შოუ-ბიზნესი

რის გამო იძია დედაზე შური ნატალია ყიფშიძემ და რისთვის შეიძლება, გაასახლონ ის სახლიდან?

ნატალია ყიფშიძე ზაფხულში 16 წლის გახდა და დედამ ამ დღეს განსაკუთრებული თავისუფლება მისცა. თუმცა, დედა-შვილს ისედაც აქვს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა და კრისტი ნატალიას გარკვეულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს არც უწესებს.

კრისტი ყიფშიძე: ზაფხულში სამუშაოდ ჩავედი ბათუმში მოდის კვირეულზე. ჩემთან ერთად იყვნენ დედაჩემი და ნატალია. ნატალიამ ძალიან კარგი დრო გაატარა. არ შემოსულა ნომერში, სულ გარეთ იყო. თან, დაბადების დღე ჰქონდა. შარშან ძალიან გრანდიოზული დაბადების დღე გადავუხადეთ. 58 ბავშვი იყო ერთდროულად სახლში. მხოლოდ ჩემი ოთახი იყო გამოკეტილი.
ნატალია ყიფშიძე: წელს ჩემს დაბადების დღეზე ბათუმში ვიყავი. ჯერ ზღვაზე შევხვდი, შემდეგ გავაგრძელე მეგობრებთან ერთად.
კრისტი: კლუბებში იარეს. მერე მთელი დღე ისე გაატარა, როგორც უნდოდა. საღამოს მანანა გოგლიჩიძემ ტორტი შეუკვეთა, სიურპრიზი გაუკეთა.
ნატალია: ყველა ჩემი მეგობარი ბათუმში იყო და კარგად გავერთეთ. თან, ოთხდღიანი დაბადების დღე დაბადების დღის კვირეული მქონდა.
კრისტი: წელს 16 წლის რომ გახდა,  იმის უფლება მივეცი, რომ წასულიყო კლუბში და ყველგან. დედაჩემი მეუბნებოდა, რატომ გაუშვი, ახლა ვერ დავიძინებო. ნატალიას თუ ტელეფონი დაუჯდება, რაც დღეს ძალიან ხშირია „აიფონების” შემთხვევაში, ჩნდება პრობლემა: ვაიმე, ბავშვი ხაზიდან გაქრა. მაგრამ ნატალიას ერთი კარგი ჩვევა აქვს: ვინმესგან მომწერს მესიჯს: ამ ნომერზე ვარ. იმ დილითაც, რომ გავიღვიძე, 20 მესიჯი დამხვდა: ახლა ამ ნომერზე ვარ, ახლა ამ ნომერზე… დედაჩემმა: ვაიმე, კიდევ არ არის სახლშიო. კარგი, თავი დაანებე-მეთქი. რადგან 16 წლის გახდა, ვიფიქრე: წავიდეს, გაერთოს-მეთქი. ჩვენ ისედაც არ გვაქვს ლიმიტები დაწესებული.
ნატალია: არასდროს არავინ მზღუდავს. ამიტომაც ასეთი თავისუფლება რომ მომცა, დიდად არ გამკვირვებია. თან, ბათუმში რომ მივდიოდით, დედა დავარიგე: ერთად არ ვართ, იქ ვიქნები ჩემს მეგობრებთან ერთად, განსაკუთრებით კი –  ჩემს დაბადების დღეზე-მეთქი.
კრისტი: ბავშვი არ უნდა შეზღუდო, რაღაცები თუ აუკრძალე, მერე უფრო გააკეთებს. მე ვეუბნები: გირჩევ, რადგან შენზე მეტი გამოცდილება მაქვს და ვიცი. მაინც არ გიჯერებს, გააკეთებს და მერე თვითონაც ხვდება შეცდომას.

– კრისტიმ, არ მიყვარს ჩემს ოთახში ვინმე რომ შემოდისო და შენს ოთახშიც ასე ხდება?

ნატალია: არც მე მიყვარს. ოთახში ყოველთვის ყველაფერი თავის ადგილზე მიდევს. არავის ვუშვებ და ვინმემ რომ ამირიოს, არ ვიცი, რა დამემართება. არავინ შედის ჩემს ოთახში, მიყვარს, როცა ყველაფერი თავის ადგილზეა.

– სახლში ყველას თქვენ-თქვენი ავტონიმია გაქვთ?

კრისტი: კი და არ მიყვარს, როცა ვინმე შემოდის ჩემს ოთახში.
ნატალია: მე იმაზე მაქვს პრობლემა, დაუკითხავად რომ შემოდის ვინმე. საშინლად ვერ ვიტან, როცა არ აკაკუნებენ და ისე შემოდიან. ეს ვერავის ვასწავლე ოჯახში.

– არის საკითხები, რასაც დედას არ უყვები?

– არის რაღაცები, რომ არ მინდა, მოვუყვე. გაფუჭებული აქვს სახელი.  ყველამ იცის, რომ არ ვენდობი და არაფერს ვუყვები. არც თქვენ ენდოთ. ეს იმიტომ, რომ ერთ წელს რაღაც მოვუყევი და მამას უთხრა. მაგის მერე აღარაფერს ვუყვები. გადავწყვიტე, შური მეძია. საიდუმლო არც მქონია, რამე თუ არის, თუნდაც ცუდი, ის აუცილებლად იცის კრისტიმ.
კრისტი: ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქუდი აუღია დაუკითხავად, დაუკარგავს და მე ვეძებდი.
ნატალია: უკვე ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი, თავის სახლში წავეყვანე. ჯერ კრისტის ნივთს რომ მოჰკიდებ ხელს, ეს უკვე საშიშია, მერე რამე თუ მოეცხო პატარაზე – უკვე კატასტროფაა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, რომ დავკარგე. უკვე სახლიდან მივდიოდი. თან, ისეთი ქუდი არ არის, რომელიც ყველგან იყიდება, ვერც ვიყიდე. რამდენიმე თვე მე და ბებია ვინახავდით საიდუმლოს და უცბად გაახსენდა. არაფერი უქნია, მაგრამ უარესს იზამს: არაფერს აღარ მათხოვებს. ამაზე დიდი სასჯელი, რა უნდა იყოს? კრისტის კარადიდან, რაც მინდა, ის რომ ავიღო, ალბათ, გამასახლებენ – კარს გასაღებით კეტავს.

– კრისტი, მინახავს ხოლმე ნატალიას ფოტოზე შენი კომენტარი, სადაც უწერ, რომ არ მოგწონს ფოტო და აიღეო. გიჯერებს?

კრისტი: კი, ვუწერ ხოლმე: არ მომწონს, რას ჰგავს, წაშალე-მეთქი. მწერს – დამანებე თავი, ან – არაფერს. არის რაღაცები, რაც მის ასაკს, სტატუსს არ უხდება და მსგავსი ფოტოები არ უნდა დადოს. ან „დროზე დაიძინე” – ვუწერ და ამის მეგობრები „ალაიქებენ“.
ნატალია: ვეღარ გამიგია, ვის მხარეს არიან. როცა მე მომწონს, საჭიროდ მიმაჩნია, რომ დავდო. „ინსტაგრამის” პოსტებით მნიშვნელოვანი რაღაც ხომ არ წყდება.
კრისტი: თვითონ ყველაფერს დებს და ყოფილა შემთხვევა, მე რომ დამიდია რაღაც, უთქვამს: „რა არის, დედა, ეს რატომ დადე”.
ნატალია: არ მსიამოვნებს, როდესაც დედაჩემის კანს ხედავს ვინმე, ცოტა გახსნილი ფოტოები რომ აქვს ხოლმე.
კრისტი: „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დროს სხვადასხვა ფორუმზე წერდნენ კრიტიკას და ამაზე ნატალია ბრაზდებოდა. საერთოდ, მთელი ოჯახის დამცველია.
ნატალია: არასდროს არავის მივცემ უფლებას, ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენოს. საკუთარ თავთან მაქვს ეს პირობა დადებული.

– გიორგისაც აქვს შენიშვნები?

– ადრე ჰქონდა, მაგრამ ახლა აღარ აქვს. მიხვდა, რომ არ აქვს აზრი.
კრისტი: ეს არის „ლომი“, წელიწადით – „გველი“ და ჩვეულებრივი მბრძანებელია. ყველაფერი ამას უნდა ჰკითხო. არ შეიძლება, ნატალიას რამეზე უარი უთხრა, შეეწინააღმდეგო – ამით სარგებლობს. მთელი ყურადღება ამისკენაა. მთელი ოჯახი ამაზეა აწყობილი. ამას ეკითხება ყველა ყველაფერს. მითხრეს: ან აგაშენებს, ან დაგაქცევსო და მაგას ველოდები. რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი მაწყობს.

– კრისტი, ადრე მახსოვს, ხშირად დადიოდა შენთან ერთად წვეულებებზე.

ნატალია: ახლა – აღარ. პირიქით, ამას მოსწონს ჩემი მეგობრები და „მეტენება”. ჩემი მეგობრები ამას დიდ ყურადღებას რომ აქცევენ, ვერ ვიტან, არ შემიძლია, ვეჭვიანობ. თან მეუბნებიან: მოვიდეს კრისტი, რატომ უნდა გადაჯდეს იქითო და ეძახიან. ესეც მოდის და ზის, როგორც პატარა გოგო და მე ამაზე ისტერიკა მეწყება.

– წლების წინ მითხარი, რომ გამიხარდება, თუ დედა გათხოვდებაო. ახლაც ამ აზრზე ხარ?

– თანახმა ვარ ორივეზე.
კრისტი: მე არ ვაპირებ გათხოვებას. თუმცა, „არასდროს თქვა, არასდროს,” არაფერია გამორიცხული. ამიტომ, ეს თემა დახურული მაქვს, მაგრამ, მგონია, ნატალიას ძალიან უნდა, რომ გავთხოვდე და წავიდე.
ნატალია: რატომ ჰგონია ყველას, რომ ასეთი რაღაცები მადარდებს? 2 წლისაც არ ვიყავი, რომ დაშორდნენ და ამიტომ, არც მახსოვს ეს ამბავი და არ მაქვს ის მომენეტი: ერთმანეთს დაშორდნენ, სხვასთან ვერ იქნება.
კრისტი: მგონი, ჯობია, ნატა გავათხოვო და მერე მე გავთხოვდე. რა თქმა უნდა, ვხუმრობ. ეს მანამდე არ გათხოვდება, სანამ არ ისწავლის იქ, სადაც მე მინდა და მას უნდა. ეს რომ ადრე გათხოვდეს, მე გავგიჟდები. ამიტომ, ეს თემა დახურულია, არც განიხილება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნატალია ორ წელიწადში იყოს იქ, სადაც მე მინდა და ნატალიასაც უნდა. აქვს ნიჭი და პრეტენზიაც გვაქვს, რომ იყოს მსახიობი.

ნათია უტიაშვილი

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *