ლიტერატურაყირამალა

ოცდამეცხრე ისტორია – ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

ისტორია ოცდამეცხრე

ორცეცხლშუა

(მოქმედი პირები: ბაგრატიჩი, დუდუ, თეო, ლევანო და ირა)

დუდუ სრულად გაქვავდა: ბაგრატიჩი საერთოდ ამოუვარდა გონებიდან და ახლა, ამ ერთბაშად დატეხილი უამრავი ახალი და ნაკლებად სასიამოვნო ამბების ფონზე, თეოს ბაბუასთან პირისპირ შეხვედრა  ნამდვილად არ ახარებდა…

–საით, ყმაწვილო, ნუ ჩქარობ…დამენახვე ერთი… მოიცა, დუდუ, ბაბუ, შენ ხარ?!

–მე ვარ, ბატონო სანდრო! მაპატიეთ, უცბად ვერ მივხვდი და ხელი ინსტინქტურად აგიქნიეთ…

–ეგ არაფერი, ვერც მე გიცანი, მაგრამ მე, ეტყობა, სხვა ბევრ რამესაც ვერ ვხვდები… თეო! სად არის ეს გოგო?

ბაგრატიჩი აშკარად აღელვებული და დაბნეულიც კი ჩანდა. უდრეკი და უბერებელი სანდრო ბაბუ რაღაცნაირად დაპატარავებული ეჩვენა დუდუს. მაგრამ ამდენი წლის უნახავი მოხუცი, ალბათ, დრომ დააბეჩავაო, გაიფიქრა,  გული  მაინც სხვას უბაგუნებდა, თითქმის ყელში ამობჯენილი. დუდუს ნამდვილად ერჩივნა, მიწა გასკდომოდა და ახლა სანდრო ბაბუს აქ არ დაეჭირა. მაგრამ, რაც ხდება, ესე იგი, ასეც უნდა მოხდეს და დუდუ მორჩილად გაჰყვა ბაგრატიჩს უკან, სამზარეულოსაკენ.

თეო ისევ ისე გაშეშებული, თვალებდასიებული და ტუჩებდასისხლიანებული, თმაგაჩეჩილი და, რაც მთავარია, გამჭვირვალე, მოკლე ხალათში – გაყინული თვალებით მიშტერებოდა კედელს.

–თეო, ბაბუ, რა დაგემართა? ვინ… დუდუ, რა ხდება აქ? – სანდრო მკვეთრად შემოტრიალდა და ახლა დუდუს დაუბრიალა თვალები, როგორც ცოტა ხნის წინათ იმ ნაბიჭვარს. არა, რა დილა გათენდა! კუდიანია ეს ჩემი ცოლი – წადი ბავშვთან, სასწრაფოდ ნახე, რაღაცა ხდება მის თავსო. და, აჰა, ხდება კი არადა, მგონი…

–ბატონო სანდრო, მე, თეო, ხომ იცით და… ჩამოვედი რომ… და თეო… – დუდუს ენა დაება. აღარ იცოდა, რა უნდა ეთქვა, როგორ ემართლებინა თავი ან რა ჰქონდა თავის გასამართლებელი. მაგრამ ახლა იმასაც ფიქრობდა, დილაუთენია კარი რომ არ გააღეს, მერე იმ ვაი რომეოს აღსარება გაახსენდა, ბოლოს თეოს განწირული კივილი – გაეთრიე ჩემი ცხოვრებიდანო და, ბოლოს, ქალაქში პატივსაცემი კაცი, რომლისაც მეხივით ეშინოდა ყველას უბანში და, მათ შორის, დუდუსაც, როცა თეოს დასდევდა კუდში… ახლა ეს კაცი მას თვალს არ აშორებს და პასუხს ითხოვს. აქვს ნამდვილად საქმე პასუხის მოსათხოვად და დუდუმ თავი ჩაქინდრა. ასე როდი წარმოედგინა თეოსთან შეხვედრა და ბაგრატიჩთან საუბარი…

–მაპატიეთ, ბატონო სანდრო. ნამდვილად დამნაშავე ვარ. და რაც ადრე ვაწყენინე თეოს, ახლა ამის გამოსასწორებლად ჩამოვედი. მინდოდა, სხვაგვარად მომხდარიყო ყველაფერი, მაგრამ… მე თეოს ხელის სათხოვნელად ვაპირებდი თქვენს ნახვას…

–მოიცა, ყმაწვილო, ასეთი საქმე ფეხზე მდგომის საკეთებელი როდია. დამიჯექი აგერ და ადექი, გოგო, ტანზე ჩაიცვი და წყალი დამალევინე.

თეო უხმოდ წამოდგა. ისეთი გაბრუებული იყო, ვერაფერზე რეაგირებდა. თითქოს ერთბაშად დაიცალა და გაყუჩდა ყველა ტკივილი, ფიქრი, აზრი. თეო უცნაურ სიცარიელეს გრძნობდა სხეულსა და გულში. რაღაც გაწყდა და გაილია, რაღაც, რაც წლებია, აწვალებდა და აკავებდა. სად აკავებდა, ან ვისთან, ან რა იყო ის, რაც ახლა აღარ იყო… თეოს ამაზე ფიქრი არ შეეძლო. არც იმაზე, ბაბუა აქ რატომ იჯდა, დილით მის კართან რა უნდოდა, დუდუმ წეღან რა ხელის თხოვნა ახსენა ან ზურა რას ეფიცებოდა. ყველაფერი ერთმანეთში აერია, დაუტრიალდა და ქანცგაწყვეტილი დატოვა. მაინც წამოდგა, გალასლასდა საძინებელში. კარი მიიხურა და საწოლზე ჩამოჯდა. ჩაცმის ძალა რომ მოეკრიბა და სანდრო ბაბუსთვის წყალი მიეტანა… მაგრამ წყალს თვითონაც დალევს. აი, დუდუ რას დალევს… არა, დუდუ რას იტყვის…. და ზურა? მერე მისი შვილები? მე და ზურა და ლანა… არა, ლანა აქ ზედმეტია. მაშინ დუდუ… მე და დუდუ… ზურა და დუდუ… თავბრუ ეხვეოდა, უძილო ღამემ თავისი დამართა ისედაც გადაღლილ და გამწარებულ გულს, ახლა ზედ დაერთო ბაგრატიჩი, ზურა და ხელის თხოვა… რა დროს ეს არის!? ახლა ზურამ თხოვა მას… რა სთხოვა ზურამ? რას ამბობდა ამ დილით კარს მიყრდნობილი?! და რომ სცოდნოდა, წუხანდელი ღამე ვისთან გავატარე… მერე და რა?! მე ამდენი წელია, ვიცი ღამეს რომ ლანასთან ატარებს… და ეს კიდევ სხვაა. არა! არ არის სხვა! იგივეა… და ზურამ რომ იცოდეს, აღარ მიატოვებს ლანას. და მიმატოვებს მე. და მერე რა?! მე მყავს დუდუ!. მე… მე არავის ვყავარ! მე არავინ მინდა ახლა! ძილი მინდა. მარტო მინდა…თეომ ბალიში აიღო და ჩაიხუტა, მერე იქვე მიწვა და მოიკუნტა. როგორც ახალშობილი, ემბრიონის პოზაში გაირინდა და ბლანტ ბურუსში გადაეშვა…

– გამთენიისას კარზე რომ ვაკაკუნე, აქ იყავი, ესე იგი… – ბაგრატიჩი დაღლასა და სისუსტეს გრძნობდა მუხლებში. ერთბაშად ამდენი სიურპრიზი ეზედმეტა მის ისედაც დაქანცულ სხეულსა და გულს: კარგი, ამაზე მერე. ახლა მითხარი, რისთვის ჩამოვედიო? და ერთი წყალი დამისხი, პირი მიშრება…

–აგერ, ბატონო სანდრო, დალიეთ. ცუდი ფერი გადევთ და ხომ არ…

–არა, არაფერი მიჭირს. სანამ ცოცხალი ვარ, თეოს არავის დავაჩაგვრინებ და ვერც ოჯახის სახელს შეეეხება ვინმე…

–რას ბრძანებთ, ბაგრატიჩ! მე თეოს გულისთვის სამყაროს გადავიკიდებ!

–ჰო, არა?! და ახლა რას აპირებ?

–მინდა თეო ბედნიერი იყოს, ჩემთან ერთად იყოს და … ოჯახი მინდა, ბატონო სანდრო. შვილები, სიყვარული მინდა და ბედნიერებაც. მეტი არაფერი. სხვა დანარჩენი მაქვს და თუ თეო.. თუ თქვენ.. მოკლედ, მე მინდა ცოლად შევირთო თქვენი შვილიშვილი.

–ჰო, დროულია, ღმერთმანი… შენ და თეოს კი დაგაგვიანდათ, მეგონა, შვილთაშვილებიც მეყოლებოდა კაი ხნის წინათ, მაგრამ ახლაც დაგლოცავთ. ისე, აქ რატომ დამხვდი, კი უნდა გკითხოს კაცმა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ამაზე მერე დაგეკითხები. ცოტა გული მიჭერს, ბაბუ და გახედე ერთი იმ გოგოს, „კორვალოლი“ უნდა ჰქონდეს და ჩამომისხას… – სანდროს გულზე თითქოს ცხელი მარყუჟი მოუჭირეს და მოქაჩეს. თავს იკავებდა, არ უნდოდა ახალგაზრდები შეეშინებინა, მაგრამ დილაუთენია კარებთან დგომამ და ამდენმა მოულოდნელმა, ხან სიმწარემ და ხანაც სიხარულმა, თავისი გაიტანა. სანდროს ბებერი და ნაინფარქტალი გული აფრთხიალდა, აწრიალდა და დადგა. თითქოს აღარც ტოკდებოდა და არც აპირებდა სვლის გაგრძელებას. სანდრომ ხელი წაივლო მკერდზე და ფერი დაკარგა. მერე წატორტმანდა და სკამიდან გადმოვარდებოდა, რომ არა დუდუ. მან მოისროლა ჭიქა, რომელიც ეკავა და მოხუცს შეეაშველა ხელები. ბაგრატიჩი ერთბაშად მოიმჩვარა და დუდუს ხელებში ჩაუვარდა.

–თეო! ჩქარა, ადამიანო, ბაგრატიჩი ცუდად გახდა!

როცა „სასწრაფომ“ თეო, დუდუ და ბაგრატიჩი დიღომში, კლინიკის მისაღებთან დატოვა, ბაგრატიჩი უკვე მოსულიერდა და დამნაშავესავით უყურებდა საკუთარ გაფითრებულ შვილიშვილს და მოულოდნელად თავსდატეხილ სასიძოს.  ხმის ამოღების თავი არ ჰქონდა, მაგრამ თვალებიდან ცრემლი დაუგორდა და თეოს გაყინულ მაჯაზე მდუღარედ დაეწვეთა…

თეომ ბაბუს უფრო მჭიდროდ მოუჭირა მკლავზე თითები და გულზე აკოცა. ახლა ყველაფერს დათმობდა თეო – ზურასაც, დუდუსაც და საკუთარ თავსაც, ოღონდაც საყვარელი ბაბუა არ წასულიყო მისგან, არ დაეტოვებინა ეს გაუსაძლისი დანაშაულის გრძნობა და ტკივილი, რომელიც მთელ მის სხეულსა და გონებას ახრჩობდა და აწამებდა. თეოს მდუღარე ცრემლი წასკდა და ბაბუს მკერდზე აქვითინდა…

მისაღებში ამ დროს ახალი პაციენტი შემოაგორეს. დუდუ ფეხზე წამოიჭრა და მიატოვა მორიგესთან საუბარი. საგორიალოზე ფერწასული და საფეთქელთან სისხლშემშრალი ირა იწვა…

–რა დაემართა?! რა მოხდა? – დუდუ სანიტარს დაეტაკა და შეანჯღრია.

–აბა, მე რა ვიცი! უცნობმა მოიყვანა და აგერ ამოვიყვანე, ტელეფონიც მომაწოდა და დავრეკავთ, რომ ვინმემ მოაკითხოს, აბა, ისე, ვინ დაიტოვებს აქ…

დუდუმ ტელეფონი გამოგლიჯა დაბნეულ სანიტარს და ეგრევე ლევანოს ზარი შემოვიდა.

–ლევან, მე ვარ! დუდუ ვარ. მერე, ადამიანო, ახლა მისმინე და სასწრაფოდ აქ მოდი.  ჰო, აქ არის და მეც აქ ვარ… დიღომში, ჰო, ახლა გეტყვი ზუსტ მისამართს, დამელოდე, და დაწყნარდი. მივხედავ, რად მინდა შენი თქმა…

–სასწრაფოდ მიხედეთ ამ პაციენტს! – დუდუ  მივარდა მისაღებში მოკალათებულ გოგოს და ირასკენ გაიშვირა ხელი, მერე თვალი გააყოლა ბაგრატიჩსა და თეოს, რომლებიც უკვე პალატისაკენ მიჰყავდათ და არაფერი უთქვამს. არ იყო საჭირო ახლა თეოს მეგობარიც ენახა ასეთ განსაცდელში.

–პატრონი თქვენ ხართ? შეავსეთ ეს და ექიმიც ახლავე ჩამოვა… დუდუმ  მეორე ჩეკიც გადაიხდა და სანამ ირას გაფითრებულ სახეს დააშტერებოდა, ათასი საფიქრალი ერეოდა და ვერ ლაგდებოდა მის გონებაში. დილა უსასრულოდ გაიზლაზნა და დამძიმდა. რა დაემართა ირას? რატომ აქვს საფეთქელზე სისხლი მიმშრალი, რას კიოდა ლევანო, ვის მოვკლავო? არა, ეს უკვე რაღაცნაირ უსასრულო სიზმარს დაემსგავსა და იქნებ გამოვიღვიძოო, დაეკითხა დუდუ ვიღაცას.  ირაც იგივე მიმართულებით შეაგორიალეს. დუდუ მარტო დარჩა მოსაცდელში. თავი ჩარგო მუხლებში და გაირინდა. თითქოს ჩაეძინა კიდეც, მაგრამ რამდენი ხნით ვერ გაერკვა, ეგრევე გამოაფხიზლა ლევანოს შეშლილმა ხმამ.

–დუდუ, სად არის ირა?! რა დაემართა? იმ ჩათლახმა ხომ არაფერი დაუშავა… მოვკლავ მაგ არაკაცს, გავხევ ლაჯზე!

–ვის მოკლავ, ადამიანო. გულწასული ვნახე, მაგრამ კარგად იქნებაო, დამამშვიდეს წეღან. ვახ, გავთიშულვარ…

–შენ სად ნახე ირა?!

–მე არ მინახავს, ადამიანო.. აქ მოიყვანეს და რა მოუვიდა არ ვიცი, ვიღაცამ იპოვაო ქუჩაში წაქცეული…

–ღორივით დავკლავ მე მაგ ნაძირალას, ირას რამე არ დაემართოს…

–ვისზე იწევ, ბიჭო, გამაგებინე, რა ხდება, გადამრევთ მე თქვენ!

–ჯამლეთასთან იყო ასული გუშინ საღამოს, იმ არაკაცმა ისევ თეოზე მაქვს სალაპარაკოო და ესეც წასულა. კიდევ კარგი, მომწერა და მერე იქიდან დარეკა. აშანტაჟებდა, ბიჭო! ძალაზე მიდიოდა, ეს ვირთხა! არა, როგორ გამექცა, სახლში არ დამხვდა! მთელი ღამე ვეძებე, ირა ტელეფონს არ იღებდა, სახლში არ მოვიდა. შევიშალე ლამის! ეგ არაკაცი …და მერე შენ დამელაპარაკე და აგერ ვარ. უნდა წამომყვე, მაგას მიწის ქვეშეთიდან ამოვთხრი და …

–ახლა ირას მივხედოთ, აქ მარტო არ ვარ, თეო და ბაგრატიჩი.

–რა მოხდა? მაგათ რაღა მოუვიდათ?

– სანდრო გახდა ცუდად, მერე იყოს, ახლა ლაპარაკის თავიც არ მაქვს. გოგოები კარგად რომ იქნებიან, წავიდეთ. ვიპოვოთ ეგ ნაბიჭვარი. მე მაგასთან, ვატყობ, ჩემი ანგარიშებიც მაქვს და გავასწოროთ…

ამასობაში მისაღებში თეთრხალათიანი გამოვიდა და დუდუს მიუახლოვდა –

–თქვენი პაციენტები უკეთ არიან. მოხუცს ჩაეძინა და ინფარქტსაც გადარჩა. სანამ მომჯობინდება, დატოვეთ ეს ერთი დღე და მერე ვნახოთ. ხოლო ქალი ცოტა მეტ დროს დარჩება ალბათ, კუჭი ამოვურეცხეთ, მოწამვლის ნიშნები აქვს. ანალიზების პასუხებიც იქნება რამდენიმე საათში და გვეცოდინება, რა მოხდა… ეტყობა, წაიქცა, როცა გული წაუვიდა და სისხლიც ამიტომ…

–სისხლი, რა სისხლი, ექიმო?! ჩემი ცოლი დასისხლიანებულია? რა მოუვიდა, შემიშვით, უნდა დაველაპარაკო!

–ჯერ არ გამოვა. ახლა სძინავს, „დიმედროლი“ და „ნო–შპა“ ერთდროულად მივეცით, რომ დამშვიდდეს. მერე გავესაუბრებით. საერთოდ რას უჩივის? წამობრძანდით, თქვენ, ესე იგი, მეუღლე ბრძანდებით. წამომყევით კაბინეტში და იქ შევავსებ ანკეტას. კითხვები მაქვს.

დუდუ მარტო დარჩა მისაღებში. წამდაუწუმ ვიღაც შემოყავდათ და საგორიალოს ბორბლები უსიამოდ ჭრაჭუნებდნენ. მოსვენებას ვერ პოულობდა დუდუ ამ უსასრულო ღამით ქანცგამწყდარი და ამდენი მოულოდნელი პრობლემებით დაღლილი. არა, ასეთებს ნამდვილად არ ელოდებოდა საქართველოში ჩამოსული. სულ სხვა სურათს ხატავდა მისი წარმოსახვა. მაგრამ რეალობა სულ სხვაფრად გადალაგდა. ახლა ამ არეული და ატკიებული ამბების დალაგება იყო საჭირო. და, რაც მთავარია, ამ ვიღაც ჯამლეთას ნახვა. მერე ზურას ნახვაც მოუწევდა. და მერე… მერე თეოსთან დალაგებული და მშვიდი საუბარი. რომ ერთხელ და საბოლოოდ გადაწყდეს მათი სიყვარულის ამბავი. რომ სერიალს არ დაამსგავსონ და დაგვიანებული ბედნიერება ეღირსოთ. ორივეს.

პალატაში მიტოვებული კაზანოვა

(მოქმედი პირები: ეკა და ლაშა)

ეკას არ ვეთამაშებოდი, უბრალოდ თავს უფლება მივეცი, მეკეთებინა, რაც მინდოდა. ძირითადად, ასეც ვიქცეოდი, მაგრამ ამ ქალს ნაღდად ველოლიავებოდი. ფაქტია, ვცდილობდი, მისთვის თავი მომეწონებინა: ისეთებს ვაკეთებდი, რაც მე არ გამიკეთებია კი არადა, სხვაზე რომ მსმენია ან მინახავს, იარლიყებიც მიმიწებებია. ნუ, ქეთა გამონაკლისივით იყო. პრინციპში, თავს ქეთასაც არ ვაწონებდი, უფრო ის ცდილობდა და ერთ რამედ ღირდა მამაჩემის თვალები, ქეთას კაბის სიგრძეს რომ უყურებდა?! ქეთა მაგრად გამომადგა მამაჩემზე შურის საძიებლად და ჩემს ისტორიასაც ავსებდა, ჩემნაირ ტიპს ეგეთი ცოლი უნდა ჰყოლოდა. მამაჩემზე შურისძიება ჯერ კიდევ ბავშვობაში გადავწყვიტე. ის პატარა ლაშა, თუ ასეთი ლაშა არ გახდებოდა, რამაზის ვერ მოერეოდა. ჰოდა, გახდა და რამაზისაც გული ხელით ეჭირა; კიდევ დიდხანსაც დაიჭერდა.

ეს გავიგე, მაგრამ ამ ეკაზე რამ დამახამა?! თითქოს ქალი არ მინახავს?! ქეთას ამას ვერ დაუწუნებ – ეგ საქმე ეხერხება კარგად. გატოკება არ გჭირდება, სულ ერთ ტალღაზეა და ტყავიდან ძვრება. მაგას ჰგონია, ვერ ვხვდები, ორგაზმს რომ თამაშობს, მაგრამ მკიდია: მე არ ვთამაშობ, სამაგიეროდ!

ისე შევეჩვიე ამ თამაშს, დამავიწყდა, რა კაიფია, ქალი რომ შენს შეხებაზე აკვნესდება და სულ შენს ხელშია, საითაც გინდა, იქით რომ წაიყვანო. ქალის ფლობის სურვილის გემო დამავიწყდა, როგორია. მაგრამ გამახსენდა. ოღონდ ეს ეკა, მგონი, თავს იკავებს: არ გამოვა ეგ ამბავი, ოღონდ რომ არ გამოვიდეს, მეც მომიწევს ბოლომდე მოშვება. ცოტა დავალევინო? ნწუ, ალკოჰოლი რაში მჭირდება, უმაგისოდ არ გამოვა ვითომ?! ცოტა დროა გასული, ვერ შემეჩვია და ჯერ ვერც გაიხსნება და, მგონი, არც არასდროს გახსნილა. მე რატომ მგონია, რომ ადრეც ვწოლილვარ მასთან?! დამესიზმრა?! აბა, ცხადში ეგ არ მომხდარა და?!

ცხადშია თუ სიზმარში, კარგია! ძალიან მიწევს წინააღმდეგობას, იკეტება ეგრევე ან ამ თვალებს რატომ ხუჭავს წამდაუწუმ, ვინმეზე ხომ არ ფიქრობს?! ვერ დავიჯერებ, რომ რცხვენია, ისე, კი წითლდება მოსწავლესავით. ლაშა ტეხავს, ტეხავს: კარგი ქალია ეკა და არ გეკადრება და ნუ ატრაკებ!

გავატრაკებ, აბა, რას ვიზამ?! თავს ვაწონებ გამწარებული. და რამ გამამწარა?! ქალია რა. მერე რა, რომ კარგი ქალია?!

ამასობაში ეკაც გამოვიდა  აბაზანიდან (სულ აბაზანაშია: რას იბანს ასე გაუთავებლად?!).

–რომ მოიხსნა ეგ პირსახოცი, არ გინდა?

–მე კი მოვიხსნი, შენ თუ გინდა, მაგრამ შენ რამ გაგაწანწალა ასე?! შენი ცოლი არ … – ეკამ ფრაზა აღარ დაამთავრა, თუმცა მივხვდი, რის თქმას აპირებდა.

–ამის თქმა აუცილებელი იყო?

–არა, მაგრამ ხანდახან მეშინია, სექსუალური მანიაკი ხომ არ ხარ და აქ შემომიტყუე?! ასე 24-საათიან რეჟიმში? სულ? გაუთავებლად? – გულწრფელად მეკითხებოდა.

–თუ გაწუხებ…

–არა, არ მაწუხებ. მასე გააგრძელე. არ ხარ ცუდი. ეს ნომერი კი ფანტასტიკურია. თუ გინდა, ჰო, მართლა, შეგიძლია, ფეხებზე მემთხვიო, ნუ, თუ ჩემი სამდღიანი დედოფლობის ვერსია ძალაშია, – ეკა მეთამაშებოდა.

–ძალაშია, აბა?! ჩემს სიტყვას დიდი ფასი აქვს.

–მაგის შესამოწმებელი დრო ოხრად იქნება, – ეკა სავარძელში დაჯდა, ცალი წარბი ასწია, ჯერ მე შემომხედა, მერე ფეხი ფეხზე გადაიდო და მარჯვენა ფეხი ოდნავ წამოწია ჩემი მიმართულებით…

თვალები რომ გავახილე, ჭერი არ მეცნო. სასტუმროს ნომერს არ ჰგავდა. წვეთოვანი მედგა და თავზე შუქი დამნათოდა. წამოჯდომა ვცადე.

–მადლობა ღმერთს, გაიღვიძე, – ახლაღა შევამჩნიე, რომ კედელთან მდგარ დივანზე ეკა იჯდა. ეგრევე წამოხტა და ჩემთან მოვარდა: როგორ შემეშინდა?! როგორ ხარ?! ხომ კარგად ხარ უკვე?! ჩემი სახე თავის ორივე ხელში მოაქცია და მეფერებოდა.

–რა მოხდა? – ვკითხე გაკვირვებულმა.

–არ ვიცი, ღამით უცებ ხშირად დაიწყე სუნთქვა და ხმამაღლა. თითქოს კვნესოდი. შენ გაღვიძება ვცადე, ვერაფრით მოვახერხე. წყალიც შეგასხი, სახეშიც დაგარტყი. მერე კანკალივით რაღაც დაგემართა. არ ვიცოდი, ვისთვის მეთხოვა შველა. გარეთ გავვარდი და მენეჯერი დამეხმარა: სასწრაფო გამოვიძახეთ. აქ მოგიყვანეს. მე ფული არ მაქვს, მაგრამ ის კაცი, აი, მენეჯერი, გიცნობს, თურმე და, მოკლედ, აქ მოგიყვანეს და მეც წამოგყევი. ვუთხარი, რომ შენი ცოლი ვარ, მაპატიე, ისე არ შემომიშვებდნენ. იმ კაცმაც დამიდასტურა. ლაშა, ლაშა, როგორ შემეშინდა! რა კარგია, კარგად რომ ხარ. მითხრეს, რომ კარგად იქნები. ვერაფრით გაიგეს, რა დაგემართა. ანალიზები აგიღეს. პასუხებიც მალე იქნება. ახლა გადასხმებს გიკეთებენ, რომ ორგანიზმი გაგიწმინდონ. როგორ შემაშინე! რა კარგია, კარგად რომ ხარ! – ეკამ ჩემი ხელი აიღო და მაკოცა, ძალიან გულწრფელი იყო, ოღონდ ღელავდა და განიცდიდა, როგორც მეგობარი მეგობარზე და არა, როგორც ქალი მამაკაცზე.

–მართლა კარგად ვარ. არაფერი მაწუხებს. როდის შეიძლება, რომ წავიდეთ?

–არ ვიცი, ვეტყვი, რომ გაიღვიძე.

–რატომ მეძინა?

–იმიტომ რომ დამაშვიდებელი გაგიკეთეს, სულ კანკალებდი. მოიცა, ექიმს ვეტყვი, რომ გაიღვიძე, – ეკა პალატიდან გავიდა, თუმცა ის ოთახი პალატას კი არა, უფრო სასტუმროს ნომერს ჰგავდა.

ცოტა ხანში ვიღაც სანდომიან, თეთხალათიან მამაკაცთან ერთად დაბრუნდა: გამარჯობა, ძალიან კარგი, რომ კარგად ხართ. ანალიზების პასუხებიც გვაქვს. რამე პრეპარატს ხომ არ იღებთ რეგულარულად?

თავი გადავაქნიე უარის ნიშნად.

–უცნაურია, რაღაც ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია იყო სისხლში, რაც უკვე დავარეგულირეთ. კიდევ რამდენიმე გადასხმას გაგიკეთებთ და ახალივით იქნებით. აჯობებს, თუ მოერიდებით, იმ პრეპარატის მიღებას. თქვენი მეუღლე ძალიან ღელავდა, გვერდიდან არ მოგშორებიათ, – ექიმმა ეკას გადახედა, რომელიც ისევ აილეწა.

–ჩემი მეუღლე საუკეთესოა, – მეც დავეთანხმე ექიმს. ეკამ თვალები დამიბრიალა.

–თქვენ ახლა დაისვენეთ, თქვენი მეუღლე კი გაუშვით, ცოტა დაისვენოს, 24 საათია, ფეხზეა.

ექიმი რომ გავიდა, ეკას ვკითხე, რა დღე იყო: ხვალ უნდა დავბრუნდეთ იქ, საიდანაც წამოვედითო, მიპასუხა. ჩაფიქრებული ჩანდა.

–ლაშა, ნარკოტიკებს ხომ არ იღებ?

–რა ნარკოტიკებს?! საიდან მოიტანე?!

–აბა, რა დაგემართა?!

–წარმოდგენა არ მაქვს.

–მე მაქვს ეჭვი, თუ სიმართლეს მეუბნები ნარკოტიკებზე, მაშინ ერთი ვარიანტია მხოლოდ.

–რა ვარიანტი?

– რაღაცას გასმევენ.

–რას შვებიან?

–ვიღაც რაღაცას გასმევს რეგულარულად, ანუ ყოველდღე!

–და რატომ და ვინ?

–ეგ შენ უნდა გამოთვალო. მოკლედ, ვიღაც გაშტერებს, სავარაუდოდ, ის, ვისაც ყოველდღე ნახულობ. ახლა შენ დაადგინე, ვინ შეიძლება, იყოს ის ქალი.

–მოიცა, რა. რა სისულელეა.

–მე გითხარი, დანარჩენი შენი საქმეა. მე უკვე წავალ.

–სად მიდიხარ?

–მე და შენ ცალ-ცალკე ვბრუნდებით თბილისში. ხვალ გაგწერენ უკვე. ზურას შევატყობინე. აეროპორტში დაგხვდება. ესენი გაგაცილებენ აეროპორტამდე. შენ აქ დიდ პატივში ხარ, თან, უკვე კარგადაც ხარ და მე აღარ გჭირდები.

–შენ რატომ ადგენ, მე რა მჭირდება?!

–კარგი, მაშინ ასე გეტყვი: მე აღარ მჭირდები. ბოდიში, რომ შენი ტელეფონით ვისარგებლე. ზურას არ დავლაპარაკებივარ. უბრალოდ მივწერე შენი ტელეფონიდან. გესმის ხომ, რომ მე და შენ იმ თვითმფრინავიდან ერთად ვერ გამოვალთ?! შენი ძალიან მადლიერი ვარ, კარგი იყო და ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

მივხვდი, რომ ეკას ვერ გადავაფიქრებინებდი: ბილეთი გაქვს?

–კი, შენი ნაცნობი მენეჯერი დამეხმარა, ოღონდ შენი ანგარიშიდან. ვიცი, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდი. მე სასტუმროში წავალ, ჩემს ნივთებს ჩავალაგებ. აბა, შენ იცი, თავს მოუარე. არ გჭირდება შეხსენება, მაგრამ მაინც გაგახსენებ, ჩემს სიტყვას დიდი ფასი აქვსო, მითხარი და დანაპირები უნდა შეასრულო: ჩვენ ისევ შორეული ნაცნობები ვართ.

–ასე ვერ წახვალ…

–შენ იცი, რომ სწორედ ასე უნდა წავიდე.

–…

–ხომ იცი, რომ მართალი ვარ?! რა საჭიროა ზედმეტი სიტყვები?! არანაირი ვალდებულება, დავწექით, ავდექით, დავიშალეთ! წავედი. თავს მოუარე. ვიღაც გვნებს აშკარად და ის ვიღაც შენთან ძალიან ახლოსაა. ძალიან ახლოს!

–ვერსად წახვალ!

–წავალ. არ მინდოდა, დაუმშვიდობებლად წავსულიყავი, თორემ ექიმმა რამდენიმე საათის წინათ მითხრა, რომ კარგად იქნებოდი. ჩემი თვალებით მინდოდა, მენახა უბრალოდ, რომ დავრწმუნებულიყავი და ნუ მანანებინებ, რომ ადამიანურად მოვიქეცი. ნახვამდის. მართლა მომეწონა გასეირნება და ნამდვილი კაზანოვა ხარ ლოგინში, – ეკამ გამიცინა, თავზე ხელი გადამისვა და პალატიდან უკანმოუხედავად გავიდა.

(გაგრძელება ოცდამეათე ისტორიაში)

ჟურნალი “თბილისელები”

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *