ბლოგერებინინო ხაჩიძესაზოგადოება

როგორ ავიცილოთ თავიდან “სითი პარკის” ჯარიმები

"დაახლოებით, 36 000 ოფიციალური საპარკინგე  ადგილია თბილისში და 500 000-მდე ავტომანქანაა ექსპლუატაციაში"

ნინო ხაჩიძე

ისეთი დრო დადგა, რომ თბილისის „სი თი პარკისგან“ გათავისუფლებას თბილისელებს წინასაარჩევნოდ ყველა კანდიდატი ჰპირდებოდა: სახელისუფლოც და ყოფილი სახელისუფლოც; მეტიც, „ნაციონალების“ განაყარი „ევროპული საქართველოც“, თუმცა საქმე გაცილებით მარტივადაა: „სი თი პარკმა“ უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ამაზე ისიც მოწმობს, რომ თბილისელები კარგა ხანია, არ ეპუებიან მას და ისე გამამაცდნენ, სასამართლოშიც კი ჩივიან თავიანთი უფლებების დასაცავად, რაც, მაგალითად, 2014 წლამდე წარმოუდგენლად თამამ ფანტაზიაში თუ იქნებოდა შესაძლებელი. მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ „სი თი პარკის“ მოქმედების თავისებურება ნაკლებად ჯდება სამართლიანი კანონის ნორმებში (როდესაც ხელიდან ხელში გადაუცემელი ჯარიმა მაინც ითვლებოდა და ითვლება საკმარის მტკიცებულებად). საბოლოოდ, ვითარება შემდეგნაირია: პარკირების გადასახადს სულ უფრო და უფრო ცოტა თბილისელი იხდის (და ამას აქვს თავისი მიზეზები), საჯარიმო სადგომებზე ავტომანქანების გადაყვანის ფაქტებიც შემცირდა, იმას გარდა, რომ არც უპრაგონოდ დაჯარიმების უფლება აღარ აქვს კომპანიას. მეტიც, საურავებსაც ნაკლებად ახდევინებს დაჯარიმებულ მძღოლებს. ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა “ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორ ვასო ურუშაძესთან ერთად ვისაუბრებთ, თუ რატომ შეეკვეცა ფრთები ერთ დროს ფრიად გალაღებულ „სითი პარკს“.

–რამ გამოიწვია მოქალაქეების შეთამამება „სითი პარკთან“, არადა გვახსოვს პერიოდი, როდესაც ამ კომპანიას, ფაქტობრივად, ტერორში ჰყავდა მძღოლები?

–უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს თბილისში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა პარკირება და, ცხადია, ის უკავშირდება იმ კომპანიას, რომელიც მართავს თბილისის საპარკინგე სისტემას. თუ თვალს გადავალებთ მოვლენების განვითარებას, პრობლემა არ უკავშირდება მხოლოდ „სითი პარკს“ და უფრო მასშტაბურია. თუმცა მაშინ, როდესაც „სითი პარკი“ შემოვიდა თბილისის ბაზარზე, ანუ 2007 წელს, იყოს სხვა გამოწვევები და რეალობა: არ ვიცოდით, სად შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა პარკირება და კომპანიამ დაიწყო ავტომობილების პარკირების ორგანიზება: საპარკინგე ადგილების მონიშვნა, საგზაო ნიშნების განთავსება.

საგზაო ნიშნები იყო, თუ არ ვცდები, უბრალოდ თავიანთები დაამატეს, სად როგორ უნდა დაგეყენებინა მანქანა და საიდან გადაიყვანდნენ საჯარიმო სადგომზე.

–ძირითადად არ იყო საგზაო ნიშნები და ავტომობილების პარკირება ქაოსურად ხდებოდა. იმხანად „სითი პარკმა“ ამ გამოწვევას უპასუხა და ის მაინც გავიგეთ, სად შეიძლებოდა პარკირება; როგორი წესებით უნდა მომხდარიყო. რაალურად ეს ინიციატივა მოდიოდა თბილისის მერიისგან. იმიტომ რომ თბილისის მერიას არ უნდოდა, თავად აეღო პარკირების მოსაკრებელი და ეს ფუნქცია გადასცა კერძო კომპანიას. ის ორგანიზებას უწევდა პარკირება, იღებდა საკმაოდ სოლიდურ მოსაკრებელს და აღებული თანხის 60 პროცენტი ირიცხებოდა თბილისის ბიუჯეტში.

ახლაც ასეა.

–დიახ, ანუ თბილისის მერია არანაკლებაა დაინტერესებული „სითი პარკის“ ეფექტიან საქმიანობაში, ვიდრე თავად „სითი პარკი“, როგორც კერძო კომპანია. თბილისის მერიას არ უნდოდა, თავად აეკრიფა გადასახადი. იმიტომ რომ, როდესაც სახელისუფლო ორგანოები აჯარიმებენ მოქალაქეებს, სხვა აგრესიას იწვევს. მოკლედ, ბევრი ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორი იყო, რის გამოც მართებული გადაწყვეტილება მიიღო მაშინ თბილისის მერიამ, მაგრამ მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მაშინ თბილისის მერიაში არავინ იფიქრა იმაზე, თუ რა მოცემულობა იქნებოდა 5 თუ 10 წლის შემდეგ.

რომ საპარკინგე ადგილები აღარ იქნებოდა?

–დიახ,ის ვითარება, რაც მივიღეთ დღეს. მაშინ ძალიან მარტივად შეაფასეს მოცემულობა და ამ მოცემულობის გადაჭრის გზით მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო გრძელვადიანი, თუმცა ხელშეკრულება იყო გრძელვადიანი. გავიდა ათი წელი, თბილისში მუდმივად მცხოვრები ადამიანების რაოდენობა გაორმაგდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პროპორციულად გაიზარდა ავტომობილების რაოდენობაც და მეტიც, რადგან ეკონომიკური აქტივობაც გაიზარდა, ავტომობილების ზრდის ტენდენცია უფრო მაღალიცაა. ამასთან, გაიზარდა ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობაც, ანუ გაიზარდა მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალებებზე, თუმცა ქალაქი გეოგრაფიულად ვერ განვითარდა, არ შექმნილა ახალი უბნები, არც საგზაო ინფრასტრუქტურა და მივიღეთ ქაოსი. დაირღვა ბალანსი ავტომობილების რაოდენობასა და საპარკინგე ადგილებს შორის და დღეს თბილისში პარკირების ერთ ადგილზე მოდის 15 ავტომობილი.

–მექანიკურად რომ გავყოთ მოძრავი ავტომანქანების რაოდენობა თბილისში მოძრავი ავტომანქანების რაოდენობაზე?

–დიახ, დაახლოებით, 36 000 ოფიციალური საპარკინგე  ადგილია თბილისში და 500 000-მდე ავტომანქანაა ექსპლუატაციაში. ეს ნიშნავს, რომ 15-დან ერთი შანსი აქვს მოქალაქეს, რომ ავტომობილი დააპარკინგოს. ამდენად, მოქალაქეებმა ვეღარ დაინახეს „სითი პარკის“ სერვისის შესყიდვის არსი. იმიტომ რომ არავის ჰქონდა გარანტია, რომ დააყენებდა მანქანას საპარკინგე ადგილას. შესაბამისად, „სითი პარკმაც“დაკარგა თავისი ფუნქცია. სერვისი ვერ გაყიდა და მათი შემოსავლები ნულს გაუტოლდებოდა, რომ არ ეპოვათ გამოსავალი – დაჯარიმება. რაკი მათი სერვისი ყიდვის აზრი დაიკარგა, გამოდიოდა, ვყიდულობდით იმას, რასაც ვერ გამოვიყენებდით, ამიტომ „სითი პარკი“ გადავიდა უფრო აგრესიულ მეთოდზე და საჯარიმო სანქციებით დაიწყეს კომერციული შემოსავლის მიღება, რაც, ასევე, შეთანმხმებული იყო თბილისის მერიასთან, როგორც დღეს არსებულ მენეჯმენტთან, ისე წინა ხელისუფლებასთან. იმიტომ რომ „სითი პარკის“ შემოსავლები, მათ შორის, საჯარიმო შემოსავლებიც, გარდა ევაკუატორით საჯარიმო სადგომზე გადაყვანის ჯარიმისა, რაშიც ვიხდით 70 ლარს, პროპორციულად ნაწილდება თბილისის მერიასთან.

–ჯარიმაზე დარიცხული საურავებიდანაც იღებს თავის წილს მერია?

–დიახ.

–საჯარიმო სადგომზე ავტომანქანის გადაყვანის შემთხვევაში რატომ არის ევაკუატორით მომსახურების ღირებულება 70 ლარი, როდესაც ეს სერვისი 30 ლარი ღირს?

– ესეც ერთგვარი ხრიკია კომპანიის, ის მონოპოლისტია ბაზარზე, ამიტომ არ აცხადებს ტენდერს, თუ ვინ გადაიყვანს ავტომობილს საჯარიმოზე და თავის ფასს აწესებს, რასაც ატარებს ხარჯებში. რეალურად ამან მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ, ფაქტობრივად, კურიოზულ სიტუაციაში ვართ. „სითი პარკი“ ნადირობს ქალაქში, რომ იპოვოს ავტომობილები, რომლებსაც არ აქვთ გადახდილი პარკირების საფასური, რომ დაუწეროს ჯარიმა და შემდეგ მთელი ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობენ ჯარიმების ამოღებას.

მაგრამ მოქალაქეებმაც დაიწყეს თავიანთი უფლებების დაცვა და „სითი პარკის“ ჯარიმების სასამართლოში გასაჩივრება. რაც მთავარია, რატომ ვერ ხერხდება შეცვლა ისეთი მანკიერი პრაქტიკის, როგორიცაა საქარე მინაზე ჯარიმის დატოვება, რომელიც უმეტესად ნამდვილად იკარგება.

–არა მარტო იკარგება. პარკირების სფროში სრული ბაკქანალიაა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ეგრეთ წოდებული „სტაინშიკები“, რომლებიც თითოეული ფეხის ნაბიჯზე გვხვდებიან და მათი საქმიანობა ძალიან ჰგავს ხელისუფლების საქმიანობას, ისინიც არაფრით ეხმარებიან ავტომფლობელს, ხშირად ხელსაც კი უშლიან და ითხოვენ გადასახადს. ამდენად, ის ტერიტორიები, სადაც „სტაინშიკები“ არიან გამაგრებულები, იურიდიულად არ რეგულირდება. როდესაც ავტომობილს ვაყენებთ კინოთეატრთან, რესტორანთან ან რომელიმე ოფისთან და არ გვაქვს „სითი პარკის“ სერვისი შეძენილი, იქ გვხვდება „სტაინშიკი“, ამ დროს შეიძლება, დაგვაჯარიმოს „სითი პარკმა“ და ჯარიმა ჩაგვიდოს საქარე მინაზე, მაგრამ როგორც კი ამას „სტაიანშიკი“ დაინახავს, გადააგდებს, რადგან, რომ გამოვალთ მას თანხა უნდა გადავუხადოთ, რომელსაც ისინი უმეტესად დაჟინებით ითხოვენ, ხოლო, თუ „სითი პარკის“ ჯარიმ ადაგვხვდება, რა თქმა უნდა, გვექნება პრეტენზია „სტაინშიკთან“, რომელსაც ავტომობილი ჩავაბარეთ. ამიტომ ძალიან ბევრი ასე გამოწერილი ჯარიმის შესახებ არ არის ინფორმირებული ავტომფლობელი. შემდეგ უკვე პროცედურები შემდეგნაირია: ჯარიმის ოდენობა იზრდება და ათლარიანი ჯარიმა უტოლდება 150 ლარს – გადაუხდელობის შემთხვევაში საურავების დარიცხვით და კომპანია „სითი პარკი“ იწყებს ახალ ნადირობას. იმისთვის, რომ გადაეცეს აღსრულებას, აუცილებელია ჯარიმის ადრესატმა ჩაიბაროს ეს ჯარიმა. ამას ერთი პერიოლის განმავლობაში საქართველოს ფოსტა აკეთებდა, მაგრამ შემდეგ უარი განაცხადა, იმიტომ რომ დიდ აგრესიას იწვევდა მოქალაქეების მხრიდან. შემდეგ გამოჩნდა გაურკვეველი კომპანიები, რომლებმაც თავის თავზე აიღეს ეს სერვისი და ძალიან კურიოზული შემთხვევებია, როდესაც გამოცხადებულია ძებნა მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ რამდენიმე ჯარიმა გამოწერილი და საურავებიანად ჯარიმა 1 000 ლარსაც ამატებს. ეძებენ ამ მომქალაქეებს, უკავშირდებიან, თითქოს მათ სახელზე ამანათია, ხვდებიან, ეცნობიან, როგორც რაღაც საფოსტო მომსახურების წარმომადგენლები, ხელში აჩეჩებენ ჯარიმას და გარბიან. ბევრი ისეთი შემთხვევაა, რომელიც, ერთი შეხედვით, სასაცილოა, მაგრამ საკმაოდ რთულ ვითარებაში აყენებენ მოქალაქეებს. შემდეგ ეს მოქალაქეები ცდილობენ, რომ თავიდან აირიდონ ჯარიმის გადახდა და დავა სასამართლომდეც მიდის ხოლმე. არის შეითხვევები, როდესაც საჩივრდება თბილისის მერიაში, თუმცა კანონმდებლობა რეალურად აძლევს „სითი პარკს“ საშუალებას, რომ აი, ეს მეთოდები გამოიყენოს მოქალაქეების წინააღმდეგ. თბილისის მერიაში გასაჩივრების დროს მერია აუქმებს ამ ჯარიმებს და ამას აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეებში გააჩინოს განცდა, თითქოს თბილისის მერია არის მოქალაქეების მხარეს, რადგან მოქალაქეების უმეტესობამ შეიძლება, არც იცოდეს, რომ „სითი პარკი“ და თბილისის მერია ერთიანად მოქმედებენ და „სითი პარკის“ შემოსავლის 60 პროცენტი მიდის მერიის ბიუჯეტში. რატომღაც, თბილისის წინა და ამჟამინდელი მმართველობა ხელს იშვერდა „სითი პარკისკენ“, რომ თითქოს მთავარი პრობლემაა „სითი პარკი“ და მხოლოდ ისაა პრობლემის სათავე.

თვითონ „სითი პარკი“ რატომ არ ეწევა ამ საინფორმაციო კამპანიას, რომ მარტო არ არის ამ საქმეში?

–  როგორც ჩანს, პოლიტიკური შეთანხმებაა მხარეებს შორის. დარწმუნებული ვარ, კომპანია დამოუკიდებლად მსგავს გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა. ეს მათი ერთობლივი სტარტეგიაა, რომ რაც შეიძლება, მეტი თანხა ამოიღონ პარკირების სფეროდან.

–განსხვავებული მიდგომა „სითი პარკისა“ და პატრულის ჯარიმებისადმი. ჯარიმებს, მართალია, ჩაბარების შემდეგ ერიცხება საურავები, მაგრამ საპატრულოს ჯარიმებს თუ არ გადაიჯდი, ვერ გაყიიდ მანქანას, მაგრამ იგივე პროცედურა არ ვრცელდება „სითი პარკის“ ჯარიმებზე.

–„სითი პარკის“ ჯარიმების გამო აღსრულება ვერ დაიწყება, ვერც ავტომანქანისა თუ ანგარიშების დაყადაღება, თუ ჯარიმა არ ჩაბარებია მოქალაქეს. ამიტომაც მიმართავს კომპანია ხრიკს. ქირაობენ საფოსტო მომსახურების კომპანიებს და მათი მეშვეობით დასდევენ მოქალაქეებს, რომ როგორმე დაუტოვონ ჯარიმა. ხშირად ისეც მომხდარა, რომ თავად აწერდნენ ხელს მოქალაქის ნაცვლად. ანუ აყალბებდნენ ხელმოწერას.

ეს ხომ კლასიკური თაღლითობაა?

–მე არ მსმენია შემთხვევა, რომ თაღლითობის გამო მიეცათ ვინმე პასუხისგებაში. თუმცა ასეით შემთხვევები სადავო გამხდარა, ამას უკვე სჭირდება სამართლებრივი დავა და ექსპეპტიზა, რასაც მოქალაქეები თავს არიდებენ.

ბევრი პროცესი მოიგეს მოქალაქეებმა, სასამართლო მათ საურავებისგან ათავისუფლებს მხოლოდ და ჯარიმის გადახდა მაინც უწევთ?

–ძირითადად, საურავებისგან ათავისუფლებს, როდესაც მოქალაქე ამტკიცებს, რომ არ ჩაჰბარებია ჯარიმები და „სითი პარკის“ მტკიცებულებები არის სუსტი, რჩება მხოლოდ 10-ლარიანი ჯარიმა, თუ ის კანონიერადაა გამოწერილი. ათლარიანი ჯარიმები უმეტესწილად კანონიერია, იმიტომ რომ „სითი პარკი“, როგორც წესი, აჯარიმებს იმ მოქალაქეების ავტომანქანებს, რომლებსაც არ აქვთ შეძენილი პარკირების სერვისი.

რა შემთხვევაში დარჩა „სითი პარკს“ დაჯარიმებისა და საჯარიმო სადგომზე ავტომანქანის გადაყვანის უფლება?

–არასწორი პარკირების შემთხვევაში „სითი პარკი“ აღარ აჯარიმებს. იქ, სადაც ავტომობილის პარკირება არ არის ნებადართული, დაჯარიმება საპატრულო პოლიციის პრეროგატივაა და საჯარიმოზე გადაყვანაც. ადრე „სითი პარკს“ გადაჰყავდა საჯარიმო სადგომზე და ჯარიმებსაც წერდა, იმისდა მიუხედავად, ავტომობილი მის არეალში იდგა თუ იმ არეალს გარეთ.

გამოდის, თუ „სითი პარკის“ ჯარიმას ვერ ჩაგაბარებენ, ვერაფრით მოგედავება? მაქსიმუმ ათი ლარი  ლარი გადაიხადო.

–თუ ჯარიმა ჩაიბარე და ხელი მოაწერე, მაგრამ არ გადაიხადე ერთი თვის განმავლობაში, მას ერიცხება საურავი და ჯდება 150 ლარი. შესაბამისად, ეს „სითი პარკს“ აძლევს საშუალებას, აღსრულებას გადასცეს და ამოიღონ თანხა.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *