ბლოგერებიმთავარი ბლოკინინო ხაჩიძეპოლიტიკა

რატომ ვეღარ ხარობს თბილისში მცენარეები

რა დაავადებებს იწვევს თბილისის დაბინძურებული ჰაერი და რატომ აიწია ტენიანობამ მთელ ქვეყანაში

ნინო ხაჩიძე

ყოველგვარი ხელსაწყოების გარეშეცაა საგრძნობი, რომ დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა საგანგაშო ზღვარს გასცდა. განსაკუთრებით საგრძნობია ეს ზაფხულში, როდესაც მაღალი ტემპერატურა კიდევ უფრო ააშკარავებს უჟანგბადობასა და ჰაერის დაბინძურების ხარისხს. იმდენადაც კი, რომ უკვე მცენარეებსაც კი უჭირს თბილისურ მიწაზე გახარება. არის თუ არა კიდევ ვითარების გამოსწორების შესაძლებლობა თუ უბრალოდ, ჟანგბადის გარეშე სუნთქვას უნდა დავეჩვიოთ ან, სულაც, გადავეჩვიოთ, –  ამ თემაზე ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა –  დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარეს ნინო ჩხობაძეს გავესაუბრეთ.

განსაკუთრებით, მაღალი ტემპერატურისას იგრძნობა დედაქალაქში უჟანგბადობა, რის გამოც ადამიანები უწყლოდ დარჩენილი თევზებივით იხრჩობიან. როდიდან დაიწყო ის პროცესი, რამაც ასეთ სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანა?

– ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჟანგბადი არ არის და ჩვენ მნიშვნელოვნად ვგრძნობთ სიცხეს, არის ტენიანობის საგრძნობი მატება თბილისში. ზოგადად, ტენიანობა მთელ საქართველოშია მომატებული, რადგან აუტანელი სიცხეებია. ეს გამომდინარეობს კლიმატის ცვლილებიდან, უბრალოდ, თბილისში ამას ემატება ჰაერის დაბინძურებაც, თუმცა ჩვენი ოფიციალური სამსახურები ამტკიცებენ, რომ თბილისში დაბინძურება არ არის. დღეს თბილისში უფრო ნაკლები ტრანსპორტი მოძრაობს, ვიდრე ჩვეულებისამებრ, იმიტომ რომ, ყველა, ვისაც შეეძლო, ქალაქიდან გასულია და თითქოს ნაკლებად უნდა იგრძნობოდეს ჰაერის დაბინძურება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, უკვე მომატებული ტენიანობა ასრულებს თავის როლს. ამ გამონაბოლქვის ერთ-ერთი შთანთქმნელი არის მცენარეები. არადა ჩვენ კატასტროფულად შევამცირეთ სკვერები და ბაღები ცენტრალურ რაიონებში და უფრო მეტიც, გვაქვს მაღალსართულიანი შენობები.

რომლებიც კეტავს ჰაერის მოძრობას.

– აერაცია ჩაკეტა შენობებმა და, ფაქტობრივად, აღარ ნიავდება ის ადგილები, სადაც მაღალი შენობები დგას. იგივე დაემართა გარეუბნებსაც: გლდანს, ვარკეთილს, მაღლივი შენობები მეტ-ნაკლებად ყველგანაა, მაგრამ ცენტრალური ქუჩები განსაკუთრებულად დაზიანდა და ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მშენებლობებს. ერთადერთი გამოსავალია, რამენაირად შევაჩეროთ მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა, განსაკუთრებით, ვაკეში, იმიტომ რომ, მაღალსართულიანმა შენობებმა ჩაკეტა ჰაერის მასები, რომლებიც მოდიოდა მთაწმინდიდან.

თვითონ მთაწმინდაც ჩაიკეტა მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლებით და ვერც ის ნიავდება.

– დიახ, მთაწმინდაზეც საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს, ორთაჭალაშიც და ამას ემატება ჩვენი ქალაქის სატრანსპორტო მაგისტრალების გაუმართაობაც. ვიწროა და ვეღარ იტევს ამდენ ტრანსპორტს, რომელიც იძულებულია, ძალიან ნელა იმოძრაოს, რის გამოც კიდევ უფრო მეტ გამონაბოლქვს გამოყოფს და შედეგად ვიღებთ იმ სავალალო სიტუაციას, როდესაც სუნთქვა შეუძლებელია.

ჰაერის დაბინძურებაში ძირითადი წვლილი მიუძღვის ავტოტრანსპორტს, კიდევ რა ფაქტორები ახდენს გავლენას?

– თუ ტრანსპორტით გამოწვეულ დაბინძურებაზე ვლაპარაკობთ, უნდა გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი: პირველია საწვავის ხარისხი, რომელიც, ჩვენდა საუბედუროდ, ძალიან დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მართალია, ამბობდნენ, რომ თითქოს ჩვენთან „ევრო 5“ სტანდარტის საწვავი შემოჰქონდათ, მაგრამ ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული საწვავის ნორმები. სხვათა შორის, მოსკოვმა აკრძალა უხარისხო საწვავი, უკრაინამაც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ბაქომაც. ანუ ბევრმა დედაქალაქმა შემოიტანა რეგულაცია, რომ მხოლოდ მაღალი ხარისხის საწვავი უნდა შეიტანო. მეორე ფაქტორია მოძველებული ავტოსატრანსპორტო პარკი, რომლებიც კატალიზატორების გარეშე მოძრაობს, იმიტომ რომ, საწვავის უხარისხობის გამო, ახალი კატალიზატორებიც კი ერთი წლის განმავლობაში იჭედება. ამას ემატება გაუმართავი ავტოსატრანსპორტო მაგისტრალები, რომლებიც ან მუდმივად რემონტდება ან საერთოდ რემონტის გარეშეა და ხშირად მათზე მოძრაობა შეუძლებელია. და, რაც მთავარია, მწვანე ნარგავების სიმწირე. ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს მეტ-ნაკლებად გამწვანებული გარეუბნები, მაგრამ ეს არანაირ შეღავათს არ აძლევს ვაკის, საბურთალოსა და მთაწმინდის მცხოვრებლებს, იმიტომ რომ, იმ უბნებში ყველანაირი სტანდარტი და ნორმა დარღვეულია. თუკი  ადრე თბილისში მოსახლეობის ერთ სულზე მწვანე ნარგავების მოცულობა იყო 25 კვადრატული მეტრი, დღეს ეს მაჩვენებელი 3-4 კვადრატული მეტრია. თან, იმ პერიოდისთვის ითვლებოდა, რომ თბილისი ყველაზე ნაკლებად გამწვანებული ქალაქი იყო.

– არსებობს სტანდარტი, რა მოცულობის მწვანე ნარგავები უნდა იყოს ქალაქის მოსახლეობის ერთ სულზე?

– სტანდარტი გამომდინარეობს ჰაერის ხარისხიდან. დღეს თბილისი არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდა ტოკიო გასული საუკუნის 60-70 წლებში, როდესაც იხრჩობოდა ქალაქი და მაშინ მიიღეს ძალიან მკაცრი ნორმები მთელ იაპონიაში. ალბათ, ჩვენც მოგვიწევს. პირველი –  აიკრძალა ძველი მანაქანები, ის, რაც გააკეთეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა, როდესაც აკრძალეს ძველი მანქანების იმპორტი; გაუმჯობესდა საწვავის ხარისხი და იაპონიის მთავრობამ მკაცრი კონტროლი დააწესა; გაზარდეს სატრანსპორტო მაგისტრალების გამტარიანობა და განისაზღვრა გამწვანების მკაცრი რეგულაცია. შემოიღეს გამწვანების კოეფიციენტი. თითქოს ჩვენთანაც არსებობს, მაგრამ არცერთი დეველოპერი არა ასრულებს. იაპონიაში გამწვანება ფასდებოდა ქულებით: იმისდა მიხედვით, თუ რა ზომის ნარგავები ირგვებოდა და, სხვათა შორის, სწორედ მაშინ დაიწყო იაპონიაში დიდი ხეების გადარგვის პროცესი, იმიტომ რომ, დეველოპერებს უნდა ეჩვენებინათ უკვე გახარებული ბაღები ახალაშენებულ კორპუსებთან. ჩვენთან, სამწუხაროდ, დეველოპერები კორპუსს კორპუსს ადგამენ და მალე ფანჯრიდან ფანჯარაში მიესალმებიან ერთმანეთს მცხოვრებლები. დაშორებაც კი არ არის, რომ ნორმალური იზოლაცია იყოს და ისიც გაუგებარია, სად უნდა გააჩერონ მანქანები.

ჩვენ კი ვამობთ, საცაა ხელს ჩამოართმევენო, მაგრამ ასეთ საცხოვრებელ კორპუსებში ბინებს ჰყავს მუშტარი. ანუ ჩვენი მენტალობის პრობლემაცაა?

– ვინც ამ ბინებს ყიდულობს, ისინი იმ ბინებში არ ცხოვრობენ. როგორც წესი, აქირავებენ. თავად ცხოვრობენ აგარაკებზე ან დიდეზოიან სახლებში. ანუ ჩვენი მენტალობაც პრობლემაა. ამასთან, ევროპაში დადგენილია, რომ ძველი უბნები უნდა შეინარჩუნონ და არავინ დაგრთავთ ნებას, რომ თანამედროვე შენობა ააშენოთ პარიზის ძველ უბანში, რაც უნდა დიდბიუჯეტიანი ინვესტიცია იყოს, იმიტომ რომ, ძველი უბანი ხელუხლებლად უნდა შენარჩუნდეს. რესტავრაცია შეგიძლია, სართულის დამატება –  არა. ჩვენთან კი ეს ყველანაირი სტანდარტი დარღვეულია. ამას ემატება ისიც, რომ არ არსებობს ზონირება: სად გვაქვს საცხოვრებელი კორპუსების ზონა, სად –  სავაჭრო ქსელების ზონა, სად –  სამრეწველო ზონა… მოკლედ, ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი. თბილისის განვითარების გენერალური გეგმა შემუშავდა, მაგრამ თვალით არავის გვინახავს და არ ვიცით, როგორია. ჩვენ, ალბათ, იძულებულები ვიქნებით, რომ ერთ მშვენიერ დღეს დავანგრიოთ აშენებული კორპუსები, იმიტომ რომ, გაუსაძლისი გახდება ცხოვრება.
და კიდევ ერთ ფაქტორს დავამატებ, რაც უნდა ვიცოდეთ, როდესაც მაღალსართულიანი კორპუსების ქალაქზე ვლაპარაკობთ: არის ასეთი ტერმინი –  სითბური ტალღები. მაღალსართულიანი, შუშით აშენებული შენობები ანარეკლით იწვევენ სითბურ ტალღებს, ამიტომაა ქალაქის ცენტრში რამდენიმე გრადუსით უფრო მაღალი ტემპერატურა, ვიდრე გარეუბნებში, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ვიხრჩობით.

რამდენიმე ღონისძიება ჩამოთვალეთ, რომლებიც გატარდა ტოკიოში, რომ გადარჩენილიყვნენ. ვიყოთ რეალისტები: საწვავის ბიზნესს, დიდი ეჭვი მაქვს, ნაკლებად მოერევიან, რომ აიძულონ ხარისხიანი საწვავის შემოტანა; ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვასაც არც ერთი ხელისუფლება არ აიღებს თავის თავზე ამ ღარიბ ქვეყანაში, იმიტომ რომ, მეორედ აღარ აირჩევენ. მხოლოდ გამწვანებით შესაძლებელია ამ სიტუაციის გამოსწორება?

– გამორიცხულია! მხოლოდ გამწვანებით ჩვენ ვითარებას ვერ გამოვასწორებთ, იმიტომ რომ, მცენარეც ისეთივე ცოცხალი არსებაა, როგორც ადამიანი. რატომ ვეღარ ხარობს თბილისში მცენარეები? მხოლოდ უწყლობა არ არის პრობლემა, თვითონ მცენარე იგუდება, ვეღარ სუნთქავს. ძალიან გაუჭირდა „მზიურში“ მცენარეებს გახარება, იმიტომ კი არა, რომ ცუდი ნერგი იყო, ცუდად იყო დარგული ან წყალი არ დაუსხეს?! რაღაც მონაკვეთებზე წვეთოვანი მორწყვაც კი გაკეთდა. ასეთ დაბინძურებულ გარემოში ისევე იხრჩობა მცენარე, როგორც ადამიანი. მცენარესაც სჭირდება ჟანგბადი. ამდენად, ნუ ვიტყვით, რომ მარტო გამწვანებით შევძლებთ ამ პრობლემის დაძლევას. თუ კომპლექსურად არ წარიმართა მუშაობა, ქალაქი ისევ ძალიან მძიმე მდგომარეობაში დარჩება სითბური ტალღების ქვეშ და სმოგით თავზე. სმოგი ნამდვილად არის თბილისის თავზე! ასე რომ, უნდა ვიცოდეთ, თუ კომპლექსური ღონისძიებები არ გატარდა, არაფერი ეშველება ქალაქს. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა ქალაქის ცენტრში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სითბურ ტალღებს აძლიერებს; არა მხოლოდ იმიტომ, რომ განიავება ვერ ხდება; იმიტომაც, რომ თბილისი სეისმურად აქტიურ ზონაშია.

9-ბალიან ზონაშია.

– და შესაბამისად, მისი შენობების მდგრადობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენად, მე ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს თბილისს და ნამდვილად ვუსურვებდი დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს წარმატებებს, იმიტომ რომ, ძალიან ძნელი იქნება ამ ქალაქის მეურნეობის გაძღოლა.

აწეული ტენიანობის პრობლემის გამოსწორება შეუძლებელია? ანუ მისი ხელოვნურად დაწევა?

– დაწევა შეიძლება, თუ შევქმნით, რაც შეიძლება, მეტ რეკრეაციულ ზონას, ანუ თუ შევძლებთ, რომ გავაშენოთ მწვანე ნარგავები, ავამაღლებთ განიავების პროცენტს, შეიძლება, ასეთი კატასტროფული შედეგი არ გვქონდეს. ტენიანობა ისეთი ფაქტორია, რომელთანაც ადაპტირება მოგვიწევს, რომ ასატანი გახდეს.

რა დაავადებებს იწვევს ისეთი ტიპის დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება, როგორიც თბილისშია?

– უპირველესად, ალერგიულ დაავადებებს, რაც ძალიან გავრცელებულია მთელ თბილისში; ასთმურ დაავადებებს, აგრეთვე, გავრცელებულია საკმაოდ; ანუ სასუნთქი გზების პრობლემები ექმნება მოსახლეობას. დანარჩენი უკვე დაბინძურების ხარისხიდანაა გამომდინარე: იმიტომ რომ არის ძალიან და ნაკლებად დაბინძურებული უბნები, მაგარმ ეს მაინც პირობითია. თუ ძალიან დაბინძურებულია ჰაერი, ბავშვებში დებილიზმის ნიშნები იკვეთება. ასე რომ, არაფერი სახარბიელო არ გველის.

– უბნების მიხედვით, ყველაზე დაბინძურებული ჰაერი სადაა?

– ზუსტად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ, ყოველ ჯერზე ჩვენი გარემოს დაცვის სააგენტო სხვადასხვა უბანს ასახელებს, მაგრამ საკმაოდ რთული სიტუაციაა ვაკეში, საბურთალოზე, მთაწმინდასა და ორთაჭალაში, რადგან დიდი დაწოლაა ამ რაიონებში.

მშენებლობებს გულისხმობთ?

– მშენებლობებს, ავტოტრანსპორტის მატებას, რომ აერაცია საერთოდ არ ხდება. ჰაერი აღარ მოძრაობს. ამდენად, ქარების გახშირება აღარ იძლევა განიავების საშუალებას და დღეს ქალაქი იხრჩობა ამ მომატებული ტენიანობისა და მაღალი ტემპერატურის ფონზე.

ზამთარში უფრო სუფთაა ჰაერი თუ გვეჩვენება, რაკი ცივა?

– გვგონია, რომ ვითომ სუფთაა, მაგრამ ტენიანობის გაზრდასთან ერთად, ჩვენ უფრო გაუსაძლისად აღვიქვამთ სიცივეებსაც. თუკი მშრალი ჰავის პირობებში დაბალი ტემპერატურა ზამთარში ასატანი იყო, ტენიანობის მატებასთან ერთად, იმავე ტემპერატურის სიცივეც აუტანელი ხდება და უფრო იგრძნობა.

– ანუ ზამთარშიც გვაწუხებს უჟანგბადობა, უბრალოდ ვერ ვგრძნობთ მძაფრად?

– დიახ. ვცდილობთ, არ ვიაროთ გარეთ და ამიტომ. ერთი სიტყვით, ქალაქში რეკრეაციული ზონების გაზრდა აუცილებელია.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *