საზოგადოება

რატომ არის მიუღებელი თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა – ღია წერილი თბილისის მერს კახა კალაძეს

ღია წერილი  ქ.თბილისის  მერს ბ-ნ კახა  კალაძეს თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის შესახებ

ბ-ნო კახა, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ 2017 წლის 21 ოქტომბერს ქ. თბილისის მერად არჩევას და გისურვებთ, თქვენი წინასაარჩევნო პროგრამის წარმატებით განხორციელებას.

პროგრამაში ერთ-ერთი უმთავრეს საკითხად, სამართლიანად გქონდათ გამოყოფილი ქ. თბილისის მიწათმოწყობის გენერალური გეგმა.

ამასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო პროგრამაში ნათქვამია, რომ „მერია საბოლოოდ დაამუშავებს და დაამტკიცებს თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმას, რომელიც შეასრულებს თბილისის ურბანული განვითარების ქვაკუთხედის ფუნქციას. გენერალური გეგმა იქნება სისტემურ მიდგომაზე დაფუძნებული, წლებზე გათვლილი ქალაქის „კონსტიტუცია“. გენერალური გეგმა შექმნის ქალაქმშენებლობისა და ურბანული განვითარების ახალ პარადიგმას, რომელიც იქნება არა მხოლოდ დედაქალაქის განვითარების ახლებური ხედვა, არამედ გახდება მაგალითი საქარ-თველოს სხვა, დიდი ქალაქების განვითარების კონცეფციებისთვის.“

თქვენ მემკვიდრეობით გერგოთ ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებული უამრავი გადაწყვეტილება, რომლებიც, მათი ავკარგიანობის მიუხედავად, თქვენგან დამოუკიდებლად განხორციელდება. ისე აღმოჩნდით „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ (მგგ) განახლების ჩახლართულ ისტორიაში ჩართული, რომ ყველა დასმულ კითხვასა და კრიტიკულ შენიშვნებზე პასუხის გაცემა თქვენ მოგიწევთ. ამასთან, ყველა ხილული თუ უხილავი მანქანა იმუშავებს/უკვე მუშაობს იმისთვის, რომ თქვენ ვერც მოახერხოთ ამ ისტორიებში გარკვევა და გახდეთ თბილის-ის, როგორც ქალაქის, დეგრადაციის მონაწილე, მსგავსად თქვენი წინამორბედებისა.

პირველი ასეთი მახე თქვენ დაგიგეს წინასაარჩევნო პროგრამის ზემოთ მოტანილი ტექსტის შემოთავაზების დროს. როდესაც თქვენ მიწათსარგებლობის გეგმის მიღების პერსპექტივაზე საუბრობდით, მაშინ დედაქალაქის მიწა-თსარგებლობის გეგმის მიღება უკვე დაანონსებული ჰქონდა მერიის ხელმძღვანელობას. თუმცა, მგგ-ს პროექტის მიღება წარმოდგენილი სახით, შეუძლებელი აღმოჩნდა ქართველი ექსპერტების მიერ მისი ნეგატიურად შეფასებისა და კრიტიკის გამო. ახლა ყველა, ვინც მილიონები დახარჯა მგგ-ს პროექტის შედგენაზე (უშუალოდ სამუშაოების ღირებულება 2,8 მლნ. ლარია. გარდა ამისა, დიდია თანმდევი ხარჯებიც), ცდილობს, რომ ეს გეგმა თქვენ მიიღოთ, თანაც, შემჭიდროებულ ვადებში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მგგ-ს პროექტის საბოლოო ვარიანტი 13 ნოემბერს წარედგინება მერიის შესაბამის სამსახურს, ხოლო 22 ნოემბერი კი, ბოლო ვადაა, როცა არქიტექტურის სამსახურმა ან უნდა გააფორმოს საბოლოოდ მიღება-ჩაბარების აქტი და წარუდგინოს დოკუმენტი დასამტკიცებლად საკრებულოს, ან შეწყვიტოს ხელშეკრულება და დააჯარიმოს მგგ-ის შემდგენელი კომპანია.

მგგ განხილვის საგანია, თუმცა იმ სახით, რა სახითაც დღემდეა წარმოდგენილი, მისი მიღება გაქცევთ სიტუაცი-ის ტყვედ, ხოლო თბილისს ნორმალური ქალაქის მომავალს დაუკარგავს, საუკეთესო შემთხვევაში კი – ის იქნება მკვდრადშობილი დოკუმენტი. ვფიქრობთ, გრძნობთ აღნიშნული სიტუაციის სიმძიმეს. ამის ნიშანია თქვენ მიერ სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება, შეხვედრები სპეციალისტებთან.

მივესალმებით თქვენს ასეთ მიდგომას საკითხისადმი და გვინდა, მოგახსენოთ ჩვენი პოზიცია კითხვაზე: რა ვქნათ? – პასუხის გასაცემად.

მთელი რიგი ქართველი სპეციალისტები, სხვადასხვა სამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციები და საერთაშორისო ექსპერტები თანხმდებიან, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაა და არც განაშენიანების დეტალური მაკონტროლებელი რეგულაცია. ის არ გვთავაზობს სივრცითი მოწყობის სტრატეგიის ნათელ ხედვას, რომელიც შეიძლება, დამტკიცდეს თბილისისთვის. დოკუმენტი არ არის საკმარისად დეტალური, რომ გამოიყენებოდეს მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვების გასაცემად. ამასთან, გვხდება როგორც მნიშვნელოვა-ნი შეცდომები, ასევე, ნაკლოვანებები კონცეფციისა და მისი იმპლემენტაციის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს შექმნის მისი განხორციელების შემთხვევაში.

დოკუმენტი არ ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკას და შეიძლება ჩაითვალოს, რომ არ არის თანხვედრაში „იუნესკოსა” თუ „გაეროს” ჰაბიტატის სახელმძღვანელო პრინციპებთან. რაც მთავარია, ის უსპობს თბილისს – საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ცენტრს, განვითარებისა და ქვეყნის თუ რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პერსპექტივებს. ის არ აუმჯობესებს თბილისელთა ცხოვრებას და, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, საფრთხეს უქმნის თბილისს, როგორც უძველეს ქალაქსა და მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთ სიმბოლოსა და მონაპოვარს.

მასალების ანალიზით კარგად ჩანს, რომ აშკარაა, ერთხელ ჩადენილის – განმეორების მცდელობა. კერძოდ, თბილისს შეატყუონ ძველი გენგემებიდან (რომლებიც მოძველებულია და ვერ ასახავს დღევანდელ რეალობას)  გადმოკ-ოპირებული ანალიტიკური მასალით შეზავებული დოკუმენტი, რომლის მიზანია, შეცვალოს ქალაქის ფუნქციონალური ზონები კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, რაც კარგად შენიღბულ ჯგუფურ, პარტიულ და კორუფციული მომენტების არსებობასაც არ გამორიცხავს. უკეთეს შემთხვევაში, ეს დოკუმენტი კვლავ წარმოადგენს 2009 წლის გენგეგმის კორექტირებულ ვარიანტს. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი გადმოწერილია 2005 წლის გენგეგმის მასალებიდან და ასე შემდეგ. დღეს კი 2017 წელია და ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში, რეგიონში, საქართველოში და თანამედროვე მოთხოვნები სულ სხვა რეალობის გათვალისწინებას საჭიროებს.

ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ მგგ-ის დამტკიცება იმპლემენტაციის მიზნით დაუშვებელია. ის შეიძლება მიიღოთ, როგორც საცნობარო დოკუმენტი, როგორც – „იდეების ყუთი“ და არა ქალაქის განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი და პროფესიულ დონეზე მომზადებული სახელმძღვანელო.

დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი ფორმით მგგ-ის მიღება ეწინააღმდეგება თქვენ მიერ დაანონსებულ თბილისის განვითარების ახალი და თანამედროვე გენგეგმის შექმნას და თქვენ სრულად გამოიყენებთ თქვენს მანდატსა და პოლიტიკურ ავტორიტეტს ამ პროცესის მართებულად წარმართვისთვის.

გამოსავალი საჯაროობაშია!

რადგანაც შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს, თქვენს ყურადღებას მივაქცევთ, თუნდაც თბილისის მუნიციპალიტეტის თხოვნით, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაქირავებული, პარიზში დაფუძნებული კომპანიის, Institut d’aménagement et d’urbanisme d’Ile-deFrance-is, ექსპერტის – ბატონ ერიკ ჰიუბრეხტის მიერ მომზადებულ დასკვნას „თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასებისადმი“. გაასაჯაროეთ აღნიშნული ექსპერტული დასკვნა, მოუსმინეთ ადგილობრივ სპეციალისტებს (რომელთა კრიტიკული შენიშვნები სრულად ემთხვევა საერთაშორისო ექსპერტის შენიშვნებსა და წინადადებებს). აქვე იმასაც დავძენთ, რასაც არც მგგ-ის შემქმნელი კომპანია უარყოფს, რომ გგმ-ის შემოთავაზებული პროექტი არ ეყრდნობა არცერთ კვლევას.

მოგიწოდებთ, გაუკეთეთ ორგანიზება დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის (რეალური) შექმნის საჯარო და ღია პროცესს, დაინტერესებული მხარეებისა და თბილისის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით.

ჩვენ ჩვენის მხრივ, მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში და მაქსიმალურად დავიხარჯოთ თბილისის სტრატეგიული განვითარებისთვის საჭირო დოკუმენტის შესამუშავებლად.
პატივისცემით,

  1. გიორგი (გოგი) ლორთქიფანიძე – „სახალხო თვითმმართველობა“
  2. მიხეილ ჯიბუტი – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
  3. არჩილ კაიკაციშვილი – „ახალგაზრდა ადვოკატები“
  4. იოსებ არჩვაძე –  ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
  5. ნინო ხაჩიძე – ჟურნალისტი
  6. ასლან ფაღავა – პოლიტიკოსი
  7. დავით ზარდიაშვილი –  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია 
  8. თემურ ბასილია – ფინანსისტი
  9. დავით გადელია – ექიმი
  10. თინათინ თვალაძე – ბლოგერი
  11. გიორგი ლომსიანიძე – იურისტი
  12. მაგული არჩუაძე – ეკონომისტი
  13. მირიან ყარაულაშვილი – მართვის სისტემები
  14. რაულ ჩილაჩავა – პოეტი
  15. დავით ხვადაგიანი – ჟურნალისტი
  16. შალვა ჩუგუნაძე –  სამოქალაქო აქტივისტი
  17. ნიკო ნანობაშვილი- საგამანათლებლო ორგანიზაცია
  18. ზაალ ცინძე – „სახალხო თვითმმართველობა“
  19. მაია ნაცვლიშვილი – საარჩევნო სისტემები
  20. ელისო ხარჩილავა – დიზაინერი
  21. ნანა ბელი
  22. ნინო ამონაშვილი
  23. თამარ გიორგაძე
  24. ნანა ძნელაძე
  25. მარინა მაჭარაშვილი
  26. ირმა მახარაშვილი
  27. ჯაკო უგრეხელიძე
  28. ლალი ჭანტურიძე
  29. თეონა მუხიგულაშვილი
  30. სოსო სხირტლაძე

წყარო: https://www.facebook.com

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *