მსოფლიო სიახლეები

რატომ ეძებს სიგირიის 12 შამანი მეცამეტეს კახეთის მთაში და ვინ არის ტურისტი, რომელსაც ეს საპასუხისმგებლო მისია დააკისრეს

ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით შევხვდი უცნაურ ტურისტს, რომელიც საქართველოში კონკრეტული მისიით იმყოფება; უფრო კონკრეტულად კი, ის ჩამოვიდა სიგირიის მთის 12 შამანის დავალებით, რათა მოძებნოს კახეთის მთაში მცხოვრები შამანი, რომელიც გახდება მათი ოჯახის მეცამეტე წევრი, რითაც წრე შეიკვრება და მიიღებენ სრულყოფილ ძალას.

  – პირველ ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა; უფრო მეტად კი ის გამიხარდა, ინტერვიუზე რომ დამთანხმდით. 2011 წელს მეც ვიყავი შრი-ლანკაში, სწორედ იმ ადგილას, რომელზეც ახლა უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ, მანამდე კიდევ ერთხელ მითხარით თქვენ შესახებ – ვინ ხართ და საიდან აღმოჩნდით ჩემს ქვეყანაში?

– მე ვარ ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია შამანიზმით და ვმოგზაურობ მსოფლიოს გარშემო, რათა პირადად გავეცნო შამანებს და მათი ცხოვრება ერთ წიგნად გამოვცე. რაც შეეხება საქართველოში ჩემს ვიზიტს, შეიძლება ითქვას, მისიის ფარგლებში ვიმყოფები. აქამდე არასოდეს გამეგო ამ ქვეყნის შესახებ, მაგრამ, სწორედ სიგირიის მთის უხილავმა შამანებმა დამდეს პატივი და მთხოვეს, აქ ჩამოვსულიყავი.

– ვინ არიან ისინი და რა იციან საქართველოს შესახებ?

– საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი იციან, მაგრამ, სამაგიეროდ, იციან, რომ აქ ცხოვრობს კაცი, რომელიც მათ საძმოს სჭირდება. სიგირიის მთის უხილავი შამანები თორმეტი უხუცესი მამაკაცია და ეძებენ მეცამეტეს. ისინი ამტკიცებენ, რომ სწორედ თქვენს ქვეყანაშია ის მეცამეტე შამანი, რომელიც მათ წრეს შეკრავს და უძლიერეს ძალას შექმნიან.

– საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობს ეს მამაკაცი და უკვე შეხვდით თუ არა მას?

– დიახ, მე მას უკვე შევხვდი და ზუსტად შვიდი დღე მივეცი მოსაფიქრებლად. ის ცხოვრობს კახეთის ერთ-ერთ მიუვალ მთაზე და მას სწორედ სიგირიის მთის შამანების დახმარებით მივაგენი – მათ რუკაზე მაჩვენეს ქვეყანა და დეტალურად ამიწერეს ტერიტორია, სადაც მათი სულიერი ძმა ცხოვრობს; ზუსტად ამიწერეს ის გასასვლელი გზები და მდინარეები, რომლებიც მე უნდა გამევლო, მაგრამ საოცრება ის იყო, როცა მდინარე ალაზანს მივუახლოვდი, ვიგრძენი მისი არსებობა და ისე აღმოვჩნდი დანიშნულების ადგილას, თავადაც ვერ მოვედი აზრზე. რომ მკითხოთ, რა ვილაპარაკეთ და რა ენაზე, ვერაფერს გეტყვით, რადგან, არაფერი მახსოვს, მე მხოლოდ ემოციები და კონკრეტული მინიმალური დეტალები დამრჩა თავში, მაგალითად, ის, რომ შვიდი დღის შემდეგ ისევ უკან უნდა დავბრუნდე და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, წავიყვანო შრი-ლანკაში.

– გამოდის, რომ 12 შამანის ძალის ზეგავლენის ქვეშ იყავით და მათ თქვენი სხეული გამოიყენეს კავშირის დასამყარებლად?

– დიახ, სწორედ ასეა.

– მაგრამ, ჩვენ არ გვსმენია ასეთი კაცის შესახებ. სხვათა შორის, მე კახელი ვარ და არასდროს გამიგია, რომ კახეთის რომელიმე მთაში ვინმე განდეგილი შამანი ცხოვრობდეს.

– არ გამოვრიცხავ, რადგან, ასეთი ადამიანები მოწყვეტილები არიან თანამედროვე სამყაროსა და ცივილიზაციას, მით უმეტეს – ხალხს. გარდა ამისა, ის საკუთარ ძალებს სრულყოფილად ვერ ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებდა და ავადმყოფებსაც კურნავდა, ხშირ შემთხვევაში, თავისდაუნებურად, თავის ძალას ბოროტად იყენებდა და ამიტომაც გაიხიზნა იმ მთაში, რომ ხალხისთვის ზიანი არ მიეყენებინა.

Sri Lanka-sigiria– როგორც წეღან უკვე გითხარით, 2011 წელს მეც ვიყავი შრი-ლანკაში და ჩემი თვალით მაქვს ნანახი სიგირიის მთა. უზარმაზარი, მომნუსხველი კლდე, საიდანაც იშლება ფანტასტიკური ხედი ველური ბუნების სახით.

– როგორც უკვე იცით, სიგირია შრი-ლანკის ყველაზე მიყრუებული ქალაქია და, რომ არა ამ მთის ისტორიული წარსულის მემკვიდრეობა, იქ ვერასოდეს ნახავდი ადამიანს, მაგრამ, ეს მთა ოდითგანვე იყო უდიდესი ენერგეტიკისა და ამოუხსნელი სასწაულების მქონე ადგილი. მეოთხე საუკუნეში მონარქმა კასაპიმ ძმის წყევლის თავიდან ასარიდებლად შეაფარა იქ თავი და მისი გარდაცვალების შემდეგ, მეთოთხმეტე საუკუნემდე, მთა მონასტრის ფუნქციას ასრულებდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მთის ენერგეტიკულ სიძლიერეს.

lions paw– სანამ სიგირიაში წავიდოდით, ჩემმა მასპინძელმა ოჯახმა მიამბო ამ მთის შესახებ, ოღონდ, მაშინ რაღაც მითისა და ლეგენდის დონეზე აღვიქვი ეს ყველაფერი. თუმცა, იქ, სადაც ლომის ფეხებია, საიდანაც კიბეებით მთის მწვერვალზე ადიხარ, ამ კიბეზე ასვლა აკრძალული იყო; თანაც, ზემოთ უზარმაზარი მწერების ბუდეებია, რომლებიც დაფრინავენ მთის მწვერვალის გარშემო. თქვენ როგორ მოხვდით იქ, შამანებთან?

– ვიცოდი, რომ იქ 12 შამანი ცხოვრობდა, რომლებთან მოხვედრაც, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მაგრამ, მიზნად დავისახე, რომ მე მათ უნდა შევხვედროდი. ამიტომ, გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი და ღამე იქ გამეთენებინა. კარავი სწორედ იმ ლომის ფეხებთან გავშალე და დაველოდე შუაღამეს, რომ რამენაირი კონტაქტი დამემყარებინა მათთან. მაგრამ, როგორც ჩანს, ცეცხლის დანახვაზე, მაიმუნები შემომესივნენ და თავი შევაფარე ღმერთების ოთახს. იმ ოთახს შენც აუცილებლად ნახავდი.

sigiriaa– ვიწრო შესასვლელით რომ შედიხარ, სადაც ბუდისტური წმიდანების ფრესკებია?

– დიახ. მაგას ეძახიან „ღმერთების ოთახს”. იქ საუკუნეების წინანდელი ნატურალური საღებავებითა დახატული მათი მფარველი წმიდანების ფრესკები კედელზე და სწორედ იქ შემოვიდა ერთ-ერთი შამანი, რომელმაც მიხსნა მაიმუნების თავდასხმისგან და ამიყვანა ზემოთ.

– კლდის მწვერვალზე ახვედით?

– დიახ. ოღონდ, სანამ ავიდოდით, მთლიანად გამაშიშვლა და ყველაფერი ქვემოთ დამატოვებინა – ამით, თავი დაიზღვია, რომ რამე ჩამწერი მოწყობილობა არ ამეტანა, თან, ხელს შემიშლიდა მათთან სრულყოფილ კონტაქტში.

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ, თუ რამე არამიწიერი ინფორმაციის მიღება გინდა, ხელს არაფერი არ უნდა უშლიდეს შენს სხეულსა და გონებას, ამიტომაც არის, რომ ბუდისტები თმასაც იპარსავენ, რომ გონების კონცენტრირებაში ხელი არაფერმა შეუშალოს – ისინი ხომ ხშირად გამოდიან საკუთარი სხეულიდან.

– თმა თქვენც გადაგპარსეს?

– დიახ, გადამპარსეს და უცნაური რიტუალით დაწვეს. არ ვიცი, რა რიტუალია, მაგრამ, ნელა და ნაწილ-ნაწილ წვავდნენ, თან, თითქოს ლოცულობდნენ. თმის ყოველი ბღუჯის ცეცხლი ჩაყრისას რაღაც სიტყვებს წარმოთქვამდნენ. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე რიტუალი ჩამიტარეს, რის შემდეგაც ტრანსში გავედი, ოღონდ, ყველაფერი ძალიან რეალურს ჰგავდა. ჩემ წინ, სივრცეში, გაიშალა ეკრანი, კინოეკრანის მსგავსად, სადაც ბავშვობიდან დღემდე განვლილ პერიოდს ვუყურე.

buda– იქნებ, ეს თქვენი ფანტაზიის ნაყოფი უფრო იყო, ვიდრე რეალობა?

– არ ვიცი, მაგრამ, ყველაფერი რეალურს ჰგავდა. მანამდე დამაწერინეს კითხვები, თუ რა მაინტერესებდა საკუთარ თავზე და ამის შემდეგ, ჩემს ყველა კითხვაზე პასუხს რეალურ მოქმედებებში ვხედავდი. მაგალითად, მამაჩემი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. მე ის თითქმის არ მახსოვდა და მათ მიჩვენეს მისი სიცოცხლის ბოლო რამდენიმე დღე. აღმოჩნდა, რომ ის აწამეს და ისე მოკლეს, სხეული კი ნაწილებად დაწვეს, ხოლო ძვლები, რომლებიც არ დაიწვა, მდინარეში გადაყარეს.

– თავი საშინელებათა ჟანრის ფილმში მგონია. ცოტა დაუჯერებელ ისტორიას ყვებით, მაგრამ, რაღაც დეტალების გამო, მჯერა თქვენი მონაყოლი, მაგალითად, ის, რომ თქვენი შეკითხვების მიხედვით განახვეს წარსული. მე კოლომბოში (შრი-ლანკის დედაქალაქი) მიმკითხავეს ცერი თითის ანაბეჭდით და, სავარაუდოდ, ჰოროსკოპით, ოღონდ, მე გამზადებული კითხვარები შემოვხაზე, ანუ, ის თემები, რომლებიც მაინტერესებდა.

–  შენ იქნებოდი კიშირი სიამბალაგასტანესთან, რომელიც კოლომბოში განთქმულია, მაგრამ ის შამანი არ არის. ეს ადამიანი მეცნიერულ დონეზე მკითხაობს თითზე განლაგებული ხაზებისა და ციფრების მიხედვით, რასაც უფრო ასტროლოგია შეიძლება ვუწოდოთ, თუმცა, მხოლოდ ასტროლოგია არ არის.

– საკმაოდ ძვირი კი დამიჯდა ჩემი მომავლის გაგება და, ვნახოთ, ღირდა თუ არა 250 დოლარის გადახდა. თან, უცნაური ის არის, რომ რიგი 8-10 დღეში მიწევდა, მე კი სულ ორი დღით ვჩერდებოდი კოლომბოში; ამიტომ, ადგილობრივების დახმარებით, მხოლოდ ის შევძელი, რომ ხუთ დღეში მზად იყო აუდიოჩანაწერი, რომელიც ფოსტით გამომიგზავნეს.

– დამიჯერე, ნამდვილად ღირდა, რადგან, მე პირადად ვიცნობ მაგ კაცს და მისი ნათქვამი ყოველთვის შეუცდომელია. სხვათა შორის, მე მისგან გავიგე ბევრი რამ სიგირიის მთის 12 შამანის შესახებ.

– ხომ არ იცით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დაბადების საათს? სამწუხაროდ, მოგვიანებით გავარკვიე, რომ 31 აგვისტოს, ღამის 10 საათზე ვყოფილვარ დაბადებული, მე პირველი სექტემბრის ღამის პირველი საათი დავწერე, რომლის მიხედვითაც მიმკითხავა.

– საერთოდ, დაახლოებით ორი საათი დიდ ცდომილებას არ იძლევა, მაგრამ, შენს შემთხვევაში, 3-საათიანმა სხვაობამ, შესაძლოა, 20-30-პროცენტიანი ცდომილება მოგვცეს. თუმცა, არა რადიკალური. გასული სამი წლის განმავლობაში არაფერი დაემთხვა მისი ნათქვამიდან?

– როგორ არა, მამაჩემი იმ დროს გარდაიცვალა, რა დროც მან მითხრა; ასევე, მითხრა, რომ ყელის არეში მსუბუქი ჭრილობა მექნებოდა დანით, რაც მაშინ ჩავთვალე, რომ უკვე გაკეთებულ გლანდების ოპერაციას გულისხმობდა, მაგრამ, გასულ წელს ყელის არეში დამჭრეს და მაშინ გამახსენდა ის შრილანკელი მკითხავი. ამის შემდეგ ვიფიქრე, რომ, კარგი იქნებოდა, თუ ცოტა ხანს საქართველოში ჩამოვიყვანდი და ქართველებსაც უმკითხავებდა, მაგრამ, იმხელა რიგები აქვს, აქ ჩამოსვლას, ალბათ, არ მოინდომებს.

– მართალია. მასთან ვიზიტი 20 დოლარიდან 1 000 დოლარამდე ჯდება და, შესაბამისად, სხვა ქვეყანაში ფულის გასაკეთებლად არ წავა, თუმცა მას ჰყავს ორი ასისტენტი, რომლებიც ასეთივე წარმატებით ფლობენ ამ ხელოვნებას და მათთან დაკავშირება არ არის პრობლემა.

– თქვენ ამ საქმეში უფრო გამოცდილი ბრძანდებით და, როცა ჩახვალთ, იქნებ,  მიაწოდოთ იდეა და ცოტა ხნით საქართველოს ესტუმრონ.

– ამას სიამოვნებით ვაკეთებ და გამიხარდება, თუ კიდევ მომეცემა თქვენს ქვეყანაში სტუმრობის შანსი. ძალიან მომეწონა ქართველები და კარგი იქნება თუ ერთმანეთთან კონტაქტი გვექნება.

ბესო მახარაშვილი

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები