მთავარი ბლოკირელიგია

რას გაექცა სამშობოდან მეუფე ელიზბარი, როგორ იხსენებს დეკანოზ მამალაძის “კუდრაჭობის” პერიოდს და იყო თუ არა მეუფე პეტრე ვაგზლის ქურდი?!

ყოფილი დიაკვანი ელიზბარ დიაკონიძე, რომელიც ყოველთვის ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩეოდა, 2 წლის წინ საქართველოდან წავიდა და სასულიერო მოღვაწეობას უცხოეთში აგრძელებს. ამჯერად უკვე სალონიისა და სკანდინავიის ეპისკოპოსი ელიზბარი, საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.


მეუფე ელიზბარი
(დიაკონიძე): საქართველოდან წავედი, რადგან, რასაც თქვენ ახლა გარეთ, ეკლესიიდან ისმენთ, ამას მე შიგნით ვხედავდი. ძალიან არ მინდოდა, ავად თუ კარგად, თანამონაწილე გავმხდარიყავი საზიზღრობებისა, რასაც შევეწირებოდი კიდეც და მადლობა უფალს, რომ ამ ყველაფერს გავერიდე. ცოტა ხანს საბერძნეთისა და ფინეთის ეკლესიებში ვიმსახურე და როდესაც მსოფლიო საპატრიარქოდან ჩემ შესახებ ინფორმაცია მიიღეს, ხელი დამასხეს ეპისკოპოსის რანგში. სულ ახლახან ამირჩიეს ათენის სინოდის წევრად და გავხდი სალონიისა და სკანდინავიის ეპისკოპოსი ვენეციაში. თუმცა, ეს იტალიის კი არა, საბერძნეთის სლავური დიასპორების ეკლესიაა, სადაც წირვა-ლოცვა ძველ სლავურ ენაზე მიმდინარეობს. აქ უამრავი რუსია, ქართველებიც არიან კანტიკუნტად.
წამოვედი, რადგან დღევანდელ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ან ვიღაცის პირფერობით უნდა დაკავდე, ან რაღაც ისეთი გრძნობებით უნდა იყო დატვირთული, რომელსაც მკითხველს არ ვაკადრებ. „ჩვენს გულებში დავიმარხოთ სიყვარული უფლისა და სამშობლოსი“ – ამათ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს და ერთიც და მეორეც ჩამარხეს!
როგორც საქართველოს საპატრიარქოს ერთ-ერთი მოძღვარი ამბობდა, ეკლესია არის მუწუკი ქართულ სხეულზე. ამას ვამბობ მეც 2010–2011 წლიდან. თუმცა, რაღაცას კიდევ არ ვამბობდი, იქნებ შიგნით ისე ჩუმად მოხდეს წმენდა, გარეთ არ გაიგონ-მეთქი. იმიტომ კი არა, რომ საპატრიარქოს ამბები გარეთ არ გასულიყო – ცოდოა ხალხი ამის მოსმენისთვის, დაბრკოლდება ადამიანი!

– მეუფეო, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს აქტიურად ადევნებთ. რას იტყოდით იმ ვიდეოჩანაწერზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ გამოაქვეყნა, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობა დასტურდება?

– ამ დეკანოზს არასდოროს გავამართლებ, მაგრამ, ვისაც მისი გამტყუნება უნდა, მასზე გასვრილი ღორია! თუმცა, მე გიორგი მამალაძის უზნეო მხარეებს კარგად ვიცნობ, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, სემინარიაში რომ მოეწყო. მისი „კუდრაჭობის“ პერიოდიც მახსოვს, ისე ამპარტავნულად და მაღალფარდოვანი გამოხედვით გაგივლიდა წინ, ჯერ კიდევ ბავშვი, ეტყობოდა, რომ ძლიერი მფარველი ჰყავდა – ამ დროს ერთი ზნედაცემული ადამიანი იყო. კი ბატონო, მეუფე დიმიტრი მფარველობდა, რომ ესწავლა, მაგრამ რაც შენს შეგნებასა და ზნეობაში არ ზის, წიგნში არ ისწავლება. თუმცა, მამალაძე ამ საქმის ჩამდენი არ მგონია იყოს, იმიტომ რომ, მშიშარაა, გულმამაცი არ არის. კაცის მოკვლას, ბოროტებასთან ერთად, სიმამაცეც სჭირდება. რადგან მამალაძე მეუფე დიმიტრის „ლიუბიმჩიკია“, მის მაკომპრომეტირებლად გამოიყენეს, მეუფე დიმიტრი გასვარეს ამით… მაგრამ, კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა ასლან აბაშიძე მოსკოვს მიბრძანდებოდა, ივანოვი იყო ჩამოსული და აეროპორტს არავის აკარებდნენ, რომ ასლანი, თავის ოჯახით უსაფრთხოდ წასულიყო. მიდის ასლანი და მიაქვს თავის ნივთებიც, მათ შორის – მოპარული ხატებით სავსე 6 დიდი ყუთი. ძველი და ღირებული ხატებით სავსე, მაღაზიაში ნაყიდით კი არა! თუმცა, ეს ხატები საბაჟოს თანამშრომლებმა არ გადაატანინეს და უკან მოაბრძანეს. მაშინ დაუძახა ასლანმა თავის პრესსამსახურის უფროსს, გადასცა ეს მოპარული ხატებით სავსე ყუთები, მოხია საბანკო წიგნაკიდან ფურცელი, გამოწერა ქვითარი 500 ათას დოლარზე, გაუწოდა ამ ქალბატონს და უთხრა: ეს ნივთები მეუფე დიმიტრის წაუღე და უთხარი, მოსკოვიდან კიდევ შევეხმიანები – დამლოცოს და გზა დამილოცოსო!.. ასლანის თვითმფრინავი აფრინდა, ხატები და ქვითარი კი ხელიდან ხელში გადაეცა მეუფე დიმიტრის. ამ დროს უკვე ჟვანია და სააკაშვილი ჩოლოქზე აფეთქებული ხიდიდან წყალში ჩამოდიან. აქედან მეუფე დიმიტრი ჩავიდა წყალში, ხელები აღაპყრო და ბრძანა: აი, ახლა ამოვიდა მზე აჭარაშიო… ვინც ეს გააკეთა, იმ ქალბატონისგან ვიცი ეს ამბავი, თორემ საკუთარი თვალით რომ მეყურებინა, ახლა, ალბათ, მკვდარი ვიქნებოდი, იმიტომ რომ, ასეთ ქმედებას ვერავისგან ავიტან! თუმცა, მიტროპოლიტი დიმიტრი გახლავთ კარგი სწავლული, წიგნიერი კაცი. მას აქვს გარკვეული პრივილეგიები იმის ჩათვლით, რომ მისი ბიძა ბრძანდება პირველი იერარქი. იქიდან უნდათ სწორედ, რომ დაიწყონ ტახტისკენ გზის წმენდა. ეს ძალები ჯერ არ ჩანან, მაგრამ ლამაზად და კოხტად ისუფთავებენ გზას მაღალი იერარქიული საფეხურებისკენ. ამიტომ, იქ პეტრე ალაპარაკეს, იქ – სხვა, თვითონ კი ჯერჯერობით ჩრდილში რჩებიან.
თავისით კი არ ალაპარაკდა, პეტრე ვიღაცამ გამოაყეფა! პეტრე ცაავა არ არის ისეთი კაცი, ვინმეს რამე რომ აპატიოს. მარტვილის რაიონში თუ ჩაბრძანდებით, გაიგებთ, რომ უდიერი გამოხედვაც არავისთვის უპატიებია ამ კაცს, არა თუ რაიმე სხვა წყენა. აბსოლუტური სიმართლეა ყველაფერი, რასაც მასზე წერენ, რომ სენაკის ვაგზლის ქურდი იყო ჩვეულებრივი, ჯიბგირს რომ ვეძახით ჩვენ – „კარმანშიკი“! იყო უშიშროების აგენტი. ყველასთვის ცნობილია, რომ ილია ზუკაკიშვილს, ჩემს მეგობარს, უსაყვარლეს კაცს, როგორსაც იშვიათად შეხვდებით, სახლი გაუყიდა, ქუჩაში დატოვა და წლების შემდეგ, როცა ილიამ, როგორც იქნა მიაგნო მას, მის წინაშე იდგა პაატა ცაავა ეპისკოპოსის შესამოსელში… ეს ამბავი მე ვიცოდი ჩემი მეგობრისგან. ვიცოდი, რომ იყო ერთი გარეწარი ეპისკოპოსი, ვინმე პეტრე ცაავა, მაგრამ ილიას თხოვნით, ამას არსად ვამბობდი. მარტვილში ეს კაცი არავის უყვარს. უყვართ მხოლოდ მათ, ვისაც ხელს უწყობს სამამაძაღლო საქმეებში, ვისთან ერთადაც მიწებს ართმევს და ავიწროებს ხალხს. თუ რომელიმე სასულიერო პირმა ავტორიტეტი მოიხვეჭა და მისი აზრი არ გაიზიარა,  ყველა გამოყარა იქიდან, მერე კი რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობს შემოუთვალა, ჩემიდან გამოყრილ ხალხს ნუ იღებო. რას ჰქვია ნუ იღებ? – ჯერ შენ როგორ გამოაგდე ბერი ქუჩაში, მიტროპოლიტმა, მერე მე არ მივიღო? არ გავუღო კარი, როცა აკაკუნებენ?

– მეუფეო, როგორც დეკანოზი მამალაძე ჩანაწერში ამბობს, შორენას „მარილზე უშვებს“, თავად კი მიქაელ ბოტკოველის ან დეკანოზ დავით ჭინჭარაულის ადგილს უმიზნებს. შორენას „მარილზე წასვლა“ მას რა ხელს აძლევს?

– შორენა არის ქართულ ეკლესიაში ერთ-ერთი უძლიერესი ფიგურა, დედალი პატრიარქი, უძლიერესი პიროვნებაა. ძალიან ჭკვიანია და სადავეებს, რომელიც ხელში აქვს, მტკიცედ იცავს. ერთგულების შესაშური გრძნობით არის გადაფარებული მის უწმიდესობას, მოხუც პატრიარქს, მაგრამ, ამასთან, ერთგულია იმ პრივილეგიებისა, რომელიც საპატრიარქოს კარზე აქვს. როგორც კი კათოლიკოსი აღარ იქნება საკუთარ ტახტზე, შორენა დაკარგავს იმ პრივილეგიებს, რაც აქვს, მატერიალურის ჩათვლით!
პატრიარქის გუნდი არის შორენა თეთრუაშვილი, მიქაელ ბოტკოველი და მისი პირადი კამერდინერი, ასე ვთქვათ, დეკანოზი დავით ჭინჭარაული. მამალაძე ვინ არის თვითონ, რომ სხვებს განიკითხავს? მთელი მისი საგვარეულო რომ დაეწყოს და ილოცონ, იმდენი მადლი არ ექნებათ, რაც დავითს და კონსტანტინეს აქვთ. ეს ტყუპი ძმა სულ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, რომ ეკურთხნენ. ერთ წირვაზე ვეკურთხეთ ჩვენ, მახსოვს მათი კურთხევა. მამალაძეს დავითის ადგილი იმიტომ უნდა, რომ პატრიარქის კარზე იქნება და იოლად გააკეთებს იმას, რა დავალებაც აქვს. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, მაგრამ ვინც დაჯდება საპატრიარქოს ტახტზე, იმის გაკეთებულია ეს ყველაფერი. მათ აინტერესებთ ერთი მთავარი რამ – ფურცელი, სადაც ანდერძი წერია. ამისთვის თავისი კაცი უნდა ჰყავდეთ ახლოს, რომ ანდერძი შეცვალონ.
ეს სამი ადამიანია ყველაზე ახლოს საპატრიარქო ტახტთან. მათ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს შევიდნენ უწმიდესის საძინებელში, სამუშაო ოთახში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ პრივილეგიის ხელში აღება უნდა ვიღაცას, მაგრამ ეს გუნდი შორენას შერჩეულია და არც ისე სუსტებს შეარჩევდა, რომ უღალატონ. თან, კარგად იცის, რომ ერთი რგოლის შესუსტება მის დაშლას გამოიწვევს.

– თუმცა, როგორც თქვენ ამბობთ, ერთმა რგოლმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა…

– მერე გაუშვეს? იმუქრება წასვლით, მაგრამ ჩვენ მაგისთანა ერთი მივიღეთ. შევარდნაძემ რომ დააჩოქა ხალხი, ოღონდ არ წახვიდეო. ასე აპირებს ეს საცოდავიც, რომ დაუჩოქონ. მათ ყველამ ჩემ თვალწინ გაიარეს თავიანთი ღირსებით და უღირსობებით. ახლა პირველად ვიტყვი იმას, რაც არასდროს მითქვამს, მაგრამ არც არასდორს დამვიწყებია: ჩემი ყოფილი მეუღლე ბარბარე და მიქაელ ბოტკოველის მეუღლე ქალბატონი მარინა ახლო მეგობრები არიან, ერთად მუშაობდნენ 80-იან წლებში მცხეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. სვეტიცხოველში იყო ეს მუზეუმი მაშინ. მახსოვს, ოქტომბერში იყო ჩემი ქორწილი, ორი თვის შემდეგ მათაც იქორწინეს. მამა მიქაელ ბოტკოველი იმხანად სემინარია-აკადემიის რექტორის, მეუფე ზოსიმეს (ახლანდელი მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი), მძღოლი გახლდათ. ის მაშინ იყო მიშიკო, მიხო რა, კახელი, იყალთოელი ბიჭი და მძღოლობის პარალელურად, სემინარიაში სწავლობდა. წარმოგიდგენიათ, 80-იან წლებში, როცა „კაგებე“ ყვაოდა, აკადემიის რექტორის მძღოლად ვის დანიშნავდნენ? იმ პერიოდში მე სამშენებლო ტრესტში ვმუშაობდი და სვეტიცხოველში შევდიოდი იმისთვის, რომ იქ შეყვარებული მყავდა, თან მეუფე ზოსიმემ მთხოვა, კარგი ბანი გაქვს და ჩვენ გუნდში იგალობეო. შაბათ–კვირას ჩავდიოდი და ვგალობდი. შესანიშნავი გუნდი ჰყავდა მეუფე ზოსიმეს დროს სვეტიცხოველს და ეს ჩემს ცხოვრებაში შესაძლოა, ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდადაც ჩავთვალო…

მალევე ხელი დაასხა დიაკვნად მეუფე ზოსიმემ მიშიკოს, სადღაც ერთ თუ ორ კვირაში კი, მღვდლადაც აკურთხა და სვეტიცხოველში დატოვა. მეც, სასულიერო პირებთან და მგალობელთა გუნდთან ერთად, მის კურთხევას დავესწარი. ხის აივნიანი შენობა იდგა სვეტიცხოვლის ეზოში, გამოვედით და ღია აივანზე დავსხედით. ეკლესიაში ასეთი წესია, ვინმეს მღვდლად რომ აკურთებენ, რა მსახურებაც მოვა პირველი, წესის აგება იქნება, ნათლობა თუ სხვა, მას უშვებენ, შემოწირულობასაც ჩუქნიან და ლოცავენ!
სადღაც ნახევარი საათის მღვდელია მამა მიქაელი და მოდის ერთი მცხეთელი ახალგაზრდა ქალბატონი, ჯვრის კურთხევა უნდა. ახლაც კი მახსოვს, ვინ არის ის ქალი. რა თქმა უნდა, მიქაელს უთხრეს, რომ გაყოლოდა და მისთვის ჯვარი ეკურთხა. სვეტიცხოვლიდან მალევე გამოვიდნენ, ქალბატონმა მადლობა გადაგვიხადა და დაგვემშვიდობა. ეს კი მოდის ბურდღუნით, დაბღვერილი და კახური დიალექტით ამბობს: ვინ არი ესა, ეე, რა ვალდებული ვიყავ მაგისთვინ ჯვარი მეკურთხებინა. ვალდებულსა გხდიან, რადგან ერთხელ გამარჯობა გითხრეს! მისი სიტყვები ელდასავით მეკვეთა და სიმართლეს გეტყვით, შემდეგში, როცა უფლის გზას შევუდექი, მუდამ თვალწინ მქონდა ეს მაგალითი. ვფიქრობდი, რომ ასეთი არასდროს გავმხდარიყავი. წარმოიდგინეთ, ქალი ფიქრობდა, ახალი ნაკურთხი, მადლით სავსე მღვდელიაო და ცარიელი ჯვარი გაატანა სახლში, იმის გამო, რომ მადლობის მეტი არაფერი გადაუხდია. ეს მაშინ, როცა სიხარულით ფრთაშესხმული უნდა ყოფილიყო მღვდლად ახლადნაკურთხი. ის მცნება, რომ უსასყიდლოდ მიგიღებიოს და უსასყიდლოდ გაეციო, ნახევარ საათში დაივიწყა ბოტკოველმა.

– დაბოლოს, რა მოლოდინი გქონდათ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ წმიდა სინოდის სხდომაზე და გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი?

– მოლოდინი არა, მაგრამ სურვილი კი დიდი იყო იმისა, რომ სწორ, სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რის შედეგადაც ქართული საეკლესიო სივრცე გაიწმინდებოდა იმ ადამიანებისგან, ვინც წყალს ამღვრევს. ამის შემდეგ 47-დან 3–4 კაცი თუ დარჩებოდა უწმინდესის ჩათვლით. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდებოდა, როგორც აღმაშენებლის დროს – რუის-ურბნისის კრებაზე, ქუსლები რომ დააჭრა 150 კაცს. ჩვენ დავით აღმაშენებელი არ გვყავს თორემ, ამათ ქუსლები კი არა, შუა ბარძაყამდე აქვთ დასაჭრელი ფეხები. საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებები ჯერ არ მომისმენია, ერთი ვიცი, რომ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს მღვდელმსახურება შეუჩერდა, პეტრე ცაავას კი საპატრიარქოს ტელევიზიის მმართველობა ჩამოართვეს და საყვედურიც მისცეს. მაგრამ, იმას რომ იტყვის ადამიანი, ტელევიზია კი დავკარგე, მაგრამ მადლი არ დამიკარგავსო, ჩათვალეთ, რომ არც ჰქონია არასდროს! მადლს, სიკეთეს თუ აკეთებ და ამას თუნდაც ერთხელ იტყვი, დამთავრდა, ნულია ამ სიკეთის ფასი.

ნონა ქარქაშაძე

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები