კრიმინალი

რა საშინელი აღმოჩენა გააკეთა ხაშურის დეპოს მუშამ წიფის გვირაბის გეგმური შემოწმებისას

საშინელი აღმოჩენა

ხაშურის დეპოს მუშა, 49 წლის ვალერი გულიევი წიფის გვირაბში იყო შესული და გეგმიურ დათვალიერებას ახორციელებდა. უცებ ის შეჩერდა, მსუბუქი ურიკა ლიანდაგებიდან გვერდზე გადააყენა, რადგან მოსკოვი-ერევნის შემადგენლობის ჩამოვლის დრო იყო. ჩქარი მატარებელი გვირაბში გუგუნით შეიჭრა და კედელზე აკრული გულიევის წინ ჩაიქროლა, მაგრამ შემადგენლობა ჯერ კიდევ მიჰქროდა, როდესაც გულიევს რაღაც მძიმე საგანი მოხვდა კეფაში და გონებამიხდილი დაეცა ლიანდაგების გვერდით… რამდენიმე ხნის შემდეგ ვალერი გულიევი, გამოაფხიზლა ვირთხების წრიპინმა, რომლებიც ათეულობით შეკრებილიყვნენ მის ირგვლივ. მუშა წამოჯდა, ნავთით სავსე შუშის ქილა ამოიღო ჩანთიდან, ვირთხების მიმართულებით ისროლა და ანთებული ასანთიც მიაყოლა. მხოლოდ აგიზგიზებულმა ცეცხლმა დააფრთხო გვირაბის ბინადარნი. ის იყო, გულიევმა გზის გაგრძელება დააპირა, რომ იქვე დაგდებული მოზრდილი ტომარა შენიშნა. მან ჯერ ურიკა შედგა რელსებზე, შემდეგ ტომარა ურიკაზე დადო და გვირაბიდან ხაშურის მიმართულებით დაიძრა. თხუთმეტიოდე წუთში, გვირაბიდან გამოსული ვალერი გულიევი ლიანდაგის პირას იდგა და ტომარას ხსნიდა. მან ჯერ კაპრონის თოკი გახსნა და იქვე დააგდო, შემდეგ ორმაგი, უხეში ტილო გადასწია და გაქვავდა… ტომრიდან მას ენაგადმოგდებული, მოკვეთილი თავი მისჩერებოდა. გულიევს ჯერ გული აერია, მერე კი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ნახევარი საათის შემდეგ კი ტომრის გახსნის ადგილას, წიფის გვირაბიდან 150 მეტრის დაშორებით, ქალაქ ხაშურის მილიციისა და პროკურატურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ და ტომარას ათვალიერებდნენ, სადაც მამაკაცის დანაწევრებული ცხედარი იყო მოთავსებული, რომელსაც ბარძაყები აკლდა. ტომარა, თავისი შიგთავსით, ხაშურის პროზექტურაში გადაიტანეს ექსპერტიზისთვის, ხოლო ქალაქის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მუხლით და დაიწყო გამოძიება, რომელსაც ჯერ ანზორ ხიდაშელი უძღვებოდა, სამი დღის მერე კი ეს საქმე თბილისმა წაიღო და მის გამოძიებას სათავეში, ჩაუდგა ნოდარ მახარაძე რომელიც მსგავსი საქმეების სპეციალისტად ითვლებოდა.

სისხლიანი კვამლი

ვალერი გულიევის დაკითხვამ და პირველადი მოკვლევების მასალებმა ნოდარ მახარაძე იმაში დაარწმუნა, რომ უცნობი მამაკაცის მკვლელობა მოსკოვი-ერევნის სამგზავრო მატარებელში იქნა ჩადენილი. მიუხედავად იმისა, რომ მოკლულის სხეული დანაწევრებული და შიშველი იყო და პირადობის ვერანაირი დამადასტურებელი საბუთი ვერ აღმოაჩინეს, მოკლულის ვინაობის დადგენა მაინც მოხერხდა: ეს იყო მოსკოველი ინჟინერი, 36 წლის კირილ დემიდოვი, რომელიც თბილისში მიემგზავრებოდა სამსახურებრივ მივლინებაში. დემიდოვი მისმა ახლობლებმა ამოიცნეს და, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, მისი ცხედრის ნარჩენები მოსკოვში წაიღეს და დაასაფლავეს. მოკლულს მეოთხე ჯგუფის, რეზუს-უარყოფითი სისხლი აღმოაჩნდა და, როგორც ანალიზმა ცხადყო, ვენერიული დაავადება – ჰონორეა სჭირდა. მაგრამ მახარაძეს ყველაზე მეტად გამქრალი ბარძაყები ადარდებდა – იგი ფიქრობდა, რომ ამ საქმეს სერიული მკვლელობის ელფერი დაჰკრავდა. მან თავისი ეჭვები გენერალურ პროკურორს გაანდო და დაითანხმა, რომ მნიშვნელოვანი დამხმარე ძალები გამოეყოთ, რაც დაუყოვნებლივ განხორციელდა.

ნოდარ მახარაძის ჯგუფმა მკვლელობიდან ერთი კვირის თავზე მოსკოვი-ერევნის ის შემადგენლობა შეამოწმა, რომელშიც მკვლელობა იქნა ჩადენილი და მეთერთმეტე ვაგონის გამცილებლის კუპეში, საწოლში გაჟონილი სისხლის ლაქები აღმოაჩინა. ჩატარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ ლაქად დარჩენილი სისხლი დანაწევრებულ კირილ დემიდოვს ეკუთვნოდა. გამოცდილმა გამომძიებელმა ისიც დაადგინა, რომ მეთერთმეტე ვაგონის გამცილებლები იყვნენ მოსკოველები – პაველ უშკოვი და სტეპან დუდკო. თუმცა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დუდკო ავადმყოფობდა და მოსკოვი-ერევნის რეისებში მხოლოდ პაველ უშკოვი დადიოდა. ამიტომ, ქართველმა ძალოვნებმა ოპერატიული ჯგუფი შეადგინეს და მოსკოვში გამცილებელ უშკოვის დასაკავებლად გაემგზავრნენ.

გაუჩინარებული გამცილებელი

პაველ უშკოვის დასაკავებლად მისულმა ოპერჯგუფმა მეზობლებისგან შეიტყო, რომ გამცილებელი უკვე ერთი კვირაა, არ ჩანდა. ხოლო მისმა კარის მეზობელმა, ხანში შესულმა ქალმა მახარაძეს უთხრა:

– ვფიქრობ, რომ პავლუშას რაღაც შეემთხვა. წესით, ის ახლა სახლში უნდა იყოს, რადგან ერთი კვირა მუშაობს, ერთი კვირა კი ისვენებს და ახლა სწორედ დასვენების კვირა აქვს. ეეჰ, შვილო, – თავი გააქნია ქალმა და თვალცრემლიანმა განაგრძო: – პავლუშა სანიმუშო ბიჭი იყო. მასზე აუგს ვერავინ იტყოდა, მაგრამ ყველაფერი ამ ექვსი თვის წინ დაიწყო, მას მერე, რაც იმ საზიზღარ და საზარელ ქალს გადაეყარა.

– ვის გულისხმობთ, ქალბატონო, იქნებ დააკონკრეტოთ? ჩვენ სწორედ თქვენი მეზობლის დასაკითხავად ვართ აქ მოსული და, გამორიცხული არაა, რომ ის სერიოზულ დანაშაულშიც კი იყოს გარეული, – უთხრა ქალს მახარაძემ.

როგორც გამცილებლის მეზობელი ქალის მონათხრობიდან გაირკვა, მისი მეზობელი, 26 წლის ობოლი და მარტოხელა პაველ უშკოვი, ექვსი თვის წინ ვინმე კარინას გადაჰკიდებია, რომელიც ერევანში გაუცნია ერთ-ერთი რეისის დროს. ქალის თქმით, კარინა პაველზე ბევრად უფროსი იყო და პერიოდულად მის ბინაშიც ცხოვრობდა. მოხუცის თქმით, კარინა ნამდვილი ურჩხული იყო და ნებისმიერი სისაძაგლის ჩადენა შეეძლო.

– ის საზიზღარი ისე მოკლავს ადამიანს, რომ თვალს არ დაახამხამებს, – თქვა უშკოვის მეზობელმა ქალმა, – ეეჰ, საცოდავი პავლუშა, რა ბიჭი იყო, რა ბიჭი?!

– ქალბატონო, – უთხრა მახარაძემ ქალს, – ან პაველს, ან, მით უმეტეს, იმ კარინას, თქვენთვის ან, თუნდაც, სხვა მეზობლებისთვის რამე შეურაცხყოფა ხომ არ მოუყენებიათ?

– არა, – თავი გააქნია ქალმა, – ასეთი რამ არ მომხდარა.

– მაშ, რატომ გაქვთ იმ ქალზე ასეთი ცუდი წარმოდგენა, ან თქვენი მეზობელი რას გიშავებთ?

– პავლუშა? პავლუშა არაფერსაც არ მიშავებს, უბრალოდ, ის ძალიან გულჩათხრობილი გახდა და, აშკარაა, რომ უარესობისკენ შეიცვალა. რაც შეეხება იმ საზარელ ქალს, მერწმუნეთ, რომ ასეთი თვალებდასისხლიანებული ქალი ნამდვილი ბოროტი სულია და მის ძარღვებში ბინძური, უწმინდური სისხლი ჩქეფს. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ.

ქართველი ოპერმუშაკები ხელცარიელები გამობრუნდნენ უკან, პაველ უშკოვის ძებნამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. ახალგაზრდა გამცილებელი არც თავისი ცვლის დროს გამოჩნდა და მილიციამ მას, უკვე როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულს, ისე დაუწყო ძებნა…

წითელთვალება კარინა

მოსკოვის მილიცია უშედეგოდ ეძებდა 26 წლის პაველ უშკოვს. დროს არც ნოდარ მახარაძის საგამოძიებო ჯგუფი კარგავდა და უშკოვის მეზობლის, 61 წლის პელაგია პროხოროვას აღწერილობის მიხედვით შედგენილი ფოტორობოტის მეშვეობით, წითელთვალება კარინას ძებნას განაგრძობდა. მახარაძემ კარინას ფოტორობოტის ნიმუშები თავის სომეხ კოლეგებს გადაუგზავნა ერევანში და ექვსი დღის შემდეგ დადებითი პასუხიც მიიღო. მსგავსი გარეგნობის ქალი, 41 წლის ჟანა პოღოსიანი, ერევანში ცხოვრობდა და ერთ-ერთ სალონში მუშაობდა პარიკმახერად. იგი ქვრივი, უშვილო ქალი იყო და მარტოდმარტო ცხოვრობდა ოროთახიან ბინაში. სომეხი მილიციელების ინფორმაციით, პოღოსიანი არაფერ ცუდში არ ყოფილა შემჩნეული. ქმარი ექვსი წლის წინ გარდაცვლია და მას მერე ჟანა მარტო დარჩენილა. ნოდარ მახარაძის დაჟინებული მოთხოვნით, 61 წლის პელაგია პროხოროვა ერევანში ჩაიყვანეს და ჟანა პოღოსიანი ფარულად ანახვეს:

– აი, ეს საზიზღარი კარინა; სწორედ ესაა პავლუშასთან რომ მოდიოდა ხოლმე! ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ბოროტების განსახიერებაა? შეჰყვირა პროხოროვამ.

– დეიდა პელაგია, ნამდვილად ის ქალია, არ გეშლებათ? – ჰკითხა ნოდარმა. თუმცა, წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ უშკოვის მეზობელ ქალს არაფერი ეშლებოდა.

– არა, შვილო, ნამდვილად ისაა, არ მეშლება, – დაადასტურა პროხოროვამ, – განა სკლეროზიანის ან შეშლილის მეტყობა რამე?

პელაგია პროხოროვას მადლობა გადაუხადეს და მოსკოვში გადააფრინეს, ჟანა პოღოსიანზე კი თვალთვალი დააწესეს. რადგან მის წინააღმდეგ არანაირი მამხილებელი საბუთი არ გააჩნდათ, ვერ დააკავებდნენ.

კაციჭამიას მონათხრობი

ჟანა პოღოსიანზე თვალთვალი ერთი კვირის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. ბოლოს, ერევნელმა ოპერებმა მის ბინაში უკანონოდ, ჩუმად შეღწევა გადაწყვიტეს იმ მიზნით, რომ რამე სამხილი აღმოეჩინათ და არც შემცდარან… ჟანა ძველებურ ეზოში ცხოვრობდა და ბინიდან პირდაპირ სარდაფში ჰქონდა ჩასასვლელი. სწორედ სარდაფში აღმოაჩინეს უზარმაზარი მაცივარი, რომელშიც ადამიანის სხეულის ნაწილები იყო შენახული… ჟანა პოღოსიანი იმავე საღამოს აიყვანეს, ერევნის მილიციის სამმართველოში გადაიყვანეს და ის მაიორმა არტემ ბაბაიანმა და ნოდარ მახარაძემ ერთად დაკითხეს. წითელთვალება ქალმა ზიზღნარევი მზერა ესროლა მის წინ მსხდომ ძალოვნებს, რომელთაც თავისი საშინელი ისტორია უამბო: „13 წლის ვიყავი, როდესაც მამინაცვალმა გამაუპატიურა. მაშინ სოფელში ვცხოვრობდით. ეს ყველაფერი მან დედაჩემის თვალწინ გააკეთა. მე ვტიროდი, ვიტანჯებოდი, მაგრამ დედა არც კი მომფერებია. ისინი დამემუქრნენ, რომ, თუ მომხდარის შესახებ ვინმეს გავუმხელდი, ცოცხლად შემჭამდნენ. რა უნდა მექნა ბავშვს? ორ ურჩხულს როგორ მოვერეოდი, გავჩუმდი და ეს ყველაფერი გულში ჩავიმარხე. 17 წლის რომ გავხდი, ძალა და გონება მომეცა. ერთ მშვენიერ დღეს მიძინებულმა ბოღმამ იფეთქა, ჩემი მამინაცვალი და დედა მძინარეები დავხოცე და ნაჯახით დავჩეხე. მათი გვამებიდან კი ხორცის თითო ნაჭერი ავათალე, შევწვი და შევჭამე. განა იმიტომ, რომ მინდოდა, უბრალოდ, მათი მუქარა გამახსენდა, რომ შემჭამდნენ და პირიქით კი მოხდა. ექვსი წელი მშვიდად ვიყავი, თუმცა, 23 წლის ასაკიდან, განსაკუთრებით ახალ მთვარეზე, ადამიანის ხორცის ჭამა და სისხლის სმა მინდებოდა ხოლმე. ეს ისეთი საშინელი ლტოლვა იყო, რომ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, წინასწარ შერჩეულ ადამიანებს სახლში ვიტყუებდი, ვკლავდი და ვჭამდი. ხოლო, როცა გავთხოვდი, ჩემი ქმარიც ჩავრთე ამ საქმიანობაში…“

ჟანა პოღოსიანმა 21 ადამიანის მკვლელობისა და კანიბალიზმის ფაქტი აღიარა. მისივე მოკლული აღმოჩნდა 26 წლის გამცილებელი პაველ უშკოვიც. ერევნელი კაციჭამია ქალის სასამართლო არ შემდგარა, რადგან ჟანა პოღოსიანი მოსკოვში, სერბსკის ფსიქიატრიული კლინიკის გასაიდუმლოებულ სტაციონარში გამოამწყვდიეს გამოკვლევების ჩასატარებლად.

P.S. საინტერესო ფაქტია, რომ ცნობილი საბჭოთა სერიული მკვლელი, ეგრეთ წოდებული „ღამის მოჩვენება“, იუსუფ რახმანოვი, რომელიც 15 წლის განმავლობაში შიშის ზარს სცემდა საბჭოთა კავშირის დიდ ქალაქებს, ჟანა პოღოსიანის შვილი იყო.

იუსუფ რახმანოვი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, უდედმამო ბავშვთა სახლში გაიზარდა, სადაც ის ჟანამ 9 თვის ასაკში დატოვა. სინამდვილეში, იუსუფ რახმანოვი არტურ ბაბაიანი იყო და ჟანას ის ერთი ერევნელი მილიციელისგან შეეძინა უკანონოდ, 1968 წელს. ჟანამ ბავშვი ყალბი დაბადების მოწმობით ჩააბარა და ასე გახდა ბაბაიანი რახმანოვი. პატარა იუსუფი ბავშვობაში საშინელ დამცირებას განიცდიდა – 9 წლის ასაკში ის რამდენიმე მოზარდმა გააუპატიურა… მოგვიანებით იუსუფმა სწორედ იმ ბიჭების დახოცვით დაიწყო თავისი „კარიერა“ და 15 წლის განმავლობაში 45 ადამიანი მოკლა სადისტურად. იუსუფს მეტსახელი „ღამის მოჩვენება“ იმიტომ შეარქვეს, რომ ის ძირითადად ღამით ესხმოდა ხოლმე თავს თავის მსხვერპლს და ჯერ თიშავდა, შემდეგ კი პირში ჩოგბურთის ბურთს ტენიდა, რომ არ ეყვირათ და სამართებლით ანაწევრებდა მათ ცხედრებს. ხშირ შემთხვევაში, „ღამის მოჩვენების“ მიერ დატოვებულ დანაწევრებულ ცხედარს სხეულის სხვადასხვა ნაწილები აკლდა. მოგვიანებით, როდესაც სერიული მკვლელი დააკავეს, მან აღიარა, რომ ის სხეულების ნაწილებს ჭამდა. „ღამის მოჩვენება“ 1999 წელს დააპატიმრეს ლენინგრადში და პირველივე დაკითხვაზე მან აღიარა დანაშაული. მის საქმეზე წარმოებულ გამოძიებას რამდენიმე ათასი ადამიანი ჰყავდა დაკითხული და სერიული მკვლელის აბსოლუტურად ყველა დანაშაული დამტკიცდა. როგორც დაუდასტურებელი წყაროებიდანაა ცნობილი, რახმანოვი, დედის მსგავსად, არც კი დახვრიტეს და სერბსკის დახურულ კლინიკაში მოათავსეს, სადაც დღემდე იმყოფება. ინტერესმოკლებული არაა ისიც, რომ ცნობილ საბჭოთა სერიულ მკვლელს ტყუპი ქალ-ვაჟი დარჩა.

ნიკა ლაშაური. ჟურნალი ,,თბილისელები”.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები