ისტორიარელიგია

რა სასწაულები ხდება კუკიაზე, მჯდომარე ანასტასიას საფლავზე და როგორ ეხმარება ის ადამიანებს სიკვდილის შემდეგაც

მჯდომარე ანასტასიას საოცარი ისტორიის შესახებ რამდენიმე წლის წინ შევიტყვე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა, რომ კუკიის სასაფლაოზე, უფლისა და მოყვასისთვის თავდადებული ადამიანი, მჯდომარე ანასტასია იყო დასაფლავებული. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, მჯდომარე ანასტასიას შესახებ დღეს ბევრმა ადამიანმა იცის. ისინი მიდიან მის საფლავზე, ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ და ამ საოცარ, ყველასთვის მეოხ ადამიანს, შემწეობასა და დახმარებას სთხოვენ. პირადად მე, ამ ხნის განმავლობაში დედა ანასტასიას (მე მას ყოველთვის ასე მოვიხსენიებ) საფლავზე არაერთხელ ვიყავი. მივდივარ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ვარ აფორიაქებული, განვიცდი, ვნერვიულობ და ამ საოცარი ადამიანის საფლავთან ლოცვის პირველ წუთებშივე საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ. რაც მთავარია, ყოველთვის ვხედავ გზას, რომელზეც უნდა ვიარო. თუმცა, ამას მხოლოდ მე არ ვგრძნობ, არამედ თითქმის ყველა, ვისთანაც მე ამ თემაზე მისაუბრია, რომელიც დედა ანასტასიას საფლავის მოსალოცად დადის. საფლავზე დღემდე ხდება სასწაულები. მჯდომარე ანასტასია დღემდე შეეწევა ადამიანებს, განსაკუთრებით დასაოჯახებლებს, უშვილოებს, სნეულებაში, განსაცდელში მყოფებს და მათ უფლის რწმენაში კიდევ უფრო განამტკიცებს. აი, რას წერდა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დედა ანასტასიას შესახებ არქიმანდრიტი რაფაელი, თავის წიგნში „გადარჩენის საიდუმლო”: „ცხოვრებაში ისეთ ადამიანებს შევხვედრივარ, რომლებიც მუდმივი სასწაულის ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. მათთვის თითქოს არ არსებობდა ფიზიკის კანონები, ადამიანის უძლურება, ვნებები, რომლებიც სულს აზიანებს. თითქოს მათთვის, ხატოვნად რომ ვთქვათ, არ არსებობდა მიზიდულობის ძალა. ასეთი ადამიანი იყო ანასტასია, რომელსაც ხალხი „მჯდომარე ანასტასიას” ეძახდა. მისი ღვაწლი ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა, ისევე, როგორც ძველი მესვეტეებისა. საკუთარი თვალით რომ არ მენახა და მხოლოდ გამეგონა ანასტასიას შესახებ, ალბათ, გულში ეჭვი შემეპარებოდა, ისევე, როგორც შესაძლოა, ამ სტრიქონის მკითხველს. მაგრამ, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან მოწმეები, თვითმხილველები, ჩვენს დროში მოვლენილი ამ სასწაულისა”. ერთ-ერთი ასეთი თვითმხილველი, მჯდომარე ანასტასიას დისშვილი, გიორგი საზანოვია, რომელიც სწორედ იქ ცხოვრობს, სადაც დედა ანასტასია ათეული წლების განმავლობაში, სიცხესა და სიცივეში, წვიმასა და ყინვაში, მუხლებზე იჯდა და მუდმივად ლოცულობდა.

გიორგი საზანოვი (ანასტასიას დისშვილი): დეიდას 1940 წლიდან სულ მე ვუვლიდი, დილით რომ ვდგებოდი, მასთან ეზოში მივდიოდი. დეიდასთან ძალიან ბევრი ადამიანი მიდიოდა. მის წინ სკამებს ვდგამდი – სხდებოდნენ, ერთად გალობდნენ, ლოცულობდნენ. მილიციის უფროსი სახლის წინ რომ ჩაივლიდა და ხალხის ხმას გაიგებდა, მაშინვე გარეკავდა ხოლმე მათ. 2-3 წლის განმავლობაში დეიდასთან არავის უშვებდნენ. 1970 წლის 7 ივნისს, როდესაც ეზოში ჩავედი, დეიდა გარდაცვლილი დამხვდა. მალე არ დაგვისაფლავებია, რადგან, ძალიან ბევრ ადამიანს უნდოდა მასთან გამომშვიდობება, მათ შორის, სასულიერო პირებსაც. წესი ჩვეულებრივ აუგეს, პანაშვიდები გადაუხადეს, დღეც და ღამეც სულ ხალხი მოდიოდა. ანასტასიას მუხლებზე, ქუსლებზე ჯდომისგან, ფეხები სულ შეხორცებული ჰქონდა. როდესაც გარდაიცვალა, სპეციალური ყუთი გავუკეთე, სადაც ჩავაწვინეთ და ისე დავკრძალეთ. ზამთარში თოვლი რომ მოვიდოდა, ანასტასია სულ დაითოვლებოდა ხოლმე. დედა მეუბნებოდა, მიდი, ცოცხი აიღე და გაწმინდეო. არასდროს გამხდარა ავად. ის ადგილი მოგვიანებით გადავხურეთ, მაგრამ გარეთ გამოვიდა, არ უნდოდა სახურავი, წვიმასა და თოვლშიც ასე იყო. 5 კაპიკს მაძლევდა, რომ ვუვლიდი. ის ყოველთვის ძალიან ტკბილად საუბრობდა. ზოგიერთი ადამიანისგან იღებდა ხილს, საჭმელს, სულ მოდიოდნენ და მოჰქონდათ, ზოგს კი ეზოშიც არ უშვებდა. მაშინ პატარა ვიყავი და ვერაფერს ვხვდებოდი, დღესაც უამრავი რამ არის საოცარი ჩემთვის. ახლა უკვე ბევრმა ადამიანმა იცის ანასტასიას შესახებ, მის სასაფლაოზე დადიან, ლოცულობენ. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო.

„ანასტასიას თვალები კაშკაშა სინათლეს ასხივებდა, ღამეულ ცას ანათებდა. მისი გამჭოლი მზერა შიშის მსგავს განცვიფრებას იწვევდა. ადამიანი გრძნობდა, რომ სულში ჩახედეს და მისი ცხოვრება, წარსული თუ მომავალი დაინახეს” – არქიმანდრიტი რაფაელი.

სიცოცხლის წლები

ანასტასია, იგივე ანა საზანოვა დაიბადა თბილისში, ცხოვრობდა ნახალოვკაში. როგორც ამბობენ, ის ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი იყო. დედა ადრე გარდაეცვალა და დედინაცვალი ზრდიდა, რომელსაც გერი მაინცდამაინც არ უყვარდა. ანასტასია გალობდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, სადაც წინათ აბანო იყო. მაშინ იქ ჯერ კიდევ ეკლესია იდგა და ანასტასია მასთან ახლოს ცხოვრობდა. ის ერთ ოფიცერს შეუყვარდა, ცოლობა სთხოვა და ანასტასიამაც თანხმობა განუცხადა. 1905 წელს, ოფიცერი ომში წასვლამდე ანასტასიასთან მივიდა სახლში დასამშვიდობებლად. მაგრამ, დედინაცვალმა უთხრა, ანასტასია გაგიჟდა და საავადმყოფოში წაიყვანეს, დადგინდა, რომ მისი განკურნება შეუძლებელიაო. ამ ამბავმა ოფიცერს თავზარი დასცა, მაშინვე ამოიღო რევოლვერი და იქვე, სახლის ზღურბლზე მოიკლა თავი. იმ დროს ანასტასია ეკლესიაში ლოცვაზე იმყოფებოდა. სახლში რომ დაბრუნდა და საქმრო მკვდარი ნახა, აქედან დაიწყო მისი მოწამეობა. ანასტასია ღრმადმორწმუნე იყო და მან ამ საქციელით დაგვანახვა, არა მარტო მამაკაცის, არამედ ადამიანში ღვთის ხატების სიყვარულის მაგალითი. ანასტასიამ იქვე დაიჩოქა და აუდგომლად, 1970 წლამდე ლოცულობდა. ის თითქმის 65 წლის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იჯდა, წამებაში, განკითხვაში, ლანძღვაში, დედინაცვალი ყინვაში გამოდიოდა და, ცივ წყალს ასხამდა. მაგრამ, როდესაც ის დედინაცვალმა გადახურულ ქოხში შეიყვანა (გზას კეტავო), რომელსაც კარი არ ჰქონდა, ანასტასიამ ჩათვალა, რადგან ჭერი გაუჩნდა, ამით ღვაწლი შეუმსუბუქდა, ამიტომ დამსხვრეული შუშის ბოთლებსა და კონსერვის ქილებზე დაჯდა. ქილებს სახურავები ისე ჰქონდა მოჭრილი, ბასრი პირი ხანდახან ძვლამდე ატანდა. ის არც სკამზე იჯდა, არც მუხლებზე, მხოლოდ საკუთარ ქუსლებზე გაატარა ათეული წლები. ანასტასია ხშირად სალოსობდა, ამით ბევრს ამხილებდა კიდეც. უამრავი ადამიანი მიდიოდა მასთან, ლოცულობდა. როგორც ცნობილია, მისი სახლიდან პოლიცია ხშირად ყრიდა ხალხს, მაგრამ, როდესაც ის ერთ ჩინოვნიკს დაეხმარა და უთხრა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო, მას შემდეგ ისე სასტიკად აღარ დევნიდნენ. ანასტასიასთან ვასილ მჟავანაძეც დადიოდა, ხშირად ეკითხებოდა რჩევებს. 1956 წლის 9 მარტს, როდესაც ხრუშჩოვმა ქართველების გადასახლება მოინდომა, ვასილ მჟავანაძეს ანასტასიასთვის უკითხავს, რა გვეშველებაო. მას კი უთქვამს, ნუ გეშინია, ქართველებს ვერაფერს უზამს, მე ვილოცებო. მასთან დადიოდა ასევე ლავრენტი ბერიას დედაც და სხვა ცნობილი ადამიანები. თავად ანასტასია ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. თუ ჰკითხავდნენ, ეს ადამიანი გარდაიცვალაო? – აიღებდა ვაშლს ხელში და ეს ნიშნავდა, რომ ცოცხალი იყო, თუ დადებდა – გარდაცვლილი. ანასტასია ავადმყოფებთან ვერ მიდიოდა, ამიტომ აიღებდა ვაშლს, „მამაო ჩვენოს” იტყოდა, გადასწერდა პირჯვარს და გაატანდა. ამ ვაშლის ჭამის შემდეგ, ბევრი ადამიანი განკურნებულა. ამიტომ, მიაქვთ დღეს ანასტასიას საფლავზე წითელი ვაშლები და მას შემწეობას, განკურნებას ევედრებიან. მის საფლავზე, ასევე მიდიან სასულიერო პირები, სხვადასხვა მონასტრის იღუმენები, რომლებიც პანაშვიდს იხდიან, ლოცულობენ და ანასტასიას დახმარებით უფლისგან შემწეობას, სხვადასხვა წყალობას იღებენ. ჯერ კიდევ სიცოცხლეში მოდიოდნენ მასთან სასულიერო პირები და აზიარებდნენ კიდეც.

სიკვდილის შემდეგ

დღეს დედა ანასტასიას საფლავს ქურთი ცოლ-ქმარი – რამაზ სალიმიანი და მისი მეუღლე უვლიან, რომლებიც იქვე, კუკიის სასაფლაოსთან ცხოვრობენ. შესაბამისად, ეს ადამიანები ძალიან ბევრი სასწაულის მომსწრენი არიან, რაზეც სასაფლაოზე ყოფნის დროს გულწრფელად მესაუბრნენ.

რამაზ სალიმიანი: დაახლოებით 35 წელია, ჩვენი ოჯახი უვლის ანასტასიას საფლავს. ჯერ დედაჩემი, შემდეგ – მე. თუმცა, მაშინ არ ვიცოდით, თუ აქ ასეთი ადამიანი იყო დასაფლავებული. თეთრებში ჩაცმული ქალები ხშირად მოდიოდნენ საფლავთან, გალობდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ მისმა დისშვილმა, რომელიც მანამდე რუსეთში ცხოვრობდა, გვიამბო ანასტასიას შესახებ. ისიც თქვა, რომ მისი წმიდანად შერაცხვა უნდათ. საფლავზე ძალიან ბევრი სასწაული ხდება. მე ყოველდღე აქ ვარ, ვუვლი საფლავს და ყველა მლოცველს ვნახულობ. ერთი ქალი მოვიდა, რომელსაც გული აწუხებდა. მაგრამ, ფული არ ჰქონდა, რომ ოპერაცია გაეკეთებინა. რამდენჯერმე იყო ანასტასიას საფლავზე – ილოცა, კარგად გახდა. ექიმთან რომ მივიდა, გასინჯეს და არაფერი აღარ აწუხებდა. ერთი ახალგაზრდა ქალი მოდიოდა, რომელსაც 15 წლის განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდა. ანასტასიას საფლავზე ილოცა, რამდენჯერმე მოვიდა და, ახლა ორსულად არის. რამდენიმე ხნის წინ იყო მოსული, რომ ანასტასიასთვის მადლობა გადაეხადა. პატარა ბავშვი მოიყვანეს, რომელიც ვერ ლაპარაკობდა, მალევე დაიწყო ლაპარაკი – ეს ხომ სასწაულია?! ძალიან დიდი მადლი გადმოდის საფლავიდან. ყოველდღიურად იმდენი ხალხი მოდის – ზოგი ისეთი აფორიაქებულია და აქედან უკვე დამშვიდებული მიდის. პირადად მე, ძალიან მტკიოდა მუხლები, ვერ დავდიოდი. ახლა საერთოდ აღარ მაწუხებს. მოვდივარ, ვუვლი საფლავს, ვასუფთავებ. საფლავიც გააკეთეს, ალბათ, მათ ცხოვრებაშიც მოხდა რაღაც სასწაული, ისინი აფხაზეთიდან იყვნენ და უკან დაბრუნდნენ. ერთი გოგონა მოდიოდა, ინვალიდი, ისიც ეხმარებოდა მათ, როდესაც საფლავს აკეთებდნენ. დღეს უკეთესად არის. ბევრი ოჯახს ქმნის. მაგალითად, აქ რამდენიმე წყვილმა გაიცნო ერთმანეთი და შემდეგ ოჯახები შექმნეს. მთელი უბანი მოდის სალოცავად. ქურთების დიდი ნაწილი გაქრისტიანდა. ჩემი შვილიშვილები ანასტასიას შეწევნით უკვე მოინათლნენ, ასევე ჩემი შვილიც. მე და ჩემი მეუღლეც ვაპირებთ, მონათვლას. არ შეიძლება, აქ მოვიდეს ადამიანი და წყალობა არ წაიღოს.

ნათია უტიაშვილი. ჟურნალი ,,თბილისელები “

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები