ბლოგერებიმთავარი ბლოკინათია უტიაშვილისაზოგადოებაშოუ-ბიზნესი

როგორ აჩუქეს ნინო და ილიკო სუხიშვილებმა „სუხიშვილების“ მოცეკვავეებს 19 ბინა და ვინ გახდა მათი პირადი ბინის მფლობელი?

მოცეკვავე და მსახიობი თამრი ხურცილავა 14 წლიდან ქართული ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ მოცეკვავეა. თამრი იმ მოცეკვავეების სიაშია, რომლებსაც ცოტა ხნის წინ საქველმოქმედო კონცერტზე ნინო და ილიკო სუხიშვილებმა საჩუქრად ბინები გადასცეს. გარეკანის ფოტო და კაბა ეკუთვნის დიზაინერ მარიამ მათურელს.

268446867 – თამრი, გილოცავ, ბედნიერად გეცხოვროს შენს ბინაში!
– დიდი მადლობა. ასე მგონია, ახლიდან ვიწყებ ცხოვრობას და, ყველაფერი, რაც ცუდი მოხდა, წარსულს დარჩა. ბოლოს საკმაოდ ცუდი პერიოდი მქონდა და ყველაფერი დამავიწყდა, ასე მგონია, თავიდან დავიბადე.
– რას გულისხმობ ცუდ პერიოდში?
– არ მინდა ამ თემაზე საუბარი. გადავლახე მეგობრების, ანსამბლის და, რაც მთავარია, ნინო სუხიშვილის დახმარებით, რადგან ყველანაირად გვერდში მედგა, სულიერადაც და  მორალურადაც.
– დღემდე არ გქონია სახლი? როგორ და სად ცხოვრობდი?
– ჩემი ოჯახის წევრები დასავლეთში ცხოვრობენ. მე 14 წლის ვიყავი, როდესაც თბილისში ჩამოვედი, „სუხიშვილებში“ მიმიღეს და დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება. წლების განმავლობაში ხან ერთ დეიდაშვილთან ვცხოვრობდი, ხან – მეორესთან. როდესაც ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა, თეა დარჩიასთან ვცხოვრობდი, შემიფარეს. მარიამი, თეას შვილი, ჩემი მეგობარია, მთელმა ოჯახმა ოჯახის წევრად მიმიღო და დიდი მადლობა მათ გვერდში დგომისთვის. ბოლოს კი ჩემს ძმასთან ერთად ქირით ვცხოვრობდი, ამიტომ კარგად მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც სახლი არ აქვს და ეს მათთვის რამხელა ტკივილია. ახლა, როცა ვფიქრობ, რომ საკუთარ სახლში გავიღვიძებ, უკვე ძალიან ბედნიერი ვარ.
– შენი ამ პრობლემების შესახებ იცოდნენ ალბათ, „სუხიშვილებში“.
– რა თქმა უნდა, იცოდნენ, რადგან, ერთი ოჯახი ვართ და ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით. რაც მთავარია, ყველას გაუხარდა და, მათ ბედნიერ სახეებს რომ ვხედავდი, ორმაგად ბედნიერი ვიყავი.
– არავინ იცოდა ამ სიურპრიზის შესახებ?
– არავინ არ ვიცოდით არაფერი. ცოტა ხნით ადრე გამოგვიცხადეს, რომ  კონცერტზე აპირებდნენ, ორი ძველი მოცეკვავისთვის საჩუქრად გადაეცათ ბინა, რადგან მათაც პრობლემები ჰქონდათ ამ მხრივ. რამდენიმე თვის წინ ნინო სუხიშვილმა „ნამიოკი“ მომცა: შენთვის სიურპრიზი მაქვსო, მაგრამ,  რა სიურპრიზი ჰქონდა, არ უთქვამს, მერე გადამავიწყდა კიდეც. ბინის ჩუქებაზე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. შემდეგ გამოჩნდნენ ჩვენი სპონსორები, კომპანია „სვეტი“, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი ასეთი საჩუქრისთვის. მაშინ გავიგეთ, რომ ჩვენთვის ფასდაკლებებს აკეთებდნენ და, ვიფიქრე, ალბათ, სიურპრიზი სწორედ ეს არის-მეთქი. ბინის ჩუქებაზე არც კი მიფიქრია. სულ მეგონა, ბინა რაიმე შოუში უნდა მოიგო, რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა უნდა მოხდეს… რას წარმოვიდგენდი, მე თუ აღმოვჩნდებოდი მსგავს სიტუაციაში. ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, ყველა გოგო შემომეხვია, სახეზე ხელები ავიფარე და ავტირდი. ხმას ვერ ვიღებდი, დავმუნჯდი. მერე ნინოს გადავეხვიე. ისეთი დაბნეული ვიყავი, იმის მაგივრად, რომ გამხარებოდა, ხმამაღლა მოვთქვამდი, თითქოს რაღაც უბედურება მოხდა. ილიკოც ისეთი გახარებული იყო. მასთანაც მივედი, ხელს არ მიშვებდა და, ისეთი თბილი სიტყვები მითხრა, არასდროს დამავიწყდება. ეს იყო ნამდვილი სასწაული, მადლობის თქმა მცირედია ამ ყველაფერთან. სასაცილო იყო ისიც, რომ, არ ვიცოდი, რამდენოთახიანი ბინა იყო და, გოგონებმა რაღაც დროის მერე რომ მითხრეს: რა მაგარია, ოროთახიანი ბინააო, – რა-მეთქი?! და თავიდან დავიწყე ტირილი.
– შენ გარდა კიდევ ბევრს აჩუქეს ბინები, სულ 19 ბინა.
– ისეთ ადამიანებს აჩუქეს, ვისაც ამ მხრივ პრობლემა ჰქონდა, წლების განმავლობაში რომ ცხოვრობდნენ ქირით და ცდილობდნენ, ბინის საყიდლად ფული შეეგროვებინათ. ამდენი ბინა, ასეთი მასშტაბური რამ, ვფიქრობ, მთელ მსოფლიოში არ მომხდარა. ყველა შოკში იყო, ბიჭები ამბობდნენ, ახლა ცოლს მოვიყვანთო. სასწაული დღე იყო.
– შენ რას აპირებ?
– მე ვაპირებ, ბედნიერად, მშვიდად და მყუდროდ ვიცხოვრო. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, ჯერჯერობით მშვიდი ცხოვრება მინდა. ყველანი ერთ კორპუსში ვიცხოვრებთ, მეზობლები ვიქნებით. ვხუმრობდით კიდეც: ეს იქნება ის კორპუსი, სადაც მეზობლები ერთმანეთს არ შეაწუხებენ: მუსიკას დაუწიე და ასე შემდეგ.
– რა ეტაპზეა მშენებლობა და როდის აპირებთ გადასვლას?
– მშენებლობა მიმდინარეობს და დეკებერში უკვე შეგვეძლება ცხოვრება. ალბათ, ახალ წელს ახალ სახლში შევხვდებით ყველა. ბევრი გასტროლი გვაქვს და დრო ძალიან მალე გავა. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, ჩემი სახლი მქონოდა. უკვე წარმოდგენილი მაქვს, როგორ მოვაწყობ, რას გავაკეთებ – სულ ამაზე ვფიქრობ. უცნაური მომენტი იყო ისიც, რომ კონცერტამდე ერთ-ერთ მუსიკოსთან ვსაუბრობდი, რომელიც მრავალშვილიანია: გასტროლიდან რომ ჩამოვალთ, ფული შევაგროვოთ და „სვეტში“ განაცხადი შევიტანოთ, იქნებ ბინა განვადებით ვიყიდოთო.  მასაც აჩუქეს ბინა და, მოკლედ, ორივე შოკში ვიყავით.
– როგორ შეძლეს ნინომ და ილიკომ ამ ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა?
– არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვამჩნევდით. მერე გოგონებისგან გავიგე, თურმე, ისე ღელავდა ნინო, დამამშვიდებელი დალია. ასეთი რაღაცის დამალვა მისთვის რთული იქნებოდა. წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში იყო. ბაჩანას ამბავიც ისეთი ემოციური იყო. დევნილია აფხაზეთიდან, მრავალსულიანი ოჯახი აქვს და სახელმწიფოსგან მიიღო ბინა. ამის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც იტალიაში ვიყავით გასტროლზე. ძალიან უხაროდა, მაგრამ, რომ ჩამოვედით, აღმოჩნდა, რომ ძალიან პატარა ბინა იყო, არადა, ოჯახში ბევრნი არიან. ამის შესახებ არაფერს ამბობდა, რამდენიმე ადამიანმა ვიცოდით მხოლოდ. კონცერტამდე ფილარმონიაში რეპეტიცია გვქონდა და შევესწარი, როგორ ჰკითხა ნინომ: რა ხდება შენს ბინაზეო. ბაჩანამ უთხრა, როგორი სიტუაციაც ჰქონდა. ძალიან შეწუხდა ნინო, იქვე ვიყავი და ყველაფერი გავიგე. ამიტომაც მათთვის ნაჩუქარი ბინა აჩუქეს ბაჩანას. ისეთი გახარებული იყო, დღესაც შოკშია. ერთი კადრი არ ამოდის ჩემი თვალებიდან: ყველაფერი რომ ჩაწყნარდა, ფარდის უკან მურო გაგოშიძე თავისთვის მარტო იჯდა თავჩაღუნული და ტიროდა. მივედი, ჩავეხუტე და ორივე ვტიროდით. მასაც აჩუქეს ბინა.
–  ბინის გარეშე დარჩა ვინმე?
– მგონი, არავინ, ყველას აჩუქეს.
– არ აღნიშნეთ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა?
– ყველა ისეთ ემოციებში ვიყავით… მე ერთი სული მქონდა ჩემებთან მივსულიყავი და მეთქვა ამის შესახებ. შეიძლება, ბიჭებმა აღნიშნეს. სამომავლოდ ყველანი ვაპირებთ აღნიშვნას. ყველას ძალიან კარგი და გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ერთი დიდი ოჯახი ვართ. „სუხიშვილები“ ჩემი მეორე ოჯახია. ნინოს შეუძლია, დაგისვას, მოისმინოს შენი მდგომარეობა, გაგაძლიეროს სულიერად, დაგეხმაროს.  ორივეს საოცრად შეუძლია გვერდში დგომა, ნინოსაც და ილიკოსაც – ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.
– ძალიან ბევრ გასტროლზე ხარ ნამყოფი და რომელიმეს თუ გამოარჩევ?
– ძალიან საინტერესო იყო ნიცა, პარიზი, ნიუ-იორკი, ეგვიპტე ხომ, საერთოდ, სასწაული იყო, თავი ზღაპარში მეგონა – პირამიდების ფონზე ცეკვა… რაღაც არაამქვეყნიური ხდებოდა.

ნათია უტიაშვილი

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები