საზოგადოება

რატომ მალავს კახა კალაძეც ჩასწორებულ გენგეგმას

ე.წ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ)  ისტორია 2015 წლის 21 მაისს დაიწყო,  როდესაც  კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებულმა ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ , ჯერ

გამარჯვებულისათვის გათვალისწინებული 50.000 ლარი მიიღო და შემდეგ,   მთელი რიგი სახელისუფლებო და იურიდიული მანიპულაციების შედეგად, 50.000 ლართან ერთად მას პირდაპირი შესყიდვის წესით გაუფორმდა ხელშეკრულება 2 800 000 ლარის  მომსახურებაზე.  აქვე აღსანიშნავია, ისიც რომ ეს  ორგანიზაცია კონკურსის გამოცხადებიდან 41-ე დღეში შეიქმნა და მას როგორც იურიდიულ პირს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“  მგგ-ს  დოკუმენტი 18 თვიან ვადაში უნდა წარმოედგინა,  თუმცა კონტრაქტზე ხელისმოწერიდან თითქმის  3 წელი გავიდა და ამ დოკუმენტის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამ ხნის განმავლობაში დოკუმენტში გამოვლენილი ხარვეზების და ვადების გადაცდენის გამო, კომპანია 6-ჯერ დაჯარიმდა და საჯარიმო სანქციებმა საერთო ჯამში დაახლოებით  300 ათას ლარი შეადგინა.

2018 წლის 15 იანვარს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მგგ-ს  პროექტის განახლებული ვერსიის შეფასება გამოაქვეყნა და გამოთქმული შენიშვნების აღმოსაფხვრელად „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ კიდევ 45 დღით გაუგრძელა ვადა შესწორებული ვარიანტის წარმოსადგენად. თუმცა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ვერც ამ ვადაში,  მოახერხა ისეთი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც მის დამკვეთს და ფართო საზოგადოებას  დააკმაყოფილებდა  და თბილისის მერმა  2018 წლის 2 აპრილს კიდევ ერთხელ, იმედია ამჯერად საბოლოოდ, 1 ივნისამდე გაუგრძელა ვადა  მათ  მგგ-ს საბოლოო, მერიასთან  შეთანხმებული, ვარიანტის  წარმოსადგენად.

„იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, უმნიშვნელოვანესია, მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ. გვაქვს მოლოდინი  და  ყველანაირად  შევუწყობთ  ხელს, რომ „სითი ინსტიტუტმა“ ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი  მასალა წარმოადგინოს“, – ასე განმარტა მაშინ, თავისი გადაწყვეტილების მოტივაცია კახა კალაძემ.

24 მაისს კი “სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ გვამცნო, რომ მგგ-ზე მუშაობა უკვე დაასრულდა და დედაქალაქის მერიას წარედგინა საბოლოო ვარიანტი, რომელზეც  მერიას შენიშვნები სავარაუდოდ, აღარ ექნება, რადგან ყველა შესწორება დოკუმენტში მერიის თანხმობით და მოთხოვნით შევიდა.  მან ასევე დაანონსა, რომ ქალაქმა უნდა ჩაატაროს ყველა ის ძირეული კვლევა, რომლის საფუძველზე წესით და რიგით უნდა დგებოდეს რეალური გენგეგმა. ანუ ვღებულობთ  აბსურდულ სიტუაციას – ჯერ შევქმენით 3 მილიონ ლარად ღირებული  არაკვალიფიცირებული დოკუმენტი და მერე ვაპირებთ მისი არსებობის გამართლებას ან არ გამართლებას არანაკლებ ძვირად ღირებული კვლევებით.

როგორც არაერთხელ ავღნიშნეთ, „სითი ინსტიტუტის“  მიერ წარმოდგენილ მგგ-ს არკვალიფიცირებულობას მრავალი მიზეზი აქვს.  აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი იქმნებოდა კონკრეტული დაკვეთის შესასრულებლად და არავის არ აინტერესებდა მისი შინაარსობრივი მხარე.  აქ მთავარი იყო საყრდენი რუკა, თავისი კონკრეტული პროექტებით და სასურველი ზონალობით. დამკვეთებს იმედი ქონდათ, რომ როგორც ყოველთვის, მსგავსი დოკუმენტების მიღებისას,  მოხერხდებოდა პროცესის უმტკივნეულოდ ჩატარება და მისი უხმაუროდ დამტკიცება.  თუმცა საზოგადოების  მაღალი აქტიურობის და ბ-ნი კალაძის უარყოფითი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და გაჩნდა იმედი, რომ თბილისი არ მიიღებდა  არაკვალიფიცირებულ და კონკრეტული ჯგუფების ეკონომიკური ინტერესების მატარებელ დოკუმენტს.

ა) კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერება;  ბ) მონაცემთა ბაზები და დარგობრივი კვლევები; გ) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოდელები;  დ) ტერიტორიული დაგეგმარება;  ე) რუკების ერთიანი სტანდარტი;  ვ) სიტუაციური მოდელირება;  ზ) სატრანსპორტო და ეკოლოგიური პოლიტიკის თანხვედრა არსებულ სიტუაციასთან და პერსპექტივები;  თ) განსახორციელებელი ღონისძიებების რანგირება, მათი განხორციელების ბიუჯეტი, ფინანსების მოზიდვის წყაროები და  ეკონომიკური დასაბუთება;  ი) ერთიანი სამშენებლო ნორმები;  კ) საერთაშორისო ქარტიებთან შესაბამისობა; ლ) საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის რეკომენდაცია  და ა.შ.  ქართველი და უცხოელი ექსპერტების განმარტებით, ეს გახლავთ იმ კომპონენტების მცირე ნაწილის ჩამონათვალი, რომელთა გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს  კომპონენტები არსად არ გვხვდება სრულყოფილი სახით „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში.

როგორც ვიცით, თბილისის მერიაში ჩატარებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად თბილისის არქიტექტურის სამსახურს ურბანული განვითარების მიმართულება გამოეყო და  ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური შეიქმნა და  სწორედ ამ სამსახურის პასუხისმგებლობა იქნება პროფესიულად სრულყოფილი მგგ-ს მიღება, სადაც გათვალისწინებული იქნება თანამედროვე გეგნგემისთვის დამახასიათებელი ყველა ურბანული ასპექტები.

დღეს უკვე 9 ივნისია, მაგრამ მიუხედავად ბ-ნი კალაძის დაპირების საჯარო სივრცეში ჯერ არსად ჩანს  განახლებული მგგ-ს დოკუმენტი,

ჩვენი არაერთი მცდელობა მოგვეპოვებინა  ინფორმაცია იმაზე, თუ როდის გახდება ეს დოკუმენტი საჯარო, წარუმატებელი აღმოჩნდა. არქიტექტურის სამასახური გვეუბნება, რომ დოკუმენტი ჩაბარებული აქვთ და მიმდინარეობს მისი განხილვა (?!), თუმცა როდის ან სად დაიდება  განახლებული მგგ-ს ელექტრო ვერსია ამაზე მათ პასუხი არა აქვთ. ხოლო მგგ-ზე უშუალოდ პასუხისმგებელ  ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურთან დაკავშირება კი შეუძლებელი გახდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ ჩვენს ზარებზე არავინ არ პასუხობს.

დრო მიდის და გადაწყვეტილება (ან კარგი ან ცუდი) არ ჩანს. ეს კი უზარმაზარ პრობლემას უქმნის რიგით მოქალაქეებს, მენაშენებს და იმ 20.000 კერძო მესაკუთრეს, რომელიც ელოდება მგგ-ს საბოლოო ვარიანტს, რათა გაიგოს ბოლო-ბოლო რა ბედი ელის მის კერძო საკუთრებას.

ბ-ნი კალაძის დაპირება, რომ რეორგანიზაციის შემდეგ (10 მაისიდან) ამოქმედდებოდა ერთი ფანჯრის პრინციპი და მსურველებს მომსახურება მიეწოდებოდათ გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად ვიდრე ადრე, ჯერ-ჯერობით არ სრულდება. არქიტექტურის სამსახურში, ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით სრული ქაოსია.  ამ  რეგულაციების ცხოვრებაში გატარების მექანიზმი არასრულყოფილია, რაც კიდევ უფრო ართულებას სიტუაციას. ხოლო  ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური არსებობს თუ არა არავინ იცის. ერთადერთი რაც მის შესახებ არის ცნობილი ისაა, რომ ამ სამსახურის ვებ-გვერდზე 680-მდე განუხილველი განცხადება დევს და ჯერ არცერთზე პასუხი არაა გაცემული.

ჯერ-ჯერობით ბ-ნი კალაძის დაპირება რომ  მგგ-ს საბოლოო ვარიანტს 1 ივნისს ვიხილავდით შეუსრულებელია და  მიუხედავად იმისა, რომ მერიამ, დაიწუნა მგგ-ს წარდგენილი ვარიანტი, ეს არ არის გარანტია იმისა, რომ საბოლოო დოკუმენტში ყველა შენიშვნა გათვალისწინებული იქნება ან ეს დოკუმენტი უკეთესი იქნება მის წინამორბედზე.  ინფორმაციის არ არსებობის გამო  ვერც იმას ვიტყვით, რომ კალაძის მგგ  უკეთესი იქნება „სითი ინსტიტუტის“ მგგ-ზე და ვერც საწინააღმდეგოს მტკიცებას დავიწყებთ.

ამიტომ გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ქალაქის მერს მისი დაპირება და იმედს ვიტოვებთ, რომ  მგგ-ს განახლებული ვარიანტი მალე  გამოქვეყნდება, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ  მომენტალურად, ყოველგვარი საჯარო განხილვის გარეშე,  არ მოხდება  ამ დოკუმენტის საკრებულოში გადაგზავნა და მისი ნაჩქარევი დამტკიცება.

როგორც მეტროს მემანქანეების საპროტესტო აქციებმა დაგვანახა საჯაროობის და მჭიდრო კომუნიკაციის გარეშე გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური უპასუხიმგებლობაა და ამას დედაქალაქის და მისი მოქალაქეებისთვის  უარყოფითი შედეგები მოყვება.

მგგ-ს საკითხი კი გაცილებით მაშტაბური ხასიათისაა და  დაინტერესებულ პირებთან ( 20.000 კერძო მესაკუთრე) წინასწარი კომუნიკაციის გარეშე, მისმა გაუაზრებელმა იმპლენტაციამ შეიძლება მძიმე და  არაპროგნოზირებადი შედეგების წინაშე დაგვაყენოს.

ვნახოთ, გამოიტანეს თუ არა ქალაქის მესვეურებმა მეტროს გაფიცვიდან სათანადო პოლიტიკური დასკვნები და შეძლებენ თუ არა ისინი მგგ-ს დონის მასშტაბური საქალაქო პროექტის მიღებისას უზრუნველყონ პროცესის მაქსიმალური საჯაროობა და დაინტერესებული მხარეების პოზიციების გათვალისწინება.

წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ნარმანიასეული  მგგ-ს დაწუნება, მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მასში არ იყო ასახული ახალი ხელმძღვანელობის ინტერესები და შესაბამისად, ამ ინტერესების  დოკუმენტში ასახვის შემდეგ,  ქალაქის დღევანდელ მესვეურებიც ბ-ნი ნარმანიასავით, ყოველგვარი საჯარო განხილვების გარეშე, ეცდებიან  მიიღონ ე.წ.“ თბილისი კონსტიტუციის“ კალაძისეული ვერსია.

გოგი ლორთქიფანიძე

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობა“

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *