ასტროლოგია

რატომ ფუჭდება სახლში საჭმელი მალე და ჭკნება ქოთნის ყვავილები?!

ასაკში შესული ადამიანებისგან გამიგია, სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრება და მით უმეტეს, სასაფლაოს ტერიტორიაზე აგებული საცხოვრებელი ადამიანებს საფრთხეს უქმნის. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანა ამბობს, სასაფლაოზე აგებული სახლის მობინადრეებს მიცვალებულები იმ ქვეყნიდან აკითხავენ, არ აცლიან მშვიდად ცხოვრებას, აიძულებენ, მათი ტერიტორია დატოვონ.

nana mamagulashvili ნანა: სასაფლაოს მიწა სავსეა დაგროვილი შავი ენერგიით, ამიტომ ამ ტერიტორიაზე სახლის აშენება და დაბინავება ძალიან ცუდია და არც შეიძლება. არც სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრება შეიძლება, რადგან მიცვალებულების გახრწნის შემდეგ უარყოფითი ენერგია და ინფორმაცია რამდენიმე მეტრის რადიუსზე გადაეცემა მიწის საშუალებით. ასე რომ, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია უარყოფითი ენერგიითაა დამუხტული.

– პირადად თუ შეხვედრიხართ ისეთ ადამიანებს, ვისაც სწორედ ამ მიზეზის გამო პრობლემები ჰქონდათ?

– რასაკვირველია, ისე არ უნდა გაავრცელო ინფორმაცია ადამიანმა, თუ მის სისწორეში არ ხარ დარწმუნებული. მით უმეტეს, მე ამ პრობლემას დიდხანს ვიკვლევდი და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩანაწერებს ვაკეთებდი. დაახლოებით სამი წლის წინ, გურიაში ჩავედი დასასვენებლად. ჩემს შორეულ ნათესავს სახლი სასაფლაოსთან ახლოს აუშენებია. დედაჩემი მომიყვა, გადავიდნენ თუ არა იქ საცხოვრებლად, მალევე შეექმნათ პრობლემებიო. არადა, საკმაოდ კარგი ხალხია. მივედი, მივულოცე თუ არა ახალ სახლში გადასვლა, შემომჩივლეს, ეს რა ხელზე ავაშენეთ ეს სახლი, რაც აქ გადმოვედით, ვეღარ მოვისვენეთო. გავზომე სახლის აურა და აღმოჩნდა, რომ იქ უარყოფითი ენერგია ბრუნავდა, ამის მიზეზი კი მიწიდან ამომავალი შავი ენერგია იყო. არადა, სანამ ამ სახლში გადმოვიდოდნენ, საკმაოდ შეძლებულები და წარმატებულებიც იყვნენ. ოჯახის უფროსს ბიზნესი ჰქონდა, მისი მეუღლე პედაგოგი იყო. ორივეს დაუკარგავს სამსახური, ვალები აუღიათ და ისე გასჭირვებიათ, ნუღარ იტყვით. არადა, იცოდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე სახლის აშენება კარგს არაფერს მოუტანდათ. სოფელში, ხომ იცით, ბრძენი ხალხია. უთქვამთ, არ გინდათ, ნუ შეიქმნით პრობლემებსო, მაგრამ არ დაუჯერებიათ.

– რატომ არ დაუჯერეს, ასეთი რამეების არ სჯერათ?

– შეიძლება კი სჯერათ, მაგრამ წლების წინ შვილი დაეღუპათ და იმ სასაფლაოზე დაკრძალეს. დაბადებიდან ავადმყოფი იყო ის საწყალი და ორი წლის ასაკში გარდაიცვალა. დედ-მამას უფიქრია, შვილთან ახლოს ვიქნებით, ხშირად ვივლით საფლავზეო. ეს იყო მიზეზი, რომ ახალი სახლი აუშენებიათ სასაფლაოსთან ახლოს.

– სხვა შვილები არ ჰყავთ?

– როგორ არა, ორი შვილი ჰყავთ – ქალ-ვაჟი. სახლის აურა რომ გავზომე და დავრწმუნდი, მართლაც ცუდ ადგილას ცხოვრობდნენ, ვუთხარი კიდეც, ამ ბავშვებს რას ერჩით-მეთქი. სიმართლე გითხრათ, როცა იქ მივედი, სახლი მართლაც მომეწონა, მაგრამ ფეხი შევდგი თუ არა, თავი ცუდად ვიგრძენი. ხომ გამოგიცდიათ თქვენც, არის სახლები, სადაც ადამიანს ფეხის შედგმაც კი გსიამოვნებს, ისვენებ, თავს მშვიდად გრძნობ, იქ კი ერთი შესვლაც საკმარისი იყო, იმის გასაგებად, რომ რაღაც რიგზე ნამდვილად არ იყო. საინტერესო, იცით, რა არის, თურმე ჩემი ნათესავის ცოლის ძმა ყოფილა ცუდად. წამოუყვანიათ და ამ სახლში წოლილა. იმ ბიჭს დედ-მამა ადრე დაეხოცა, არც ცოლი მოუყვანია, ცოტა მსმელი ბიჭიც იყო და ჩემი ნათესავი ისე უვლიდა, როგორც საკუთარ ძმას. ჩვენი რძალიც, როგორც გითხარით, კარგი გოგოა. ერთი სიტყვით, ამ ბიჭს რამდენიმე დღეში ბოდვა დაუწყია. გიჟივით ყვიროდა თურმე იმ გარდაცვლილების სახელებს, ვინც ამ სასაფლაოზე იყო დაკრძალული. სიკვდილის წინ კი უთქვამს, ფანჯრებზე ნაჭრები ააფარეთ, მიცვალებულები მიყურებენ, ჩემი წაყვანა უნდათო. არადა, იმ საწყალს სასიკვდილო არაფერი სჭირდა. დაულევია, გარეთ დასძინებია და გაციებულა. გართულებია გაციება და ფილტვების ანთება დამართნია. დღეს ამით ვინ კვდება? დარწმუნებული ვარ, მის სიკვდილში იმქვეყნიური ძალების ხელი ურევია. სხვათა შორის, ჩემმა ნათესავმა ისიც კი მითხრა, რაც ამ სახლში გადმოვედით საცხოვრებლად, მას შემდეგ სულ ავად ვართ, ხან რა გვაწუხებს და ხან რაო. მე კი ვურჩიე, ის ტერიტორია აუცილებლად დატოვონ და სახლი სასწრაფოდ დაანგრიონ, რომ მომავალ თაობებს მაინც არ შეუქმნან საფრთხე, მაგრამ დღესაც იქ ცხოვრობენ. ასე ადვილი ხომ არ არის ამ გაჭირვების დროს სახლის დანგრევა და სხვა ადგილას აშენება? არადა, მერწმუნეთ, თუ იქ დარჩნენ, მიცვალებულები იმ ქვეყნიდან არ მოასვენებენ, თავს უამრავ უბედურებას დაატეხენ და შესაძლოა, ისეთი დაავადებაც აღმოაჩნდეთ, ამ დაგროვილი შავი ენერგიის წყალობით, რომ ღმერთმა არ ქნას, მაგრამ მათი გადარჩენა შეუძლებელი გახდეს.

– ძველად, იმ ადგილას, სადაც სახლის აშენება უნდოდათ, ხეს რგავდნენ, თუ ის გაიხარებდა, იწყებდნენ მშენებლობას. ეს მეთოდი დღესაც ამართლებს?

– რასაკვირველია. თუმცა დღეს უამრავი ხელსაწყო არსებობს ამის დასადგენად. ძველად კი სანამ ადამიანები სახლის აშენებას დაიწყებდნენ, იმ ადგილის აურის გასარკვევად ხეს რგავდნენ. თუ ეს ხე გაიხარებდა, ესე იგი, იქ მშენებლობის დაწყება და დასახლება უსაფრთხო იყო. იმ ადგილას დაგროვილი ენერგიები, დადებითი იქნება ეს თუ უარყოფითი, უდიდეს გავლენას ახდენს იქ მცხოვრებ ადამიანებზე. სხვათა შორის, საცხოვრებლის ყველა კუთხე-კუნჭული ენერგიის დაგროვებას იწყებს და ეს ენერგია როგორც მიწიდან, ასევე ადამიანებიდანაც მოდის. ამიტომ არის, რომ დადებითი აურის მქონე ადამიანების ბინაში ყოფნა გსიამოვნებთ. უარყოფითი ენერგიის მქონე სახლში კი ფორიაქობთ, ვერ ისვენებთ, გინდათ, მალევე დატოვოთ ტერიტორია. ეს ცუდი აურა კი შემდეგ დიდხანს გაგყვებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხოლო ის, თუ როგორ მივხვდეთ, ბინაში უარყოფითი ენერგია დაგროვდა თუ არა, ეს ძალიან მარტივია. კარგად დააკვირდით, სახლში ყოფნისას ხომ არ შფოთავთ, ხშირად და მალე ხომ არ ფუჭდება საკვები, ზამთრის მარაგი, ჭკნება ქოთნის ყვავილები. თუ ცხოველი გყავთ, კარგად დააკვირდით მის ქცევებსაც, თუ ის ნერვიულად დადის ოთახიდან ოთახში, ყეფს, იღრინება, ესე იგი, ამ უარყოფით გავლენას განიცდის.

– შეგიძლიათ, რეკომენდაცია მისცეთ იმ ადამიანებს, ვინც ბინის ყიდვას აპირებს?

– ბინის ყიდვისას, კარგად უნდა გაიმახვილოთ გრძნობითი ორგანოები. ჯერ ერთი, გირჩევთ, კარგად გაარკვიოთ, ვინ ცხოვრობდა იქ, რა იყო ამ სახლში გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზი, რამდენად წარმატებულები იყვნენ ცხოვრებაში. შედით ბინაში, ცოტა ხანს დადექით და თუ იგრძნობთ, რომ სახლის აურა დადებითად მოქმედებს თქვენზე, ესე იგი, ეს ბინა შეგიძლიათ, შეიძინოთ.

მოამზადა ნონა დათეშიძემ.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები