ლიტერატურაყირამალა

ოცდამეორე ისტორია – ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

ისტორია ოცდამეორე

ბაბუა და შვილიშვილების სამკუთხედი – ქართულად

(მოქმედი პირები: თეო და ბარგატიჩი, თეოს ბაბუა)

ლადოსგან გამოსული დიტო ისეთი აღგზნებულ–აცახცახებული დამშორდა, ტრადიციული საჰაერო ამბორიც დაიკიდა და მეც აშკარად დამიკიდა. უკანმოუხედავად გაქანდა, ლადოს სახლის სადარბაზოდან როგორც კი გამოვედით და უკვე შორიდან, ზურგიდანვე, დამიქნია ხელი. დიტოს აშკარად უნდა ეშინოდეს ამ ჩემი დეგენერატი ძამიკოსი. მართლაც რაღაც არის ამ გაურკვეველი არსების ჰაბიტუსში. ვაჰ, არადა, ჰგავს სანდრო ბაბუს. მისი ახალგაზრდობის ასლია. ეტყობა, ესეც განაპირობებს ბაგრატიჩის თავწაკლულ მცდელობა-თხოვნებს. ვაჰ, რა კურიოზია! ამ ქალაქში ბაბუაჩემის გაახალგაზრდავებული ვერსია დადის და წაღმა-უკუღმა კაცებს ემარიაჟება. გადაირეოდა ბაბუ, აბა, რას იზამდა?! მაგრამ ახლა მე უნდა გადავრიო კიდევ უფრო მეტად – არ გამოვა ჩვენი და-ძმობანა, ეს ფაქტია. სად მაქვს მე ამ ხეპრე ფერადი მასტის ნერვი და დრო?! რაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე არკვიონ ბაბუა-შვილიშვილმა. მე ხელები დამიბანია. დღე დღეზე ისეთი საკვანძო ამბავი მელის და მე ჯერ აზრზეც არ ვარ მოსული, რა და როგორ უნდა მოხდეს. რა დროს სხვისი საყვარლები და მათი ბადიშების სექსუალური გადახრებია… ამასობაში ბაბუაჩემმაც უპასუხა ტელეფონს:

–ბაგრატიჩ, დილა მშვიდობაში, ვიცი, არ გძინავს ამ დროს და ამოისეირნე ამ საღამოს ჩემკენ…. რომ მოხვალ, ყველაფერს გიამბობ. ბებას ხაბიზგინები წამოაყოლე, რა. აკოცე, ჰო, მეც მენატრება და ახლა გავიქეცი, სამსახურში მაგვიანდება…

მთელი დღე ბურანში გავატარე. ზურამ ერთხელ შემოიხედა ჩემს კაბინეტში, საბუთები უხმოდ დამილაგა მაგიდაზე და, ასევე, უხმოდ გავიდა. არც მე გამიღია ხმა. დილის ნაცნობობა მიტრიალებდა თავში და ერთი გაფიქრება, კი, ვიფიქრე, ზურას დავეკითხები, იქნებ და, რამე მირჩიოს–მეთქი, მაგრამ, ეგრევე უკუვაგდე ეს ვერსია, ვიცი მისი დამოკიდებულება პიდერებისადმი, როგორ აგდებითა და ზიზღით მოიხსენიებს ყველა განსხვავებული სურვილ-ქმედებების მიმდევარს. ერთხელ ისეთი უხერხული სიტუაცია შექმნა, დიტო რომ შემთხვევით გადაგვეყარა რესტორანში, გახსენებაც არ მინდა. ვიცი, მე მისი აუტანელი თავის ამბავი, როცა რამე არ მოეწონება და ისე არ დალაგდება, როგორც თვითონ აწყობს.

მაგარი ეგოისტი ვინმეა, მაგრამ მე კი მხმარობს ამდენი წელია, როგორც გაუხარდება… დღე ასეთ უღიმღამო ფიქრებსა და ციფრებში გავლიე. თან, ტვინის კუნჭულიკოში ბაგრატიჩთან გარდუვალი საუბარი მიტრიალებდა, თან – მომავალი პერფომანსის სცენარი, კოდური სახელწოდებით – „მე და ჩემი საყვარელი მისი ცოლის თანდასწრებით“. არა, მაინც, როგორ წარმომიდგენია ეს ამბავი? რანაირად უნდა გამოვეცხადო ლანას და თან, ასეთ დღეს და სახლში, სადაც მათი შვილები და საახლობლო იქნება… არ ვიცი, გადამრია უკვე ამდენმა ფიქრმა და თან – ამდენ რამეზე, ერთი მეორეზე არანორმალურსა და აბურდულზე. ხომ არ დამეწყო ნეტა სერიალების სცენარის წერა?! ვითომ ამ თურქულს არ აჯობებდა ჩვენი ქართული და რეალური? ჰო, გადის რაღაც რომელიღაცა არხზე, აქ გოგოები ცვლიან ხოლმე რეპლიკებს, ამ ბოლო დროს მოუხშირეს მეგრულს, მაგრამ ჩემი დაწერილი და გააზრებული სულ სხვა იქნება. არა, რა, მთლად გავუტიე, რაის სერიალი, რაის დაწერილი! ღმერთო, დაალაგე ეს ჩემი, მართლა სასერიალოდ აშლილი ცხოვრება! განა ბევრს ვითხოვ?! მხოლოდ ერთი კაცი და მხოლოდ ერთი და დიდი სიყვარული… დანარჩენს დავალაგებ ჩემ თვითონ. ჰო, არ დამავიწყდეს – არანაირი ცოლი! ჩემს მამაკაცს მხოლოდ მე უნდა ვყავდე სახლშიც, კარშიც და გულშიც! შეისმინე, გთხოვ, დალოცვილო, ნუ ჩამადენინენ ახალ ცოდვას, ნუ გამაკეთებინებ ისეთს, რასაც მერე ვეღარ დავალაგებ…

გამჩენთან არაერთხელ მაქვს საქმის გარჩევებამდე მისული საუბრები. როგორც წესი, სულ ვკამათობთ. მე ვსაყვედურობ, ის მისმენს. მერე ერთ წინადადებაში მტირობს გამჩენსვე და მაჩუმებს. ახლაც მისმინა, მისმინა და მერე გავიგონე ( ეს სადღაც ტვინსა და გულს შორის ჩამესმის ხოლმე): გოგონი, განა არ გყავდა ასეთი სიყვარული და სხვის ქმრად აქციე?! ახლა სხვისი ქმარი გინდა, საკუთარ სიყვარულად აქციო… მესამე ვერსია გჭირდება და იცი შენ ეს.. გეცოდინება, როცა მზად იქნები.

მართალია გავიგონე, მაგრამ ,როგორც ყოველთვის პასუხს ვერ დავყაბულდი, ურჩად ავიწეწე თმა, დავავლე ჩანთას ხელი და ნახევარი საათით ადრე გავიქეცი სახლისკენ, რომ ზურას ავცდენოდი და დათქმულ დროსა და დათქმულ სადარბაზოსთან  მანქანაში არ ჩავხტომოდი, როგორც ქურდი და დევნილი. ანუ, როგორც ყოველთვის. ყველაზე მეტად ეს მანქანა მძულდა. მარტო მე და ზურამ რომ ვიცოდით, რომ ეს ზურას მანქანა იყო და მარტო მანქანამ იცოდა, მე და ზურა რას ვაკეთებდით ამ მანქანაში მარტო დარჩენილები…

ბაგრატიჩი ფერმკრთალი მეჩვენა. მაგრამ ცხელი ხაბიზგინების შემყურეს ამაზე აღარ გამიჩერებია მზერა და ეგრევე გადავახვიე ერთი და ბლინივით შევექეცი:

–დაილოცოს ბება! ნამდვილი მახევის ქალია! ასეთი ხაბიზგინები, თუ სადმე გამესინჯოს…

–ნელა, ბაბუ, რა მგელივით ილუკმები, დაჯექი და თეფშზე დაიდე, ერბოც დევს მანდ, ქილაში და…

–კაი, რა, ბაბუ, შემარგე ახლა ისე, როგორც მინდა! თქვენთან ვიზამ ერბოსაც და ხელსახოცსაც…

–კაი, როგორც გაგიხარდება. მოითქვი სული და მითხარი, აბა, რა უნდა მითხრა, – ბაგრატიჩს აშკარად ბზარი შეეპარა ხმაში, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა და მოთმინებით მელოდა, სანამ მეორე ხაბიზგინის დაყუმბარებას მოვრჩებოდი.

–კაი, ბატონო სანდრო, გიამბობთ თქვენი დავალების შედეგად მოპოვებული სიამოვნებების შესახებ!

–ისეთი ხმა გაქვს, კარგს არ უნდა ველოდო, ხომ?

–ხომ! ასეა ეს და გითხარი მე შენ თავიდანვე: არ ვარ მე პარლამენტიორი. და არც ის არის მზად, ვინმეს დაელაპარაკოს. გიჟია, რა, ბაბუ! რაღა დაგიმალო, დაკუნთული გიჟი. აი, ტვინი რომ მასაში აქვს ჩადებული. ისე, როგორ დაგმგვანებია, ჰა?

–კი, მგავს, ახალგაზრდობაში მეც ხომ ვვარჯიშობდი. ჭიდაობასა და კრივში უნივერსიტეტის ჩემპიონიც ვიყავი… მაგრამ ეგ რაღაცა სხვას ვარჯიშობს და უფრო მაღალია ჩემზე…

–სანდრო ბატონო, ეგ უფრო გარეკილია შენზე და თან სხვა მიმართულებითაც. მოკლედ, მე ჩემი ვცადე და აწი შენ იცი. მე ხელები დამიბანია, –  ვთქვი და ონკანს მივუშვირე გაცხიმიანებული ხელები.

–რას ამბობ, თეო! როგორ თუ – დაგიბანია?! შენს გარდ სხვა ვინ დამეხმარება, არ მითხრა ეგ, ბაბუ, ჩემი სიკვდილი თუ არ გინდა?!

–ვაჰ, ბაგრატიჩ, მაშანტაჟებ, ატყობ?! არ მაინტერესებს მე ეგ დაკუნთული და ტვინგადარეცხილი ნაბიჭვარი…

–თეო!

–ჰო, ასეთია ზუსტად! დამემუქრა, კსტატი. გაეთრიე აქედან, თორემ კარგი დღე არ დაგაგდგებაო. შენც შემოგითვალა მოკითხვა…

–თეო, აბა, რას იზამდა, ბაბუ, უნდა გაუგო შენ და მოუთმინო…

–დამცინი თუ? რატომ, ადამიანო? ვის დაჰკარგვია? მე, რა, საქმე არ მაქვს მეტი? კაი, რა, ბაგრატიჩ, მორჩი ახლა ამაზე ლაპარაკს და აგერ გიზიარებ ხაბიზგინებს.

–თეო, არ მაქვს მე საქმე სახუმაროდ, ბაბუ! სულ რამდენიმე თვე დამრჩა სიცოცხლის და ნუ მომისწრაფებ ამასაც, – ბაბუაჩემი უცბად დაბერდა და დაპატარავდა. თავი ჩაქინდრა და აცახცახდა.

–რას ამბობ, ბაგრ… ბაბუ, რა თქვი ახლა?

–ავად ვარ, ბაბუ. ბებიაშენმა ჯერ არ იცის და არც უთხრა, სანამ არ წავალ… ამ დარდს ნუ გამატან თან, დამეხმარე, ბაბუ, დამეხმარე… –  ჩემი უტეხი და ამაყი სანდრო ბაგრატიჩი იჯდა სამზარეულოს სკამზე და ქვითინებდა. პირველად ვნახე მამაკაცის ტირილი და ისიც ბაბუაჩემის! ისეთი მწარე და აუტანელი ტკივილი დამეტაკა სადღაც ზურგში, მარცხენა ნეკნის დაბლა, ვეღარ ამოვისუნთქე. კაი ხანს გახევებული შევყურებდი ამ ერთბაშად დაბერებულ და გაბეჩავებულ სათაყვანებელ ადამიანს და მერე ხელები შემოვხვიე და მეც ავტირდი.

–კაი, ბაბუ, გეხვეწები, ბაბუ, შევიყვარებ ამ გიჟს, ყველაფერს გავაკეთებ, ოპერაციას ვუზამ, დავაბამ, გავლახავ, შენ დაწყნარდი, ბაბუ და არ დამტოვო. იცოდე, მივხედავ მე მაგას, გპირდები, ბაბუ, ყველაფერი კარგად იქნება, ბაგრატიჩ, დაწყნარდი, გთხოვ…

მე და სანდრო ბაბუ ერთად ვტიროდით და ვზლუქუნებდით ჩემს სამზარეულოში. ვინ რას დავტიროდით, უკვე რთული გასარჩევი იყო. მაგრამ მე ზუსტად გავარკვიე, არჩევანი არც აქ მაქვს! ბაბუაჩემს ვერ ვატკენ გულს და ერტყობა, გულის ახალ სატკივარს უნდა ველოდო მალევე.

თამაში: „დიდი სიყვარული“

(მოქმედი პირები: ლაშა და ეკა)

ეკას ნომერი ჩავინიშნე და მანქანაში ჩავჯექი. ერთი საქმეღა მქონდა მოსაგვარებელი. მოსაგვარებელი, რა, ბოლო განკარგულებები უნდა გამეცა და დავლოდებოდი, რა მოხდებოდა. ვცდილობდი, გავბრაზებულიყავი, მაგრამ ვერ ვბრაზდებოდი, აი, რქების წარმოდგენაც კი არ მაბრაზებდა ჩემს თავზე. როგორ მივედი აქამდე?!

არა, ჯერ ქეთას დავურეკავ, რამე რომ არ იეჭვოს. ზარიც არ იქნებოდა გასული, რომ მიპასუხა, ისეთ ხმაზე ლაპარაკობდა, ტელეფონი შორს გავწიე, ჩემს ყურთან ასე ახლოს მისი ხმაც კი არ მსიამოვნებდა. თან, ისე მშვიდად ვიყავი, საკუთარი თავის მიკვირდა. ქეთა არ ჩერდებოდა…

–მთელი დღეა, გეძებ, ფისუნია, გირეკავ, არ მპასუხობ, სამსახურშიც დაგირეკე, ზურასთანაც. არავინ იცოდა, სად იყავი. საყვარელო, რატომ დაივიწყე შენი გოგო?! გამოვყრუვდი ამ სახლში, მოდი, სადმე წავიდეთ: მარტო მე და შენ! იცი, ვიფიქრე და, მგონი, ბავშვი უნდა გავაჩინოთ. რას იტყვი?! და დავიწყოთ ამაზე მუშაობა ახლავე, ისე უნდა დაგამუშავო, დაგავიწყდეს, ვინ ხარ. ახალი თეთრეული ვიყიდე, შენ რომ გიყვარს, სრიალა და პრიალა… – ქეთას ნათქვამ სიტყვებს ვეღარ ვარჩევდი, ეკას აბრეშუმის პერანგი გამახსენდა. იქნებ, ვინმეს ელოდებოდა?! აბა, მე რომ არ მელოდებოდა, ფაქტია. თუ ელოდებოდა, მე რატომ დამთანხმდა?! რატომ არ უნდა დამთანხმებოდა?! ლანასთან მეგობრობს და ვიღაც ვიგინდარა ხომ არ ვარ?! იქნებ ელოდებოდა ვინმეს, ის არ მოვიდა და ამიტომ მომყვება, სამაგიეროს გადახდის პონტში?! არაა, ასეთი პრიმიტიულიც არ იქნება. და რატომ არ იქნება?! რა გავახურე, ჰო, დამთანხმდა და, რა, შეჭმას ხომ არ ვუპირებ?!

რამდენი წლის იქნება? აბა, რა მნიშვნელობა აქვს?! ვინმე ჰყავს? ან ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მომყვება და უკვე კარგია. სასიამოვნო გარეგნობა აქვს და გონიერია. საქმიანი ვახშმისა და პარტნიორებზე შთაბეჭდილების მოსახდენად სავსებით საკმარისია…

–ლაშა, მისმენ, ლაშ… აქ ხარ, ფისო? – შორიდან ჩამესმა ქეთას ხმა.

–გისმენ, აქ ვარ, სად უნდა ვიყო?! ამაღამ სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, უნდა გავფრინდე, უკვე თვითმფრინავში ვზივარ, მარტო მივდივარ! როუმინგს არ ჩავრთავ, საქმეს ასე სჭირდება. თუ რამე დაგჭირდა, ზურას დაურეკე, უკვე გვართვევინებენ ტელეფონს. გკოცნი.

გავუთიშე ისე, რომ სიტყვის თქმაც არ ვაცალე და ტელეფონი მაშინვე გამოვრთე. ქეთასთან ლაპარაკი არ შემეძლო, სანამ არ გავარკვევდი, რას ხლართავდა ჩემს ზურგს უკან.

ისე, ეკას რეტრო-ჩაცმულობა მოუხდება. თუ დავიყოლიე, იმ ბუტიკში უნდა წავიყვანო. იმ ბებერ თურქს მოწონს მეოცეს 30-იანების ფოტოებიდან გადმოსული ქალები.

მეორე ტელეფონი მოვძებნე და ნოდარს დავურეკე: ნოდარ, ამაღამ მივდივარ, ორ დღეს არ ვიქნები. სახლშიც უთვალთვალეთ და გარეთაც, სადაც გავა, გაჰყევით. სატელეფონო საუბრები და სახლის ჩანაწერები ცალკეც გამიკეთეთ. აბა, შენ იცი, იცოდე, არაფერს მიმალავ. ოღონდ, სანამ არ ჩამოვალ, არ მინდა ინფორმაციის მოწოდება. – ესეც ასე, ნოდარი ყველაფერს გამირკვევს.

მანქანიდან სამგზავროდ გამზადებული ჩანთა ამოვიღე, რომელშიც ყველა საჭირო ნივთი მეწყო, საქმიანი სავახშმო ჩაცმულობის ჩათვლით. მანქანა სამსახურის ავტოსადგომზე დავაყენე. ყველა საჭირო საბუთი ავიღე. შალვაც მოვიდა და ამასობაში დროც გასულა: ბილეთები არის, სასტუმროს ჯავშანი არის, საბუთები არის, პარტნიორიც მყავს.

–ლანასთან გავიდეთ, – ვუთხარი შალვას და ეკას ნომერიც ავკრიფე: 10 წუთში ვიქნებით ადგილზე.

ეკასგან ასეთ პასუხს არ ველოდი: ეზოში არ შემოხვიდე, „არკამდე“ გაჩერდი. მე თვითონ ჩამოვალ.

–როგორც იტყვი, რომ მოვალ, დაგირეკავ, – ნეტავ, ვის ემალება ან ვითომ ვინმეს აზრი აინტერესებს?!

ეკა რომ მოუახლოვდა მანქანას, არც გადავსულვარ, ვიფიქრე, რომ არ ესიამოვნებოდა. შალვასაც ვანიშნე, ადგილზე დარჩენილიყო. ეკამ თავისი ჩანთა წინა სავარძელზე დადო და თვითონ უკან დაჯდა, ჩემ გვერდით. ეს მოძრაობა ისე მოხერხებულად და შინაურულად გააკეთა, მივხვდი, რომ პირველად არ ჯდებოდა კონსპირაციულად მამაკაცის მანქანაში, რომლის ვინაობაც არ უნდოდა, ვინმეს გაეგო.

აეროპორტამდე ხმა არ ამოგვიღია არც ერთს. შალვამ ორივეს ჩანთა აიღო და კართან დაგვიწყო. გამიღიმა, თავისუფალი ხარ-მეთქი, ვანიშნე და წავიდა.

–მე ამ ჩანთას არ ვათრევ! – კატეგორიული ტონით მითხრა ეკამ, – გარეთ კი იმიტომ გაგაჩერებინე მანქანა, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს, შენმა ცოლმა გამჩეჩოს, თან, ცარიელ ნიადაგზე: როდესაც მე გეხმარები უანგაროდ და მეგობრულად, – თავი თეატრალურად გადააქნია უკან, შეტრიალდა და აეროპორტის შენობაში შევიდა. ორივე ჩანთა ავიღე და უკან გავყევი…

–მგონი, პირველად არ ჩამჯდარხარ მანქანაში ასე კონსპირაციულად. პრაქტიკა გეტყობა.

–სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროდან ცნობაც ხომ არ მოგიტანო, რომ კვლავ და მარად ქალწული ვარ ამ ჩემს ჭარმაგ ასაკში?! არ მოგერიდოს!

–გაჩუმდი, რა, – ვუთხარი საკუთარ თავს.

რეგისტრაცია გავიარეთ და ზემოთ ავედით. ჩასხდომა უკვე გამოცხადებული იყო. ეკა ჩემ წინ მიდიოდა: ოდნავ გრძელი ქვედაბოლო ეცვა, გამოყვანილი, რომელიც კოჭებისკენ უფრო წვრილდებოდა, ამიტომ მთლიანად კვეთდა ორივე ფეხის მოყვანილობას, ოღონდ მონაცვლეობით. თვალი თავისით ავიდა ზემოთ: მაგრამ მოსაცმელი ბარძაყებს ზემოთ მიდამოს ფარავდა. მისი წინიდან შეთვალიერება მომინდა, ამიტომ დავეწიე და გავუსწორდი: ქვედაბოლო კი არა, კაბა სცმია, არც თუ მცირე ზომის დეკოლტეთი. წელში გამართული მიდიოდა და მოსაცმელშიც იგრძნობოდა, რომ წელი გაზნექილად ეჭირა. პროფილიდან რომ დამენახა პირველად და სულ ჩუმად ყოფილიყო, ალბათ, ძალიან მომეწონებოდა. პროფილში მისი თვალების შეუვალი და, იმავდროულად, გულგრილი გამომეტყველება არ ჩანდა და საერთო ხედს არ აფუჭებდა.

–მოდი, ვითამაშოთ. თუ წინააღმდეგი არ ხარ, – როგორც იქნა, ამოიღო ეკამ ხმა, როდესაც თვითმფრინავმა სიმაღლე აკრიფა და ჰაერში გასწორდა.

–რა ვითამაშოთ?

–„დურაკა“, უნდა „გაგადურაკო“, – ეკამ ისეთ ხმაზე გადაიხარხარა, გარშემო მსხდომმა მგზავრებმა თითქმის სინქრონულად შემოგვხედეს.

უცნაური ქალია, კაცმა არ იცის, რას გამოაგდებს უცებ.

–რა და?! მე ხომ დაგთანხმდი შენ ასე უანგაროდ, მიმეტოვებინა თბილი კერა და გამოგყოლოდი, ღმერთმა უწყის, სად…

–ჰო, აბა, ფრონტის წინა ხაზზე მიმყავხარ, – გადავწყვიტე, ავყოლოდი.

–იქნებ და, ჩემთვის ფრონტის ხაზზე უფრო სახიფათოა თვითმფრინავში ჯდომა? იქნებ კლაუსტროფობიით ვიტანჯები და საცაა შიშით გული გამისკდება?! – თეტრალურად ლაპარაკობდა და თან თვალებს ატრიალებდა, სახესაც აყოლებდა. უცებ ინტონაცია შეეცვალა: მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან მარტო ხარ, ვეღარავის ენდობი, ყველაფერი მოგბეზრდა, იმდენადაც კი, რომ ჩემნაირი აუტანელი დედაკაცის კამპანიონობასაც კი დათანხმდი! ესე იგი, იმედი გაქვს გადაწურული, თუ გადაწყვიტე, რომ ორი დღის განმავლობაში ამიტანო ჩემი ტირადებით.

შეთქმულივით გამიღიმა და გააგრძელა: ჰოდა, რადგან ორივე, ცოტა არ იყოს, ჩიხში ვართ, მოდი, ვითამაშოთ. უბრალოდ ვითამაშოთ: არანაირი გეგმები არ მაქვს შენთან დაკავშირებით, არც გაბამ, არც გეარშიყები, არც თავს გაწონებ, არც შენს ცოლობას ვლამობ. მაინც თუ თამაშია ყველაფერი და წუთია ეს სოფელიო, ვითამაშოთ დიდი სიყვარულის ამ წუთში დატეული ისტორია, რომელიც დაიწყება, როგორც კი ათა თურქის აეროპორტში დავდგამთ ფეხს და დამთავრდება, როგორც კი თბილისის აეროპორტში შემოვდგამთ იმავე ფეხებს. თან – ჩვენ წუთი კი არადა, ლამისაა, ორი დღე გვექნება, ანუ იმდენ ცხოვრებას გავლევთ, მგონი, ინკარნაციებსაც მოვასწრებთ, – ამას რომ ამბობდა, სახეში მიყურებდა ჯიქურ და მოურიდებლად.

შემოთავაზება მოულოდნელი იყო… ეკა თითქოს მიხვდა, რომ ვჭოჭმანობდი და მომაყარა: მე შენგან არაფერი მინდა, არაფერს ველი, არც გთავაზობ. უბრალოდ ვითომ მიყვარხარ და ვითომ გიყვარვარ: აი, ასე, მხოლოდ რომანტიკულ-პლატონურად. სამაგიეროდ, მე არ მოგიშლი ნერვებს ჩემი ენამახვილობით, ვიქნები ხავერდივით რბილი, ნიავივით ჩუმი და რახათ–ლუხუმივით ტკბილი. მგონი, გადასარევი წინადადებაა?! და მერე ამ ამბავს ვივიწყებთ და ვბრუნდებით საკუთარ… – ფრაზა აღარ დააბოლოვა.

–მე გასაგებია, ვინ საკუთართან და შენ?

–მეც საკუთართან, – მითხრა ეკამ და თვალი ჩამიკრა, – და კიდევ, სხვის ქმართან დაწოლას არ ვგეგმავ. არ გავიმდიდებ ჩემს პირად კოლექციას შენი პერსონით, ხელშეუხებელი და შეურყვნელი უნდა დაგტოვო.

–არც მე – სხვის საყვარელთან, – ენაზე ვიკბინე, მაგრამ გვიანი იყო.

ეკამ გაიცინა: ჭკვიანი კაცი ხარ შენ და ქეც მეიწყობ ცხოვრებას! შევთანხმდით, ჩემო დიდო, თუმცა ორდღიანო სიყვარულო! მოკლედ, ვიწყებთ და ვივიწყებთ: არანაირი ვალდებულებები!

ეკამ ჩემი მარცხენა ხელი აიღო. თითები თითებს შორის შემიცურა და ფანჯარაში გაიხედა: ცოტას დავიძინებ… მისი ხელისგულიდან უცნაური სითბო შემოვიდა, თითქოს ნაცნობი და მშობლიური, თუმცა ხელი ოდნავ ცივი ჰქონდა. უნებურად მივიტანე მისი ხელი ტუჩებთან და ხელის გულზე ვაკოცე. თვალები არ გაუხელია. გაიღიმა და ჩაიჩურჩულა: ვიცოდი, რომ ნიჭიერად ითამაშებდი. მისი ხელიდან წამოსული ენერგია თითქოს გადმომეცემა და მომთენთა. თვალები მეც დამეხუჭა, ოღონდ ეკას ხელი არ გამიშვია.

(გაგრძელება ოცდამესამე ისტორიაში)

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *