ისტორია

რა ტრაგედია დატრიალდა კახეთის სამეფო ოჯახში 1511 წელს

გიორგი მახობეშვილი

პატარა უფლისწულის წინაპრის, მეფე თეიმურაზ II-ის ვედრება ღვთისმშობლისადმი: „საქართველოს ერს შენი წილხვდომობა გაუახლე და იხსენ ამდენის შეწუხებისგან!“

ერთიანი საქართველოს ხელმწიფის, ალექსანდრე I დიდის მერე, საქართველოს სახელმწიფოს საქმე ცუდად წავიდა: საქართველოს მეფე გიორგი VIII (1446-1466) ჯერ ბიძაშვილმა ბაგრატმა დაამარცხა 1463 წელს, შემდეგ, 1465 წელს კი მეფე გიორგი დამარცხდა სამცხის ათაბაგთან ბრძოლაში და ტყვედ ჩავარდა. საქართველოს მეფედ თავი გამოაცხადა მისმა ბიძაშვილმა, აწ უკვე ბაგრატ VI-მ (იმერეთში – II). ტყვეობიდან დაბრუნებულმა გიორგიმ ტფილისი და ქუთაისი ვერ დაიბრუნა და კახეთში გამეფდა (კახეთში – გიორგი I, 1466-1476).

მის მერე კახეთის მეფის ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა, ალექსანდრე I-მა.

1511 წელს კახეთის სამეფო ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. მეფე ალექსანდრე I მოკლა შვილმა, გიორგიმ და ტახტი დაიკავა (გიორგი II, ხალხმა ამის გამო მას „ავგიორგი” შეარქვა).

1513 წელს ავგიორგი ქართლში ლაშქრობისას შეიპყრო ბაგრატ უფლისწულმა, ქართლის მეფე დავით X-ის ძმამ. გიორგი II ქსნის ციხეში მოკვდა.

1520 წელს კახეთის ტახტზე ავიდა ავგიორგის ძე – ლევანი.

ლევან მეფის მერე, 1574 წელს, კახეთის ტახტზე ავიდა მისი მეორე ვაჟი – ალექსანდრე II. ალექსანდრე II-ის უფროსი ძმა, იესე, ალამუტის ციხეში იყო გამომწყვდეული ირანელების მიერ.

1605 წელს კახეთის სამეფო ოჯახში კვლავ ტრაგედია დატრიალდა – რატომღაც, სახელი „ალექსანდრე” ცუდად დაებედა კახთბატონების ოჯახს…

ალექსანდრე მეფეს ხუთი ძე ჰყავდა: ერეკლე, დავითი, გიორგი, კონსტანტინე და როსტომი. მამამ ერეკლე საიდუმლო მისიით გაგზავნა ოსმალეთში და იქ დაიღუპა. კონსტანტინე პატარაობიდან მძევლად იყო ირანის შაჰის, აბას I-ის კარზე. იქ კონსტანტინე-მირზა მტრულად გაზარდეს და გაათათრეს.

1601 წელს დავითმა გადააყენა მამა, აიძულა მონასტერში წასულიყო და ტახტი თვითონ დაიკავა. თუმცა, დავით I დაახლოებით ერთ წელიწადში გარდაიცვალა და ალექსანდრე II კვლავ დაბრუნდა ტახტზე.

მაგრამ, 1606 წელს, როგორც ჩანს, შაჰის დავალებით, იგი მოკლა გათათრებულმა კონსტანტინე-მირზამ. მოღალატემ არც ძმა – გიორგი დაინდო და სპარსელებს იქვე დაახოცვინა კახელი თავადებიც. მალე კახელები აუჯანყდნენ მოღალატე კონსტანტინე-მირზას და მოკლეს.

1606 წელს კახეთის ტახტზე ავიდა ალექსანდრე II-ის შვილიშვილი – თეიმურაზ I, დავითის I-ის ძე.

თეიმურაზ I-ის დედა იყო აშოთან მუხრანბატონის ასული – წმიდა ქეთევან დედოფალი. პირველ ცოლად თეიმურაზ მეფეს ჰყავდა ანა გურიელი, მეორე ცოლად მოიყვანა ქართლის წმიდა მეფის, ლუარსაბ II-ის და – ხორეშანი.

მეფე-პოეტს დიდი განსაცდელი შეხვდა: მისი მეფობის დროს შაჰ-აბას I-მა ააოხრა კახეთი, დახოცა უამრავი ქართველი, 80 000 ადამიანი კი ირანში გადაასახლა. ირანში მოკლეს მეფის სამი შვილი. დაუნდობელმა შაჰმა, აბას I-მა, წამებით მოაკვლევინა თეიმურაზ მეფის დედა – წმიდა ქეთევანი და ცოლისძმა – წმიდა ლუარსაბ II. სპარსელებთან ბრძოლაში კი დაეღუპა ვაჟი – დავით ბატონიშვილი. ტახტიც დააკარგვინეს ირანელებმა და არც რუსებმა უშველეს, როგორც სჩვეოდათ… ბოლოს, სტუმრად მისულს შაჰ აბას II-მ, გათათრება მოსთხოვა, მაგრამ, ვერ გატეხა ქართველი მეფე და ასტრაბადის ციხეში ჩააგდო, სადაც 1663 წელს გარდაიცვალა კიდეც.

1703-1709 წლებში კახეთში მეფობდა სიყმაწვილიდან რუსეთში გაზრდილი ერეკლე I (ნაზარალიხანი), უფროსი ძე დავით ბატონიშვილისა, შვილიშვილი თეიმურაზ I-სა. მანამდე იგი 1688-1703 წლებში ქართლის ტახტს ფლობდა. 1703 წელს შაჰმა სულეიმანმა ქართლის ტახტი გიორგი XI-ს, კახეთის ტახტი კი ერეკლე I-ს დაუმტკიცა, მაგრამ, ირანიდან არც ერთი აღარ გამოუშვა. ერეკლე I იქვე გარდაიცვალა.

1710-1715 წლებში ერეკლე I-ის უფროსი ვაჟი, მეფე დავით II (იმამ-ყული-ხანი) სპარსეთში წავიდა და კახეთის გამგებლად დატოვა თავისი ძმა – თეიმურაზი. 1719 წელს, მომავალმა მეფემ, თეიმურაზ II-მ, ცოლად შეირთო ქართლის მეფის, ვახტანგ VI-ის ასული – თამარი. 1720 წელს დაიბადა უფლისწული ერეკლე.

1733 წელს, ძმების – დავით II იმამყული-ხანისა და კონსტანტრინე II მაჰმად-ყული-ხანის სიკვდილის შემდეგ, (შესაბამისად, 1722 და 1732 წლებში), კახეთის მეფე გახდა თეიმურაზ II.

1744 წელს ქართლის მეფედ გამოცხადდა თეიმურაზ II, კახეთის მეფედ კი – მისი ძე, ერეკლე II. მათი კურთხევა მოხდა სვეტიცხოველში. ეს იყო დიდი გამარჯვება მამა-შვილისა და ქართველი ხალხისა, რადგან, დიდი ხნის განმავლობაში ქრისტიანი (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად) მეფეები ვერ ადიოდნენ ტახტზე ქართლსა და კახეთში.

1760 წელს თეიმურაზ II რუსეთს გაემგზავრა და მოულოდნელად იქვე გარდაიცვალა. შესაძლოა, ის მოწამლეს.

სიკვდილის წინ თეიმურაზ მეფემ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს შეავედრა თავისი სული, შვილი – ერეკლე და შესთხოვა – „საქართველოს ერს შენი წილხვდომობა გაუახლე და იხსენ ამდენის შეწუხებისგანო.“

1973 წელს, ქალაქ ასტრახანში, ქართველმა და რუსმა მეცნიერებმა გახსნეს თეიმურაზ II-ის საფლავი. მეფის ცხედარი გაუხრწნელი დაუხვდათ, თეთრი, ოქრომკედით მოქარგული სამეფო სამოსით, თან, სურნელიც იფრქვეოდა თურმე.

ერეკლე II გარდაიცვალა 1798 წელს.

აღმოსავლეთ საქართველოს უკანასკნელ მეფედ ითვლება გიორგი XII, ერეკლეს ძე, თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი ბატონიშვილ გრიგოლ იოანეს ძეს, გიორგი XII-ის შვილიშვილს, კახეთის აჯანყების წინამძღოლსა და მეფედ გამოცხადებულს მიიჩნევს უკანასკნელ მეფედ აღმოსავლეთ საქართველოში.

გიორგი XII-ის ერთ-ერთ შვილს ერქვა ბაგრატ ბატონიშვილი (1768-1841); მის ძეს ერქვა პეტრე ბატონიშვილი (1857-1922).

ისევე, როგორც ქართლის შტოს წარმომადგენლებს, ამ შტოსაც, რუსეთის იმპერიაში უწოდეს ბაგრატიონ-გრუზინსკები. აღნიშნული შტოს წარმომადგენლები დღესაც ამ გვარს ატარებენ. ქართლის გრუზინსკების შტო შეწყდა 1919 წელს.

პეტრე ბატონიშვილს ეყოლა ვაჟი – პეტრე ბატონიშვილი, ცნობილი პოეტი – პეტრე გრუზინსკი.

პეტრე გრუზინსკის ვაჟს ჰქვია ბატონიშვილი ნუგზარი, ცნობილი რეჟისორი. მას ჰყავს ორი ასული: ბატონიშვილები ანა და მაია. უმცროს ასულს, მაიას, ჰყავს ვაჟიშვილი – თეიმურაზი; უფროს ქალიშვილს, ანას, ჰყავს ორი ასული – ირინე და მარიამი, დავით ბაგრატიონთან ქორწინებაში კი შეეძინა უფლისწული გიორგი, მამით და დედით ბაგრატიონი.

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები