც ბევრია, – დატუქსა თეომ საკუთარი თავი და ქაფქაფა ყავა მოსვა.

„მართლაც გემრიელი მოუდუღებია“… თეო პირველად სვამდა მამაკაცის მოდუღებულ ყავას საკუთარ სამზარეულოში და ისიც დილაუთენია და იმნაირი ღამის შემდეგ. იჯდა და ვითომ ასეც უცხოვრია და არც არაფერი! ვითომ დუდუ მთელი ცხოვრება შიშველი ტორსით უმზადებდეს საუზმეს, ვითომ არც არავინ ჰყავდეს მის გარდა და თითქოს, საერთოდაც, ჯერ კიდევ გუშინ არ ჩაეტარებინოს სტრატეგიული სვლა კოდური სახელწოდებით: „როგორ გავთხოვდეთ საყვარელ მამაკაცზე“…

თეოს თავში იმდენი აზრი იწყებდა და წყვეტდა არსებობას, რომ საბოლოოდ გადაყარა ყველა და გადაწყვიტა, რაც იქნება, იქნება. ვერაფერს ვწყვეტ მე ამ სამყაროში. რასაც ვგეგმავ, არაფერი ლაგდება დაგეგმილად. ჰოდა, აწი თვითონ იმტვრიონ თავი ზურამაც, ლანამაც და ამანაც… მაინც როგორ მოახერხა და გრამი ცხიმი არ დაიდო სხეულზე?! თეომ შურის თვალით შეათვალიერა დუდუს უზადო სხეული და შეუმჩნევლად შეისუნთქა ოდნავ მომრგვალებული მუცელი. ამ მუცლის გამო ზურა სულ დასცინის და „ჩემს ღიპუცელას“ უძახის… არა, არ ვიფიქრო უნდა ახლა ზურაზე. ახლა აქ ვარ და აქ არის დუდუ, რომელიც, მეგონა, არასდროს იქნებოდა აქ და  მეტიც, წუხელ… არა, არც ამაზე ვიფიქრო უნდა. რა იყო წუხელ და რატომ. დუდუც არ შემახსენებს, ვიცი. ასე რომ, ვითომცდა არაფერი მომხდარა. ახლა დავლევ ამ ყავას და მერე?! რა უნდა გავაკეთო მერე?! არც ამაზე ვინაღვლებ! დარდი პელოს! თვითონ მოვიდა, თვითონ მაცდუნა და თვითონვე თქვას, რას აპირებს. და რა უნდა დააპიროს?! რასაც უნდა აპირებდეს, მთავარია, მე რა მინდა… მე მინდა გავთხოვდე და… სულერთია ვითომ ვისზე? რატომაა სულერთი?! მე ზურას… არა, ზურაზე ფიქრი საერთოდაც არ გამომდის…

–თეო, აქ ხარ?! აბა, ამოშაქრე, როგორი ყავის მოდუღება ვისწავლე?

–ფანტასტიკ! და მადლობა, ჩემი და ყველის რომანი რომ გახსოვს…

–მე ყველაფერი მახსოვს და…

დუდუ დაიხარა და თეოს ლოყაზე აკოცა, მერე ყურის ძირში და თმა მკვეთრი მოძრაობით, მაგრამ ნაზად, მარჯვენა მაჯაზე გადაიხვია, ქალის სახე მიიზიდა და თვალებში ჩააშტერდა.

ამ დროს შემოსასვლელ  კარზე ისევ  ზარი დარეკეს. ცოტა ხანში საკეტში გასაღების გადატრიალების მცდელობის ხმა გაისმა, მერე კიდევ ერთხელ და…

საკუთარივე რქების სიმძიმე

(მოქმედი პირები: ლანა, ქეთა და ზურა)

ქეთას დანახვას სიკვდილი მერჩივნა, მაგრამ გაუღიმე, შევეცადე, რაც შეიძლება, ბუნებრივი ვყოფილიყავი: რამ შეგაწუხა, რძალო?!

„რძალო“ – განსაკუთრებით მკაფიოდ წარმოვთქვი, ცხადია, იმ შალავას გასაგონად. ქეთა ჩემი დანახვისთანავე წამოხტა სკამიდან და დაიქოქა: ლაშას ვეძებ მთელი დღეა, დამირეკა, სტამბოლში მივდივარო და მას შემდეგ ვერაფრით ვუკავშირდები. აეროპორტშიც დავრეკე, დღეს სტამბოლში რეისი იყო, მაგრამ კარგა ხნის ჩაფრენილია, ლაშა კი არა და არ მირეკავს! ყველგან მივწერე: სკაიპში, ვაიბერზე, ვოთს აფზე, ხაზზე არ არის. მეილზეც! არ მპასუხობს! ლამისაა გული გამისკდეს, ისე ვნერვიულობ! ჩემი ლაშიკო…

ქეთამ ტირილი დაიწყო. ცრემლები მართლა წამოუვიდა და სულ ცახცახებდა. რომ არ ვიცოდე, რა პირწავარდნილი ბოზია, დავიჯერებდი, რომ ნერვიულობისგან გული უსკდება. ქეთას შემხედვარე ლანა აფორიაქდა.

–ზურა, სად იქნება ლაშა?! რამე ხომ არ მოუვიდა, ხომ არ დავიღუპეთ?!

–სად უნდა იყოს, სტამბოლშია, ველაპარაკე ამ საღამოს, რაღაც პრობლემაა კავშირის. მითხრა, ქეთას შენ გაბარებ, თუ რამეო. რა გაპანიკებთ?! პატარა ბავშვი ხომ არ არის?! ჩამოვა ხვალ.

–ვისთან ერთად წავიდა? ისევ თეოსთან ერთად? – იკითხა ქეთამ ნამტირალევი ხმით და გამომხედა.

–თეო ვინ არის? რა სასაცილო სახელია. – ჩაერია ლანა.

–თეო ამათი თანამშრომელია, შინაბერა ტუტუცი და, მგონი, ჩემს ლაშიკოს ეკურკურება, – ვითომ ისევ გული ამოუჯდა ქეთას და სლუკუნით განაგრძო: ზურა, ახლავე დაურეკე იმ თეოს თუ ჯანდაბას! უნდა გავიგო, სად არის!

ქეთა მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მივხვდი, რომ „ყვითელი“ ამინთო და თუ არ დავყვებოდი მისი თამაშის წესს, მუქარას აასრულებდა.

–ვინ გაიგონა სამსახურში ასეთი რამეები. არ მგონია, ლაშამ ასე დაიმციროს თავი, ტყუილად ნერვიულობ, – ლანა გულწრფელად ცდილობდა ქეთას დამშვიდებას.

ქეთა კი ისტერიულად იმეორებდა: ახლავე დაურეკე იმ ქალს! ახლავე! თორემ მივუვარდები სახლში და გავჩეჩავ!

–კარგი, დავრეკავ. დამშვიდდი, – ტელეფონი ავიღე, ვითომ კარგა ხანს ვეძებე ნომერი და ვითომ თეოსთან დავრეკე: თეო, ზურა ვარ, საით ხარ? აა, უკვე სახლში? კარგი, კარგი, მეგონა, შენ იყავი დღეს მორიგე. რაღაც საბუთი მჭირდებოდა.

–აი, ხომ ხედავ, თეო სახლშია და ამიტომ ერთდროულად ორ ქალაქში ვერ იქნება, – ვუთხარი ქეთას, – შენც დამშვიდდი.

–პიტნის ჩაის მოგიტან და ცოტას დაგაწყნარებს, – მზრუნველობით უთხრა ლანამ და სამზარეულოში გავიდა. ლანას მზერა გავაყოლე და ჩემს ცხოვრებაში პირველად გამიელვა თავში: ამ ქალთან ერთად როგორ ვცხოვრობ?! ამ სიცარიელეში?! მე ვატყუებ, ის თავს იტყუებს. ცალ-ცალკე ოთახებში გვძინავს და ვითომც არაფერი, მაინც ცოლ-ქმარი გვქვია და ამ ფარსს კი – ოჯახი…

უცებ ყურთან ქეთამ ჩამისისინა: ამაღამვე, სანამ მთვარე ჩავა და მზე ამოვა, გამიგებ დაზუსტებით, სად წაეთრია ჩემი ქმარი, ვინ წაათრია თან და როდის ჩამოეთრევიან! თუ ამას არ იზამ, იცი, რაც მოგივა და ფოტოებიც მაქვს, როგორ გამოიძურწები ხოლმე იმ შენი თეოს სახლიდან და მაგ გასაღებების ასხმაზეც რომ იმის ბინის გასაღები გიკიდია, ეგეც ვიცი, – ქეთა ისე უცებ გასრიალდა სავარძლისკენ, რომელშიც იჯდა, რომ ოთახში ლანგრით შემოსულ ლანას არაფერი შეუნიშნავს.

–აი, პიტნის ჩაიც, დალიე საყვარელო. თუ გინდა, ჯერ სახეზე ცივი წყალი შეისხი, ძალიან ხარ ანერვიულებული. კიდევ კარგი, ჩემს ზურიკოს არ უყვარს ასეთი სიურპრიზები, – ლანამ სიყვარულით გადმომხედა.

–კი, ზურაში გაგიმართლა, ლანა. ასეთი იდეალური ქმარი სანთლითაა საძებნელი. ლაშას ცოლი რომ არ ვიყო, ნამდვილად ზურასნაირ ქმარს ვისურვებდი, – ქეთამ ჩაი მოსვა და ვითომ ამოისლუკუნა.

ლანას აშკარად არ მოეწონა რძლის აზრი, მაგრამ არ შეიმჩნია, მხოლოდ მე გადმომხედა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია, თან, ქეთაზე მიმანიშნა.

–რა გამახსენდა?! შალვას დაურეკე, მძღოლს, მე არაფერი მითხრა, იქნებ შენ გითხრას რამე?! – შეჰყვირა უცებ ქეთამ.

შალვას ნომერი ავკრიფე: ლაშა შენ გააცილე? მარტო წავიდა? აჰა და, როდის ჩამოდის? დღეს დაგირეკა, რომ სამ დღეში?! კარგი.

–სამ დღეში ჩამოდის?! სამ დღეში?! ამდენი ხნით დამტოვა მარტო?! – ქეთამ ისევ ზლუქუნი ამოუშვა.

–მე უნდა წავიდე, – ვთქვი მოულოდნელად. ლანამ და ქეთამ ერთდროულად შემომხედეს. ამ სახლში უცებ სული შემეხუთა…

–თუ რამე დაგჭირდა, დამირეკე, – მოკლედ მოვუჭერი ქეთას, – ისიც მახსოვს, რაც მთხოვე და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება.

სახლიდან ისე სწრაფად გავედი, ლანა ვერც კი დამეწია და კარი მე თვითონ გავიჯახუნე. მანქანაში ჩავჯექი და დავქოქე. აზრზე რომ მოვედი, თეოს სახლთან ვიდექი. გადასვლა მინდოდა და არც მინდოდა. აზრებს ვერ ვალაგებდი. თეოს შემორიგებისთვის კი ნათელი გონება მჭირდებოდა. მანქანაში ვიჯექი და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი: ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც საჭირო იყო. მე რა გავაკეთე, თავისით გამოვიდა. თითქოს ვიღაცის მიერ დაწერილ სცენარს მივყვებოდი: ცოტას ვაშავებდი, შარში ვეხვეოდი, ვჩხუბობდი, ცუდად ვსწავლობდი, დიდხანს ვიყავი ქუჩაში, მშობლებს არ ვუჯერებდი. მაინც ჩავაბარე, აბა, ჩემი მშობლები როგორ გადაიტანდნენ იმას, რომ მათ შვილს უმაღლესის დიპლომი არ ჰქონოდა?! პრინციპში, ახლა რომ ვფიქრობ, კარგიც ქნეს, რომ დამაძალეს, თორემ მე ისევ ვიყიალებდი ქუჩა-ქუჩა „დაბოლილი“. ისე, ახლა კარგი იქნებოდა, ეგრევე დავიკიდებდი ყველაფერს, ცოტა ხნით მაინც…

ჰო, მერე?! მერე რა მოხდა?! მერე სტუდენტობა, გოგოები, ბიჭები, თუ ამას სტუდენტობა ერქვა. გაყინული აუდიტორიები, თუმცა სკოლას კი ჯობდა, აი, ყინვა სკოლაში იყო, თუ იყო და სიბნელე. ფაქტობრივად, სიბნელესა და სიცივეში გაიარა ჩვენმა ბავშვობამ, აი, თოვლის მოსვლა რომ გაპანიკებს, ისე რომ იყინები. თუმცა სტუდენტობას არა უშავდა, ცოტა გავნათდით და დავთბით. ახლა ვერც ვიჯერებ, რომ ეს მე გავიარე, მგონია, რომ სხვის ამბავს ვყვები, შორიდან ნანახს. მერე თითქოს ლატარიის ბილეთი მოვიგე – ლანას სახით. კაი ხანს არ ვუტყდებოდი საკუთარ თავს, მაგრამ ლანა ფულის გამო მოვიყვანე. ნუ, მთლად ფულისაც არა, სანდომიანი იყო, წყნარი და ძალიან შეყვარებული ჩემზე. შემდეგ ისევ სცენარი ამუშავდა: ქორწილი, სექსი მოვალეობის მოხდის მიზნით, ის – ქვემოდან, მე – ზემოდან, ჩუმად და სიბნელეში. მერე ბავშვები და გარანტირებული სამსახური. ლაშა მაგარია, ვაღიარებ, რომ მაგარია, მაგრამ ეგეც ვერ ასცდა ბოლომდე მისთვის დაწერილი სცენარს. სცენარს რა, უფრო ხაფანგს. თუმცა მას კი ჰგონია, რომ აცსდა და მისი ეს აცდენა ქეთაა. ამ დროს პირიქითაა: ქეთაა მისი დაღი.

მაგრამ მე?! მე რა გავაკეთე ამ ცხოვრებაში ჩემით?! არც არაფერი! ყველაფერი მზამზარეული მომეცა. ჰოდა, მზამზარეული რომ მომეცა, იმიტომაცაა უმარილო. ოფლი, ეტყობა, იმიტომაა მარილიანი, რომ ცხოვრებას გემოს აძლევს. კინაღამ დამავიწყდა: ჩემით თეო ავირჩიე. მე ავირჩიე ვითომ?! არა, სცენარმა აირჩია უსაფრთხო საყვარელი! და კიდეც გამიმართლა: მუქთახორა იდიოტებს ხომ, როგორც წესი, უმართლებთ?! თეო ოცნების საყვარელია, თუ მის პერიოდულ ისტერიკებს არ ჩავთვლით. მაგრამ ესეც უხდება, აი, იმ მარილს ჰმატებს ჩვენს ურთიერთობას, რომელიც დაგემოვნებისთვის აუცილებელია.

რატომ მივდივარ სახლში ყოველ საღამოს? ლანასთან აღარაფერი მაკავშირებს, ვითომ ჩვევა?! კი მაგრამ, რის ჩვევა?! ოჯახური სიმყუდროვის?! და ოჯახი რა არის?! ერთ ჭერქვეშ რომ გძინავს და მის მომზადებულ საჭმელს ჭამ და გირეცხავს?! ჩემი შვილების დედაა, მართალია. თეო ვერ იქნებოდა ჩემი შვილების დედა?! იქნებოდა რა, ვერ იქნება?!

ვერ იქნება! რატომ ვერ იქნება?! იმიტომ რომ უტრაკო ვარ?! ყველაფერს დავკარგავ: სახლსაც და სამსახურსაც! ესე იგი, ვინ გამოვდივარ მაშინ?! და თეოს ვენდომები უსახლკარო და უსამსახურო?! აი, ლანას ვუნდოდი. მე მენდომება უსახლკარო და უსამსახურო თეო?!

აჰა, კინაღამ დამავიწყდა, თეოც უსამსახურო იქნება! ჰაჰა, არაა ცუდი, ოდესმე რაღაც ხომ უნდა გავაკეთო ჩემით და ვინმეს ზურგს უკან არ დავიმალო?! კი ბატონო, თეო რომ არ გამოჩენილიყო, ლანასთან ბედნიერად ვიცხოვრებდი. ბედნიერადო, ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ ჩვეულებრივად, ნორმალურად და სცენარიც გაგრძელდებოდა: ცოტა-ცოტა ქალები ექშენისთვის, მერე შვილების დაქორწინება, მერე შვილიშვილები… მერე მოვკვდები და ეგრე რა.

თუმცა სიკვდილით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოკვდები მაინც. შენ ის თქვი, როცა ცოცხალი ხარ, როგორ იცოცხლო?!

ისიც ვერ მოვახერხე, რომ თეოსთან ღამით დავრჩენილიყავი ხოლმე! მასთან ერთად არსად ვყოფილვარ! ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ მშიშარა ვარ. ოღონდ მე ამას შვილებს ვაბრალებდი ყოველთვის: შვილები კარგი იარაღია, როდესაც თავის დაძვრენა გინდა. და შვილებს სჭირდებათ მშიშარა მამა?! და შვილებს რამეს აძლევს ფარსში ცხოვრება?! ისინიც ხომ ჩათვლიან, რომ ფარსია ნამდვილი და სინამდვილე კი –  ფარსი?! ისინიც მოატყუებენ, მათაც მოატყუებენ, მაგრამ ეს ნორმალური ეგონებათ. თუ ნორმალური არ ეგონებათ, მე ვინ ვიქნები მათთვის?! ლანამ რომ მათი ნახვის უფლება არ მომცეს?!..

სულ გავრეკე, რას ჰქვია, უფლება არ მომცეს?! ციხეში ვარ და „სროკს“ ვიხდი?! ჩემი თავისუფლება თეოა, იმიტომ რომ მასთან მინდა. ზუსტად ვიცი, რომ მასთან მინდა. თეოც რომ ლანასნაირი გახდეს?! არაააა… გამორიცხულია…

ჩემი თეო, ჩემი საყვარელი ღიპუცელა გოგო, ჩემი ისტერიკიანი, ჩემი ლამაზი!.. – თეო წარმოვიდგინე და გამეღიმა…

კაკუნმა გამომაღვიძა, უცებ ვერ გავერკვიე, სად ვიყავი. წვერებიანი კაცი, მათხოვარი, რაღაცას მთხოვდა. ხურდა მოვჩხრიკე მანქანაში და მივეცი. საათს დავხედე: 8 საათი ხდებოდა. როგორც კი დღის სინათლე მეცემა, მაშინვე მეღვიძება ხოლმე, ახლა რა მომივიდა, ვერც მივხვდი: რამ დამაძინა ასე საღათას ძილით?! ან ამ ტელეფონს ხმა როდის გამოვურთე?! ლანას უამრავჯერ დაერეკა, იმ შალავა ქეთასაც; ისე, ვისთან ერთად წავიდა ლაშა ან რატომ რჩებოდა კიდევ სამ დღეს?! ეგ თუ იმ ბოზანდარას რქებს ადგამს?! იქ სცენა იქნება, მიმიქარავს ჩემი, რომ გაიგებენ, ლანას ვშორდები.

ლანას ვშორდები?! ეს აზრი მევე მეუცხოვა, მაგრამ ძალიან მომეწონა. აქამდე აზრის დონეზეც კი არ გამიჭაჭანებია გონებაში. არადა, რა იოლი ყოფილა: მე კი არა, მეფეები გაშორებიან თავიანთ ცოლებს! გულიდან თითქოს ლოდი მომეხსნა: ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ უნდა გავაკეთო ის, რაც მინდა მე და არა ვინმე სხვას ან საჭიროა, რომ მინდოდეს?!

და აი, აქ უცებ გამახსენდა, რამდენი სისულელე ვთქვი თეოსთან! თეო ჩემი გოგოა და ყველაფერს გაიგებს! თოესთან მინდოდა! თეოს გარდა არავინ და არაფერი მახსოვდა! თეო მინდოდა! მხოლოდ თეო და მეტი არავინ!

კარი ვერ გავაღე, შიგნიდან იყო გადარაზული. ჯერ დავაკაკუნე, მერე ზარი დავრეკე. თეო კარს არ აღებდა და ბინიდანაც ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, მაგრამ მე თეოს სურნელსაც ვგრძნობდი, თუმცა ცოტა უცნაურს და ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ სახლში იყო, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მის გახშირებული სუნთქვაც მრსმოდა.

კარს სახე მივადე. ვიცოდი, თეო სადღაც იქ, კართან იდგა და თითოეულ ჩემს ჟესტს გრძნობდა. მეზობლები აღარ მაინტერესებდა, იმიტომ რომ მე გადაწყვეტილება უკვე მივიღე! ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა – იმიტომ რომ მე ვაღიარეს საკუთარ თავთან სიმართლე. ახლა ამ აღიარების გულწრფელობით თეოს გულში უნდა შემეღწია:

– ვიცი, რატომაც არ მიღებ კარს და მართალიც ხარ. ნაძირალაც კი არ მოიქცეოდა ისე, როგორც მე – გუშინ. არ ვიცი, რა დამემართა, თითქოს მე არ ვიყავი, სამყაროს აღსასრულისკენ წამოგყვები. სადაც მეტყვი, იქ მივალ, ვისთანაც მეტყვი. შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია და არ შემიძლია. ჩემო უსაყვარლესო გოგო, ჩემო კაპასო, ჩემი ლამაზო, ჩემო თბილო. რამდენჯერ გატკინე გული, რამდენჯერ აგატირე, მაგრამ ტირილი რომ გიხდება, იცი?! ზედა ტუჩი ოდნავ გისივდება ხოლმე ამ დროს და ძალიან ლამაზი ხარ თვალებაწყლიანებული. მაპატიე, რომ ამდენი წელია, გაწვალებ და მარტო გტოვებ. მაგრამ მე სულ შენთან მინდოდა ყოფნა. სულ იმაზე ვფიქრობდი ხოლმე, ახლა ნეტავ რას აკეთებს-მეთქი ჩემი გოგო. შენ გარდა არავინ მომდომებია არასდროს, შენი ყველაფერი მიყვარს: გემო, სურნელი, კანი, შენი სხეულის თითოეული ხვეული, შენი ხმა, ხელების მოძრაობა, სიარული, შენი ჩხუბიც კი. არავინ მიყვარს და არც მყვარებია შენზე მეტად კი არა, შენნაირად. შენ თუ არ იქნები, არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო. რატომ უნდა დაღამდეს და გათენდეს, თუ შენ არ შეგეხები. თუ შენ არ მაკოცებ, თუ შენს სუნთქვას ვერ გავიგონებ. შენ იქნები ჩემი ცოლიც, მეგობარიც, საყვარელიც, შვილიც, დედაც. მინდა, რომ შვილები გვყავდეს. რამდენსაც შენ მოინდომებ. მე აღარასდროს, აღარასდროს წავალ შენგან. მაპატიე, რომ გმალავდი და ჩუმ-ჩუმად მოვდიოდი, არავის რომ არ დავენახე. გამიღე, ჩემო სიცოცხლე, კარი. ყველაფერზე დავილაპარაკოთ. მეჩხუბე, იყვირე, ოღონდ კარი გამიღე, შენი სხეული მომენატრა!..

თეოს სუნთქვას ვგრძნობდი, ვგრძნობდი კი არადა, ვხედავდი თითქოს: კარგი, მე წავალ, ლანას ყველაფერს ავუხსნი. მთელი ღამე შენს სახლთან ვიდექი. ჩემი გოგო ხარ შენ. მერე მოვალ და აღარასდროს მიგატოვებ.

(გაგრძელება ოცდამეშვიდე ისტორიაში)

ჟურნალი “თბილისელები”

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *