ლიტერატურაყირამალა

ოცდამესამე ისტორია – ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები,

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

ისტორია ოცდამესამე

იმედგაცრუების დროული ხიბლი

(მოქმედი პირები; ზურა და თეო)

სხვა  გზა არ დამრჩა, ზურას უნდა დაველაპარაკო. დიტოსთან მისვლას აზრი აღარ ჰქონდა, ერთი მცდელობაც საკმარისი იყო, მივმხვდარიყავი, რომ ჩემს ახლად გამომცხვარ ძამიკოსა და დიტოს შორის ძველი და ჩახლართული ისტორია თვლემდა. და ერთბაშად ორი „ცისფერი“, ალბათ, მეც კი მეზედმეტებოდა. ირა-მირას ამას ვერც შევბედავდი. ლევანო? აი, ამაზე შევფიქრიანდი, მაგრამ, მასაც საკმარისზე მეტი თავსატეხი აქვს და თან, ისედაც ლაყაფისტია და არა – კუნფუისტი. ჰო, არც ზურა მყავს შვარცენეგერი, მაგრამ, რატომღაც, ზურა ავირჩიე და მიუხედავად ცუდი წინათგრძნიობისა  (აი, ხელები სრულად გამეთოშა და მარჯვენა თვალი ამითამაშდა უმიზეზოდ), გადავწყვიტე ზურასთან დალაპარაკება. თან, ეს დღეები ისედაც უცნაურად ვარიდებთ თავს ერთმანეთს, თუ მეჩვენება. მაგრამ რაღაცნაირი დაძაბულობა შეიმჩნევა, თუმცა ეს ჩემი აკვიატებაა იქნებ და იმის ბრალიც, რომ სიურპრიზზე ვფიქრობ დღე და ღამეა. მოკლედ, გამახსენდა, რომ საყვარელი მამაკაცი მყავს, რომ მისი ცოლობა მაქვს გადაწყვეტილი და აგერაა გადასარევი შანსი – იზრუნოს ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრების ბედზეც. როგორ ამბობენ? კაცს უყვარს არა ქალი, არამედ ქალზე დახარჯული საკუთარი თავიო. ჰოდა დროა, ღმერთმანი, დავხარჯო ამ მიმართულებით.

–სიხ, როგორ მომანატრე თავი!. არა, არ გავიპარე, საქმე მქონდა.ჰო, გადაუდებელი. და სასწრაფოდ მჭირდები. ჩემი კნუტი, უნდა მნახო და დამეხმარო, დიახ, მჭირდება დახმარება! არა, არ გეთამაშები, ადამიანო. მომენატრე და საქმეც მაქვს! ახლა ჩვეულებრივი თეო ვარ? რა იყო, სულ არ დაგიძახებ არანაირ სახელს. მჭირდები–მეთქი, რა არის ამაში უცნაური?!

კინაღამ ვიჩხუბეთ! ნერვები, მე კი ვიცი, რომ დაჭიმული მაქვს, მაგრამ ამას რაღა აფსიხებს ნეტა? ვაჰ, ასე რად მელაპარაკები?! ერთ ბოზანდარას მახსენებ, გაჩუმდი, გთხოვო… ნეტა, ვინ გაახსენდა, ან „კნუტო“ რატომ არის ასეთი ცუდი სიტყვა?! მოკლედ, ესეც ვერ არის ამ ბოლო დროს. ისეთი არეული მიდი–მოდის სამსახურში, ხან ბუღალტერთან გადასაგზავნი საბუთები ჩემთან მოდის და ხან ხელმოსაწერი კონტრაქტები ლაშას მაგივრად – მის მოადგილესთან… ისე, ამ დაბადების დღეზე ფიქრმა სრულად უყურადღებო გამხადა. ამ ბიჭს რაღაც ჭირს და გამეპარა აშკარად! ნეტა, ასე რამ დააბნია და რაზეა დაძაბული?! ჰო, რას ვიხალისებ, ახლა რომ გამომიცხადოს, სხვა შემიყვარდაო. ლანა მიყვარსო, არც არასდროს უთქვამს და სხვა ხომ შეიძლება შეუყვარდეს? მაგარი პრიკოლი კი იქნება. ჰო, აი, ეს მაკლია მარტო. მოდი, რა, დაყენდი, დედი და დაალაგე აზრები, რაზე უნდა ელაპარაკო. ახლა ზურასთან ჩხუბი არანაირად არ მაძლევს ხელს. სექსის სურვილიც კი არ მაქვს, რომ ლოგინში შევიტყუო. ისეთი გამოფიტული დავდივარ, მასაჟის გარდა, თუ რამეზე ავღელდე…

ზურამ საკუთარი გასაღებით ჩემი „შტირლიცი“ ჩვეული მოძრაობით გახსნა და დერეფანში ჩემი ნაყიდი პარფიუმის სურნელი შემოიტანა. მიყვარს ეს სურნელი და არც კი ვამხელ, რომ „ლაკოსტას“ დუდუ ხმარობდა. დუდუს სურნელი და ზურას პარფიუმი ისე გადაეჭდო ერთი მეორეს, ახლა ვერც ვაცალკევებ და ზურა უფრო მეტად აღმაგზნებს, როცა „ლაკოსტას“ ხმარობს… მივხვდი, რომ მარტო მასაჟზე თანახმა აღარ ვიყავი. მაგრამ ზურა რაღაცნაირად წელში მოხრილი და თითქოს გაბრაზებული მეჩვენა. მისი მოლურჯო–მოცისფრო თვალები ჩამუქებული და დავიწროებული თითქოს გაბოროტებულიც კი მათვალიერებდა. გრძელი და მოქნილი თითებით ნერვულად ამოაძრო სიგარეტს კოლოფიდან და კოლოფზევე ჩვეული მოძრაობით ერთი– ორჯერ დააფერთხა. ზურას ქურთუკი არც გაუხდია, ისე ჩაჯდა სავარძელში, საფერფლე მიიწია და სიგარეტს მოუკიდა. ხმას არ იღებდა. არადა მიყვარს , როცა მისი ოდნავ ჩახლეჩილი ბარიტონი ჩამესმის. მეც გავჯიუტდი და მეზობლად სავარძელში ჩავსკუპდი, სიგარეტი ამოვაცალე ჯიბიდან და მოვუკიდე. მერე ავდექი, ყავა დავასხი და უხმოდ დავუდგი დაბალ მაგიდზე. უხმოდვე მოსვა. სიჩუმე უკვე უაზროდ გაიწელა და ნერვებმაც მიმტყუნა

–რა იყო, არ მელაპარაკები?

–გელოდები.

–მოხდა რამე? რა უცნაურად იქცევი…

–რა ვიცი, იქნებ მოხდა კიდეც, მაგრამ ახლა შენ დამიძახე საქმე მაქვსო.

–აჰა, გასაგებია! მე დაგიძახე საქმეზე! გადასარევია, შესანიშნავია! მე რომ საქმეზე არ დამეძახე, შენ, ესე იგი, საქმე ჩემთან არაფერი გაქვს!

–რა იყო, ჩხუბისთვის მომიყვანე?

–მე?! მე გეჩხუბები? გადასარევი! მოხვედი, ხმას არ იღებ, საქმეო და კიდევ მე?

–არ ვარ, თეო,  ახლა უაზრო „კაპრიზების“ხასიათზე და თუ მართლა საქმე გაქვს, აგერ ვარ…

–და თუ არა? „იგერ“ წახვალ?

–ჰო, წავალ, – ზურამ ღრმად დაატყა ნაფაზი და წამოიწია.

ეს უკვე ნამეტანია! რას ჰქვია, წავა? და ვინ გაუშვა? როდიდან მიდის ჩემი სახლიდან ასე?

–შენ, რა, ცუდად ხარ? მე მართლა მჭირდება შენი დახმარება და შენ უცხოსავით  მექცევი.

–გისმენ– მეთქი, ხომ გითხარი.

როცა ენის ბორძიკით ბაგრატიჩის სასიყვარულო ისტორია მოვუყუვი, შევატყვე, ზურა როგორ დაიძაბა. თავი ჩაღუნული ჰქონდა და თითქოს არც მისმენდა, მაგრამ სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ხელები უთრთოდა. ზურა რაღაცაზე ფიქრობდა და აშკარად რაღაცას მიმალავდა. მაგრამ მე ჩემი სათქმელი დავასრულე და სავარძლიდან წამოვდექი, ზურას მივუახლოვდი, თმა ავუჩეჩე და კისერზე მოვეხვიე.

–ხედავ, რა დღეში ვარ? ახლა რა და როგორ უნდა გავაკეთო, აზრზე არ ვარ. და მხოლოდ შენი იმედი მაქვს, ზუ…

–და მე რა უნდა გავაკეთო? ჭკუა დავარიგო? „დავუპადიეზდო“ და „ტაბურეტკა“ ვთხლიშო? ჩემგან რას ითხოვ?

–მე შენგან? რას უნდა ვითხოვდე, არაფერს! მეგონა… და თუ არა…

–რა გეგონა, ადამიანო? ასეთ ისტორიაში გინდა, გამხვიო. და იცი მაინც, ეს „პიდერები“ როგორი ინტრიგანები არიან?! და რომ გააბაზროს ჩვენი ურთიერთობა? ფიქრობ, ლაშას ყურამდე თუ მივა ჩვენი ისტორია, შენ იმ პედერასტის გადარჩენით გადარჩები? ჭკუა სულ დაკარგე, გოგო? რის ძმა, რის ბაბუა. მე რა შუაში ვარ ამ ოჯახურ სიბინძურესთან?!

–ზურა!

–ჰო, რა იყო?! მე რატომ მხვევ ამ სიგიჟეში? ერთხელ მაინც გიფიქრია ჩემზე? იმაზე, რომ ოჯახი მყავს, შვილები და რომ მათ მამა სჭირდებათ და რომ მეც შეიძლება, ასე დავკარგო ჩემი … არა, ჩემი კარგი… ეს რა სიგიჟე მთხოვე!

–უკაცრავად, ბატონო! მე მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ! დედა, როგორ შემეშალა! ჩემი უმწიკვლო ბიჭი, ოჯახის ბურჯი! ლანა–ქათამიც არ დაგავიწყდეს, რომ გყავს! მასაც რამე საფრთხე ხომ არ დაემუქრება, „ცისფერებთან“ თუ გამომყვები? არა?! დედა კი მომკალი, მე უზნეო და უვარგისი, კინაღამ ეს რა ჩრდილი  მოგაბჯინეთ ამ წმიდა ოჯახობას!

–დაიქოქე, ხომ? რა იყო, რა ბზიკმა გიკბინა? და საერთოდ, ნუ ატლიკინებ ენას ჩემს ცოლზე…

–რაო, მე ვატლიკინებ ენას შენს ტურფაზე? ეს რომელზე? სახლის დედა-ქათამზე? დაჯი-დაჯი ლანაზე? შენ, ბიჭო, სულ გაურიკინე, თუ რა მოგდის? ვისაა, რომ ასე ელაპარაკები? მასე შენს ქათამს მიმართე და ისიც დაგიჯდება ფეხებთან. აბა, დაახვიე ახლა ჩემი სახლიდან და კარი ზურგს უკან მიიკეტე! რაში მჭირდები, ნეტა?! არაფერში! არასდროს შენ არ მარგიხარ და, ალბათ, დროა, დავინახო, რა ხვითოც ხარ!

–მართლა გირჩევნია, დააკვირდე, რას ლაპარაკობ. საერთოდ ქუჩურ ლექსიკაზე გადახვედი და სარკეშიც თუ ჩაიხედავ, კარგს იზამ.

ზურა წამოდგა. ცოტა ხანს გაუნძრევლად იდგა ჩემ წინ და შუშის თვალებით შემომყურებდა. მერე კარისკენ გატრიალდა. ერთი გაფიქრება კი ვიფიქრე, ახლა ამას მაგრად გავჟიმავ და ისე გავუშვებ თავის ქათამთან–მეთქი, მაგრამ რაღაცნაირი დაღლილობა შემომაწვა და სურვილიც ჩამიქრა. ზურას მოხრილი მხრები და ნაცნობი, ოდნავ თეძოდან ამოვარდნილი მიხრა–მოხრა უსაშველოდ მაღიზიანებდა და რაღაცას მტკენდა. მტკენდა არა გულს, არა თავმოყვარეობას… არა, სულ სხვაგან მირტყამდა და ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა. ეს ტკივილი იმდენად უცნაური და თითქოს სასიამოვნოც იყო, ზურასთვის არც თვალი მომიშორებია და არც კრინტი დამიძრავს. ბოლოს კართან მისული მოტრიალდა, ერთი შემომხედა და უხმოდ გაიკეტა.

სავარძელში მოწყვეტით დავეცი. სიგარეტის მოკიდების ძალაც კი არ მქონდა. რაღაცნაირად დაცლილი და გათანგული დავრჩი. თითქოს დიდი ბრძოლა გადავიტანე. თითქოს ის, რაც ვიყვირე და ვილაპარაკე, მე კი არა, სულ სხვამ მიაყარა ზურას ჩემი ენითა და ბაგეებით… არადა, სულაც, არ მინდოდა, არც მიფიქრია და ვერც ვხვდები, რა მოხდა ან რატომ მოვიდა ასეთი აჭრილი, ან როგორ წავიდა… მე მგონი, პირველად გავუშვი სექსის გარეშე. არა, აქ რაღაცაშია საქმე. და მგონი, მართლა ვიღაც შეუყვარდა. აბა, მართლა ქათამი ლანას გამო ხომ არ იტყოდა ჩემზე უარს?! მოიცა და, ლანამდე რაო? შენი „პიდერი“ ძმა და შენი ბაგრატიჩი ერთ ადგილას მკიდიაო? ასე, ხომ? არა, წარმოუდგენელი რამ მითხრა! ეს ზურამ მითხრა მე უარი დახმარებასა და საერთოდაც ყველაფერზე?!

არა, ყველაფერზე არ უთქვამს, მაგრამ ასე გამოვიდასავით. ზურა ასეთი უბედური და უხასიათო ჯერ არ მინახავს. და საერთოდაც, როგორ დამიკიდა…

და მე, დეგენერატს, მეგონა ჩემი გულისთვის სამყაროს გადადგამდა. აი, ყოჩაღ, ბიჭი! რა მაგარი საყრდენი მყოლია…წადი შენი, შე მართლა ქათამის ღირსო და პატრონო, შენ რად გინდა ჩემნაირი ქალი?! შენთვის ლანაც ზედმეტია, შე ჩმორო!…

ისე ვბრდღვინავდი და ვკიოდი, რომ საკუთარი ხმა მაშინებდა, მაგრამ სიმწრისაგან აბღავლებული ვეღარ ვჩერდებოდი. თითქოს ვიღაც გარედან მმართავდა და ნელ–ნელა მაგიჟებდა.

როცა ჯადო კლავს

(მოქმედი პირები: ზურა, ლაშა, ქეთა და ლანა)

თეოსგან ისე დამდუღრულივით გამოვვარდი, არც კი შემითვალიერებია, რომელიმე მისი მეზობელი ხომ არ იდგა სადმე. დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ აღარასდროს დავბრუნდებოდი. ლიფტს არ დავლოდებივარ, ფეხით ჩავირბინე კიბეები და გარეთ გავედი თუ არა, ისე ღრმად დავიწყე სუნთქვა, თითქოს ყელზე საბელი მქონდა მოჭერილი.

მანქანაში ჩავჯექი, ცხელ-ცივი ოფლი მასხამდა და თავი თითქოს მიდუღდა. ამ ბოლო დროს უჩვეულობა დამჩემდა: ტვინი თითქოს მეთიშებოდა და 1-2-წუთიან მონაკვეთებს ვერ ვიხსენებდი. დაახლოებით იგივე დამემართა ახლა თეოსთან. უცებ გამახსენდა, რომ თეომ დახმარება მთხოვა, მე კი, როგორც უკანასკნელმა ლაჩარმა, ჯერ ყვირილი დავიწყე, მერე კი გამოვიქეცი. არა, ლანა მაინც რამ მახსენებინა, თან – ჩემი ცოლი-მეთქი. ამ ფრაზაზე, ხომ, შეურაცხადი ხდება?! მოდი და, ნუ გახდება?!. მე კი „ვაბოლებ“ ხოლმე, ქალი და მამაკაცი სხვაა, სად, შენ რომ ქმარი გყავდეს და სად, მე რომ ცოლი მყავს-მეთქი, მაგრამ ვგოთვერნობ, ორივემ ხომ ვიცით, რომ ვიტყუები?!

თუმცა რას ვატრაკებ, რა ჩემი საქმეა ვიღაც „ცისფერების“ ამბების გარჩევა?! ან რა უნდა ვუთხრა, გამარჯობა, მე შენი ნათესავის საყვარელი ვარ და ვიმეგობროთ-მეთქი?! თეოს თავისი ოჯახი წმინდანებით დასახლებულ ადგილად გამოჰყავდა და ეს რეები დაუტრიალებია მის საყვარელ ბაბუას, სულ მაყვედრებდა, კაცი ისეთი უნდა იყოს, ჩემი ბაგრატიჩი რომ არისო.

აუფ, რა მაგარი კაცი ყოფილა ბაგრატიჩი?! სამაგალითო ნამდვილად: ნაბიჭვარიც გაუჩენია და მერე იმ ნაბიჭვარს – უარესი ნაბიჭვარი! ხომ არის ღირსი, მეც გამოვუგდო მასეთი ნომერი?! მაგი სახე დამანახვა ერთი, რომ ვეტყვი, შვილი შემეძინა-მეთქი…

მოიცა, რეებს ვროშავ?! სულ დავქლიავდი. თეოს რა ბრალია?! თეო როგორ მივატოვე?! დახმარება მთხოვა, მე კიდევ მივატოვე. კაცი ვარ მე?! ისედაც ამდენი წელია…

არაფრით მინდოდა, მეთქვა ეს სიტყვა „ვიყენებ“! იმიტომ რომ თეო მიყვარს, ჩემი ოცნების ქალია ნამდვილად, მაგრამ მასთან ვერ ვიცხოვრებ, გამორიცხულია: არ იცი, როდის რა მოაფრინდება თავში და რაზე მოაწყობს სკანდალს, რა ეწყინება და რა გაუხარდება.

არაა!.. თან, ცოლის ტიპი არ არის. თეოსნაირი ქალები ცოლობისთვის არ უნდა მოცდნენ…

მე ოჯახს არ დავანგრევ, ესეც გამორიცხულია! ვიცი, რაც ვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ არ დავანგრევ და მორჩა! ან რა ჯანდაბა უნდა: ყოველდღე ვნახულობ, ერთმანეთს მესიჯებს ვწერთ, სულ მასზე ვფიქრობ; ისევე მიზიდავს, როგორც პირველად. ქალისკენ არც გამიხედავს. ეს კიდევ კონცერტებს აწყობს?! ათასჯერ ვუთხარი, ნუ ლანძღავ-მეთქი ჩემი შვილების დედას! თუ მათი დედა ქათამია, ესე იგი, ჩემი შვილები ვინ არიან?! სულელი ქალი!

არა – უნდა დავამთავრო ეს ამბავი. ცუდ კალაპოტში გადადის და რაღაც არ მომწონს! რაში მჭირდება მისი ნათესავების გაცნობა?! სულ რომ დიდგორის ომის გმირები იყვნენ?!

აბა, რა მჭირდება?! ვიხმარო, როცა ამიდგება და სახლში მივიდე მერე და შვილებს შუბლზე ვაკოცო?! კიდევ კარგი, ლანა არ მყავს ხოლმე შუბლზე საკოცნელი…

ლაშა მაგარი კაცია: მე ტრაკი არ მეყოფოდა, ქეთასნაირი შალავას ქმარი ვყოფილიყავი. მე იმის ტრაკიც არ მაქვს, ახლა თეოსთან ავიდე და ბოდიში მოვუხადო. ჰო, უტრაკო ვარ, მარა არც ისე, საკუთარ თავს ხომ მაინც გავუმხილე ეს?!

თეოსთან ასვლა მომინდა და მასთან ჩახუტება, მისი სურნელის შესუნთქვა და პატიების თხოვნა. კალთაში ჩავუდებდი თავს და მუხლებზე მოვეხვეოდი. ის ლამაზ თითებს შემიცურებდა თმაში და კისერში მაკოცებდა თავისი რბილი და თბილი ტუჩებით…

ისე ახლოს ვიგრძენი თეოს სხეული, თვითონაც არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ლიფტთან. ნათლად დავინახე, რა არაკაცურად მოვექეცი თეოს, ჩემს მეგობარს, ჩემს ყველაზე ახლობელ ადამიანს! ქალს, რომელზეც ჭკუას ვკარგავ!

ამასობაში ჩემმა ტელეფონმაც დარეკა. ნომერი ვერ ვიცანი და არ ვუპასუხე. უცხო ნომრიდან ამჯერად მესიჯი მოვიდა: ლაშა ვარ, აიღე.

ლიფტში არც შევსულვარ, ისე მოვტრიალდი 180 გრადუსით.

– ლაშა, სად ხარ, ძმაო? სტამბოლში?! მე რატომ არ ვიცოდი?! როდის ჩამოხვალ? კაი. ქეთას შევუარო? ვნახოთ, თუ მოვიცალე. ლანას და ბავშვებს დავპირდი რაღაცას და ვერ გადავაგდებ.

ისევ მანქანაში ჩავჯექი. თეო საერთოდ აღარ მახსოვდა. ლაშას უეცარი გამგზავრება არ მომეწონა. თან, ეგ ქეთას გარეშე არსად დადის. სულ თან დაათრევს იმ შალავას. რა იყნოსა, ნეტავ?! ეგ ტყუილად არ ჩავიდოდა ეკასთან. ან ეს ლანა სად დაბოდიალობს ამ ეკასთან ერთად?!

ტელეფონს დავხედე: აი, ესღა მაკლდა – ქეთა მირეკავდა.

–ზური, ქეთა ვარ. ვისთან ერთად წავიდა და სად ჩემი ქმარი?

–აზრზე არ ვარ, არც ის ვიცი, თუ სადმე წავიდა.

–თქვენ რა პირი შეკარით?! ტელეფონი გამორთული აქვს: თუ მართლა სტამბოლში წავიდა, უკვე კაი ხნის ჩასული უნდა იყოს, მაგრამ არც დაურეკავს. ვინ გყავთ სტამბოლში?

–მე შენი პირადი მდივანი არ ვარ და არც ჩანერგილი შპიონი. ცოლ-ქმარმა თვითონ გაარკვიეთ თქვენი საქმე. წავედი, მეჩქარება.

–შენ ვინ გაგაბრაზა, თეომ?

–თეო ვინაა? – ვკითხე, რაც შეიძლება, მშვიდად.

–ვინაა და შენი საყვარელი.

–სისულელეებს ნუ ლაპარაკობ!

–სისულელეებს არ ვლაპარაკობ. ჰოდა, ასევ: თუ არ გინდა, რომ შენმა ცოლმა და შენმა ცოლის ძმამ გაიგონ, რომ ლანას უზარმაზარ რქებს ადგამ, ათ წუთში მომახსენებ, სად და ვისთან ერთად არის ლაშა!

ქეთამ გათიშა, მე კი ამჯერად მხოლოდ ცივმა ოფლმა დამასხა. ამ შალავამ საიდან შეიძლება, იცოდეს?! გაარტყა, თორემ შანსი არაა, გაეგო. თეო ეგეთებთან არ მეგობრობს და თვითონაც ისე მალავს, თითქოს კოცონზე დაწვავენ, რომ გაუგონ.

ცდილობს, ამაგდოს. ეგ ძუკნა, ეგ! ის ვერ მომინელებია, რა შარში გამხვია თავის სახლში, მერე მანქანაში რომ ჩამიხტა და ცხვირთან მითამაშებდა თავის ძუძუებს. ფუ… არ უნდა ავვარდე. დავურეკავ არა…

ზუსტად ათ წუთში დარეკა ქეთამ. გავუთიშე. კიდევ დარეკა. კიდევ გავუთიშე. ამ შალავას აღარ გავაბითურებინებ თავს!

ისევ თეო გამახსენდა. თეოსთან მომინდა. უცნაური ის იყო, რომ სექსი არ მინდოდა. თეოს დანახვაზე ყოველთვის ერექცია მაქვს. მქონდა. იმიტომ რომ დღეს მსგავსიც არაფერი მქონია. რა დროს ერექციაა?! ეს შალავა მაშანტაჟებს და ლაშამაც თუ ამოქექა, რომ მე ვიყავი მისული მათთან იმ საღამოს…

ამ ფიქრებში აღმოვაჩინე, რომ სახლთან ვიდექი. არც სახლში მინდოდა ასვლა. თეოსთან მინდოდა, მაგრამ თითქოს რაღაც არ მიშვებდა. ფეხებმა თავისით მიმიყვანა ჩემი სახლის კართან.

კარი ლანამ გამიღო: აი, ზურიკოც მოვიდა. ჩვენ სტუმარი გვყავს.

მისაღებ ოთახში ქეთა იჯდა.

(გაგრძელება ოცდამეოთხე ისტორიაში)

ჟურნალი “თბილისელები”

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *