კრიმინალი

პატიმარი რომელიც ბრიტანულმა სასამართლომ 27 წლის შემდეგ ცნო უდანაშაულოდ

ბრიტანულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და 27-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის გასამართლებული შონ ხოდჟსონი, რომელსაც, თავის დროზე, მართლმსაჯულებამ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ისაა, რომ 27 წლის შემდეგ, თანამედროვე მეთოდებით ჩატარებული გამოძიებით  დადგინდა, რომ მძიმე დანაშაულები, რომლისთვისაც შონ ხოდსონი გაასამართლეს, მას არ ჩაუდენია. მისი უდანაშაულობის დადგენა დნმ-ს ექსპერტიზის საშუალებით გახდა შესაძლებელი.

შონ ხოდსონის საქმის გამოძიებისას, სამი ათეული წლის წინ, გამომძიებლებმა  საკმარის მტკიცებულებად ჩათვალეს ეჭვმიტანილის სისხლის ჯგუფი, რომელიც  მოკლულის ავტომანქანაში აღმოჩენილი სისხლის ჯგუფს დაემთხვა. მაშინ მართლმსაჯულებისთვისაც სისხლის ჯგუფის ეს დამთხვევა აღმოჩნდა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი. გარდა ამისა, მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში მყოფმა შონ ხოდჟსონმა წაყენებული ბრალდება –  22 წლის გოგონას ტერეზა სიმონის გაუპატიურება და მკვლელობა თავადაც აღიარა. მაშინ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგონა თავისივე ოქროს ჯაჭვით იყო გაგუდული, რომელიც ყელზე ეკეთა.

საქმის სასამართლო გამოძიებისას შონ ხოდჟსონის ადვოკატები ყველანაირად ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ მართლმსაჯულებისთვის, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პათოლოგიურად იტყუებოდა და ამის მიზეზი სწორედ მისი  ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო.

სხვათა შორის, სასამართლო პროცესების მსვლელობისას, შონ ხოდჟსონი ირწმუნებოდა, რომ გარდა მკვლელობისა, ჩადენილი ჰქონდა ყაჩაღობებიც და ქურდობებიც. არადა, მაშინვე გაირკვა, რომ ფაქტები, რომლებზეც განსასჯელი მიუთითებდა, საერთოდ არ მომხდარა და ის შონ ხოდჟსონის ფანტაზიის ნაყოფი იყო. განსასჯელის ინტერესების დამცველები სთხოვდნენ სასამართლოს არ გაეთვალისწინებინათ შონ ხოდჟსონის ტყუილები. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია განსასჯელის გამონაგონებს და გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ახალგაზრდა გოგონას გაუპატიეურებასა და მკვლელობაში სხვა ეჭვმიტანილი გამოძიებას არ ჰყავდა. მართალია, მოკლული გოგონას ავტომანქანაში აღმოჩენილი სპერმის ანალიზი მაშინ არ ჩატარებულია, თუმცა, აღმოჩენილი მტკიცებულება საქმეში მაინც დარჩა. მომხდარი დანაშაულიდან 27 წლის შემდეგ, სწორედ ეს მტკიცებულება დაეხმარა შონ ხოდსონს. ის ამჟამად 57 წლისაა. ცხოვრების ნახევარი კი საპატიმროში ტყუილად გაატარა.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, დანაშაულის გამოძიება, რომელიც 30 წლის წინ მოხდა, განახლდება და ნამდვილი დამნაშავის საძებნელად ყველაფერი გაკეთდება.

თანამდროვე მეთოდებით ჩატარებულმა დნმ-ს ექსპერტიზამ შონ ხოდსონს არა მარტო თავისუფლება, არამედ იმის უფლებაც მისცა, რომ მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის კომპენსაცია მოითხოვოს.

როგორც უცხოური პრესა წერს, შონ ხოდსონის შემთხვევა, ბრიტანული მართლმსაჯულებისთვის ერთადერთი არ გახლავთ. რამდენიმე ათეული წლების წინ, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა დნმ-ს ანალიზის ჩატარების შესაძლებლობა, მართლმსაჯულების შეცდომას ასობით ადამიანი შეეწირა.

მაგალითად, 1953 წელს სიკვდილით დასაჯეს 19 წლის დერეკ ბენტლი, რომელსაც გამოძიება პოლიციელის მკვლელობას ედავებოდა. მართლმსაჯულებამ ამ შემთხვევაშიც მთავარ მტკიცებულებად განსასჯელის სისხლის ჯგუფი ჩათვალა, რომელიც მკვლელის სისხლის ჯგუფს ემთხვეოდა. პოლიციელის მკვლელობასთან დერეკ ბენტლის კავშირი რომ არ ჰქონია და ის ტყუილად დასაჯეს სიკვდილით, მხოლოდ 1998 წელს გახდა ცნობილი.

1950 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე სიკვდილით დასაჯეს 25 წლის ტიმოთი ევანსი, რომელიც საკუთარი მეუღლისა და ერთი წლის შვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს.  განაჩენის აღსრულებიდან სამი წლის შემდეგ დააკავეს და გაასამართლეს ტიმოთი ევანსის მეზობელი, რომელსაც რვა ქალის მკვლელობა ედებოდა ბრალად. დადგინდა ისიც, რომ ტიმოთი ევანსის მეუღლე და შვილიც სწორედ მან გამოასალმა სიცოცხლეს.

იმათ შორის, ვინც სიკვდილით არ დასაჯეს, მაგრამ მართლმსაჯულების შეცდომის გამო უმრავი წელი ციხეში ტყუილად გაატარა, არის მაიკლ ბიდლიც, რომელსაც სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის მიუსაჯა. ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ წლების შემდეგ დაამტკიცა, რომ  მაიკლ ბიდლი წარდგენილ ბრალდებაში აბსოლუტურად უდანაშაულო იყო და ის გაამართლა კიდეც, თუმცა, ბიდლი  ციხიდან ვერ გამოვიდა, რადგან ვიდრე გამამართლებელი გაჩენი ძალაში შევიდოდა, ის ავადმყოფობისა და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ციხეში გარდაიცვალა.

რაც შეეხება სტივენ დაუნინგს, მან ციხის კედლებში 27 წელი იმ დანაშაულისთვის გაატარა, რომელიც, როგორც წლების შემდეგ გაირკვა,  არ ჩაუდენია. თავისუფლება სტივენ დაუნინგმაც  გვიან ჩატარებული დნმ-ს ანალიზის შედეგად მოიპოვა. მთლიანობაში, პატიმრების ჩამონათვალი, რომლებიც ბრიტანული მართლმსაჯულების შეცდომის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, ასამდე ადამიანს ითვლის.[hana-code-insert name=’br’ /]

თეგები
იხილეთ მეტი