მედიცინა

რატომ ემართებათ ჭკვიან ადამიანებს არტერიული ჰიპოტენზია.

არტერიული ჰიპოტენზია საკმაოდ იშვიათად გვხვდება. როგორც წესი, ის გადაეცემა მემკვიდრეობით. წინაპრებისგან ეს ავადმყოფობა, უფრო ხშირად ქალებს გადაეცემათ, თუმცა მამაკაცებშიც აღინიშნება ხოლმე. ჰიპერტენზიისგან განსხვავებით, სამიზნე ორგანოები არ აღინიშნება და ბევრად ნაკლებ გართულებასაც იწვევს. ამ დროს მამაკაცებს წნევის ხშირი გაზომვის შედეგად აღენიშნებათ სისტოლური წნევა – 100 მმ ვერცხლისწყლის სვეტისა, ხოლო დიასტოლური – 60, ქალბატონებს კი 95/60-ზე. ჰიპოტენზია ისეთი მძიმე შედეგების მომტანი არ არის როგორც ჰიპერტენზია, მაგრამ პაციენტში საკმაოდ დიდ დისკომფორტს იწვევს. არტერიული ჰიპოტენზია ძირითადად აწუხებს 30-40 წლის ქალებს, რომლებიც გონებრივად შრომობენ. გონებრივად დატვირთული ადამიანები ვერ ახერხებენ ორგანიზმის ფიზიკურ დატვირთვას, ამიტომ საკმაოდ ჰიპოდინამიურები არიან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქმე გვაქვს სისხლძარღვოვან ნევროზთან, ამიტომ ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია. ხშირად პაციენტი არ იზომავს წნევას და აქვს სხვადასხვა ჩივილები, შემდგომ კი ირკვევა, რომ ეს დაბალი წნევის მიზეზი ყოფილა. საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ადვილად დაღლა – დაბალი წნევის გამოხატულებაა. ასევე ძალიან გამოხატულია ვეგეტაციური სიმპტომატიკა, კერძოდ, სიფერმკრთალე, კიდურებში სიცივე, ოფლიანობა. სხეულის ტემპერატურა მერყეობს 35, 8-დან 36 გრადუსამდე.
ჰიპოტონიის გამომწვევი მიზეზი არის ტიპიური სისხლძარღვოვანი ნევროზი. ასეთი მდგომარეობა პაციენტისთვის საკმაოდ შემაწუხებელია და მის შრომისუნარიანობაზეც ძლიერ მოქმედებს. საყურადღებოა, რომ ასეთი პაციენტები ძალიან ხშირად ამთქნარებენ არა სიზარმაცის გამო, არამედ ტვინისთვის საჭირო სისხლის მოცულობისა და შესაბამისად, ჟანგბადის უკმარისობის მიზეზით. თუ ასეთი პაციენტი დაღლილია და იმყოფება დახუთულ სივრცეში ან ფეხზე დგომა დიდი ხნით უწევს, ოჯახის წევრებისთვის საკმაოდ სტრესული სიტუაცია შეიძლება შეიქმნეს, რისი მიზეზიც პაციენტის გონების დაკარგვა, ანუ ორთოსტატიული კოლაფსია. ჰიპოტონიური პაციენტები საკმაოდ კარგად იტანენ ფიზიკურ დატვირთვას, მაგრამ ურჩევნიათ 2-3 კილომეტრი გაიარონ, ვიდრე 10 წუთი ერთ ადგილას იდგნენ.
ჰიპოტონიით დაავადებული ადამიანებისთვის  ძალიან კარგია ფეხით სიარული, აგრეთვე ცურვა და სპორტის სხვა სახეობები. უნდა აღინიშნოს, რომ თუ მოზრდილი ადამიანისათვის 7-8 საათი ძილი საკმარისია, ჰიპოტენზიით შეწუხებული პაციენტისთვის მინიმუმ 10 საათი აუცილებელია გონებრივი შესაძლებლობების სრული აღდგენისთვის. ამაში ოჯახის წევრების ხელშეწყობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყურადღება უნდა მივაქციოთ საწოლიდან წამოდგომის მომენტსაც. წამოხტომა სკამიდან და მით უმეტეს საწოლიდან, არ არის სასურველი. ადამიანი ჯერ უნდა წამოჯდეს, ხელები და ფეხები მსუბუქად გაავარჯიშოს და მერე ნელა წამოდგეს. რაც შეეხება საკვები პროდუქტების სხვადასხვა თვისებების ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებას, ყავა კარგია დაქვეითებული წნევის დროს, მაგრამ მისი ზედმეტი დოზებით მოხმარებაც არ არის სასურველი. კარგია ჩაი, განსაკუთრებით მწვანე, რომლის მიღებაც შეუზღუდავად შეიძლება. თუ პაციენტი თავს სისუსტეს შეატყობს, უნდა ეცადოს, გავიდეს სუფთა ჰაერზე. არ უნდა მივიდეს საქმე გონების დაკარგვამდე.
ასევე კარგია, დილით მიირთვას პაციენტმა ჩაი ან ყავა და მიაყოლოს პური, ყველი და კარაქი. ეს არის ყველაზე კარგი შემადგენლობა არტერიული ჰიპოტენზიის დროს. უნდა გვახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა მატონიზებელი წამლები, ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატების მოხმარება არ არის მიზანშეწონილი. თვითმკურნალობას, ჩვეულებრივ, არ მოაქვს კარგი შედეგი.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები