ლიტერატურაყირამალა

ოცდამეხუთე ისტორია – ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

ისტორია ოცდამეხუთე

ახალი სამკუთხედი

(მოქმედი პირები: თეო და დუდუ)

–დუდუ?!.. შენ… საიდან მოხვედი, როგორ მიპოვე… ჰო, რა პოვნა მინდა, ლევანო… მაგრამ რატომ…

–შეიძლება, შემოვიდე, თუ ღამის აჩრდილს გინდა დავემსგავსო? – დუდუ არ დალოდებია, სანამ თეო გამოერკვეოდა და ოდნავ შეისუნთქა ისედაც დაკუნთული ტორსი, მუცელი და ისე შევიდა სიბნელესა და სიგარეტის კვამლით დაბინდულ და თითქოს გაოცებულ სიჩუმეში, რომ თეოს მხოლოდ სიგარეტითვე გაჟღენთილ თმის დალალს შეეხო. ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ტვინში ათას ჩაქუჩს დაეწყო დაუნდობელი კაკუნი და სადღაც მზის წნულთან ისრების  მთელი დასტა დასობოდა.

დუდუ თითქოს სიბნელეში ხედავდა, უშეცდომოდ ჩაჯდა სავარძელში. ზუსტად იმ სავარძელში, საიდანაც რამდენიმე საათის წინათ ზურა წამოდგა. თეო ისევ გახევებული იდგა ღია კართან და სადარბაზოდან მბჟუტავი სინათლის შუქზე მართლა აჩრდილივით მოჩანდა.

–თეო, დახურე კარი და თუ შეიძლება, მოდი აქ… ვიცი, გაუფრთხილებლად მოვიქეცი…

–როგორც ყოველთვის… – თეოს ჩახლეწილი და მოგუდული ხმა  ერთბაშად ამოუვიდა გადამშრალი ყელიდან. კარი, როგორც იქნა, მიკეტა და იქვე, კედელზე მიყრდნობილი დარჩა. ახლა ისეთი დამმძიმებული ჰქონდა თავი, სხეული, ტერფები, რომ მათი ადგილიდან დაძვრა არასგზით არ შეეძლო. უბრალოდ ძალა არ ჰქონდა, არც რამე აზრი – თავში. მხოლოდ ყურები უწიოდა დაგუბებულივით და სადღაც სიღრმეში, მზის წნულთან, ისრები ერჭობოდა და ესობოდა…

„ან რა უნდა იფიქროს?! თან ახლა, ასეთ მდგომარეობაში… არა, ეს მართლა ბედის ირონიას ჰგავდა. საიდანღაც კუსტურიცა ამოუტივტივდა… კუსტურიცა, რა, მისი მორიგი გადარეული ფილმი: სრული სიგიჟე და გაახსენდა – მთავარია გრძნობა თუ სიჩქარე… თუ ორივე ერთად ქმნის შედეგს. დროული გრძნობა… და სად იყო ეს გრძნობა, რომელ დროში და რა სისწრაფით უახლოვდებოდა, რომ ახლა და აქ დასტყდომოდა თავს…ამას ისევ გენიალური გიჟი თუ დაალაგებდა, თეო კი, თეო არ იყო კუსტურიცა, მაგრამ არაერთხელ დაუხატავს ეს სცენა საკუთარი წარმოსახვის ეკრანზე… რამდენი უძილო ღამე დაათენდა ამაზე ფიქრსა და ოცნებაში… სულ დეტალურად ჰქონდა გათამაშებული რამდენიმე ვერსია ამ შეხვედრის. როგორი ამაყი და ირონიული იყო იმ სცენებში! როგორი ლამაზი, მოწესრიგებული, სალონიდან ახალი გამოსული, სექსუალურ სამოსში. აბრეშუმის სიფრიფანა მოსასხამი ულივლივებდა მეწამული სხივებით… და ახლა, აქ… „

თეო უფრო ხვდებოდა, სად იჯდა დუდუ, ვიდრე ხედავდა. ფაქტობრივად, ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ მთვარე ანათებდა და კიდევ დუდუს მწვანე თვალების ციალი, რომელიც შესაძლოა უფრო ელანდებოდა თეოს, ვიდრე ხედავდა.

„დუდუს მწვანე თვალები! ღმერთო, დუდუ ზის იმ სავარძელში, სადაც წეღან ზურა იჯდა და მერე… „

არა, ახლა ზურაზე ფიქრის დრო არ აქვს, მაგრამ დუდუზე რა უნდა იფიქროს?! თეო უცბად ჩაჯდა, უფრო ზუსტად, ჩასრიალდა და იატაკზე გაიშხლართა. უხერხულად მიარტყა კარის კიდეს თავი და ეტკინა კიდეც. სანამ მიხვდა, რა მოხდა, დუდუს ძლიერ და გავარვარებულ მკლავებში ამოყო თავი. დუდუ დასწვდა და ხელებში აიტატა, როგორც პატარა, როგორც ადრე. იდგა დუდუ და ეკავა თეო. არ იცოდა, რა ექნა ამ ძვირფასი ტვირთისათვის. თუმცა საერთოდ ვერ გრძნობდა წონას და სიმძიმეს. იდგა დროც და სიჩუმეც. სიგარეტის კვამლში გახვეული სიბნელეც იდგა და ელოდა, როდის გაიფანტებოდა ეს უხერხული გარინდება და როდის მოიხერხებდა ორი ზრდასრული ადამიანი უბრალოდ საუბრის დაწყებას…

– დამსვი… – თეო პირველი გამოერკვა და დუდუს ხელებიდან დაუსხლტა. კედელთან ჩაჯდა და იქვე ტორშერს ჩამოჰკრა ხელი. ოთახის ერთი კუთხე სიბნელიდან ამოიზლაზნა და თითქოს უფრო დაიბურა სახლიც, ჰაერიც და იქ მყოფების ხასიათიც. ხმას არც ერთი არ იღებდა. დუდუ ისევ სავარძელში ჩაჯდა. ფეხი ფეხზე გადაიგდო და ნაძალადევი მხიარულებით თეოს გასძახა:

–არ მეგონა, საქართველოში სტუმარმასპინძლობა თუ აიკრძალა. თან, ბაგრატიჩის ოჯახში! ერთი ჭიქა წყალი მაინც შემომთავაზე, გოგო, რა დაგიშავე ამის ფასი, რომ …

–არაფერი, რა უნდა დაგეშავებინა?! უბრალოდ გამაბედნიერე, როცა გაიბედნიერე თავი! და ახლა რას ელოდები ჩემგან? ინდულგენციას თუ ხანდაზმულობის ვადების თანახმად მოქმედებ?

–თეო, როგორი დაუნდობელი გამხდარხარ… თუმცა და, დავიმსახურე ასეთი სიცივე, მართალი ხარ…

–დაუნდობელი, არა? დამნდობი როგორი უნდა ვიყო? ცხელ ცხელი ხაჭაპური და წიწილები დავყარო მაგიდაზე? – თეოს ისევ გაუაზრებელი და დაუოკებელი სიბრაზე ერეოდა – ამჯერად დუდუზე. მზად იყო სამყაროს დაქცევაში დაედანაშაულებინა და აქვე მიესიკვდილებინა ბიჭი, რომელიც ერთ დროს სიცოცხლეს ერჩივნა, ხოლო ახლა ისეთ დროს დაადგა თავზე, რომ ვერც კი გაუგია, სიცოცხლე ურჩევნია, თუ ისევ სიკვდილი ჯობია…დუდუსი, რა თქმა უნდა!

–თეო, კარგი, მითხარი რაც გინდა, ყველაფერი დავიმსახურე. ოღონდაც იცოდე, ამჯერად არსად წასვლას არ ვაპირებ და ვერც მაწყენინებ, რაც არ უნდა თქვა. უნდა მომისმინო და…

–აბა, რა?! ისევ ისე მოვიქცევით, როგორც შენ გაგიხარდება! რა იყო, ამჯერად ვინმე ნატაშას ირთავ ცოლად და ისევ ჩემი თანხმობა დაგჭირდა?! რისთვის შეწუხებულხარ, გეთაყვა და ამხელა ხარჯი გაგიღია. გზა და რამე… უი, ხელში რაღაცა გეკავა კიდევაც, მე მომიტანე კანფეტები? ეს უკვე ზედმეტია! შენგან ისედაც დამტკბარი ვარ მე! ყელამდე ვარ სიტკბოსა და ნეტარებაში აგერ უკვე მერამდენე  წელია! რა საჭირო იყო ხარჯი! საერთოდ, რა საჭიროა ეს სპექტაკლი, რას აკეთებ აქ? რატომ მოხვედი?

–თუ მათქმევინებ, აგიხსნი. იმასაც, რაც მაშინ არ მათქმევინე და ამასაც, ახლა რომ აუცილებლად სათქმელია.

–კარგი, თქვი, გისმენ, – თეო ისეთ დაღლასა და უენერგიობას გრძნობდა, არაფრის თქმის თავი არ ჰქონდა მეტად და დუდუს უცნაურად გაწელილ ჩრდილს დააშტერდა… დუდუს ხმა თითქოს ქვევრიდან ჩაესმოდა: თან, მუცელში პეპლები დაუფარფატებდნენ და თან, ყურებში დაბზუილებდა კრაზანების მთელი გუნდი… და უცბად პეპლები აფარფატდნენ და აიშალნენ, კრაზანებიც აჰყვნენ და ისრები დანის წვერებად იქცნენ! ყველაფერი ერთად დატრიალდა, დაიკლაკნა, დაიძრა და ახმაურდა. თეოს გაუსაძლისმა ტკივილმა დაუარა მთელს სხეულში. სადღაც ყელში გაეჩხირა, გაიბერა, გახურდა და …ერთი ამოიგმინა, ამოიკივლა, ამოიფრქვა სიმწარე და სიჩუმე, გასკდა ცრემლების ნიაღვარი და ქვითინად დაიღვარა… თეო ტიროდა ისე  გულამოგდებით, ხმამაღლა და ისეთი ტკივილიანი გმინვა ამოაყოლა ცრემლების ნიაღვარს, დუდუ გახევებული, დაბნეული, ალეწილი, ვერ ხვდებოდა, რა გაეკეთებინა. როგორ ენუგეშებინა ქალი, რომელიც ისევ ისე ერჩივნა მთელ სამყაროს, როგორ უწინ. როგორ დაემშვიდებინა და გაეშრო ეს უცაბედად მოვარდნილი ნიაღვარი…

როცა აცახცახებული თეო გულში ჩაიკრა და მისი სველი  სახე კისერზე შეეხო, დუდუს სრულად დაავიწყდა, სად იყო და რა ხდებოდა. რამდენი წელი იყო გასული უძილო ღამეებსა და საკუთარი თავის დადანაშაულებაში, რამდენი ქალის გვერდით უთენებია ღამე და ჰყავდა თუ არა ამ წლების განმავლობაში თეოს სხვა კაცი… დუდუს საერთოდ არაფერი ახსოვდა და არ აინტერესებდა. მის მკლავებში თრთოდა და კანკალებდა ყველაზე ძვირფასი, მონატრებული და ერთადერთი ქალი, რომელიც ტიროდა, მის გამო ტიროდა ისევ და დუდუმ, რაც ძალა ჰქონდა შერჩენილი,  მოხვია ხელები ძვირფას ადამიანს! როგორც იქნა, მოეხვია საყვარელ ქალს!

ამოვარდნაზე ჰქონდა გული თეოს, ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდა, ხმას აღარ იღებდა და სულს ვერ ითქვამდა…

დუდუს ცხელი და გამშრალი, დამსკდარი და გავარვარებული ტუჩები თეოს ყურის ძირში დაეტაკა, მერე კისერი დაუშანთა და თეოს ტუჩებს რომ გადაეყარა , დაკბენილმა და დასიებულმა ტუჩებმა მორჩილად შეაგება გავარვარებული სიმხურვალე და მოულოდნელი ვნება…

დუდუ და თეო, თითქოს სხეულებდაკარგულები, სამყაროს აღქმადაკარგულები კი ნამდვილად, იატაკზე ისხდნენ და გაფერმკრთალებული სიგარეტის კვამლის ბურუსში გახვეულები თავდავიწყებით კოცნიდნენ ერთმანეთს…~

ამ გიჟურ ღამეს, ამდენი წლის, ამდენი განცდისა და დანაკარგის შემდეგ პირველად ეღირსა მათ უიღბლო გრძნობას სხეულებით გადაჯაჭვა და სუნთქვის დაგუბება…

მისაღები ოთახის ფანჯრებამდე, როგორც იქნა, მოაღწია შემრგვალებულმა მთვარემ. ის ცოტა შეტორტმანდა და თითქოს შეცბა დანახულის გამო. მერე გაიბადრა, ჩაიღიმა და მთელი იატაკი უცნაური ნახატებით ააჭრელა. ეს ფოთლების და ჩრდილების ქარგი გადაიხლართა ქალისა და კაცის ჩახვეული სხეულების სილუეტსა და ჩრდილებში…

მთვარე ურცხვად გაშიშვლებულ სხეულებს აფარებდა, რაც ებადა, მაგრამ ამაოდ…

ბოლოს უბრალოდ გადაგორდა სხვა გვერდზე და შემდეგ ფანჯარას მიაშურა…

მიხვდა მთვარე, რომ აქ მესამე იყო. მესამე კი ყველგან ზედმეტია, თითქოს…

სხვისი ქმრის სურვილის გემო

(მოქმედი პირები: ეკა და ლაშა)

არა, რა, რამ მათქმევინა, პრეზერვატივი ხომ გაქვს-მეთქი?! ჩემი ტვინი გამალებით მუშაობდა, თუმცა სხეული აშკარად სხვაგან მექაჩებოდა, კიდევ კარგი, გული ჩუმად იყო.

ლაშას აშკარად შეეტყო, რომ დაიბნა: თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. არ არის ცუდი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არაფერი დაუშავებია და არ მინდოდა მისი წყენინება, მაგრამ საკუთარი თავის წყენინება რომ უფრო არ მინდოდა?!

–არა, არ მაქვს, – მიპასუხა მშვიდად, – ეს არც მიფიქრია.

ამ პასუხმა უკვე მე ჩამაგდო უხერხულ მდგომარეობაში: ცუდად გამომივიდა, უკაცრავად.

–არც მე გამომსვლია უკეთესად.

– მე უბრალოდ არ მინდა, საშუალება ვიყო ვინმეზე ანგარიშსწორების. რაღაც პრობლემა გაქვს, თორემ მე არ წამომიყვანდი. ეტყობა, ნამდვილად გღალატობს ცოლი.

–შენც პრობლემა გაქვს, თორემ არც შენ გამომყვებოდი.

–რაღაც არ მომწონს, ეს არ არის სწორი, მე კიდევ სულ მართალი უნდა ვიყო, სხვანაირად არ შემიძლია. ახლა კიდევ მართალი არ ვარ და ძალიან ბანალურად ვიქცევი. სხვა ქვეყანაში წამოგყევი ხელის ერთ დაქნევაზე, ცოტა გეკეკლუცე და ახლა თითქოს თავს ვიფასებ იაფფასიანი დედაკაცივით. არც ეს მომწონს.

–აქ ხომ არ ვიდგებით? ან შენთან შევიდეთ, ან ჩემთან. არაფერს დაგიშავებ, მართლა.

–უკვე დამიშავეს, რაც დასაშავებელი იყო, აწი მხოლოდ მე თუ დავუშავებ ჩემს თავს. შენთან ავიდეთ მაშინ და მერე ჩამოვალ, – ეს დროის გასაყვანად ვთქვი, რომ იქნებ ლაშას ნომრამდე გზაში რამე მომეფიქრებინა, რომ ამ სულელური სიტუაციიდან თავი დამეძვრინა.

ლაშას არაფერი უთქვამს, ხელი მომკიდა და ლიფტისკენ წამიყვანა. ოდნავ რომ მაძალებდა, მომწონდა.

ასეთ უაზრო მდგომარეობაში  თავი არასდროს ჩამიგდია, ყოველ შემთხვევაში, რაც ჭკუა მომემატა, მას მერე. საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. რას ვაკეთებდი ამ უცხო კაცის ნომერში ან უცხო ქალაქში?! ან რატომ არ ავლაგმე ეს დროულად?! ან თბილისში დაბრუნებული რას ვაპირებდი?! ან, ბოლოს და ბოლოს, დავწოლილიყავი, თუ მინდოდა ან არ დავწოლილიყავი და დამეძინა ჩემს ნომერში?! ან რეაქცია მქონოდა, როდესაც მაკოცა, რა, არ ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა ამას?! ან რას ვიტყუებდი თავს, რომ თითქოს ვერ ვხვდებოდი, რომ აქეთკენ მიდიოდა საქმე?! ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ვერ გამერკვია, რა მინდოდა.

შუა ოთახში ვიდექი და ვფიქრობდი. ლაშას იქ ყოფნა დამავიწყდა ლამის: ისე, რომ იცოდეთ, დიდი ეგოისტი ვინმე ვარ, ძირითადად, საკუთარი თავით ვარ გართული, ის მაინტერესებს, მე რას ვფიქრობ, რას ვგრძნობ და რა მინდა, ამიტომ ახლაც მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი. ლაშამ მიალაგ-მოალაგა მიყრილი ნივთები და ტანსაცმელი და ლოგინზე დაჯდა. მეც მიმანიშნა იქვე მდგარი სკამისკენ.

–თუ გინდა, ადგილები გავცვალოთ, მაინც სკამია და მოუხერხებელია.

სკამზე დავჯექი. წარმოდგენა არ მქონდა, რაზე უნდა მელაპარაკა.

–არც არაფერი მაქვს, რომ შემოგთავაზო… – ჩაილაპარაკა.

–ჰო, ეს ხომ ვიცი, პრეზერვატივიც კი არ გაქვს, – მე თვითონვე გამეცინა ჩემს ნათქვამზე.

ლაშასაც გაეცინა: ჰო, არ მაქვს, ძალიან არათადარიგიანი ვარ.

–არათადარიგიანი ძალიან რბილად ნათქვამია: მე ვიტყოდი, რომ ცოტა შტერი ხარ. აბა, ჩემნაირ ქალს რომ ეპატიჟები სხვა ქალაქში, თან, რომელიც გთხოვს, სიყვარული ვითამაშოთო, ცოტა არ უნდა მოემზადო?!

–დამნაშავე ვარ, ვიღებ შენიშვნას. ვერ გამოვასწორებ ჩემ სიშტერეს? – მომეჩვენა, რომ გულწრფელად მკითხა.

–ვერა! გამორიცხულია. ბედნიერების ლურჯი ფრინველი მხოლოდ ერთხელ ჩაგიფრენს და თუ ხელიდან გაუშვებ, შენი საქმე წასულია!

ლაშამ, ვითომ მოწყენილმა, გამომხედა და ამოიოხრა.

მეც მომეშვა გულზე და უხერხულობამაც გაიარა: აბა, მომიყევი შენზე. გაგიცნო მაინც, თორემ ისე გამომივა, გიჟი ქალაქს, ანუ სტამბოლს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო.

–მე მქვია ლაშა, ვარ 35 წლის, ვარ…

–დაოჯახებული, – შევეშველე.

–ეს პასაჟი აუცილებელია?

–პრინციპში, არა, იმიტომ რომ არც მე ვარ ორლეანელი ქალწული. განაგრძე.

–ვარ ბიზნესმენი, მაქვს ბიზნესი, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს, ვგეგმავ გაფართოებას… ახლა შენ მოყევი შენს თავზე და მერე ისევ მე გავაგრძელებ.

–მე მქვია ეკა, ასაკს არ გეტყვი, რადგან ამ საღამოს ბანალობას ვერ ვცდები, ვიქნები ბოლომდე ბანალური და თავს იმით გავიმართლებ, რომ ქალს ასაკს არ ეკითხებიან. მეც მაქვს ჩემი ბიზნესი, ნუ, ისეთი სიდიდისა და სიფართოვის არა, როგორც შენ, მაგრამ მაინც არა უშავს. სიმართლე გითხრა, გაფართოება მეზარება, იმიტომ რომ ბევრ დროს წაიღებს. მე კიდევ დრო მჭირდება თავისუფალი სივრცისთვის. ჰო, და კიდევ, დაოჯახებული არ ვარ.

–ეს პასაჟი აუცილებელია?

–კი, იმიტომ რომ ჩემი პოტენციალური ქმრების სიაში ხარ.

–ამით მაფრთხობ?

–რით?

–რომ ვითომ ჩემზე გათხოვება გინდა?

–და რატომ არ უნდა მინდოდეს? ცუდი ბიჭი ხარ თუ?! ბიზნესიო, კარგი შემოსავალიო, გაფართოებას ვგეგმავო, არც ბებერი ხარ და შესახედავადაც არა გიშავს. ჩემი ასაკის ქალის ცისფერი ოცნება ხარ, ფაქტობრივად, მე აწი რა გამასაღებს, თუ არა შენნაირის შეცდენა?!

–ჩემნაირის?! ბევრია ჩემნაირი?! – ვითომ გაბრაზდა ლაშა.

–ოო, ბოდიში, შენი შეცდენა! ერთადერთ ეგზემპლარად ხარ და ისიც მე უნდა მერგო!

–ცოლის ტიპაჟს არ ჰგავხარ, – გადამიწურა წყალი ლაშამ.

–აი, შენი ც… – და ენაზე ვიკბინე.

–მართალი ხარ, – მომეჩვენა, რომ ლაშას საერთოდ არ სწყენია ის, რის თქმასაც ვაპირებდი: ეგ მამაჩემის ჯინაზე გავაკეთე. სულ ცდილობდა, რომ თავისი სურვილები მოეხვია თავზე და ისე მეცხოვრა, როგორც მას უნდოდა, ის მეკეთებინა, რაც მას უნდოდა და რაც მას ვერ გამოუვიდა. თან, ცოტა კონსერვატული აზრები აქვს. ხოდა, ახლა ჰყავს ისეთი რძალი, როგორიც ჰყავს, – ლაშამ გულიანად გაიცინა.

–და შენ? მეც კარგა ხანს ვიცხოვრე ვიღაცეების ჯინაზე და ის ჯინები ძლივს მოვიშორე მერე თავიდან. იცი, არ მსიამოვნებს მამაშენის ახლანდელი რძლის ხსენება.

–კი ბატონო. როგორც იტყვი… და რატომ არ გსიამოვნებს?

–იმიტომ რომ მე უნდა ვიყო მამაშენის მარადიული რძალი!

ლაშას ისეთი სიცილი აუტყდა, კინაღამ ლოგინიდან ჩამოვარდა: კარგი, მაგრამ ჯერ ტესტირება უნდა გაიარო.

–მზად ვარ.

–როგორი მზარეული ხარ?

–ისეთი, რომ ჩემზე ლეგენდები დადის! ინათებს თუ არა, სამზარეულოში რომ შევდივარ, სანამ მთვარე არ ამოგორდება ცაზე, იქიდან ვერანაირი ძალა ვერ გამომიყვანს! ვინც ჩემს ნახელავს გასინჯავს, უთითებოდ რჩება, იმიტომ რომ ერთიანად ჩააკვნეტს ხოლმე! და როგორი ხეხვა-ლაგება ვიცი?! სულ წკრიალ-ბზრიალი გააქვს ყველაფერს, რასაც ჩემი ხელი მოხვდება! ციბრუტივით ვარ, ჩემი დაჯდომა და გაჩერება არ არის!

–კარგია. საერთო განათლების დონე როგორი გაქვს?

–კურტიზან ქალებსაც რომ შეშურდებოდათ: ლექსებსა და პოემებსაც კი ვთხზავ ეგრევე. ვციტირებ კლასიკოსებს, უბადლო დეკლამატორიც ვარ!

–მამაჩემს აუცილებლად მოეწონები რძლად, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა დაამტკიცო საქმით.

–ცხადია! ნანახი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს! ისეთ შთაბეჭდილებას მოვახდენ მამაშენზე, თქვას, მე იმ წლების დედა ვატირე, ეს ქალი რომ ჩემი რძალი არ იყოო!

–და ბოლოს, გეცოდინება, რომ მომავალი ცოლები სადედამთილოებს აბანოში მიჰყავდათ ხოლმე…

ლაშა წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. იმდენად ბუნებრივად გააკეთა ეს, რომ მეც წამოვდექი სკამიდან.

ხელი მომკიდა და აბაზანაში შევედით: ჩემი ნომრისგან განსხვავებით, იქ საშხაპეც იყო და ჯაკუზიც.

ჩემს ფეხებთან დაიხარა, მივხვდი, რომ ფეხსაცმელების გახდას აპირებდა. წინააღმდეგობა არ გამიწევია. მერე წყალი მოუშვა: შიშველი ხომ არ წახვალ, სველ ტანსაცმელს კი ვერ ჩაიცვამ. ამიტომ ვერ გამექცევი. თადარიგს ვიჭერ ანუ.

მასაც ჯერ ტანსაცმელი ეცვა.

თავზე წყლის ჭავლი მეცემოდა საკმაოდ დიდი ფართობიდან და თითქოს თბილ თავსხმა წვიმაში ვიდექი. თვალები დავხუჭე. ლაშას ხელები ჯერ ისევ ჩემს ტანსაცმელს ეხებოდა… როდესაც თვალები გავახილე, აბაზანაში მხოლოდ სარკის გარშემო ფერადი განათება ენთო. ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ლაშა ჩემ უკან იდგა. წყალი ისევ რბილად მეხებოდა მთელ სხეულზე. ზურგზე, მხართან, ლაშას, ალბათ, გელიანი ხელები ვიგრძენი, რამაც დენის მსუბუქი დარტყმასავით დამიარა მთელ სხეულში. თვალები ისევ დავხუჭე, ასე მეგონა, თუ გავახელდი, ყველაფერი გაქრებოდა და იქით მივტრიალდი, საითაც ლაშა მეგულებოდა…

(გაგრძელება ოცდამეექვსე ისტორიაში)

ჟურნალი “თბილისელები”

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *