ისტორიამთავარი ბლოკი

რამდენი უკანონო შვილი ჰყავდა სტალინს.

იოსებ სტალინს 3  კანონიერი შვილი ჰყავდა. უფროსი ვაჟი – იაკობი პირველი ქორწინებიდან, სვანიძის ქალისგან, კატოსგან და მეორე ვაჟი – ვასილი და ქალიშვილი – სვეტლანა, მეორე ცოლისგან, ნადეჟდა ალილუევასგან.

სტალინს შვილები განსაკუთრებით უყვარდა, მაგრამ თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არასდროს აძლევდა თავს საკუთარი ემოციების გამომჟღავნების ნებას. იაკობთან მამას ხშირი კონტაქტი არ ჰქონია, ისინი იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს. თუმცა, ბელადს იაკობი ძალიან უყვარდა. გავრცელებულია ვერსია იმის შესახებ, რომ თითქოს, საბჭოთა ბელადს უმცროსი ვაჟი ვასილი უფრო უყვარდა. ამის ერთადერთ საბუთად მოჰყავთ ის, რომ მან სტალინის გვარის ტარების უფლება მისცა არა უფროს ვაჟს – იაკობს, არამედ – ვასილს. ეს ვერსია არ უნდა იყოს სწორი. იოსებ სტალინის ცხოვრებიდან ცნობილია ასეთი ფაქტი: როდესაც დიდი ბელადი გარდაიცვალა და ტანსაცმელი გახადეს, აღმოჩნდა, რომ ტანზე კიტელის ქვეშ შავი ფერის მაისური ეცვა. სტალინის მომვლელმა ქალმა განმარტა, რომ შავი ფერის მაისურს იოსებ სტალინი თავისი შვილის, იაკობის დაღუპვის ამბის შეტყობის შემდეგ მუდმივად ატარებდა. ხსენებული ვერსიის შექმნას ხელი ალბათ იმანაც შეუწყო, რომ ვასილი და სვეტლანა მამასთან იზრდებოდნენ, იაკობი კი – ცალკე, საქართველოში.

შვილებიდან სტალინი ყველაზე უფრო, ათამამებდა უმცროს ქალიშვილს – სვეტლანას. სვეტლანა ხშირად იმყოფებოდა ხოლმე მამასთან ერთად კრემლის რეზიდენციაში, ან აგარაკზე. ვასილსაც გულთბილად ეპყრობოდა იოსებ სტალინი, თუმცა არ ათამამებდა. ვასილ სტალინმა მთელი ომი გაიარა, როგორც მოქმედმა სამხედრო მფრინავმა და უამრავ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ომის შემდეგ კი იგი იყო მოსკოვის სამხედრო ოლქში, საჰაერო ძალების სარდალი.

იაკობი ომის პერიოდში, გერმანელების ტყვეობაში დაიღუპა. ვასილიც, საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა, როგორც ნიკიტა ხრუშჩოვისგან დევნილი და დამცირებული. რაც შეეხება სვეტლანას, ის გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული.

საბჭოთა ბელადის ამ სამი კანონიერი შვილის გარდა, კიდევ რამდენიმე ადასტურებდა, რომ იოსებ ბესარიონის ძე სტალინის შვილები იყვნენ და არგუმენტებიც მოჰქონდათ. ნამდვილი თუ თვითმარქვია ჯუღაშვილების რაოდენობა ბელადის სიკვდილის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

ის ორი პიროვნება, რომლებზედაც ჩვენ ვისაუბრებთ ციმბირში სტალინის გადასახლებების პერიოდებში მოევლინენ ქვეყანას.

სოლვიჩეგოდსკის გადასახლებაში მყოფი სტალინი ახალგაზრდა ქვრივთან მარია კუზაკოვასთან, ცხოვრობდა. სწორედ მაშინ გაუჩნდა მარიას უკანონო ვაჟი – კონსტანტინე კუზაკოვი. მოგვიანებით, როდესაც მარია კუზაკოვამ შეიტყო რევოლუციის შემდეგ, 1917 წელს რომ სტალინი ახალ მთავრობაში დანიშნეს, დახმარების თხოვნით წერილი მისწერა. რადგან პასუხი ვერ მიიღო, მარია ლენინთან მივიდა. იმ დროს ჯერ კიდევ მუშაობდა ულიანოვთან სტალინის მეუღლე – ნადია ალილუევა. ნადიას ქმრისთვის არაფერი გაუმხელია ამ ამბის შესახებ, ისე აღუთქვა დახმარება მარია კუზაკოვას. დიდ ბელადს კი მოგვიანებით უამბო მარიასთან შეხვედრის ამბავი.

წლების შემდეგ კონსტანტინე კუზაკოვი ლენინგრადის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებდა, რომ ამაში სტალინი დაეხმარაო.

1932 წელს მარია კუზაკოვას უკანონო ვაჟი შინსახკომში დაიბარეს და ხელი მოაწერინეს დაპირებაზე, რომ ის არავის გაუმხელდა თავისი წარმომავლობის ამბავს.

ლენინგრადის სამხედრო-მექანიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კონსტანტინე კუზაკოვი სტალინის უახლოესმა ქვეშევრდომმა, ანდრეი ჟდანოვმა ცეკას აპარატში აიყვანა სამუშაოდ. იცოდა თუ არა ჟდანოვმა კონსტანტინე კუზაკოვის წარმოშობის ამბავი, – უცნობია. თავად კონსტანტინე მოგვიანებით თავის მოგონებებში ადასტურებდა, რომ ჟდანოვმა ყველაფერი იცოდა ამასთან დაკავშირებით. კუზაკოვი მხოლოდ ერთხელ შეხვდა მამას. „სტალინი შეჩერდა და შემომხედა. მინდოდა, მისკენ გავქცეულიყავი, მაგრამ რაღაცამ შემაჩერა. მან კი თავისი ჩიბუხი დაიქნია და გზა განაგრძო,“ – წერს თავის მოგონებაში კუზაკოვი.

მეორე მსოფლიო ომში კონსტანტინე კუზაკოვი ორდენოსანი პოლკოვნიკი იყო. დედამისი მარია – ლენინგრადის ბლოკადის დროს გარდაიცვალა შიმშილით.

1947 წელს ზაფხულში კონსტანტინე კუზაკოვი ჟდანოვის კაბინეტში გამოიძახეს, სადაც მას საიდუმლო სამსახურის უფროსი აბაკუმოვი დახვდა და კუზაკოვი თავის მოადგილიანად ამერიკის შეერთებული შტატების ჯაშუშობაში დაადანაშაულა. იოსებ სტალინმა მისი დაპატიმრების ნებართვა არ გასცა, თუმცა კონსტანტინე კუზაკოვი ამხანაგურ სასამართლოზე გაასამართლეს და პარტიიდან გარიცხეს. ის პარტიაში აღადგინეს სტალინის სიკვდილის შემდეგ. მოგვიანებით, კუზაკოვი საბჭოთა ტელევიზიის დირექტორი გახდა და ამ თანამდებობაზე იმუშავა დიდი ხნის განმავლობაში. კონსტანტინე კუზაკოვი გარდაიცვალა 1996 წელს.

კურეიკაში იოსებ სტალინი 1917 წლამდე იყო გადასახლებული, სადაც პერეპრიგინების ქოხში ცხოვრობდა. სწორედ იმ პერიოდში შეეძინა ლიდია პერეპრიგინას უკანონო ვაჟი – ალექსანდრე. ამის შემდეგ, ძალიან მალე, ლიდია პერეპრიგინა ცოლად გაჰყვა გლეხს, მეთევზე იაკობ დავიდოვს, რომელმაც საკუთარი შვილივით გაზარდა ალექსანდრე. სხვათა შორის, ალექსანდრე სიცოცხლის ბოლომდე დავიდოვის გვარს ატარებდა. ლიდიამ ამის შემდეგ კიდევ რვა შვილი გააჩინა. ის პარიკმახერად მუშაობდა. ალექსანდრე დავიდოვს ბიოლოგიური მამის ვინაობა მრავალი წლის შემდეგ გაუმხილა დედამისმა, – იხსენებს ალექსანდრეს ვაჟი იური. ლიდია პერეპრიგინა და მისი მეუღლე საიდუმლოდ ინახავნენ ამ ამბავს. კურეიკაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა სიმართლე. ალექსანდრე კომკავშირის ინსტრუქტორად და ფოსტალიონად მუშაობდა. 1932 წელს ისიც გამოიძახეს შინსახკომში და მასაც ისეთივე ხელწერილი დააწერინეს, როგორიც 1932 წელს – კონსტანტინე კუზაკოვს. ალექსანდრესაც საიდუმლოდ უნდა შეენახა საკუთარი წარმომავლობა. ამის შემდეგ, მას მოსკოვში გადასვლა შესთავაზეს საცხოვრებლად, რაზეც უარი განაცხადა.

ალექსანდრე დავიდოვი 1941-1945 წლებში მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, როგორც უბრალო ჯარისკაცი. ომის განმავლობაში ის სამჯერ დაიჭრა და მაიორობა მიიღო. ომის შემდეგ, მას პატარა სასადილო ჰქონდა გახსნილი მეშახტეთა ქალაქ ნოვოკუზნეცკში. მოგვიანებით ის ამავე ქალაქში დაქორწინდა. წყვილს სამი შვილი შეეძინა. ალექსანდრე დავიდოვი გარდაიცვალა 1987 წელს. „მამაჩემმა მითხრა, რომ იოსებ სტალინის შვილიშვილი ვარ”, – ამბობს იური, რომელიც თავის ოჯახთან ერთად ამჟამადაც ნოვოსიბირსკში ცხოვრობს.
ვახტანგ გურულის მასალების მიხედვით მოამზადა ანრი შავლაძემ/

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები