ლიტერატურაყირამალა

ოცდამეშვიდე ისტორია – ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

ისტორია ოცდამეშვიდე

უნებლიე აღსარების მოულოდნელი მოწმე თუ პირიქით…

(მოქმედი პირები: თეო, დუდუ და ბაგრატიჩი)

კარის საკეტში რომ გასაღები გადატრიალდა და ვერც გადატრიალდა, თეოს გაფითრებული სახე და გაგიჟებული გულისცემა პირდაპირ საფეთქლებში დამეტაკა. ისეთი შიში, სასოწარკვეთა და კიდევ რაღაც უცნაური ემოცია იკითხებოდა თეოს ნაცნობ და ერთბაშად შეცვლილ თვალებსა და სახეზე, რომ მეც გული შემიქანდა.

–ბაგრატიჩი დაბრუნდა? – რატომღაც ჩურჩულით ვთქვი.

თეომ მხოლოდ თავი გააქნია და მივხვდი. მივხვდი, რომ გასაღების პატრონი ზუსტად ის არის, ვისზეც ლევანომ მიმანიშნა, ვინც თეოს დაეპატრონა უჩემობის გამო და ვინც უნდა მომეკლა კიდეც, თუ ჩემსა და თეოს შორის ჩადგებოდა.

–რა ჰქვია? – ტუჩები პირდაპირ ყურებთან მივუტანე და თმა უფრო ახლოს და უკვე უხეშად მოვქაჩე.

–გამიშვი, მეტკინა… შენი საქმე არ არის! – თეომ ისეთი მზერით შემომხედა, უცბად გავუშვი ხელი. თეო აშკარად გამოცვლილი და გაზრდილი, გაწაფული ქალია უკვე და ასე იოლად არავის დააჩაგვრინებს თავს! და ისევ რომ მკრას ხელი? და ის აირჩიოს? ამის გაფიქრებაც კი აუტანელ ტკივილს მანიჭებდა. და ვერ ვხვდებოდი, რომელი უფრო მტკივნეული იყო – ის, რომ თეოს საყვარელი ჰყავდა, თუ ის, რომ ეს საყვარელი ახლა კართან იდგა და თეო მე ზიზღნარევი სიბრაზით მიმზერდა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. კარს მიღმა მდგომი ტიპი ალაპარაკდა! ყურებში ერთბაშად გუგუნი ჩამიდგა! პირველი წინადადება მეხივით გავარდა სრულ სიჩუმეში და მეგონა, მთელი ქალაქი ისმენდა ამ ტიპის აღსარებას. თითოეული სიტყვა პირდაპირ გულზე მხვდებოდა და ეგრევე იფანტებოდა, ისე, რომ გონების კარს არც ეხებოდა. იარაღის ქვეშ ვერ გავიხსენებდი ვერც ერთ სიტყვას, რაც მესმოდა და რაც ჭკუიდან მშლიდა. თეოს არანაკლები გაოცება დაეწერა სახეზე, თითქოს ისიც პირველად ისმენდა ასეთ აღსარებას. ეტყობა, ტიპმა ჩემი ჩამოსვლა გაიგო, – გავიფიქრე. მაგრამ ეგრევე უკუვაგდე ეს აზრი. აქ სხვა რამ ხდებოდა! აშკარად გუშინ, ჩემს მოსვლამდე, იჩხუბეს. იმიტომ იყო თეო ასეთი ქანცგამწყდარი და იმიტომაც … ესე იგი, ამ დედამოხნულის გამო?! და არა იმიტომ რომ… ამის გაფიქრება და სისხლის ადუღება ერთი იყო! ვიფიქრე, კარს გამოვგლეჯ და ამ არაკაცს გავგლეჯ შუაზე–მეთქი… მაგრამ თეოც მიმიხვდა ამ მოძრაობას და ხელი დამიჭირა, თავი გაიქნია და თვალები დამიბრიალა.

–არ გაბედო! შენ აქ არავინ არ უნდა გნახოს! არავინ! ეს ჩემი ცხოვრებაა და მე თვითონ გადავწყიტო უნდა… – ეს ისეთი სიმტკიცით და გესლით გამოცრა კბილებში, ადგილზე გავხევდი. ასეთ თეოს არ ველოდებოდი. ეს იყო ძლიერი, დამოუკიდებელი, ავი და უცნობი ქალი… და ეს ქალი კიდევ უფრო მეტად მიზიდავდა! და სულაც არ ვაპირებდი ვიღაც ცოლიანი ტიპისთვის დამეთმო. ის კი აგრძელებდა და აღარ ჩუმდებოდა…ისეთებს ამბობდა, რომ სახე ნელ–ნელა დამებრიცა და ვხვდებოდი, რომ კიდევ ცოტაც და თეოც ვეღარ დამაკავებდა…

როგორც იქნა, წასვლა დააპირა და…

–თეო, გამიღე კარი, გოგო! რა ცირკი მოაწყვე აქ?! – კართან ისევ ბაგრატიჩი იდგა!

–აი, ახლა კი დავიმალეთ! – თეო ისე აიშალა და აჭარხლდა, მივხვდი, რომ რაღაც იმაზე უარესი მოხდა, რაც აქამდე ვნახე. თუმცა მეტი რაღა უნდა ყოფილიყო, არ ვიცი.

– კარგი, მაშინ ჯერ ამ ვაჟკაცს დაველაპარაკები უშენოდ და მერე გნახავ… – ბაგრატიჩიც გაეცალა კარს. მართლაც უცნაური თავგადასავალი გამოდგა!

რუსეთში რა არ გადამხდენია თავს!  მაგრამ კართან ერთდროულად საყვარლის საყვარელი და პაპა არ დამტაკებიან… არაფერი იცვლება ამ ქალაქში… თუ ისევ მე ვარ ასეთი შარიანი? მაშინ იმ ჩემი ცოდვით სავსე ლენამ დამაყენა თავზე დედა, ბიცოლა და ნათესავების მთელი პოლკი… მაშინ თეოსთვის არ გამიმხელია, რომ ლენა, ფაქტობრივად, დადგმული სცენარით შემომასაღეს მისი ოჯახის წევრებმა და მე არჩევანიც არ მქონდა: ან ციხე და ან ოჯახი. და მაინც, თეოს რომ ეპატიებინა, მოესმინა მაშინ, წავიდოდი ციხეში! მერჩივნა. მაგრამ არ გამიკარა! და… ახლა კი აქ ისეთი სერიალი ჩატრიალდა, მტრისას!

მაგრამ მე უკვე არაფრის მეშინია. ყველაფერი დავკარგე და მხოლოდ დაბრუნება მინდა. წართმევით ვერავინ ვერაფერს წამართმევს. თეოც კი. და ეს მესამე – თუ ეს მე ვარ აქ მესამე?! – უფრო მეტ ჟინსა და ინტერესს შეჰმატებს ჩემს თბილისურ თავგადასავალს… რეებს ჩმახავ, ბიჭო?! რის თავგადასავალი? ხომ არ გაურიკინე? თეოზეა ლაპარაკი და მის საყვარელზე! ჰოდა, იყოს! აბა, მართლა პენელოპესავით იჯდებოდა, მეგონა? ჰო, ალბათ, მინდოდა, რომ ასე მჯდარიყო და ექსოვა წინდები. მერე დაერღვია და ისევ ექსოვა… მივხვდი, რომ სადღაც გულის სიღრმეში მეტკინა და იმასაც მივხვდი, რომ იდიოტივით მჯეროდა, რომ თეოს ისევ ვუყვარდი და არც არავინ ჰყავდა. და რომ დამინახავდა…

მაგრამ ასე რომ არ იქნებოდა და არც უნდა ყოფილიყო, ეს ფაქტია და ახლა ამ ფაქტის გადახარშვას ვცდილობდი! თეო იჯდა სამზარეულოს სკამზე, ხელები მუხლებზე შემოიხვია, თავი მუხლებშივე ჩარგო და ისე ქანაობდა, საოცარია, სკამი როგორ არ ყირავდებოდა…

– თეო… მითხარი, რა გინდა, რომ გავაკეთო…

– მინდა, გავქრე! მინდა, არაფერი არ იყოს და არც მე ვიყო!

–კარგი, გთხოვ! ნუ იტირებ! მე და შენ ყველაფერს დავიწყებთ თავიდან. და ვიქნებით მხოლოდ მე და შენ!

–არა, ვერაფერს დავიწყებთ თავიდან და იქნებიან ისინიც და ბაბუაჩემი ახლა ზურას ელაპარაკება…

–ზურას, ესე იგი!? და მე რატომ არ გამიშვი? ფიქრობ, ვერ ვიპოვი თუ ამას შევარჩენ?

– შენ არაფერი გაქვს მისთვის შესარჩენი…

– შენ ხომ გაქვს?! და შენი ყველა საფიქრალი დღეიდან ჩემია. ეს კარგად გაიგე და დაიმახსოვრე!

– არ გინდა, რა… მე ზუსტად შენი დახმარებით დავეჩვიე, რომ ყველა ჩემი საფიქრალი მხოლოდ ჩემია და…

– ჰოდა, ისევ ჩემი დახმარებით დასრულდა ეს! მორჩა, თეო და ერთი შენი ცრემლის გამო ყელს გამოვღადრავ ნებისმიერს…

– ჰოო, სიტყვებით ყველა მაგარია…

– საქმე როდის დამიწუნე… კარგი, წარსული მაპატიე რამენაირად, ადამიანო! მეც გაპატიებ აწმყოს. და მომავალში წავიდეთ ერთად…

– შენ მპატიობ?! შენ მე მპატიობ?! და ვინ ხარ შენ? რა უფლებით მეუბნები ამას? რა მჭირს მე შენი საპატიებელი?! თუ გგონია, რომ ზურა ჩემთვის რიგითი საყვარელია?! არა, გეთაყვა! მე და ზურას გვიყვარს ერთმანეთი იმაზე დიდხანს, ვიდრე შენ წარმოგიდგენია! ჰოდა, მე და ზურა რასაც გადავწყვეტთ, ეს შენ არ გეხება და არც პატიებას ვითხოვ ვინმესგან! წადი ჩემი სახლიდან, წადი, საიდანაც მოსულხარ და იპოვე ვინმე, ვისაც რამეს აპატიებ!!! – თეომ უკვე კივილი დაიწო და სახე აელეწა…

ძალიან მეწყინა მისი სიტყვები, მაგრამ მივხვდი, რომ აი, ზუსტად ეს უნდა ვაპატიო ახლა და მერე მშვიდად გავაგრძელოთ ურთიერთობა, რომ კიდევ ერთხელ არ დავკარგოთ ერთმანეთი. საძინებელში გავედი. ჩემი მიყრილი და დაკუჭული ტანსაცმელი წამოვკრიფე და ჩავიცვი. კაი სანახავი კი ვიყავი, ალბათ, მაგრამ ტაქსის გავაჩერებ ეგრევე და…

–თეო, პაწკუ, წავალ მე… რაკი ასე გინდა. მაპატიე, რომ ამდენი უსიამოვნება მოგაყენე. მაგრამ მე აქ შენ გამო ვარ და უშენოდ აქედან არსად წასვლას არ ვგეგმავ. ეს იცოდე. დროებით… – კარის ჯერ ურდული გავწიე და მერე საკეტი გადავატრიალე. თავი შემოვატრიალე, რომ კიდევ ერთხელ გამეხედა სამზრეულოს სკამზე გაუნძრევლად მჯდომი თეოსთვის და ნაბიჯი ისე გადავდგი სადარბაზოსკენ

–საით, ყმაწვილო?! – მკლავზე ვიღაც მწვდა და მსუბუქად მიბიძგა ოთახისკენ.

თავი გაოცებულმა შევატრიალე და მომუჭული მუშტი ჰაერშივე გავშალე… ინსტინქტი დროულად დავიჭირე, თორემ ესღა მაკლდა დღეს: თეოს ბაბუსთვის მეთავაზებინა მუშტი სახეში?!

სასტუმროს დედოფალი

(მოქმედი პირები: ეკა და ლაშა)

ჩაის ისეთი სასიამოვნო სურნელი შემომეფრქვა, რომ ვერც კი მივხვდი, ცხადი იყო თუ სიზმარი. თვალები არ გამიხელია, ისევ იმის შიშით, რომ ეს საუცხოო შეგრძნება არ გამქრალიყო. სურნელს რაღაც მოტკბოც დაჰკრავდა. გავიზმორე თუ არა, რაღაც ძალიან მსუბუქად შემეხო წელთან და ხერხემლის აყოლებაზე კისრისკენ ავიდა. გველნაკბენივით წამოვხტი.

ლაშა გაოცებული მიყურებდა: დაგავიწყდი?!

–არაააა, უცებ ვერ გავიხსენე, სად ვიყავი, – ამოვღერღე და მერეღა მივხვდი, რომ სრულიად შიშველი ვიდექი. თვალები ისევ დავხუჭე.

–სულ რატომ ხუჭავ თვალებს? – ლაშას ხმაში იგრძნობოდა, რომ ცოტაც და სიცილს ვერ შეიკავებდა.

–სირცხვილია, – ისე ვუპასუხე, რომ თვალები არ გამიხელია, მაგრამ შევეცადე, შეუმჩნევლად გამეღო ოდნავ, რომ იქნებ რამე მაინც დამენახა.

–ნუ თაღლითობ. ახლავე დახუჭე თვალები, – ლაშა ხარხარებდა.

ისე უმწეოდ ვიგრძენი თავი, რომ საცაა, ვიტირებდი. ეტყობა, შემეტყო.

–მოდი ჩემთან, სულ ერთი ნაბიჯი უნდა ამას და, აბა, მომიყევი, ვინ გაწყენინა, – ისე თბილად მითხრა, რომ გული მართლაც ამომიჯდა, თუმცა დავემორჩილე და ისევ მის მკლავებში აღმოვჩნდი. თვალები ისევ დახუჭული მქონდა. ინტუიციურად ვიპოვე მისი მხარი და თავი მის კისერში ჩავრგე.

–მგონი, ჩემს დანახვაზე ტირი აშკარად. თუ ჩემი დანახვა არ გინდა და იმიტომ ხუჭავ თვალებს, ავდგები და წავალ და როდესაც შენს ოთახში ჩახვალ, მერე დავბრუნდები, – ლაშას ხმაში წყენა შეეპარა.

–შენ გამო არ ვხუჭავ თვალებს, ჩემ გამო ვხუჭავ. თვალებს არ ვუჯერებ, ყურებს არ ვუჯერებ. რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ. აქ რატომ ვწევარ…

–ოღონდ შენებურად არ დაიწყო. წევხარ, რადგან გინდა. აკეთებ, რასაც გინდა. ამასობაში, მგონი, ლექსიც დავწერე, ხედავ?!. სხვა ფარული ნიჭებიც გამეხსნება მალე, – ლაშა აშკარად ცდილობდა, თავი უხერხულად არ მეგრძნო, ამიტომ ცოტა სასაცილოდ ლაპარაკობდა. მადლიერების ნიშნად ყელში ვაკოცე.

–ცოტა ზემოთ კი აჯობებდა, მაგრამ არც ესაა ცუდი.

ცოტა ზემოთაც ვაკოცე…

–ასე უკეთესია, ამიტომ შენ დაიმსახურე საუზმე, – მითხრა საზეიმო ხმით.

–დავიმსახურეო?!

–აბა, გგონია, ფადიშაჰთან ღამის გატარების შემდეგ ყველა ნაყრდება, თანაც, ფადიშაჰის საძინებელშივე?!

თვალი მოვავლე სასტუმროს ნომერს: რაღაც ცოტა ხელმოკლე ფადიშაჰი კი ყოფილხარ. რომ მცოდნოდა, დავფიქრდებოდი, წამოგყოლოდი თუ არა, – ეს ვუთხარი და უცებ ჩემი ფიქრები გამახსენდა შაჰინშაჰზე, ანუ თითქმის ფადიშაჰზე იმ საღამოს, ლაშა რომ მესტუმრა მოულოდნელად და სტამბოლში გამოყოლა მთხოვა და ისტერიკული ხარხარიც ამიტყდა.

ლაშა, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდა, რაზე ვიცინოდი, თუმცა ვითომ ნაწყენი ხმით მითხრა: ამ წამსვე გამოვასწორებ! სხვაგან გადავალთ.

–რას გამოასწორებ?! დღეს არ ვბრუნდებით?!

–არა, კიდევ სამ დღეს ვრჩებით. ბილეთები უკვე გადავცვალე და სასტუმროც დავჯავშნე, ოღონდ ამჯერად ერთი ნომერი და გაცილებით დიდი, ფართო და კომფორტული. წინააღმდეგი ხარ?

–რომ შეგეთანხმებინა, აჯობებდა! – ეს არ მომეწონა, სპონტანურობას აღარ ჰგავდა.

–მართალი ხარ, მაგრამ მაშინ სიურპრიზიც არ გამოვიდოდა. ვინმე გელოდება, საქმე გაქვს თბილისში?

ვითომ ვერ მივხვდი, საით უმიზნებდა და გულუბრყვილოდ ვუპასუხე: დედაჩემისთვის არაფერი მითქვამს, სახლში არ იყო და ვიფიქრე, რომ არც ღირდა თქმა. მაგრამ არაფრით გამოვა. უნდა დავბრუნდე დღეს, – ვიტყუებოდი, დედაჩემი თავის დასთან იყო სტუმრად და იქ ერთ კვირას დარჩებოდა.

–რომ მაჩუქო ეს სამი დღე, არაფრით გამოვა?

–რატომ უნდა გაჩუქო, რა დამსახურებისთვის?

–დავიმსახურებ! წუხელ ცოტა არ დავიმსახურე? – მკითხა და თვალები ოდნავ მოჭუტა, ურცხვად.

გამახსენდა, რასაც გულისხმობდა და ჩემდა გასაოცრად, გავწითლდი, ამიტომ ხელები ლოყებზე ავიფარე და ისევ დავხუჭე თვალები.

ჩემივე უხერხულობას რომ დავსხლტომოდი, ჩემთვისვე მოულოდნელად ვთქვი: დაიმსახურე და ამიტომ გაჩუქებ, ოღონდ კიდევ უნდა ეცადო, რომ დაიმსახურო: თითო დღე – თითო დამსახურება!

–შევთანხმდით. ახლა საუზმეს მოგართმევ.

ახლაღა მივხვდი, რამ გამომაღვიძა: ლაშას საუზმე უკვე შეეკვეთა. ლოგინზე წამოვჯექი და გავემზადე დასაგემოვნებლად. მაგრამ ლაშა უცებ წამოდგა, გორგოლაჭებიანი მაგიდა გაწია, ზეწარი რომაელი სენატორივით ჰქონდა შემოხვეული და საზეიმო ხმით წარმოთქვა: ბოლომდე არ დაგიმსახურებია.

ცოტაც და გავბრაზდებოდი, მაგრამ ჩემი თავზე მეხივით დაცემული და წუხანდელი ღამიდან უკვე ჩემი პარტნიორი (და მერე რა, რომ სამი ღამით?! თუ უკვე ოთხით?! არ ვიცი, სათვალავი ამერია) აინუნშიც არ აგდებდა ჩემს უკმაყოფილებას და განაგრძობდა: აი, ასეთი თავხედები ხართ ქალები, საკმარისია, მამაკაცი ლოგინში ჩაიწვინოთ, რომ თავს ყველაფრის უფლებას აძლევთ, მის ლოგინში ჭამისაც კი. ამას ხომ იცი, რა ჰქვია? დიახ, მუქთამჭამელობა!

–გინდა, რომ მხეცი გააღვიძო ჩემში?! – ვკითხე საკმაოდ მრისხანე ხმით.

–აჰა, მინდა, რომ გამხეცდე! მიდი!

აი, ამ პასუხმა უკვე ჩემს მოლოდინსაც გადააჭარბა, ლოგინზე წამოვჯექი და ის-ის იყო, გესლიანი ტირადა უნდა წამომეწყო, რომ ლაშა მომიახლოვდა, ორივე ხელი შეაცურა ჩემს თმაში და თავი გადამაწევინა (ძალიან არ მსიამოვნებს ამის აღიარება, მაგრამ ეს ოდნავი ძალდატანება ძალიან მომწონდა. მიკვირდა ჩემი თავისგან, მაგრამ მომწონდა), სახე ახლოს მომიტანა და დამარცვლით მითხრა: გააკეთებ იმას, რასაც გეტყვი. და მხოლოდ იმას, რაც მე მომინდება.

–თუ სადო-მაზოს ვთამაშობთ, მე ეს არ მომწონს. ნახვამდის, ბატონო, – ვუთხარი საკმაოდ ცინიკური გამომეტყველებით, მაგრამ ჩემი თავი მაგრად ეჭირა ხელებს შორის, ამიტომ ვერც კი გავინძერი და იგივე გაიმეორა, ოდნავ უფრო ხმამაღლა და უფრო დამაჯერებლად. თამაშობდა, ჰოდა, რადგან ის მანამდე უპირობოდ დათანხმდა ჩემ მიერ შეთავაზებულ თამაშს, ვალის დაბრუნების შესაძლებლობაც მომეცა.

–კარგი, – ვუთხარი მორჩილად და მოვეშვი. ვიგრძენი, რომ მიხვდა, რატომაც დავთანხმდი. მომწონდა, რომ უსიტყვოდ მესმოდა მისი და მასაც რომ ესმოდა ჩემი, მაგრამ, იმავდროულად, სწორედ ეს არ მომწონდა ამ უცნაურ ისტორიაში. განგაშისმაგვარი განცდა მქონდა, აი, მხარი რომ გექცევა და ნაცნობ ადგილას გზას ვერ იგნებ.

–არ არის კარგი იდეა, ლაშა! იქნებ დღესვე დავბრუნდეთ?! მე მაინც. შენ დარჩი. ასე ჯობია. დიდი მადლობა გუშინდელი დღისთვის, წუხანდელი ღამისთვის, მაგრამ მე უნდა წავიდე, თან, ახლავე! ბოდიში, აეროპორტში დაველოდები თვითმფრინავს. აქედან უნდა წავიდე. აუცილებლად! – ერთი ამოსუნთქვით ჩავარაკრაკე ეს აბდაუბდა ტექსტი.

–ანუ შენ მე წუხელ, უკაცრავად პასუხია და, გამჟიმე, ახლა მადლობას მიხდი და მტოვებ?! – ლაშა უკან დახევას არ აპირებდა და მივხვდი, რომ მე ამ ლოგინიდან ასე იოლად ვერ გავაღწევდი. ჩემი ნიღაბი ყოველთვის საიმედოდ მიცავდა: ფაქტობრივად, უძლეველი ვიყავი. იოტისოდენა ზიანის მოყენებაც კი არავის შეეძლო. ახლა ის მხოლოდ სანახევროდ მიფრავდა და ჩემი ნამდვილი მეც სანახევროდ გაშიშვლდა. მე მის დამალვას ისევ ნიღბის ქვეშ ვცდილობდი, მაგრამ მე-ს აღარ უნდოდა: ყველას მოწონს თავისუფლება, მე-საც მოეწონა, თან უკვე მოკავშირეც იპოვა.

–მე უნდა წავიდე! აუცილებლად და ახლავე! – ხმა მტკიცე მქონდა, მაგრამ აი, იმ ლოგინიდან ადგომის თავისა რა მოგახსენოთ.

–ნუ მირბიხარ. მე…

–ეგ ზღაპარი აღარ მომიყვე! კი, დამიშავებ, უნებლიეთ დამიშავებ. არ მინდა. ამის ფუფუნება აღარ მაქვს.

–რა მნიშვნელობა აქვს: ერთი ღამე, ორი თუ სამი?!

–თუ არ აქვს, გამიშვი მაშინ!

–ვერ გაგიშვებ. ბოდიში, მაგრამ ვერ გაგიშვებ.

–მოიყვანე სხვა ვინმე, დაურეკე ნუ, აი, შენს… ჩამოიყვანე. რამდენი ღამეც გინდა, გაატარე. გამიშვი. მე ჩემით ვერ წავალ. შენ უნდა გამიშვა.

–მე ვერ გაგიშვებ, თუმცა ვერც დაგაბამ. თუ გინდა, წადი, მაგრამ მანამდე ვისაუზმოთ.

–სარგებლობ, – ნამუსზე ვცადე მისი შეგდება.

–შენც, – არ დამითმო ლაშამ.

–მე ქალი ვარ, – ურცხვად დავიწყე სპეკულაცია.

–აჰა, და ძალიან მომწონს მე ეს ქალი.

–ამდენს კი მივხვდი.

–მიხვდი და მირბიხარ?!

–რომ მივხვდი, იმიტომ მივრბივარ. დარჩენა სახიფათოა. შენთვის უფრო. მე ვალდებულებები არ მაქვს. არც მამას ვაწონებ თავს და არც მისი იმედების გამართლებას ვაპირებ. არც ვტიპობ, ისედაც ვარ, – ცოტა გესლიც ამოვაყოლე.

–ჩემს ხიფათებს მე მოვუვლი. არ დამტოვო. დარჩი ჩემთან: მხოლოდ სამი დღე-ღამე, ვითომ სიკვდილმისჯილი ვარ და უკანასკნელ სურვილს მისრულებ.

– და იმ სამი დღე-ღამის შემდეგ კიდევ რომ მომინდეს დარჩენა?

–თუ ამ სამ დღე-ღამეს არ დარჩებით, მაგას ვერ გაიგებ.

–პირობა მომეცი: რომ ჩავფრინდებით და დავიშლებით.

–მე წუხელვე მოგეცი მაგის პირობა.

–კარგი, მაგრამ ახლა თუ რამეს არ მაჭმევ, გული შემიწუხდება, იცოდე.

–ჩემი საკუთარი ხელით და ეს სამჯერ 24 საათი შენ იქნები ჩემი დედოფალი და შენს ნებისმიერ სურვილ–ფანტაზიას უსიტყვოდ შეგისრულებ…

(გაგრძელება ოცდამერვე ისტორიაში)

ჟურნალი “თბილისელები”

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *