ისტორია

რატომ დახვრიტეს სერგო ორჯონიკიძის ძმა და რატომ გადასცა სტალინმა სერგოს დაბადების დღის საჩუქრად დაკითხვის ოქმები

ამას გარდა დაიჭირეს ორჯონიკიძის კიდევ ორი ძმა

1937 წელი… ის დღემდე ავბედით მოგონებად იქცა. მასობრივი წმენდები  მთელ  საბჭოთა იმპერიაში   წარიმართა.  ლავრენტი ბერია იმხანად  საქართველოს  ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად მუშაობდა  და საქართველოში სტალინურ ხაზს პირნათლად ატარებდა. სწორედ ამ  დროს განადგურდა ეგრეთ წოდებული „ქართული ლენინური გვარდია“.  განსაკუთრებით  დრამატული სახე მიიღო  სერგო ორჯონიკიძის ძმის, პაპულიას (პავლე) საქმემ. ამ თემაზე გვესაუბრება ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის  წევრი ნიკა  თევზაძე.

– პაპულია ორჯონიკიძე არა მხოლოდ სერგო ორჯონიკიძის უფროსი ძმა იყო, ის აქტიური ბოლშევიკიც გახლდათ. მას უფრო მეტი პარტსტაჟი ჰქონდა, ვიდრე ძმას. თავის დროზე სერგო ბოლშევიკურ პარტიაში სწორედ პაპულიას რეკომენდაციით მიიღეს.
პაპულია ორჯონიკიძეს წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პოსტები ეკავა. მაგალითად, ის იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს პარტორგი. ასეთ თანამდებობებზე კი შემთხვევით ადამიანებს არ ნიშნავდნენ. სერგოს მსგავსად პაპულიაც საბჭოთა რეჟიმს პირნათლად ემსახურებოდა. ის ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც საქართველო გადახნა. თანამდებობაზეც ამიტომ დაინიშნა, თუმცა პაპულიას განათლება ორი კლასითა და ტელეგრაფისტის კურსებით ამოიწურებოდა.
– მაშ, რატომ ამტკიცებენ, რომ პაპულია კომუნისტური რეჟიმის მტერი იყო?
– ის მეტისმეტად პირდაპირი კაცი გახლდათ, არავის და არაფერს ერიდებოდა. თუკი დარწმუნდებოდა, რომ ცეკას პირველი მდივანი არამზადაა, ამას სახალხოდ, საჯაროდ აცხადებდა. მისი გამოსვლები კრებებზე ბომბის გასროლას ჰგავდა, თუმცა ამას იმიტომ კი არ აკეთებდა, რომ ბოლშევიზმი სძულდა, არამედ იმიტომ, რომ ნაკლოვანებები აღმოფხვრილიყო. „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურგს უკანაო“, – ნათქვამია. პაპულიაც ამ პრინციპით მოქმედებდა. „მოყვარე“ კი მისთვის საბჭოთა კავშირი და კომუნისტური პარტია იყო.
– ამბობენ, რომ კარგი მომლხენი, ხუმარა და განთქმული მონადირე იყოო…
– მთელმა თბილისმა იცოდა, თუ რა უპასუხა პაპულიამ ცნობილ მწერალ მარიეტა შაგინიანს. „თქვენ სერგო ორჯონიკიძის ძმა ბრძანდებით?“ – შეეკითხა შაგინიანი. „არა, სერგოა ჩემი ძმა“ – მიუგო პაპულიამ. მას მართლაც უყვარდა ქეიფი, ნადირობა, იყო კარგი თამადა, იუმორის გრძნობაც ჰქონდა. ამავე დროს იარაღსაც ვირტუოზულად ფლობდა. იულიან სემიონოვი წერს, რომ პაპულიას შეეძლო გაფრენილი ჩიტისთვის ტყვია თვალში მოეხვედრებინა.
– რა ურთიერთობა ჰქონდა სერგოსთან?
– ძმებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. სერგო არაერთგზის აცხადებდა, ჩემი უფროსი ძმა ვაჟკაცის ეტალონია და მისით ვამაყობო.
– ბერიასთან მის ურთიერთობებზე რას გვეტყოდით?
– ქართველი ბოლშევიკები ბერიას ამრეზით უყურებდნენ. აქაოდა ჩეკისტია, შავ საქმეს აკეთებს, ჩვენ კი ლენინის თანამებძოლები და პოლიტიკოსები ვართო. ცეკას ერთ-ერთ სხდომაზე მამია ორახელაშვილმა ბერიას უთხრა:
– ამხანაგო ლავრენტი, აქ ცეკაა და არა ჩეკა!
პაპულია ბერიასადმი უარყოფით დამოკიდებულებას ფრიად ხულიგნური ფორმებით გამოხატავდა, სახალხოდ, საჯაროდ უყვიროდა: „ეი, წიე, აქ მოდი!“ ერთხელ ისიც შეჰკადრა: შენზე ამბობენ, ჯიუ-ჯიტსუს ფლობს, მე ქართულს ვჭიდაობ, მოდი, ერთმანეთს შევერკინოთ. წაგებულმა კი თბილისის ქუჩაში ტიტველმა გაიაროსო. ბერიას ეს, ბუნებრივია, სწყინდა. განსაკუთრებით გულში ჩარჩა ის, რომ ერთხელ პაპულიამ ფამილარულად მხარზე ხელი დაჰკრა, თან ისე მაგრად, რომ ლავრენტი კინაღამ წაიქცა.
– როცა ბერია საქართველოს ცეკას პირველი მდივანი გახდა, მათი ურთიერთობები არ შეცვლილა?
– პაპულია ბერიას მიმართ ანტიპათიას კვლავ ხულიგნური ფორმით გამოხატავდა. როცა პირველ მდივანთან, ანუ ლავრენტისთან საქმე ჰქონდა, ცეკაში მიდიოდა და მისაღებში ყველას გასაგონად ყვიროდა:
– ეს ფოთელი ყალთაბანდი დღეს მიმიღებს თუ არა?!
ბერია თავს ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით იკავებდა და პაპულიას ღიმილით პასუხობდა: ფოთიდან კი არა, მერხეულიდანა ვარო. პაპულია ხარხარებდა:
– ყალთაბანდი კი ხარ და!
– 1929 წელს დაიწყო კოლექტივიზაცია და მასობრივი რეპრესიები. ამას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა. როგორი იყო პაპულიას რეაქცია?
– როგორც ყველა ბოლშევიკი, პაპულია კოლექტივიზაციას მხარს მხურვალედ უჭერდა. მესაკუთრე გლეხობის (ბოლშევიკური ტერმინოლოგიით, კულაკები) დახვრეტას მოითხოვდა, კრებებზე ხშირ-ხშირად იმეორებდა მაქსიმ გორკის სიტყვებს: „როცა მტერი არ ნებდება, მას ანადგურებენ“. მასზე არ მოქმედებდა ის, რომ კოლექტივიზაციას საქართველოში უამრავი მსხვერპლი მოჰყვა, ასევე არც ის, რომ საბჭოთა კავშირის რიგ რაიონებში მასობრივი შიმშილობა დაიწყო. როგორც ცნობილია, უკრაინაში შიმშილობამ 8 მილიონამდე ადამიანი შეიწირა. პაპულია სხვებისაგან განსხვავებით არ მალავდა, რომ უკრაინაში შიმშილობაა და აცხადებდა: ხოხოლები ბანდიტები არიან, მათზე ყველაფერი ახიაო. ის დემონსტრაციულად არ ხმარობდა ტერმინს უკრაინელი და მათ ზიზღით ხოხოლებად მოიხსენიებდა. ამის თაობაზე საინტერესო ცნობებს გვაძლევს ცნობილი უკრაინელი მწერალი-დისიდენტი ოსადჩი. პაპულია მისი ერთ-ერთი ნაწარმოების პერსონაჟია. ამ რომანში ორჯონიკიძე-უფროსი აცხადებს: თუკი ხოხლანდია არ მოვათვინიერეთ, იქ ადრე თუ გვიან ახალი პეტლიურა გაჩნდება, საბჭოთა კავშირიც თავზე დაგვენგრევაო. ჩემი აზრით, პაპულიას უკრაინელებისადმი სიძულვილის მიზეზიც ესაა.
– 1937 წლების რეპრესიებისადმი მისი დამოკიდებულება როგორი იყო?
– 1937 წელი გახლდათ რეპრესიების მეორე ტალღის პიკი, როცა სტალინმა არმიის, პარტაპარატისა და უშიშროების ორგანოების ძირეული წმენდა დაიწყო. ახლა უკვე „ლენინური გვარდიის“ ლიკვიდაციის ჯერიც დადგა. პაპულია, ბუნებრივია, პროტესტს ხმამაღლა გამოთქვამდა. აკი დაჭერები მის მეგიბრებსა და ამხანაგებზეც გავრცელდა.
– ის კვლავინდებურად ხისტი და პირდაპირი იყო?
– დიახ. მან სტალინს საჯაროდ ულვაშიანი ღორი უწოდა. როცა ეუბნებოდნენ, ჩუმად იყავი, თორემ დაგიჭერენო, პასუხობდა: „ვინც ჩემს დასაჭერად მოვა, შუბლს გავუხვრეტ!“
ბერია პაპულია ორჯონიკიძის დაპატიმრებისთვის გულდასმით ემზადებოდა. ის კვლავ კეთილსინდისიერად ატყობინებდა სტალინს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას პაპულია. 1937 წელს ქართული ლენინური გვარდიის განადგურების ჟამმა დაჰკრა. სტალინმაც ბერიას პაპულია ორჯონიკიძის დაპატიმრების უფლება მისცა.
– წარმომიდგენია, როგორი გახარებული იქნებოდა ბერია...
– პაპულიას დაპატიმრება არც ისე იოლი იყო, რადგან იარაღს არ იშორებდა. ბერიამაც ხრიკს მიმართა. მიხაილო ოსადჩი ამის თაობაზე საინტერესო ცნობებს გვაძლევს. ცეკას მეორე მდივანმა, რომელთანაც პაპულიას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, ორჯონიკიძე-უფროსი თავის სახლში დაპატიჟა. პაპულია მივიდა მასთან და რას ხედავს: ცეკას მდივანი მაგიდასთან ზის, წინ კი დაშლილ მდგომარეობაში მყოფი ნაგანი უდევს. აი დავშალე, მაგრამ აწყობით ვერაფრით ამიწყვიაო. „მომეცი, აგიწყობ!“ უთხრა პაპულიამ. „არა, ჩემით მინდა გავაკეთო. მათხოვე შენი ნაგანი, იქნებ იმის მიხედვით ავაწყო.“ პაპულიამ უყოყმანოდ ამოიღო ნაგანი და გაუწოდა. მდივანმა ერთხანს იჯახირა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. „მოდი, ასე მოვიქცეთ, იარაღი ჩემს მცველს ჩავაბაროთ, შენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, როგორც კი საუბარს მოვრჩებით, ნაგანის აწყობას შევუდგები, ხომ დამეხმარები?“ პაპულია უმალ დაეთანხმა. ამის შემდეგ ოთახში მცველი შემოვიდა, პაპულიასა და ცეკას მდივნის იარაღი გაზეთში გაახვია და გაიტანა. გაიწყო სახელდახელო სუფრა. მაგიდაზე გაჩნდა ბოთლით ღვინო, ხაჭაპური. საუბარიც მეგობრულ ატმოსფეროში, ჭიქა ღვინის თანხლებით მიმდინარეობდა.
ანაზდად ოთახში ჩეკისტები შემოცვივდნენ და უიარაღოდ დარჩენილ პაპულიას მივარდნენ. ორჯონიკიძე-უფროსი მართლა ვეფხვივით იბრძოდა. ერთს თავი გაუხეთქა, მეორეს ყბა მოტეხა, მესამეს კბილებით გაუვსო პირი. მეოთხე და მეხუთეც ააბღავლა, მაგრამ ძალები არათანაბარი იყო. ბოლოს და ბოლოს მაინც სძლიეს. ძირს დასცეს, ხელბორკილი დაადეს, ქუჩაში გაათრიეს და მანქანაში ჩააგდეს.
– ლავრენტი, შენი გამზრდელი დედა…! ლავენტი, შენი ცოცხალი და მკვდარი! – გაჰკიოდა მთელი ხმით პაპულია.
იმავე დღეს ის „შინსახკომის” ციხეში წაიყვანეს. დაიწყო დაკითხვები, წამება…
– როგორ შეხვდა ძმის დაჭერას სერგო ორჯონიკიძე?
– ის უმალ სტალინს დაუკავშირდა და უთხრა: პაპულია დაიჭირესო. სტალინმა მიუგო, ნუ გეშინია, თუკი უდანაშაულოა, გაათავისუფლებენ, მე გაძლევ გარანტიას, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართებაო. სერგო ამან არ დააკმაყოფილა და დაპატიმრებულ ძმასთან პაემანი მოითხოვა. „ეს გამორიცხულია“, – მიუგო სტალინმა, „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამორიცხულია.“ სერგოსაც თავზარი დაეცა, მიხვდა, რომ მის თავზე შავი ღრუბლები გროვდებოდა.
– პაპულიას დაჭერა ორჯონიკიძისთვის სიგნალი იყო?
– 1936-1937 წლებში ორჯონიკიძის ბევრი ახლო თანამშრომელი დაიჭირეს. მათ შპიონაჟში და დივერსიებში დასდეს ბრალი. დაპატიმრებულთა შორის ორჯონიკიძის მოადგილე, პიატაკოვიც იყო.
– ნუთუ სერგომ არაფერი მოიმოქმედა?
– 1936 წლის ოქტომბერში სერგო ორჯონიკიძის იუბილე მთელმა საბჭოთა კავშირმა საზეიმოდ აღნიშნა. იუბილარს უამრავი საჩუქარი მიართვეს. პიონერებმა მის წინაშე საზეიმო ფიცი დადეს, თუმცა ყველაზე საგულისხო საჩუქარი სტალინმა გადასცა: ეს იყო ბერიას მიერ თბლისიდან გამოგზავნილი დაკითხვის ოქმები, რომლებშიც პაპულიას აღიარებითი ჩვენება იყო დაფიქსირებული. პაპულია აღიარებდა, რომ ანტისაბჭოთა იატაქვეშეთს დაუკავშირდა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მუშაობდა.
იულიან სემიონოვი წერს, რომ სერგოს ოქმის წაკითხვისთანავე გული წაუვიდა. შესაძლოა, ეს გადაჭარბებულია, მაგრამ ფაქტია, რომ იმ მომენტისათვის სერგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალო ოყო. მას გული აწუხებდა და პაპულიას აღიარებითი ჩვენება მასზე კარგად ნამდვილად არ იმოქმედებდა. სემიონოვის ცნობით, სტალინმა მას უთხრა: შენი ხათრით პაპულიას დაინდობენ, მხოლოდ ხუთ წელს მიუსჯიან, შემდეგ შესაძლოა, ამნისტიით გაათავისუფლონო. სერგოს თხოვნაზე, მომეცით უფლება, თბილისში ჩავიდე და ჩემს ძმას დაველაპარაკოო, სტალინმა მიუგო: ეს გამორიცხულია! თუკი თბილისში ჩახვალ, პარტიიდან გაგრიცხავთო. შემდეგ სტალინმა დაამატა: შენს უწყებაში უამრავი მავნებელი აღმოჩნდა, მაგრამ შენ არავინ შეგეხება, ყველამ ვიცით, რომ პატიოსანი ბოლშევიკი ხარ. ამიტომ, პლენუმზე მოხსენებით უნდა გამოხვიდე და მავნებლები დაგმოო.
1937 წლის იანვარში სტალინმა ორჯონიკიძეს აცნობა, პაპულიას ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯესო. ასე არ მოხდა. ორჯონიკიძემ განუცხადა, კომისიამ დაადგინა, არავითარ მავნებლობას ადგილი არ ჰქონია, ყველა ჩემი თანამშრომელი უკანონოდ დაიჭირეს და ამას პლენუმს მოვახსენებო. სტალინმა პასუხად გაიცინა:
– შენი ნებაა, მაგრამ იმაზეც დაფიქრდი, თუ პლენუმის შემდეგ სად შეიძლება აღმოჩნდე!
– პაპულიას რა ბედი ეწია?
– ის იმავე 1937 წელს დახვრიტეს. ასე გადაწყვიტა „ტროიკამ“. ამას გარდა დაიჭირეს ორჯონიკიძის კიდევ ორი ძმა.

 

ჯულია დემეტრაშვილი, ჟურნალი ,,თბილისელები”

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *