ეზოთერიკამეორეხარისხოვანი ბლოკისაზოგადოება

რა გავლენას ახდენს იღბალზე წითელი ძაფი და აგვიხდენს თუ არა სურვილებს ეს კაბალისტური თილისმა?!

თუ გსურთ, ატაროთ წითელი ძაფი თილისმად, რომელიც დაგიცავთ ბოროტი თვალისგან, აუცილებლად უნდა ისწავლოთ ძაფის განასკვის წესები…

ალბათ, შეამჩნევდით, რომ ბოლო დროს, მაჯაზე აქტიურად იკეთებენ წითელ ძაფს და სჯერათ, რომ მას სურვილების ახდენა, ავი თვალისგან დაცვა შეუძლია. ბევრისგან გექნებათ მოსმენილი სხვადასხვა მიზეზი, თუ რატომ არის აუცილებელი ძაფის შებმა, მაგრამ ნამდვილი მიზეზი, ალბათ, ცოტამ თუ იცის. რეალურად, მუშაობს თუ არა მისი ძალა და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ბედზე, ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოსს, ქალბატონ ნანა. მან საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა, წითელი ძაფის შებმის ტრადიციისა და მისი მაგიური თვისებების შესახებ.

– დღეს, საკმაოდ ბევრი ატარებს მაჯაზე წითელ ძაფს და სჯერათ, რომ ის სურვილებს ასრულებს და ბედზე დადებით გავლენას ახდენს. რეალურად, თუ შეესაბამება სიმართლეს და საიდან მოდის ეს ტრადიცია?

–  უძველესი დროიდან კაბალისტები ატარებდნენ წითელი, ნატურალური შალის ძაფს მარცხენა მაჯაზე და სწამდათ, რომ სხეულის მარცხენა მხარე იღებს უარყოფით ენერგიას. ადამიანი საკუთარი რწმენით მუხტავს წითელ ძაფს დადებითი ენერგეტიკით და ამ მარტივი ხრიკით უძველესი დროიდან იყვნენ დაინტერესებულნი. წითელ ძაფს ჭიშკარზე ჰკიდებდნენ და ამით იცავდნენ თავისი ოჯახის წევრებს ყველანაირი ბოროტებისგან. ეს ტრადიცია ასევე, ჰქონდათ ინდოელებს,
ბოშებს, ძველ გერმანულ ტომებს. ძველ სლავებს სწამდათ, რომ მარცხენა ხელზე შებმული წითელი შალის ძაფი წარმატებასა და კეთილდღეობას მოუტანდათ. ამ ბოლო დროს კი ჩვენთანაც წითელი ძაფის მაჯაზე ტარება ერთგვარ ტრადიციად იქცა და მას ბევრი იკეთებს. მასზე იმდენ რამეს ყვებიან, რომ ტრენდულიც კი გახდა. მისი ტარება ცნობილმა ადამიანებმაც დაიწყეს.  სხვათა შორის, პირველი შოუბიზნესის წარმომადგენელი, რომელმაც წითელი ძაფი შეიბა, მადონა იყო. როცა უძველესი ებრაული ეზოთერული კაბალის მიმდევარი გახდა,  მაშინ შეიბა და მას ბევრმა მიბაძა. კაბალისტიკური სწავლების თანახმად, მაჯაზე წითელი ძაფი მეგობარმა, ნათესავმა ან შეყვარებულმა უნდა შეგაბას. სწორედ ამის შემდეგ ენიჭება მას ჯადოსნური ძალა. კაბალის მიმდევრებს სჯერათ, თუ თექის წითელ ძაფს გაუკეთებენ ოჯახის წევრები, მეგობრები ან საყვარელი ადამიანი, ის მათ ბოროტი თვალისგან დაიცავს.

– ამბობენ, რომ ეს ტრადიცია, ჩვენს ქვეყანაში უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ეს ასეა?

–  დიახ, ასეა.  ეს მარტივი თილისმა საუკუნეების განმავლობაში იცავდა ჩვენს წინაპრებს.
დედები ბავშვებს ძაფს უნასკვავდნენ ხელზე, რათა ჩვილები ავი თვალისგან დაეცვათ.   ძველად წითელ ძაფს ადამიანები სახლის წინ, ჭიშკარზეც აბამდნენ, რათა სახლის ბინადრები ყოველივე ბოროტებისგან დაეცვათ და ბოროტი ადამიანები შინ არ შეეშვათ. წითელი, შალის ძაფი, მარცხენა მაჯაზე აუცილებლად უნდა გაინასკვოს სამჯერ ან შვიდჯერ, მეტი დაუშვებელია.

–  ის რომ, გასათხოვარ გოგონებს მისი ტარება ბედ-იღბალს გაუხსნის, სიმართლეა?

–  ინდუისტურ ტაძრებში მარჯვენა ხელზე წითელ ძაფს გასათხოვარ გოგონებს უკეთებენ. ძველ სლავებს სწამდათ, რომ მარჯვენა ხელზე შებმული წითელი შალის ძაფი წარმატებასა და კეთილდღეობას მოუტანდათ. მაჯაზე შებმული შალის წითელი ძაფი, გარდა იმისა, რომ ბედზე სასიკეთოდ მოქმედებს, ასევე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ხელს უწყობს დადებითი ენერგიის მოზიდვას.

–  თუ მას გარკვეული დროით ატარებს ადამიანი და ერთ დღესაც გაწყდა, ეს სახიფათოა და რაიმეზე მიმანიშნებელი?

–  ნუ შეგეშინდებათ, თუ ძაფი გაწყდა ან დაგეკარგათ, ესე იგი, მან საფრთხე აგარიდათ. დროა, ახალი გაიკეთოთ.
სამწუხაროდ, დღესდღეობით, ძალიან ბევრი ატარებს წითელ ძაფს გაუაზრებლად, ისე, რომ ამის მნიშვნელობაც არ იცის.

– იმას თუ აქვს მნიშვნელობა რომელ მაჯაზე გავიკეთებთ მას – მარცხენაზე თუ მარჯვენაზე?

–  კაბალის მიმდევრებს სჯერათ, რომ უარყოფითი ენერგია მარცხენა ხელიდან შედის ადამიანის სხეულში. ამიტომაც წითელ ძაფს მარცხენა ხელზე იკეთებენ. სლავებსა და აღმოსავლეთის ხალხს კი, აქვთ ასეთი ტრადიცია – წითელ ლენტს ჭიშკარსა და სახლის კარზე აბამენ და სჯერათ, რომ ეს მათ ავი სულებისგან და უარყოფითი ენერგიებისგან იცავს. როგორც გითხარით, მოდის მიმდევარნი ისე ატარებენ წითელ ძაფს მაჯაზე, რომ არც კი იციან, რა დატვირთვა აქვს მას. მინდა გითხრათ, რომ ის არავითარ შემთხვევაში ზიანს არ მოგაყენებთ. პირიქით, თუ ძაფი ბუნებრივი ბამბისგანაა დამზადებული, სასარგებლოა კიდეც თქვენი ჯანმრთელობისთვის. მაგრამ, თუ გსურთ, ატაროთ წითელი ძაფი, როგორც თალისმა, რომელიც ბოროტი თვალისგან დაგიცავთ, მაშინ აუცილებლად უნდა ისწავლოთ ძაფის გაკვანძის წესები.

–  როგორ გავკვანძოთ ისე, რომ თილისმური დატვირთვა მივანიჭოთ და, ვინ გაგვიკეთებს,  ამასაც რაიმე მნიშვნელობა აქვს?

– წითელი ძაფი მაჯაზე, როგორც თილისმა, უნდა გაგვიკეთოს საყვარელმა ადამიანმა, ახლობელმა ან კეთილისმსურველმა. კაბალის მიმდევრებს სჯერათ, რომ დამოუკიდებლად თილისმის გაკეთება და მისი დაბნევა, არანაირ ენერგეტიკას არ ატარებს და შესაბამისად, არც დაგიცავთ თვალისგან.
ასევე, ვისაც სწორად აქვს თალისმა გაკვანძული, მან აუცილებელი პირობა არ უნდა დაარღვიოს, არავის არ უნდა უსურვის ცუდი. თუ ის პირობას დაარღვევს, მაშინ ნეგატიური ძალა შევა მის წითელ თილისმაში და დროთა განმავლობაში ის დაკარგავს ძალას. რაც შეეხება სლავებს, მათ ცოტათი განსხვავებული წესი აქვთ თილისმის გაკვანძვასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ, თავადაც გაკვანძოთ, ოღონდ მასზე უნდა იყოს შვიდი კვანძი. თითოეული ნასკვის დროს, გულით უნდა შესთხოვოთ მას თქვენი სურვილი. არავითარ შემთხვევაში, არ იფიქროთ ცუდზე, რაც შეიძლება, მეტი დადებითი ემოცია ჩააქსოვეთ ამ პროცესს. არ ინერვიულოთ, თუ თილისმის გაკეთებისას ძაფი გაწყდა. კაბალის მიმდევრებს სჯერათ, რომ თუ ძაფი გაკვანძვის პროცესში გაწყდა, უბედურება, რომელიც თავს უნდა დაგტყდომოდათ, აგცდათ. წითელმა ძაფმა უკვე შეძლო თქვენი გადარჩენა და შესაბამისად, მან ძალა დაკარგა. ამიტომ ახალი ძაფი უნდა აიღოთ თილისმის გასაკეთებლად. ზოგადად, წითელი ძაფი,  კაბალისტური თილისმაა. კაბალა კი, იუდაიზმის ერთ-ერთი განშტოებაა. ეს ეზოთერიკული მიმდინარეობა შუა საუკუნეებში გაჩნდა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიჩნეულია, რომ წითელი ძაფი იცავს ავი თვალის, შურის, ბოროტი სულების, ჯადოს, წყევლისა და ავადმყოფობისგან. ამისთვის მას მარცხენა ხელის მაჯაზე, გულთან ახლოს იკეთებენ. ძაფი აუცილებლად  უნდა იყოს შალის და წითელი, რადგან სწორედ ეს ფერია საშიშროების გამომხატველი და თვითონვე უკუაგდებს მას.

– ისიც გამიგია, რომ წითელი ძაფის ტარებით დემონებს ვაფრთხობთ და მისი გაკეთება ჩვილი ბავშვის მაჯაზეც კარგია.

–  წითელი ძაფის, როგორც ავგაროზის, გამოყენებას თავისებური ახსნა აქვს. უძველესი ლეგენდა არსებობს ლილიტის შესახებ. ებრაული ლეგენდის თანახმად, ადამის პირველი ცოლი – ლილიტი ბოროტ ჯადოქრად გადაქცეულა. მეუღლის მიტოვების შემდეგ, წითელ ზღვაზე გადაფრენისას, ლილიტს სამი ანგელოზი დაედევნა. ღვთის მაცნეებმა ლილიტის დაბრუნება ვერ შეძლეს, თუმცა პირობა გამოსტყუეს, რომ ახალშობილთა მკვლელობისას იმ პატარებს შეიწყალებდა, რომელთაც ეს სამი ანგელოზი მფარველობდა ან მათ სახელებს ატარებდნენ.
მიიჩნევა, რომ ლილიტსა და სხვა დემონებს აშინებთ წითელი ფერი, ამიტომ გამოიყენება წითელი ძაფი დემონებისგან თავდასაცავად. ასე წარმოიშვა კაბალის თილისმა ბავშვების დასაცავად, თუმცა, დღეს მოზრდილებშიც საკმაოდ აქტუალურია.

ნონა დათეშიძე – ჟურნალი “თბილისელები”

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები