რეგიონები

რაში ადანაშაულებს პეტრე კოლხი მღვდლებს და რატომ გამოაქვეყნა მან ზუზუ ბეჟაშვილის თხოვნა?!

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში გულისტკივილით ეხმიანება ბოლო დროს გახშირებულ თვითმკვლელობებს და ამაში დამნაშავედ საზოგადოებასთან ერთდ მოძღვრებსაც მიიჩნევს. მან ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა ზუზუს მიერ მიწერილი თხოვნა, სადაც ის დახმარებას სთხოვდა მამაოს, რის გამოც მამა პეტრე კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. 

პეტრე კოლხი: ის ადამიანები, რომლებიც თავს იკლავენ, შინაგანი გაორებები აქვთ ყველაფერზე. 

დღევანდელ დღეს თითქოს ყველა ეკლესიური, ყველა მორწმუნეა, მაგრამ ეს ყველაფერი ფარისევლობას დაემსგავსა, რადგან ეკლესიაში მოსული ადამიანები, ზუსტად ისეთები გადიან ეკლესიიდან, როგორებიც შემოვიდნენ, თითქოს არც არაფერი იცვლება. ამაში დამნაშავე მხოლოდ ერთი მხარე არ არის, დამნაშავეა მეორე მხარეც. ხშირად ასეც ხდება, რომ იმის გამო, რომ ვერ არის გულწრფელი, ადამიანი აღსარებაში სხვა რაღაცას ყვება. ყველა პრობლემა იქიდან მოდის, რომ მათ უჭირთ ბოლომდე გახსნა. როდესაც ადამიანები საკუთარ თავს ატყუებენ და ატყუებენ საზოგადოებასაც, მაშინ მოძღვარიც უნდა დახვდეს იმ დონეზე მომზადებული, რომ მარტივად გახსნას და ის ბოლომდე აალაპარაკოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი როდესაც ცდილობენ, იყვნენ ეკლესიურები, აღმსარებლები, მაზიარებლები, თან მარხულობენ და ყველა წესს იცავენ, რასაც ეკლესია გვასწავლის, შინაგანად მაინც ეკარგებათ მოსვენება, სიმშვიდე, რადგან ფიქრობენ, რომ შეიძლება უღირსად, არასწორად ეზიარონ და წმიდა მამების გამოცდილებებიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში სული უფრო მეტად მძიმდება, ვიდრე სიმშვიდე ეძლევა.

 

– რა პრობლემები არსებობს დღეს მოძღვრებში, რატომ ვერ ნახულობენ მრევლთან საერთო ენას?

– ეკლესიაში არის ორი უკიდურესობა. მოძღვრები დღევანდელ დღეს, პირველი, არიან ძალიან ლიბერალები – ზედაპირულად უყურებენ ყველა ცოდვას, აღსარებასაც კი და მეორე, არიან ძალიან ფუნდამენტალისტები – მაქსიმალურად ტვირთავენ საკუთარ სულიერ შვილებს, მარხვით, ლოცვით და ასე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში ორივე მხარე არის უკიდურესობა. პირველ შემთხვევაში, ირღვევა ის სულიერი ცხოვრების ოქროს შუალედი, როდესაც ადამიანი ყველაფრის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, შორდება ღმერთს და მეორე შემთხვევაში, როდესაც არაფრის უფლებას არ აძლევს თავს და ასე შორდება ღმერთს. მეორე შემთხვევა უფრო მძიმეა: როდესაც ადამიანს იმაზე მეტი ტვირთის ზიდვას დააკისრებ, რამდენიც შეუძლია, ადამიანი მიდის შინაგან მოკვდინებამდე, შინაგან ფერისცვალებამდე, ოღონდ ძალიან ცუდი ასპექტით და ეს ყველაფერი ნეგატიურ შედეგს გვაძლევს, რადგან ადამიანი ვერ უძლებს სიმძიმეს, ეგრეთ წოდებულ, სულიერ ცხოვრებას და სინამდვილეში, ეს უკვე დამახინჯებული ფორმებია, გარეგნულად დათრგუნულები დადიან, თითქოს მარტო მათთვის არის მეორედ მოსვლა, მათთვის მთავრდება სამყარო, თითქოს მათთვის არის უკანასკნელი ჟამი და განკითხვა. მერე როგორი დამძიმებულებიც თვითონ არიან, ასე ამძიმებენ სხვებსაც. თუ ვინმე გახარებული, წარმატებული, ბედნიერი ნახეს, მივარდებიან გიჟებივით და უყვირიან, რა გაცინებთ, რატომ ხართ ბედნიერები, მეორედ მოსვლა კარს არის მომდგარი, იგლოვეთ, იტირეთ! ამ დროს ეს ყველაფერი არის დამახინჯებული ფორმა, რადგან ქრისტე გვეუბნება: თქვენ თუ მარხულობთ შინაგანად, ეს გარეთ არ უნდა გეტყობოდეთ. იყავით გარეგნულად მხიარულები და შინაგანად იგლოვეთო. შეიძლება, ლოგიკური იყოს, თუ ის თავს იკლავს, რადგან ღვთის მადლს არ ზიარებია და დღევანდელი დღე კი იმდენად სავსეა ყოფითი პრობლემებით, ჩვენ თავს ვერ ვაღწევთ. ბუნებრივია, ადამიანები რეალობას არასწორი მეთოდებით გაურბიან. თუ ადამიანი ეკლესიაში იყო, ის უფრო მეტად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ეკლესიური ცხოვრების არსში, უფრო მეტად უნდა ესმოდეს, რაში მდგომარეობს პრობლემები, მაგრამ თავს იკლავს, ეს უკვე ტრაგედიაა. ბევრი მოძღვარისგან მსმენია: ჩემი რა ბრალია, მე არ ვარ დამნაშავე, ადამიანი არის უმადური და თავს იკლავსო. მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ და ვთქვათ, რომ ვინც თავს იკლავსო, ყველა ადამიანი დამნაშავეა. ადამიანი სოციუმიდან გამომდინარე იკლავს თავს. პაოლო იაშვილმა რომ თავი მოიკლა, ესეც სოციუმიდან გამომდინარე იყო. რამდენიმე წლის წინ, უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, პაოლო იაშვილს წესი მე ავუგე. თუ ადამიანი, თვითმკვლელობისგან ვერ ვიხსენით, ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ თვითმკვლელობამდე არ მივიყვანოთ. ეს არის ტრაგედია და სასულიერო პირი არ უნდა გამოვიდეს და არ უნდა ამბობდეს, რომ ადამიანი უმადური ყოფილა, რადგან მან თავი მოიკლა. ის რომ აცნობიერებდეს, რომ თვითმკვლელობა არის უმადურობა, რომ არის ურწმუნოება და არაჯანსაღი მდგომარეობა, მაშინ თავს არ მოიკლავდა.

– სხვა თვითმკვლელი ადამიანისთვის თუ აგიგიათ წესი?
– კი, რა თქმა უნდა. ძალიან სუბიექტური და ტენდენციური გახდა წესის აგების საკითხი. რომელიმე თვითმკვლელს შეიძლება წესი აეგოს და იმაზე ითქვას, ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო და რომელიმეზე ითქვას – ის აბსოლუტურად ჯანსაღი იყო და მოდი, იმას წესი არ ავუგოთ, რადგან გააზრებული ჰქონდა, რას აკეთებდა და გააკეთაო. მერწმუნეთ, თვითმკვლელობის სიმძიმის მდგომარეობა რომ ესმოდეს ადამიანს, არცერთი თავს არ მოიკლავდა. შესაბამისად, ამ დროს ნებისმიერი ადამიანი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია და წესის აგებაზე კურთხევა ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს და ნებისმიერ ადამიანს უნდა ეგებოდეს წესი. თუ რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე დაეშვა ეს პრეცედენტი, მაშინ ნებისმიერს უნდა შეეხოს. ადამიანი, რომელიც ფიზიკურად ისპობს თავს, ჯოჯოხეთში მიდის? მე ამის არ მჯერა. მაშინ სულიერად თვითმკვლელები სად მიდიან? უამრავი ცოცხალია ჩვენ გარშემო, რომელიც არაფრით არ ჯობია მკვდარს, აბსოლუტური რობოტის მდგომარეობა აქვს და ჩემთვის ესეც მკვდარია და რა მნიშვნელობა აქვს? ამიტომ უნდა გავაანალიზოთ და მართლმადიდებლობა ზღაპრებს არ დავამსგავსოთ.

– თქვენ ძალიან გაგაკრიტიკეს ზუზუ ბეჟაშვილისა და  თქვენი მიწერ-მოწერის გამოქვეყნების გამო, სადაც ზუზუ გთხოვდათ, მისთვის თანხა გესესხებინათ…

– ის პოსტი მე იმიტომ კი არ გამოვაცხვე, რომ საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, პეტრე რა კარგი ბიჭია, ვიღაცებს ეხმარება-მეთქი. ასე არ ხდება. ღმერთმა შემაძლებინოს დაფარული სიკეთე უფალმა ცხადში მიმაგოს. მე ეს იმიტომ არ გავაკეთე, რომ საზოგადოების გაღიზიანება გამომეწვია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გარშემო უამრავი ზუზუა, ჩვენ გარშემო უამრავი პეტრეა და სანამ სიკვდილამდე მივალთ, მანამდე უნდა გავაანალიზოთ, რომ ერთი თბილი სიტყვაც შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ადამიანის გადარჩენისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ჩვენ თვითონ დავაჩქაროთ ადამიანის შინაგანი მოკვდინება. ადამიანი რომ გარდაიცვალა და ატყდა ამბავი, თურმე როგორ უჭირდა საწყალს, ეს ცოტა ფარისევლობაა და სწორედ ამის პროტესტი იყო ჩემი წერილი. ამ შემთხვევაში ზუზუ არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დაიგნორებულია მეორე საზოგადოებისგან.  მიუხედავად  მთელი მისი ხუმრობისა, შინაგანად უდიდეს ტკივილს, უდიდეს სევდას ატარებდა და ეს ძალიან თვალშისაცემი ხდებოდა. ჩემთვის ზუზუ ყოველთვის იყო ამოცანა, რომელიც ბოლომდე ამოუხსნელი დარჩა.

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *