შოუ-ბიზნესი

რა მიაჩნია კაკი ბოლქვაძეს ქართველი კაცის კომპლექსად და რას მოჰყვება მისი ორიენტაციის შესახებ ჭორები

მომღერალი კაკი ბოლქვაძე შოუ-ბიზნესში ბრუნდება. კუჭის ოპერაციის შემდეგ, 43 კილოგრამი დაიკლო, გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები მოიშორა და ახლა წინ დიდი გეგმები აქვს. იცის, რომ მის გამოჩენას ბევრი არასასიამოვნო ჭორი მოჰყვება, მაგრამ ეს ყველაფერი არ ანაღვლებს.

კაკი ბოლქვაძე: ძალიან აქტიური ბავშვობა მქონდა. ყველაფერში ვმონაწილეობდი, ოლიმპიადები იქნებოდა, ლიტერატურული კონკურსები, სპორტული აქტივობები თუ მუსიკალური ღონისძიებები. ძალიან ბევრი სიმღერის ავტორი ვარ და შოუ-ბიზნესში ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული. იმ პერიოდში სცენაზე გამოჩენა მოდაში იყო და მეც ატიურად ვჩანდი. მერე შეიცვალა ოჯახური გარემო, პირადი ცხოვრება, შევიცვალე მეც და უკვე აღარ მომწონდა ერთი და იგივეს კეთება. თან, იმ პერიოდში ძალიან მოვიმატე წონაში და უდიდესი კომპლექსი გამიჩნდა, სცენის მეშინოდა. ახლა კი მივხვდი, რომ ისე მჭირდება, თურმე, მის გარეშე არ შემიძლია. ძალიან მძიმე ოპერაცია გავიკეთე, კუჭი დავიპატარავე. ოთხი თვე გავიდა და უკვე 43 კილოგრამი დავიკელი. კიდევ 16 კილოგრამიც და ჩემს სასურველ წონაზე დავდგები. ასე რომ, ეს კომპლექსი აღარ მაქვს.

– რთული ნაბიჯი გადაგიდგამს.

– ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი სამეგობროს უჭირავს. ერთადერთი, რაშიც მიმართლებს, მეგობრებია და ამის გამო, უბედნიერესი ვარ. ყოველთვის მეუბნებოდნენ: გეხვეწები, გახდი, რამე გააკეთე ამისთვისო. მაგრამ, დიეტის დაცვა არ შემეძლო, რადგან ამ ზომამდე ზუსტად მისი წყალობით მივედი. დღეს 11 კილოგრამს დავიკლებდი, ხვალ 15-ს მოვიმატებდი. მერე, ჩემმა მეგობარმა, მანანა ხოჯავამ, მოტყუებით წამიყვანა კლინიკაში. ვითომ თვითონ სჭირდებოდა ექიმთან კონსულტაცია. ქირურგის ოთახში შევედით და ეუბნება, ამ ადამიანს უნდა ოპერაციის გაკეთებაო. გაოგნებული ვუყურებდი, ოპერაცია არასდროს მიხსენებია და ხომ მშვიდობა გაქვს-მეთქი?! მერე სოფო ბედიამ მომკიდა ხელი და ძალით წამიყვანა ანალიზებზე. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგში მქონდა და ხუთ დღეში შემეძლო, ოპერაციის გაკეთება. ყველა ისე ამომიდგა მხარში, რომ ამხელა ოპერაციაზე არანაირი დაბრკოლება არ შემქმნია. მეშინოდა, მაგრამ ისევ და ისევ მეგობრების დახმარებით, ყველაფერი შევძელი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მეგობრები მყავს. შეიძლება, თავს არ უნდა ვიქებდე, მაგრამ ბუნებით ძალიან ერთგული ვარ და თავადაც საოცარი მეგობრობა ვიცი.

– რეაბილიტაციის პერიოდი როგორი იყო?

– ძალიან რთული. დეპრესიაში ჩავვარდი. ამას პირადი ცხოვრების წვრილმანი უსიამოვნებებიც დაემთხვა, მაგრამ ისევ მეგობრები დამიდგნენ გვერდში. დღეს უკვე ბედნიერი ვარ. გათენება და დაღამება მიხარია. ჩემს თავს რომ ვუყურებ, ბედნიერი ვარ.

– შოუ-ბიზნესში რა ფორმით ან როდის აპირებ დაბრუნებას?

– ძალიან დიდი გეგმები მაქვს. არაჩვეულებრივი მუსიკოსის, ცირა ბზიშვილის სიმღერა ჩავწერე და ზურა ციციშვილი მიღებს ვიდეორგოლს.

– სკანდალური იქნება შენი დაბრუნება?

– სკანდალები არ მიყვარს, მაგრამ ამის რესურსი მაქვს. ჩემი ერთი პირის გაღებით, ძალიან ბევრი… აღარ დავამთავრებ (იცინის). მაგრამ, ოჯახს და სამეგობროს ვუწევ ანგარიშს და სკანდალებს ვერიდები. თუმცა, შესაძლოა, მეც ასეთი გავხდე. მაგრამ, მე სასიკვდილოდ სკანდალური ვიქნები (იცინის). თუმცა, ახლა მთლიანად საქმეზე ვარ გადართული და მინდა, ყველას ვთხოვო, მსმენელს მივცეთ უფლება, თვითონ გაარკვიოს, ვინაა: კარგი, ცუდი, გოიმი, სვეტი, ქაჯი თუ ნიჭიერი.

– ოპერაციის შემდეგ საოცარი შედეგი გაქვს. ისიც მითხარი, იმიჯზე როგორ ზრუნავ, არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ.

– გამჭვირვალე ადამიანი ვარ – როგორიც ვარ, მიმიღე. თუ გინდა, ნუ მიმიღებ, ამის უფლებას გაძლევ, მაგრამ ჩემს ტერიტორიაზე არ გადმოხვიდე. თუ გადმოხვალ, აი, მანდ იწყება სკანდალი (იცინის). რაც შეეხება წონას, გურმანი ვარ და კერძების მომზადებაზე ვგიჟდები. ყველაფერი უგემრიელესი გამომდის.

 

როცა სახლში მიწევდა ყოფნა, სულ სამზარეულოში ვტრიალებდი და ნაირ-ნაირ საჭმელს ვაკეთებდი. ეს წონაზეც აისახა. ბოლოს ყველანაირი დიეტის წინააღმდეგი ვიყავი. პროტესტი მქონდა, რომ არ უნდა გავმხდარიყავი. ესეც ერთგვარი დეპრესიაა. რომ არა ჩემი მეგობრები, დღესაც 145 კილოგრამი ვიქნებოდი. გარეგნობაზე ზრუნვას რაც შეეხება, აქ ჩემი წესები მაქვს, მაგრამ ეს რომ ვთქვა, ვიღაც სხვანაირად გაიგებს. იტყვიან, რა უბედურებაა, კაცი ასე რომ უვლის თავსო. ამ დროს თავის მოვლასთან სქესი რა შუაშია?! რძის აბაზანებს ნამდვილად არ ვიღებ და არც ვარსკვლავური ცხოვრება მაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, თავს მოვუარო. ჩემს სულსა და გულში თუ ხელებს არ აფათურებ, კონფლიქტში არ შემოვალ, მაგრამ თუ გავცხარდი, მერე ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი.

– რადგან სამზარეულოზე დაიწყე საუბარი, მითხარი, რომელია შენი საფირმო კერძი?

– მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ნაზს ვგავარ, ვარცხნილობა მოწესრიგებული მაქვს და თავს ყველანაირად ვუვლი, პარალელურად, ძალიან ტრადიციულიც ვარ. მე შეიძლება, ერთი ცალი მწვადი მთელი დღე მეყოს, მაგრამ ამის მიუხედავად, უგემრიელეს საჭმელებს ვაკეთებ. მე ვერ ვჭამ, მაგრამ სამეგობროს ვეპატიჟები. საფირმო კერძი არ გამაჩნია, ყველაფერი კარგი გამომდის, ოღონდ ქართული. ევროპულ სალათებსაც ვაკეთებ, მაგრამ, ძირითადად, მაინც მამა-პაპურებს: ჩაქაფული, ხაში, ჩახოხბილი, მწვადი და ასე შემდეგ. კარტოფილსაც ისე შევწვავ, რომ მოგანდომებ.

– დალაგება და სახლის სხვა ამბებიც გიყვარს?

– მეგობრები მეუბნებიან, სისუფთავესთან დაკავშირებით ავადმყოფი ხარო. სინამდვილეში, უბრალოდ, უწესრიგობა არ მიყვარს. რომ ავდგები, მოვწესრიგდები, ყავას მოვიდუღებ და სახლის მოწესრიგებას ვიწყებ. არ შემიძლია, სიბინძურეში ცხოვრება. სახლში რომ ყველაფერი პრიალებს და მომწონს, ავადმყოფობა არ არის. მეზობლები მეუბნებიან, შენგან სუნიც კი სხვანაირი გამოდისო.

– გენდერულ თანასწორობას როგორ აღიქვამ?

– გენდერული თანასწორობა უნდა იყოს. ქალმა უნდა იგრძნოს, რომ ქალია. ვემხრობი იმას, რომ ქალი სამზარეულოში უნდა ტრიალებდეს, მაგრამ ეს მის დაჩაგვრას არ ნიშნავს. თვითონ უნდა სიამოვნებდეს და ქმრის სიყვარულით აკეთებდეს ამ ყველაფერს. რაც შეეხება მამაკაცების დამოკიდებულებას, ამდენმა უმუშევრობამ და სოციალურმა სიბეჩავემ ადამიანები დააკომპლექსა. კაცები რომ ამბობენ, სადილს არ გავაკეთებ და თეფშს არ გავრეცხავ, იმიტომ რომ, კაცი ვარო, ეს არასრულფასოვნების კომპლექსია. რატომ რა, ხახვს თუ გაფცქვნი, კაცობა ჩამოგერთმევა?!  სახლში რომ ცოლს სცემენ და გარეთ ჩვეულებრივი ჩმორები არიან, ასეთ კაცზე რა უნდა ვთქვა? მოდი, სახლში იყავი ჩმორი და გარეთ „კაი ტიპი“, აი, მაშინ ხარ მაგარი.

– პირადი ცხოვრების ამბებიც მომიყევი.

– ამ ეტაპზე ძალიან ცარიელი ვარ. მაგრამ, მომავალში აუცილებლად სავსე ვიქნები. იყო დიდი სიყვარული, მაგრამ რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება, რაღაც მუდმივია. არ ვიცი, ეს შეიძლება პაუზაა, შეიძლება, დამთავრდა ან უფრო მეტი დაიწყოს – არ ვიცი. მაგრამ მაშინაც ბედნიერი ვიყავი და ახლაც ბედნიერი ვარ.

– როგორი უნდა იყოს ადამიანი, ვინც მოგხიბლავს?

– ერთგული. ტყუილსაც ვაპატიებ და ბევრ შეცდომასაც, მაგრამ ღალატს – ვერა. შეიძლება, გარეგნულად ყველაზე მახინჯი მომეწონოს და მე ყველაზე ლამაზად ვხედავდე. ხელოვანი ვარ და ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ.

– ჭორები, რომელიც შოუ-ბიზნესის განუყოფელი ნაწილია… ალბათ, შენზეც ბევრი გსმენია.

– იჭორაონ რამდენიც უნდათ, მაგრამ ჭორსაც გააჩნია. დღეს თუ მოწესრიგებული ვარცხნილობა და ჩაცმულობა გაქვს, აუცილებლად გეი უნდა იყო. თუ ლესბოსელების, გეებისა და ტრანსგენდერების წრეში მოხვდები, აუცილებლად შენც ეგეთი უნდა იყო. ხომ მშვიდობა გაქვთ, ხალხო?! ჯერ ერთი, ხელოვან ხალხში ვტრიალებთ და 21-ე საუკუნეში ვინ როგორია, ამაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს. მით უმეტეს, ისეთი ჭორი არ უნდა მოიგონო, რომლითაც ადამიანებს ზიანს მიაყენებ.

– შენს ორიენტაციაზეც ჭორაობდნენ?

– არა მხოლოდ ორიენტაციაზე, ძალიან ბევრ რამეზე, მაგრამ მე ნაკლებად მაინტერესებს. ჩემი ძლიერი ფსიქიკა ამას უძლებს, მაგრამ ვიღაცების ვერა და სასოწარკვეთაში ვარდებიან. სინამდვილეში, ეს ჭორი კი არა, ან ეჭვია ან ბრალდება. თუ ეჭვია, შენთვის შეინახე, თუ ბრალდებაა, მაშინ დამიმტკიცე. ახლა, როგორც კი გამოვჩნდები, ისევ დაიწყება ჭორები ჩემს ორიენტაციაზე, მაგრამ მე მზად ვარ. აბა, მოვიდნენ და პირისპირ გამიბედონ იმის თქმა, რომ გეი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ნაზი ვარ, ძალიან ტრადიციული ხასიათი მაქვს და ჩხუბიც ასეთი ვიცი. თუ ჩემს თავმოყვარეობას შეეხები, პირდაპირი მნიშვნელობით, თავს გადაგიხსნი. მე ძალა მერჩის და ამის დიდი რესურსი მაქვს.

– პირისპირ გაუბედავთ შენთვის ამის თქმა?

– რა სისულელეა, ხომ გეუბნები, ნებისმიერს თავს გადავუხსნი. წყობიდან რომ გამოვდივარ, სქესი და ასაკი აღარ ვიცი. მე ხელოვანი ვარ და ასეთ ჭორებს მივეჩვიე, მაგრამ მყავს ოჯახი – ძალიან მაგარი მშობლები და მსოფლიოში ყველაზე მაგარი ძმები. ვისაც ასეთ ჭორებს უვრცელებენ, ზოგს ცოლი ჰყავს, ზოგს – ქმარი და ასე ხელისწამოკვრით – ის ესეთია და ეს ისეთიო, ამის ლაპარაკი არ შეიძლება. მიფრთხილდეს ყველა, ვინც ჩემს სამეგობროს შეეხება. ჩემზე – რამდენიც უნდათ იმდენი იჭორაონ.

ქეთი კაპანაძე – www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *