პოლიტიკა

“ოცნების“ მერობის კანდიდატის დაპირებებიც კი ეწინააღმდეგება მოქმედი მერის მიერ შემოთავაზებულ გენერალურ გეგმას?!

ცხადზე უცხადესია, რომ თბილისს, რომელიც, ერთი მხრივ, უკვე ისეთი გაუვალია, რომ „პიკის საათის“ ცნება აღარ არსებობს (იმ მარტივი მიზეზით, რომ პიკის საათია ლამის კვირის შვიდივე დღესა და დღის ნებისმიერ მონაკვეთშია) დარომელშიც, მეორე მხრივ, აშკარად იგრძნობა უჟანგბადობა, ჰაერივით ესაჭიროება განვითარების გენერალური ხედვა (თუ, რა თქმა უნდა, ფილტვების გარეშე არსებობის დასწავლას არ ვაპირებთ).

რაკი ესაჭიროება, დედაქალაქის მერიამ 2014 წელსვე გამოცახადა ტენდერი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესადგენად, გამარჯვებულიც შეარჩია, ფულიც გადაუხადა (ორი მილიონ რვაასი ათასი ლარი) და უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ორიოდე თვით ადრე გენერალური გეგმაც შემუშავდა. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ის მხოლოდ კეთილი სურვილებისა და სხვა ქალაქების გამოცდილებების ნუსხაა და არანაირ წინასწარ კვლევებს არ ეფუძნება.

რაც მთავარია 2017 წლის ნოემბერში დედაქალაქს ახალი ხელისუფლება ეყოლება და არათუ სხვა კანდიდატების, თვით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის დაპირებებიც კი ეწინააღმდეგება მოქმედი მერის მიერ შემოთავაზებულ გენერალურ გეგმას.

რა აზრი აქვს თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმას თუ მას შესრულება არ უწერია? ამ თემაზე საქართველოს სტრატეგიული კვლვების ცენტრის ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება.

 ურბანისტების მწვავე სიმცირეა ჩვენს ქვეყანაში, რაც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პროფესიონალებმა იმსჯელონ თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის კონკრეტულ ნიუანსებზე. თქვენი აზრით, ეს გეგმა, ანუ დედაქალაქის განვითარების სტრატეგია უნდა ამტკიცოს მოქედმა საკრებულომ, რომელსაც დღე დღეზე ამოეწურება ვადა თუ ეს შემდეგი მოწვევის საკრებულოსა და მომავალი მერის პრეროგატივაა?

– არ ვიქნები ერთადერთი და ძალიან ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ჩვენში, მინიმუმ, ბოლო 25 წლის განმავლობაში ბევრს ლაპარაკობდნენ ურბანისტიკაზე, ურბანულ განვითარებაზე, მაგრამ ამის იქით საქმე არ მიდიოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში ურბანული პოლიტიკა არ იყო აქტუალური თემა. ურბანულ პოლიტიკაზე ლაპარაკობდა ყველა, უპირველესად, არქიტექტორები.

 ოღონდ არქიტექტორები არ არიან ურბანისტები.

– დიახ, მაგრამ საზოგადოებას ეგონა, რომ სწორედ არქიტექტორები არიან ის ადამიანები, რომლებმაც იციან ეს სფერო. ეს განაპრობა პროფესიონალების სიმცირემ. ურბანისტობა არ იყო პრესტიჟული პროფესია და, ამდენად, არ იყო ამ სფეროში პრიფესიული განვითარების საშუალება. არადა 25 წელიწადი საკმარისი დროა კადრების გასაზრდელად: მაგრამ ახალი კადრები არ წამოვიდა, ძველმა კადრებმა გადაინაცვლეს არქიტექტურაში…

 იმიტომრომ მშენებლობა სარფიანი ბიზნესია, რასაც ხელს უწყობს სტრატეგიული ხედვის არარსებობა და მივიღეთ ის შედეგი, რასაც თბილისის დღვანდელი იერსახე ჰქვია.

– პროფესიონალთა ნაწილმა დატოვა ქვეყანა, ძველი კადრები შემოჩრნენ მხოლოდ თეორეტიკოსებად უმაღლეს სასწავლებლებში. ასე რომ, მწვავე სიმცირეა კადრების, რომლებსაც შეუძლიათ არა მხოლოდ მსჯელობა, არამედ საქმის კეთებაც. თავისთავად, პოსტაბჭოური სივრცისთვისაა დამახასიათებელი გრძელვადიანი დეგეგმვის, გრძელვადიანი პოლიტიკის არარსებობა და ეს დღემდე გრძელდება. იქ კი, სადაც არ არსებობს ჩარჩო-დოკუმენტი, იოლია ნებისმიერი საქმიანობა: მშენებლობის ნებართვის გაცემა თუ ახალი სატრანსპორტო ხაზის დაწესება. გრძელვადიან დოკუმენტებთან დაკავშირებით ერთ ნიშანდობლივ შემთხვევას გავიხსენებ: 2014 წელს, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო, მისი ხელმოწერით გაფორმდა დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებდა ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის სატრანსპორტო სტრატეგიის შემუშავებას. ამისთვის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 750 000 აშშ დოლარი. გინახავთ ტრანსპორტის სტრატეგია?

 არც მსმენია, რომ არსებობდა მსგავსი დოკუმენტი.

– ასეთი მაგალითი არაერთია და ამავე ჭრილში შეიძლება, დავინახოთ თბილისის განვითარების დოკუმენტი: მიწათსარგებლობის გეგმა იქნება ეს თუ სხვა. ამ ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება, ანუ ამ ტიპის დოკუმენტებზე მუშაობა იწყება მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას აქვს ყველაზე მეტი ლეგიტიმაცია, ანუ არჩევნების შემდეგ და არა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მცირე ხნით ადრე. იმიტომ რომ იმ პერიოდში ხარ პოლიტიკურად მოწყვლადი, ვერც ობიექტური იქნები, რადგან არჩევნებში ერთვები და ვერ გაატარებ იმ რეფორმას, რომელიც ამ ტიპის გადაწყვეტილებას სჭირდება. ამგვარი დოკუმენტი მიიღება ან განახლდება არჩევნების პირველ ან მეორე წელს. ჩვენთან კი როგორ მოხდა?!

– არჩევნებამდე გამოქვეყნდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, მაგრამ, თუ ვივარაუდებთ, რომ დედაქალაქის ხელისუფლებაში მოვა ისევ მოქმედი მერის თანაგუნდელი, იქნებ მისთვის მისაღები იყოს ეს ხედვა?

– საბოლოოდ, გამოვა, რომ თანხა გადაიხდება, დაიდება რაღაც დოკუმენტი, შესაძლოა, ძალიან აკადემიურიც, მაგრამ მისი გადამოწმება იქნება შეუძლებელი, დედაქალაქის ხელმძღვანელობა კი, რომელმაც დაიწყო ეს პროცესი, აღარ იქნება ხელისუფლებაში. ეს კი, ნახეთ, რას ნიშნავს?! ახალს აქვს თავისი ხედვა და შესაძლოა, ერთი და იმავე პოლიტიკური ჯგუფის წევრებსაც ჰქონდეს სხვადასხვა ხედვა და ჩვენ უკვე გავხდით ამის მოწმე: თბილისის მიწათმოქმედების გენერალური გეგმის ძალიან ბევრ საკითხთან შეუსაბამო ხედვა აქვს ერთ-ერთ კანდიდატს, რომელიც, სავარაუდოა, რომ გაიმარჯვებს ამ არჩრვნებში. და, ბუნებრივია, არჩევნების შემდეგ მას ექნება ამბიცია, რომ დადოს ახალი დოკუმენტი ან დოკუმენტები. მან, კალაძემ, უკვე დაასახელა ერთი დოკუმენტი –ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმა, რომლის შემუშავებასაც დაგვპირდა. ტრანსპორტის გეგმა ხომ ურბანული გეგმის ნაწილია, რის გარეშეც გამორიცხულია გენერალური გეგმა?!

 სხვათა შორის, შემოთავაზებულ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არსებული სტრანსპორტო სქემები გადატანილი უცვლელად.

– დიახ, ტრანსპორტის თემა კი იმდენად კომპლექსურია, რომ, ფაქტობრივად, შეიძლება, ჩაითვალოს უმთავრეს დოკუმენტად. მას კავშირი აქვს მშენებლობასთან, განვითარებასთან, კომუნიკაციასთან… 21-ე საუკუნე არის მობილობის საუკუნე: სწორედ ტრანსპორტი უზრუნველყოფს ჩვენს ხელმისაწვდომობას სიკეთეებსა და სერვისებზე. ძალიან კომპლექსური თემაა და შეიცავს დიდ კორუფციულ რისკს. მაგალითად, 2004 წლამდე პარკინგი და სამარშრუტო გადაზიდვები იყო ყველაზე მაღალშემოსავლიანი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე კორუმპირებული და შავი ბიზნესი, რომელიც მაღალჩინოსანთა მხარადჭერით ყვაოდა. ერთი სიტყვით, ეს არის საკითხების კომპლექსი და სამსჯელოა, რამდენად ეხება ამ საკითხებს ეს დოკუმენტი, რამდენად რეალურია, რომ მიიღებენ და თუ მიიღებენ, რა მოხდება შემდგომ, ანუ იმოქმედებს თუ არა ახალი გუნდი ამ დოკუმენტის შესაბამისად?! ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა გაარკვიოთ ეს საკითხი: უკვე გამოცხადაა წინასაარჩევნო კამპანია და, ალბათ, უნდა ჰკითხოთ მმართველი გუნდის კანდიდატს, აქვს თუ არა წაკითხული ეს დოკუმენტი და, მეორე, მის უპირობოდ განხორციელებას აპირებს თუ შეცვლიც?! ეს საქმიან კალაპოტში გადაიყვანდა პროცესს.

 თუმცა, მაგალითად, კახა კალაძის დაპირება, რომ თბილისი აღარ იქნება ე. წ. „ხრუშჩოვკების“ ქალაქი, არ არის ასახული დავით ნარმანიას მიწათმოქმედების გენერალურ გეგმაში, ისევე, როგორც ტრანპორტის კონცეფცია, რომელიც თქვენ ახსენეთ.

– არ მაქვს უფლება, შევიტანო ეჭვი გეგმის შემდგენელთა კომპეტენციაში, რადგან მათ ძალიან დიდი მოცულობის საქმე გასწიეს.

 დიახ, დოკუმენტი მოცულობითია, მაგრამ არ არის მითითებული, რა რატომ უნდა გაკეთდეს, შესაბამისად, არ ვიცით, რა მიზანს მივაღწევთ და არსებულ რა პრობლემებს გადავჭრით?

– სწორედ ეს არის პრობლემა: ტექნიკური შესრულების გარდა ამ ტიპის დოკუმენტი უნდა ეყრდნობოდეს სანდო ინფორმაციას, თუ რის საფუძველზე ამბობ, რომ, მაგალითად, ესა და ეს ქუჩა უნდა გახდეს ცალმხრივი.

 ან გაიზარდოს მოსახლეობის სიმჭიდროვე ძველ ქალაქში და როგორ: ძველი, ისტორიული შენობების დანგრევით და თანამედროვე შენობების აგების ხარჯზე?

– დიახ და მეორე, დოკუმენტის შემდგენლებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი კომპეტენცია და ლეგიტიმაცია, რომ გადაწყვიტონ პოლიტიკური საკითხები. იმიტომ, რომ ადგილობრივი პოლიტიკის გადასაწვეტი საკითხია, როდესაც ამბობ, რომ ქალაქის ერთი ნაწილი უნდა განვითარდეს რაღაც მიმართულებით, მაგალითად, იყოს სამრეწველო ზონა. ეს მანდატი ვინ მისცა მათ?! გამოცხადდა ტენდერი, რომლითაც, ჩემი აზრით, მხოლოდ ტექნიკური კვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოები უნდა შესრულებულიყო და ნ გადაწყვეტილიყო, რომ ამ ხალხს მიეცემოდა ადგილობრივი პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება, ან საკრებულოს მათთვის წინასწარ განესაზღვრა ძირითადი მიმართულებები. მაგალითად, რომ გლდანი იქნება საზოგადოებრივი-საცხოვრებელი ზონა, მისი მიმდებარე ზონა კი რეგულირების გარეშე დარჩება, რომ იქ მშენებლობა განვითარდეს; სამგორი იქნება სატრანსპორტო კვანძი. როდესაც ასეთი დათქმები არ არის, გამოდის, რომ დოკუმენტი შეიქმნა მისი შემქმნელების გემოვნებით. ამაზე მწყდება გული, რადგან პროცესი უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო, უნდა წარმართულიყო საჯაროდ, გამხდარიყო პროფესიონალების დისკუსიის საგანი. ამის გარეშე, ვეჭვობ, პროცესი ჯეროვნად წარიმართოს. წინასაარჩევნო პერიოდი უკვე დაიწყო და არ მგონია, თბილისის საკრებულომ რამე გრძელვადიანი და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და ნაჩქარევად განიხილოს ეს დოკუმენტი. „ქათრულმა ოცნებამ“, მინიმუმ, წლის დასაწყისიდან იცოდა, ვინ იქნებოდა მისი კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე. ამდენად, გადაწყვეტილებას ერთობრივად მიიღებდენ. მას რომ მზაობა გამოეთქვა და ეს დოკუმენტი სავალდებულო შესასრულებლად მიეღო, ის უკვე დამტკიცებული ექნებოდა საკრებულოს.

 ვარაუდობთ, რომ ამ დოკუმენტს საკრებულო არ განიხილავს, მაგრამ არის მეორე მოსაზრებაც, რომ, რაკი მილიონი ხე და თბილისის განვითარების გრძელვადიანი გეგმა იყო დავით ნარმანიას დაპირება, ის შეეცდება, წასვლამდე დაამტკიცოს ეს დოკუმენტი, რათა ჰქონდეს საფუძველი, თქვას, რომ დანაპირები შეასრულა.

– მერედა, გეგმა ხომ დევს?! ეს სუფთა პოლიტიკური რიტორიკის თემად შეიძლება, იქცეს. შესრულება კი იქნება კალაძისა და მის გუნდის სამჯელო. ერთ-ერთ ინტერვიუში დათო ნარმანიამაც თქვა, რომ დანაპირები შეასრულა, დოკუმენტის განხილვა დაიწყო და საზოგადოება თავად გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა ის. მეც იმავეს ვურჩევ მას. იმიტომ რომ ამ დოკუმენტის დამტკიცება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ის შეიძლება, არსებითად შეიცვალოს რამდენიმე თვეში და შემოიდოს თაროზე, ისევე, როგორც თაროზეა შემოდებული განაშენიანების წესები, რომელშიც დღემდე წერია, თუ რამდენი გამწვანება უნდა იყოს თითოეულ ახალაშენებულ შენობასთან, რამდენი უნდა იყოს სარდაფების რაოდენობა თითოეულ მოსახლეზე, პარკირების ადგილები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს წესები არ სრულდება. იგივე ბედი არ უნდა ეწიოს ამ გეგმასაც. წინა ხელისუფლება სხვა გზით მიდიოდა: მათ ცალკეული ადგილებისთვის შეიმუშავეს რეგულირების გეგმები, მაგალითად, ცენტრალური ნაწილისთვის…

 რასაც ურბანისტებმა ქალაქმშენებლური ფაშიზმი უწოდეს, იმიტომ რომ ცენტრალურ უბნებში მცხვორები ღარიბი მოსახლეობის მდიდრებით ჩანაცვლებას გულისხმობდა.

–ეს გადაწყვეტილებები განსხვავდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისგან, რადგან თბილისზე ექნება მყისიერი გავლენა. ერთი წლის თავზე უკვე ხილული იქნება შედეგი. მაგალითად, დღემდე პრობლემაა დისტრიბუციის მანქანები.

 ამ საკითხის გარეგულირება ვერ მოახერხა ვერც ერთმა ხელისუფალმა ამ ქალაქში, ისევე, როგორც დასუფთავების მანქანების პრობლემის.

– იმიტომ, რომ ერთმანეთს დაეჯახა საჯარო და კერძო ინტერესები, ისევე, როგორც გარე რეკლამის შემთხვევაში, ისევე, როგორც პარკირების შემთხვევაში და როგორ მოიქცა ხელისუფლება? უბრალოდ შეეგუა ამ მდგომარეობას. თუ ხელისუფალმა თვითშეზღუდვას არ დაუქვემდებარა თავისი მოქმედება, ის ყოველთვის დარჩება კონკრეტული სიტუაციების მძევლად. სისტემურად რომ გადაწყვეტილიყო პრობლემა და გაწერილიყო კანონში, უკვე შეგუებულები იქნებოდნენ დისტრიბუტორები. მთელ მსოფლიოში ასეა: მოძრაობენ გარკვეულ დროს. მრავალდონიანი პარკინგიც რომ აშენდეს, სადისტრიბუციო მანქანებს რას მოუხერხებ იმ ვიწრო ქუჩებში?!

 დისტრიბუტორებს თავი დავანებოთ, დასუფთავების მანქანების მართვა ხომ დედაქალაქის მთავრობის ხელშია?

– მთლად ეგრეთ წოდებული შესრელებლის დონეზე მსჯელობა არც მინდა. საჭიროება არ გამოკვლეულა. პრობლემაა, რომ საცობები იქმნება დისტრიბუციისა და დასუფთავების მანქანების მიერ, მაგრამ ის მანქანები ხომ არ სეირნობს?! საქმეს აკეთებენ.

 ხალვათი მოძრაობის დროს ვერ გააკეთებენ იმავე საქმეს?

– დისტრიბუციის მანქანებზე უკვე ვიმსჯელეთ. დასუფთავებას გააქვს ნარჩენები. რა მოხდება, თუ არ გაიტანს იმ დროს, როდესაც სავსეა ურნა?! აღმოჩნდა, რომ, თუ დილთ ადრე გაიტანდნენ ნარჩენებს, ძალიან მალე ივსებოდა ნაგვის კონტეინერები და ხალხი გარეთ ყრიდა ნაგავს. ანუ პრობლემა ყოფილა ნარჩენების მართვა, ესე იგი, საჭიროა სხვა მოდელზე გადასვლა. იმის თქმა მინდა, რომ, თუ არ იქნა შესაბამისი კვლევები და ამ კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, ავაშენებ მრავალდონიან პარკინგს, ამა და ამ საათებში არ ივლის დასუფთავების მანქანები, დისტირიბუტორები იმოძრავებენ მხოლოდ დილით, დარჩება ისევ რიტორიკად. ამ ორ მაგალითზეც ჩანს, რომ სტრატეგიული განვითარების დოკუმენტები იქმნება პრობლემების მოსაგვარებლად, ხელისუფალი იქნება თუ ბიზნესმენი, დახედავს და ეცოდინება, სად რა შეიძლება და ჰფ არ შეიძლება. ეს არის თვითშეზღუდვის მექანიზმი: მას უნდა დაემორჩილოს ხელისუფალი ან ის უნდა შეცვალოს. ასევე, ეს დოკუმენტი შეამცირებს ინვესტორის მოჭარბებულ მადასაც: ხელისუფალი დაუდებს დოკუმენტს და ეტყვის, რომ მხოლოდ ამ ფარგლებში შეუძლია დახმარება; მესამე – ამ ტიპის დოკუმენტები კარგია ჩვენთვისაც, რადგან ეს არის ინსტრუმენტი, რითაც გავაკონტროლებთ ხელისუფლებასაც და ბიზნესსაც. თუ ეს არ იქნა, ჩვენი რეაქცია ყოველთვის იქნება იმპულსური, ერთი ხის მოჭრაზე დასული და არა – სისტემური.

მილიონი ხე ახსენეთ: ერთი შეხედვით, გამწვანება კარგია, მაგრამ რატომ უნდა დარგო აქ და არა სხვაგან?! თუ ეს არ არის განსაზღვრული, ხის დარგვა იქნება მორიგი ხის ჩარჭობა მიწაში. ეს წინასაარჩევნო დაპირება წარმოდგენილი იყო ყოველგვარი სტრატეგიული ხედვის გარეშე და გარკვეულწილად, პოპულისტურიც. შესაბამისად, ვერავის მოვთხოვთ პასუხს, იტყვის, რომ მილიონი ხე დარგო და არც ტყუის, მაგრამ სად? იქ, სადაც გამწვანების სამსახური თვლიდა საჭიროდ. ანუ სისტემური ხედვის გარეშე ურბანული განვითარება წარმოუდგენელია. მაგალითად, ვაკეში არის მიწისქვეშა კომუნიკაციის პრობლემა. იცის ვინმემ, სადამე გაუძლებს?! მოქმედებენ ხანძრის ჩაქრობის პრინციპით: დაზიანებას აღმოფხვრიან, მაგრამ ეს ხომ არ არის პრობლემის სისტემური გადაწყვეტა?! ისევე, როგორც პეკინის გამზირის რეაბილიტაცია აუცილებელი იყო, მაგრამ რატომ მხოლოდ პეკინის და არა ვაჟა-ფშაველას გამზირის?! როდესაც ვგეგმავთ სატრანსპორტო ქსელს ან კომუნიკაციას, ვიცით, სად განვითარდება ქალაქი?! იქ არსებული ინფრასტრუქტურა გაუძლებს კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსის ან დასახლების გაჩენას?! ხომ არ არის ამისთვის საკმარისი მხოლოდ ის, რომ მე ასე ვფიქრობ?! სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ერთ კარგ კვლევას ქალაქისთვის.

 როგორც მივხვდი, საუკეთესო გამოსავალი, თქვენი აზრით, არის ის, რომ დედაქალაქის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ეყოს გონიერება და ამ საკრებულოს არ დაავალოს მიიღონ დოკუმენტი, რომელიც გარდა სტაგნაციისა არაფერს იძლევა?

– ან საკრებულო ფორსირებულად მიიღებს ამ დოკუმენტს, ის შემოიდება თაროზე და აღმოჩნდება, რომ ისევ გადაიყარა გადასახადის გადამხდელების თანხა. ეს იქნება ლეგალურად ჩამოწერილი ფული. უკეთეს შემთხვევაში, ის შეიძლება, შეამოწმოს აუდიტის სამსახურმა, ეფექტიანობის აუდიტი მაქვს მხედველობაში და თქვას, როგორც არაერთხელ უთქვამს, რომ თანხა არ დაიხარჯა ეფექტიანად.

ანი მდივანი

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *