მთავარი ბლოკირელიგია

რა არის ქრისტიანული ქორწინება

უცოლო ადამიანს უფლებებიც და მოვალეობებიც თანაბარი ოდენობით აქვს. ქორწინების შემდეგ მისი უფლებები მცირდება, მოვალეობები კი იზრდება, ხოლო როდესაც ბავშვები იბადებიან, ერთმევა ყველა უფლება და რჩება მხოლოდ მოვალეობანი.

პასუხისმგებლობა ოჯახზე

ერთხელ მამა ეპიფანე ერთ ცოლიან მღვდელთან იყო სტუმრად. ცოლმა შესჩივლა ბერს: ჩემი მეუღლე იმდენად გაიტაცა ეკლესიაში მეცადინეობებმა მრევლის წევრებთან, რომ სრულიად დაავიწყდა ოჯახიო.

მამა ეპიფანე დედაკაცს მიემხრო და მღვდელს უთხრა:

– შენი ცოლი და შვილებიც ხომ მრევლის წევრები არიან, შენ მათზე პასუხს აგებ!

ეშმაკის ხრიკები

მამა ეპიფანე ამბობდა:

– რაოდენ ვერაგია ეშმაკი!.. ჩემს სულიერ შვილებს, ვისაც ბედნიერი, ქრისტიანული ოჯახები აქვთ, ჩასჩურჩულებს: „გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ მონასტერში წასულიყავი და ზეციურ სულიერებაში გეპოვა ნუგეში, გეცხოვრა ოჯახური საზრუნავისგან შორს, რაც ყურადღებას გიფანტავს და გთრგუნავს!“

ხოლო ჩემს სულიერ შვილებს, რომლებიც ისწრაფოდნენ, დაემარხათ ქალწულება ქრისტესთვის და მონასტერში წავიდნენ, ცდილობს, ჩააგონოს: „ჯობდა, ცოლი მოგეყვანა, სახლშივე შეგექმნა ეკლესია და ოჯახური ბედნიერებით გეცხოვრა, ასკეტურ ღვაწლსა და მარტოობას განშორებოდი, რაც განადგურებს“.

დაოჯახებული რომ ქცეულიყო მონაზვნად, მონაზონს კი ექორწინა, ბოროტი ახლა საპირისპიროს ჩააგონებდა მათ. ყოველივე ამას ის აკეთებს იმისთვის, რომ სასოება წარუკვეთოს, ცხოვნების გზიდან გადააცდინოს ადამიანი. კურთხეული ქორწინებაც და ქრისტესთვის ქალწულებაც – გზაა ცხოვრებისა!

ხატები და ცოლქმრული ურთიერთობები

მამა ეპიფანეს ჰკითხეს: – დასაშვებია თუ არა, ცოლ-ქმარმა თავიანთ საძინებელ ოთახში ხატების კუთხე მოაწყოს?

მამა ეპიფანემ უპასუხა:

– შვილო ჩემო, უნდა იცოდე, რომ ქრისტე ყველგანაა: სამზარეულოშიც, სასტუმრო ოთახშიც და საძინებელშიც. ეს არასოდეს დაივიწყო…

სწავლება ქორწინების შესახებ

რა არის საიდუმლონი? ეს არის მღვდელმოქმედებანი, რომელთა მეშვეობით ამ ქმნილი სამყაროს რომელიღაც ნივთი იჟღინთება საღვთო მადლმოსილებით, ამასთან, იგი არ კარგავს თავის მატერიალურ აგებულებას, შედგენილობასა და თვისებებს და ადამიანისთვის სიწმიდედ, სულიწმიდის ენერგიის მატარებლად იქცევა. ამის შესანიშნავი მაგალითია ევქარისტიის საიდუმლო, რომლის დროსაც უბრალო პურის ნატეხი და მცირეოდენი ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს ხორცად და სისხლად და, ამასთან, ისინი არ კარგავენ თავიანთ ბუნებრივ თვისებებს. სხვა სიტყვებით – ადამიანი ხედავს პურსა და ღვინოს, შეიგრძნობს მათ გემოს, მაგრამ, სინამდვილეში, ეს მსხვერპლად შეწირული ქრისტეს ღვთაებრივი სხეულია, რომელიც, ზიარების მიმღების სულიერი მდგომარეობის მიხედვით, არის ან სულიერი საზრდო, წყარო სულიერი ცხოვრებისა და უკვდავებისა, ანდა, ცეცხლი დამწველი. ეს ყველა სხვა საიდუმლოსაც ეხება.

მაინც, რა არის ქრისტიანული ქორწინება? თუ მას მატერიალისტის თვალთახედვით განვიხილავთ როგორც ინსტინქტების ერთობლიობას, მაშინ იგი არაფრით განსხვავდება უღმერთობის ან არაქრისტიანთა ქორწინებისგან. ქრისტიანს „ქორწინებითი კავშირის“ დასამყარებლად ამოძრავებს ზუსტად იგივე მიზნები, რაც ყველა სხვა ადამიანს. ეს მიზნები ეფუძნება მასში არსებული სამი სახის მისწრაფებას, ესენია: ხორციელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ცხოვრების თანამგზავრის ყოლის აუცილებლობა და შთამომავლობის დატოვების სურვილი. ეკლესია, თავის მხრივ, ქორწინების საიდუმლოში ლოცავს კავშირს თავისი შვილებისა, რომელთა ბუნებას, ინსტინქტებსა თუ ქცევის გამომწვევ ფაქტორებს საერთოდ არ ცვლის, მაგრამ აკურთხებს წყვილს და მოაქცევს მას ქრისტესმიერი ცოლქმრული ცხოვრების ჩარჩოებში. ასეთი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა გზა გადარჩენისა და განწმენდისა. ცხადია, კურთხეული ქორწინება უნდა იყოს სუფთა, თავისუფალი ყოველგვარი მწიკვლისგან, რამაც, შესაძლებელია, შეაღწიოს ცოლქმრულ ურთიერთობებში, საწინააღმდეგოდ ქრისტეს მცნებებისა და, მაშასადამე, საწინააღმდეგოდ ბუნების კანონებისა. დაოჯახებული ადამიანები, არც ქორწინებაში ყოფნით და არც სხვა რაიმე მიზეზით, არ თავისუფლდებიან თავიანთი მოვალეობისგან – ეს არის გამუდმებითი სწრაფვა სულისა და სხეულისა სისუფთავისკენ, განწმენდისკენ. ბუნებრივია, ამგვარი მისწრაფების მქონე მეუღლეები იდეალურ საფუძველს წარმოადგენენ, რათა ქრისტეს ეკლესიას შეჰმატონ ახალი წევრები – თავიანთი შვილები. მაგრამ ეს არ აკნინებს ქორწინების მაკურთხებელი ეკლესიის მთავარ მიზანს – მიაღწიონ მეუღლეებმა სიწმიდეს.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები