საზოგადოება

რა სასწაული მოხდა ირინა სარიშვილის ოჯახში მეშვიდე შვილის გამოჩენის შემდეგ?!

უკვე სამი თვეა, მეშვიდე შვილის დედა გახდა. არცერთ შემთხვევაში არ ჩამდგარა ბავშვის მომლოდინეთა რიგში და მისთვის დაბრკოლება, ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც არასდროს ყოფილა.
დიდი ტკივილის გავლა მოუწია – ორთვიანი ბრძოლის მიუხედავად, პატარა გიორგი დაკარგა, ისე, რომ მისი სახლში მიყვანაც ვერ მოასწრო. ტრაგედიამ კიდევ უფრო გააძლიერა და მას შემდეგ, კიდევ სამი ბავშვი იშვილა. მეშვიდე შვილის სახლში მიყვანის შემდეგ, მის ოჯახში ნამდვილი სასწაული მოხდა. მიუხედავად ბევრი მატერიალური, სოციალური თუ სამედიცინო პრობლემისა, არ წუწუნებს და შვილებთან ერთად ყოფნის ბედნიერებით ტკბება.

ირინა სარიშვილი: ჩემს მეშვიდე შვილს – სანდროს მაშინ შევხვდი, როცა გოგონებთან დავდიოდი. სანამ მათ სახლში წამოვიყვანდი იმ პერიოდში დავუახლოვდი სანდროს. გოგონების წამოყვანის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, ყოველდღე დავდიოდი მასთან ბავშვთა სახლში. გავიარეთ ფორმალური პროცედურები და როგორც მძიმე ჯანმრთელობის ბავშვი სახლში წამოვიყვანე. უკვე სამი თვეა, ჩვენთან ერთად ცხოვრობს.

– შეგუების პერიოდი რთული იყო და-ძმებს შორის?

– თავიდან ცოტა გაუჭირდა. ერთ წელზე მეტი ბავშვთა სახლში ცხოვრობდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთი წლის ბავშვი ძალიან პატარაა, არაფერი არ ესმის და მეხსიერება არ აქვს, ცდება. პირველ პერიოდში, ჩემს გარდა, საერთოდ არავის ცნობდა. მაგრამ, მასზე ამ სტრესმაც დადებითად იმოქმედა. მანამდე ძალიან ჩუმი ბიჭი იყო. ბავშვთა სახლში მისი ხმა არავის ჰქონდა გაგონილი. როგორც კი სახლში შემოვიყვანე, თავის ბოხ ხმაზე მოსცხო ყვირილი და ორი-სამი დღე, გაუჩერებლად ყვიროდა. სულ ჩხუბობდა, რაც ძალიან მიხაროდა, რადგან გამოცოცხლებისკენ წამოვიდა. ახლა ყველა ვხვდებით, რომ უკვე სახლში გრძნობს თავს. და-ძმასთანაც მშვენიერი დამოკიდებულება აქვს. თავიდან გოგოები გაშტერებულები უყურებდნენ, ვინ არის ეს ბიჭი და სულ რატომ ყვირისო. გოგოებს აპნოე ჰქონდათ. ეს არის ღამით, ძილის დროს სუნთქვის შეჩერება. სანდრო რომ სახლში მოვიყვანეთ, იმ დღიდან გოგოებს სუნთქვა აღარ შეუჩერებიათ. ეს ის დაავადებაა, რომელსაც შესაძლოა, წლების შემდეგ გაევლო, მაგრამ მართლა რაღაც სასწაული მოხდა. სანდროს მოყვანის დღიდან გოგოებს სუნთქვა არ შეუჩერებიათ. მე მაინც ვყარაულობ, რადგან დაძაბულობა დღემდე შემომრჩა, მაგრამ უკვე სამ თვეზე მეტია, ასე გრძელდება. ერთმანეთთან ძალიან მხიარული დამოკიდებულება აქვთ. თამაშობენ, თმასაც წიწკნიან და საერთოდ, რაც თამაშსა და ჩხუბს შეეხება, არაფერს იკლებენ (იცინის).

– როგორია თქვენი ყოველდღიურობა იმის ფონზე, რომ ბავშვებთან ინდივიდუალური მიდგომა  გჭირდებათ, მათი დაავადებების შესაბამისად.

– ჩვენი გრაფიკი ძალიან დაძაბული და დატვირთულია. ყოველდღიურად და ზოგჯერ, დღეში ორჯერაც, ბევშვებს სახლში ფიზიოთერაპია უტარდებათ. მათთვის მთავარია, როცა არ სძინავთ, პასიურ მდგომარეობაში არ იყვნენ და სულ კონტაქტში შედიოდნენ ერთმანეთთან. ეს ჩვენს სახლში პრობლემა ნამდვილად არ არის, რადგან ისედაც ბევრნი ვართ და ყოველდღიურად, კიდევ სტუმრები გვემატებიან. შესაბამისად, სულ ვიღაცას ელაპარაკებიან და ეთამაშებიან. ძირითადად, ეს ვიღაც მე ვარ, მაგრამ დამხმარეებიც მყავს, ასევე – უფროსი ბიჭები და სტუმრები. სავარაუდოდ, ამანაც განაპირობა, რომ ძალიან სწრაფად წავიდნენ ბავშვები წინ. დაავადებების ნაწილი უკვე დაძლეულია. რაც შეეხება სინდრომს, ეგრეთ წოდებულ, ზედმეტ ქრომოსომას – მე ამას საერთოდ არ მივიჩნევ პრობლემად. პრობლემა ამის ფონზე არსებული სხვა დაავადებებია, რომელიც შესაძლოა, სინდრომის გარეშეც ჰქონდეს ბავშვს. თუ იმ დაავადებებს მოვერევით, ჩემთვის ზედმეტი ქრომოსომა არაფერია. საერთოდ, ეს დაავადება არცაა. ის, უბრალოდ, სხვანაირი ადამიანია.

– მრავალშვილიანი დედებივით არ ლაპარაკობთ, მით უმეტეს, თუ რომელიმე დაავადებასთან უწევთ ბრძოლა, ძალიან მძიმეა ხოლმე მათი მოსმენა.

– საქმე ისაა, რომ მე, ზოგადად, არ ვარ ისეთი, ადამიანი, რომელიც დადგება და წუწუნს დაიწყებს: მოყვება, თუ რა მძიმეა მისი ყოფა. ჩვენ არავისზე ნაკლები პრობლემები არ გვაქვს, არც სოციალური, არც ეკონომიური და არც სამედიცინო თვალსაზრისით. უბრალოდ, მე და ჩემმა შვილებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მთავარი ფასეულობა სიცოცხლეა. ჩემს შვილებთან ერთად გატარებული ყოველი დღე მიხარია და ეს ყველაფერზე მაღლა დგას. ყველაფერი დანარჩენი, ამის შემდეგ მოდის, მათ შორისაა, პრობლემებიც. როგორ ვიღლები, ან როგორი მძიმე გრაფიკი მაქვს, არავისთვისაა საინტერესო. გარდა ამისა, ამ პროცესში ბევრად მეტ სითბოსა და ენერგიას ვიღებ, ვიდრე გავცემ. ამიტომ, საქმე საწუწუნოდ ნამდვილად არ მაქვს და ვფიქრობ, არც არავის უნდა ჰქონდეს. მიხარია, რომ შვილები მყავს, ცოცხლები არიან და ერთად კარგად ვართ.

– უფროსი უკვე დიდია. როგორია თითოეული მათგანის ინტერესები?

– უფროსი ლუკა სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. ინტერიერის დიზაინზე სწავლობს. მრავალმხრივი ინტერესი აქვს და არ ვიცი, საქმიანობად საბოლოო ჯამში რას აირჩევს. შუათანა ბიჭი – ირაკლი ოცი წლის ხდება და ახლა ჯარშია, თუმცა ძალიან მალე დაამთავრებს. მესამე – საბა,  მეცხრე კლასშია და ჯერჯერობით, არ არის ჩამოყალიბებული, რა მიმართულებით უნდა განვითარება. მასაც ძალიან მრავალმხრივი ინტერესი აქვს. ჩემს უფროს ბიჭებს არ უყვართ პრესასთან ურთიერთობა. ბავშვობიდან მიაჩნდათ, რომ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები დედას ართმევენ (იცინის).

– თქვენი ყოველდღიურობა, ალბათ, დიდ ფინანსებს უკავშირდება. როგორ ართმევთ თავს ამ საკითხს?

– ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ვინც ძალიან მაგრად დამიდგა გვერდში. გარდა ამისა, ჯერჯერობით, პატარებს შენარჩუნებული აქვთ სახელმწიფო დახმარება, რაც უჩემოდაც ჰქონდათ და ასე ვართმევთ თავს. გვიჭირს ისე, როგორც ყველას, არავისგან განსხვავებული მდგომარეობა არ გვაქვს. ჯერჯერობით ჩვენზე მეტად რთული მდგომარეობა აქვთ და გაცილებით მეტი პრობლემებით ცხოვრობენ.

– არ არის რთული პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთარ თავზე გაქვთ აღებული?

– ჩვეულებრივი მომენტია, როცა დედა შვილებისთვის იბრძვის ჯანმრთელობის თუ სხვა თვალსაზრისით. მეტი არ ვიცი, რა გითხრათ. უკვე ოცი წელი გავიდა და დღეს ჩემი ოჯახი მაქვს.

– როგორია თქვენი ოჯახის წინასაახალწლო განწყობა?

– ტრადიციულად, ახალ წელს სახლში ვხვდებით. ახალი წლის ღამეს ჩვენი გადაადგილება, გასაგები მიზეზების გამო, შეუძლებელია. ვინც პირვლად გვესტუმრება, მეკვლეც ის იქნება. განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ, წელს ჩვენი ახალი წელი ბევრად მხიარული იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ სამი პატარა გვყავს. ჩემი ოჯახისთვის 2017 წელიც კარგი იყო, რადგან გავმრავლდით. მაგრამ, ზოგადად, ეს წელი მთელი ქვეყნისთვის უარესი იყო, წინა წელთან შედარებით და ყოველ წელს უარესობისკენ მივდივართ. ჩვენც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ბუნებრივია, სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა ყველა ოჯახში გაუარესდა და მათ შორის, ჩვენთანაც. რაც შეეხება ახალ წელს, ზოგადად, მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს ხოლმე, რომ მერე იმედი არ გამიცრუვდეს. ასე რომ, რაც იქნება, იქნება.

– საახალწლო სამზადისი და დიასახლისობა გეხერხებათ?

– კი, მეხერხება, მაგრამ ამ ახალ წელს, ალბათ, ამის დრო ნაკლებად მექნება. თუმცა, გოზინაყს აუცილებლად გავაკეთებ.

– ბოლოს, ისევ შვილად აყვანასთან დაკავშირებით გკითხავთ. გეგმავთ კიდევ ერთი ბავშვის შვილებას?

– არცერთი შვილის აყვანა არ მქონია დაგეგმილი და არც მომავალში ვგეგმავ რამეს. ჩემს ექვს შვილთან ერთად ვცხოვრობ. შვილის აყვანას არც მაშინ ვგეგმავდი, როცა ერთი შვილი მყავდა, არც მაშინ, როცა ორი მყავდა და არც ახლა, როცა ექვსი შვილი მყავს. ეს ყველაფერი დაგეგმილად არ ხდება.

ქეთი კაპანაძე – “თბილისელები”

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *