ბლოგერებიგოგი ლორთქიფანიძემთავარი ბლოკიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიაზე

406_51661_414823_12006678_925616650862745_224331994612223272_o_650

ჩვენ ვქმნით ახალ თავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში

ყველა თავისუფლების მოყვარე ქართველის სახელით, მადლობას მოვახსენებ გაეროსა და ყველა თავისუფალ ერს დედამიწაზე ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გაეროს დაარსების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლის მნიშვნელობას და გაეროს ტრიბუნიდან არსებულ შესაძლებლობებზე, მიღწეულ შედეგებსა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

„ძვირფასო მეგობრებო, საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი გული და კიდევ უფრო დიდი ოცნებები. საქართველო დამაჯერებლად მიიწევს წინ სწორი მიმართულებით. ჩვენი ხედვა ნათელია ისევე, როგორც ჩვენი მომავალი. აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ახალი ამომწურავი ანგარიში მმართველობის შესახებ. სიამაყით ვაცხადებ, რომ საქართველო ლიდერობს რეიტინგებში ექვსივე მაჩვენებელში მიღწეული ჯამური პროგრესის მიხედვით,”-აღნიშნა პრემიერმა.
მისი განმარტებით, მიღწეული შედეგები ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ურყევ გადაწყვეტილებას კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების განმტკიცებასთან, თანამედროვე ეკონომიკის მშენებლობასა და ჩვენი ქვეყნის დამაჯერებელი წინსვლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

„დღეს ჩვენ ვქმნით ახალ თავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში. საქართველო არის თანამედროვე და დინამიური სახელმწიფო. მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს. თავისუფლება, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა ჩვენი ხალხის გენშია ჩადებული. ქართველი ხალხი კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ რეფორმების გზაზე – მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი საქართველოსთვის გარდამტეხ ეტაპად 2014 წლის ივნისს მიიჩნევს, როდესაც ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. მისი თქმით, როგორც ევროპის ნაწილი, საქართველო შეუერთდება მშვიდობისა და სტაბილურობის იმ სტრუქტურას, რომელიც მხოლოდ სარგებელს მოუტანს მეზობელ ქვეყნებს და განამტკიცებს საერთო უსაფრთხოებას.
პრემიერ-მინისტრი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე
სოციალური დაცვა, ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, განათლების პროგრამები, გამჭვირვალე და ღია მმართველობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები-საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის მონაწილეებს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული შედეგები გააცნო.

„ჩვენ დავამყარეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის ისეთი ტიპი, რომლის ფარგლებშიც შრომა და მეწარმეობა დაფასებულია, ხოლო გაჭირვებული ფენებისთვის უზრუნველყოფილია სოციალური დაცვა. მნიშვნელოვანი ეკონომიკური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ დავნერგეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და გავაორმაგეთ სოციალური დახმარება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის ფარგლებში ჩვენ, ჩ ჰეპატიტთან ბრძოლის ახალი, ინოვაციური კამპანიის მეშვეობით, გადავარჩენთ 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს. ჩვენ ვახორციელებთ ქართული დემოკრატიის განმტკიცებას. ჩვენი ხალხი ითხოვს და იმსახურებს ძლიერ დემოკრატიას და გულისხმიერ მთავრობას. ჩვენ შევქმენით მმართველობის ისეთი სისტემა, რომელიც უფრო გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულია, ვიდრე ოდესმე,”-აღნიშნა პრემიერმა.

მანვე ხაზი გაუსვა წარმატებით ჩატარებულ 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებს, გრძელვადიან სტრატეგიას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონს.
პრემიერ-მინისტრი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ
პირადად ჩემთვის კარგად არის ცნობილი კარგი განათლებისა და უცხოეთში სწავლის ფასი; მინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებსაც ჰქონდეთ ასეთი შესაძლებლობა,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და აღნიშნა, რომ განათლება სახელმწიფოებრივი განვითარების მნიშვნელოვანი სფეროა.
„ჩვენ წამოვიწყეთ ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობა აფინანსებს ქართველი სტუდენტების განათლებას უცხოეთში. სანაცვლოდ, ისინი ბრუნდებიან სამშობლოში და იყენებენ შეძენილ უნარებს ქვეყნის სასიკეთოდ. შრომისმოყვარე ქართველებს, რომლებსაც არ აქვთ უცხოეთში მოგზაურობის შესაძლებლობა, ჩვენ ვთავაზობთ მსოფლიო დონის განათლებას საქართველოში. სიამაყით ვაცხადებ, რომ ჩვენ, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობით, წამოვიწყეთ ახალი პროგრამა. დღეს ქართველ სტუდენტებს ქვეყნიდან გაუსვლელად შეუძლიათ სან-დიეგოს უნივერსიტეტის ამერიკული სამეცნიერო ხარისხის მიღება ინჟინერიის დარგში,”-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ქართველ მორაგბეებს წარმატება უსურვა
გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და თბილისში გამართულ საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტულ ღონისძიებებზეც ისაუბრა. მან საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს ხვალინდელ მატჩში წარმატება უსურვა.
„მინდა, საქართველოს რაგბის ეროვნულ გუნდს წარმატება ვუსურვო ხვალინდელ მატჩში ახალ ზელანდიასთან მსოფლიო თასის გათამაშების ფარგლებში. ჩვენი ქვეყანა ამაყობს თქვენით!”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის ქართული ოცნება
ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი ქართული ოცნება,-ამ სიტყვებით მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ლიდერებს საქართველოს გეგმები და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.
„ჩვენი გეგმის მიზანია ეკონომიკური ზრდის მიღწევა, მმართველობის ინსტიტუტების განმტკიცება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ჩვენი ხალხისთვის მეტი შესაძლებლობის მიწოდება. ზრდის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ისეთ ადგილად, სადაც ბიზნესის წარმოება ხელსაყრელია და უცხოური ინვესტიციების განხორციელება მიმზიდველი. 2014 წლიდან დღემდე ჩვენ შევქმენით 90 000 ახალი სამუშაო ადგილი საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმისა და ენერგეტიკის ჩათვლით. საქართველოში ბიზნესის წარმოება მარტივია. უცხოური და ადგილობრივი ბიზნესები თავისუფლად ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, რომელშიც კერძო საკუთრების უფლების დაცვა გარანტირებულია,”-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის რეიტინგების თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით საქართველო მე-15 ადგილზეა მსოფლიოში. 2014 წელს, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა გაიზარდა 87 პროცენტით, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია 2007 წლის შემდეგ.

„გარდა ამისა, საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც წამყვანი ტურისტული ცენტრი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილი. მსოფლიოში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს აქვს ყველაფერი: უმშვენიერესი პლაჟები და გამაოგნებელი სათხილამურო კურორტები, დახვეწილი კულინარიული ტრადიციები, განსაკუთრებული ღვინო, უნიკალური ისტორიული ძეგლები და მსოფლიო დონის სასტუმრო სექტორი,”-აღნიშნა პრემიერმა.
გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვის გამოსვლის დასასრულს, მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიზნად მშვიდობიანი, სტაბილური, განვითარებული მომავალი დასახა.
„მე ვხედავ ქვეყანას, სადაც ყველა ყმაწვილსა და გოგონას ხელი მიუწვდება ხარისხიან განათლებაზე, რათა მათ ჰქონდეთ უფლისგან ბოძებული ნიჭის განვითარების შესაძლებლობა. მე ვხედავ ქვეყანას, სადაც ადამიანებს არ აშინებთ ჯანდაცვისა თუ თავიანთი ოჯახების დაცვისთვის, კეთილდღეობისა და ხვალინდელი დღის უზრუნველსაყოფად აუცილებელი რესურსების არარსებობა. მე ვხედავ აყვავებულ ქვეყანას, რომელიც იყენებს თავის მდებარეობას, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს. მე ვხედავ სახელმწიფოს, რომელიც ერთგულად ემსახურება მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარებისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის საქმეს. მე ვხედავ ქვეყანას, როგორც სამეზობლოში სიკეთისა და სტაბილურობის მხარდამჭერ ძალას, რომელიც ასრულებს თავის ვალდებულებებს, როგორც ეს შეშვენის მსოფლიოს მოქალაქეს,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ურთიერთობების შესახებ
გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყნის წინაშე არსებულ შიდა და გარე გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, რუსეთი განაგრძობს უკანონო კონტროლის განვრცობას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე.
„მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას. ამის ტრაგიკული შედეგი კი ისაა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ართმევენ თავისუფალი ადამიანების კუთვნილ ფუნდამენტურ უფლებებს. დე-ფაქტო მთავრობებმა ახლახან მიიღეს დამატებითი ზომები, რომლებიც კიდევ უფრო ლახავს ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას. მიმოსვლის თავისუფლება და თავისუფალი სახელმწიფოს ძირითადი უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი, ასევე დამსხვრეულია იმედები და ოცნებები იმ ეთნიკური წმენდის ასობით ათასი მსხვერპლისა, რომელთა ერთადერთი სურვილი შინ დაბრუნებაა,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კონფლიქტით მიყენებულ ტკივილთან ერთად, არსებობს უმძიმესი შედეგები დევნილებისთვის. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ საცხოვრებლით უზრუნველყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 10 000-მდე ოჯახი.
ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა კონსტრუქციული და კონკრეტული ნაბიჯები რუსეთთან სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული და ტურიზმის მიმართულებებით.
„ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. გამოვთქვამ იმედს, რომ რუსეთის ფედერაცია დაიწყებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ჩათვლით, და იმოქმედებს ისე, როგორც შეეფერება საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიან წევრს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი ურყევი ნებაა ეს კონფლიქტი გადაწყდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპების საფუძველზე,”-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილი
გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე. მისი თქმით, საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, უსაფრთხო საერთაშორისო გარემოს უზრუნველსაყოფად გასცეს იმაზე მეტი, ვიდრე მოეთხოვება.
„აშშ-ის შემდეგ ჩემი ქვეყანა მებრძოლთა რაოდენობით სიდიდით მეორე ქვეყანაა, რომელსაც წვლილი შეაქვს ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ჩვენი მებრძოლები მსოფლიოს საუკეთესოთა რიცხვში არიან. ისინი ჩემი ერის საამაყო შვილები არიან. მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და პატივი მივაგო მამაც ქართველ მებრძოლებს, -მათ, ვინც სამშობლოს სამსახურში დგას და მათ, ვინც თავი შესწირა მშვიდობასა და თავისუფლებას. ჩემი ქვეყნის წვლილი ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში ამით არ მთავრდება – საქართველო ასევე უჭერს მხარს ევროკავშირის სამშვიდობო მისიებს და სიდიდით მეორე წვლილის შემტანი ქვეყანაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ხელმძღვანელობით მიმდინარე მისიაში. საქართველოს უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ჩვენი მზარდი ურთიერთობები ნატოსთან. შარშან გამართული ნატოს სამიტის შემდეგ ალიანსი დათანხმდა საქართველოსთვის პრაქტიკული მხარდაჭერის არსებითი პაკეტის მინიჭებას, რომლის მიზანიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება და ჩვენი, როგორც ნატოს მოკავშირის, ინტეგრირების დონის ამაღლება,”-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ 70 წლის წინ მიღებული გაეროს ქარტიის მიზანია ქაოსის დასრულება და უკეთესი მსოფლიოს მშენებლობა. მანვე დადებითად შეაფასა მიმდინარე სახელმწიფოთაშორის მოლაპარაკებები უშიშროების საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით.

“დღეს მსოფლიოს წინაშე დგას უპრეცედენტო გამოწვევები, რომლებიც ითხოვს ურყევ პოლიტიკურ პოზიციას. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ უნდა განვახორციელოთ საერთაშორისო ინსტიტუტების რეფორმა, რათა მათ უპასუხონ თანამედროვე მოთხოვნებს. ამ კონტექსტში ჩვენ დადებითად ვაფასებთ მიმდინარე სახელმწიფოთაშორის მოლაპარაკებებს უშიშროების საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით, რომელთა მიზანიცაა კრიზისულ სიტუაციებში გაეროს ეფექტიანობის გაზრდა, როგორც ეს მითითებულია კიდეც მის ქარტიაში,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მიმართვა აფხაზებსა და ოსებს
ჩემი ღრმა რწმენით, არავის ძალუძს ისტორიის ხელახლა დაწერა და ჩვენი საერთო წარსულის ამოშლა; იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როცა თქვენ ჩვენი საერთო კეთილდღეობის თანაზიარნი გახდებით,-ასე მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აფხაზებსა და ოსებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ისტორიული ტრაექტორია გულისხმობს მეტ თანამშრომლობას, მეტ ინტეგრაციასა და მეტ კეთილდღეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური აფხაზ და ოს და-ძმებს თანამშრომლობას და საერთო კეთილდღეობის გაზიარებას სთავაზობს.

„ჩვენ შორის არსებული კავშირების უგულებელყოფისა და ჩვენი ერების დაშორების ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება. თქვენ სარგებელს ნახავთ საქართველოს მზარდი ეკონომიკიდან და ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულებიდან, გააქტიურებული ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზაციის ჩათვლით. ჩვენი თანამშრომლობა წარმატებასა და სარგებელს მოგვიტანს,”-აღნიშნა პრემიერმა
პრემიერ-მინისტრი აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ
აბრეშუმის გზის აღდგენა არის აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა აბრეშუმის გზის ფორუმის განხორციელებულ იდეაზე და აღნიშნა, რომ ფორუმს თბილისი რამდენიმე კვირაში უმასპინძლებს. მისი განმარტებით, აბრეშუმის გზის რეგიონი ფარავს მსოფლიო მოსახლეობის ორ მესამედს და მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს.
„შარშან მე წილად მხვდა პატივი, გამეცხადებინა საქართველოს გეგმები აბრეშუმის გზის ფორუმის დაარსებასთან დაკავშირებით. დღეს მე ვამაყობ, რომ ეს იდეა განხორციელდა და სულ რამდენიმე კვირაში თბილისი უმასპინძლებს ამ ტიპის პირველ მაღალი დონის ფორუმს. საქართველო განლაგებულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინზე, რასაც ხაზი გაესვა, როდესაც საქართველომ წელს უმასპინძლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას და აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პირველ შეხვედრას,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
პრემიერი ასევე გამოეხმაურა ირანთან მიღწეულ შეთანხმებას (P5+1) და იმედი გამოთქვა, რომ პროცესი დადებითად განვითარდება და წვლილს შეიტანს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებასა და ეკონომიკურ განვითარებაში.

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები