გაიოზ მამალაძეისტორიაპოლიტიკა

როგორ გააჩუქეს ქართველმა თავადებმა უნიკალური ქართული მონეტა

გია მამალაძე

ცნობილი ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, 1919-1920 წლებში თბილისის გენერალ-გუბერნატორი, შალვა მაღლაკელიძე, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ ჩვენი სამშობლოს ოკუპაციისა და ანექსიის გამო, ემიგრაციაში წავიდა. ის დიდ როლს ასრულებდა ქართული ემიგრაციის ცხოვრებაში და საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახლდათ მაშინდელი ევროპის სამხედრო და პოლიტიკურ წრეებში. 1930-იანი წლების ბოლოს რაღაც საქმეზე ჩასულა რომში და გაჩერდა სასტუმრო „ინჰოფში“. იმ დროს სასტუმროს მეპატრონეები, სასტუმროს რეკლამის მიზნით, გაზეთებში აქვეყნებდნენ ცნობებს, ეს და ეს ცნობილი პიროვნება გაჩერდა ჩვენს სასტუმროშიო. „ინჰოფის“ პატრონსაც განცხადება გაუკეთებია შალვა მაღლაკელიძის სასტუმროში გაჩერების დროს – „ჩვენს სასტუმროში გაჩერდა საქართველოს მთავრობის წარმომადგებელი, ტფილისის ყოფილი გენერალ-გუბერნატორი“. ასეთი ცნობის გამოქვეყნების მერე, ყველა ცნობილი პიროვნება ვალდებული ხდებოდა, გამოცხადებულიყო მეფის სასახლეში და გატარებულიყო „სადარბაზო“ წიგნში. სიას მეფეს წარუდგენდნენ და ის ირჩევდა, თუ რომელ მათგანს შეხვედროდა.
ცოტა ხნით ადრე შალვა მაღლაკელიძე, ქალაქ ტრიპოლის გენერალ-გუბერნატორი და რუსეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, დიდი მთავარი ანდრეი ანდრეის ძე რომანოვი, მეჯვარეებად იყვნენ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონისა და იტალიელი გრაფინიას, მარია ტერეზა პასკუინის ქორწილში.

იმ დროს იტალიის მეფე იყო იტალიის გაერთიანებიდან მესამე მონარქი, ვიქტორ ემანუელ მესამე, სავოიის დინასტიიდან. ბენიტო მუსოლინის მიერ ეთიოპიის დაკავების მერე, იტალიის მეფეს იმპერატორის წოდება მიენიჭა (1941 წლამდე). შემდეგში ალბანეთის მეფის წოდებაც დაემატა (1943 წლამდე).

ვიქტორ ემანუელ მესამეს შესანიშნავი განათლება ჰქონდა მიღებული. კარგად იცოდა რამდენიმე ენა, გეოგრაფია და ისტორია. უკრავდა ფორტეპიანოზე. უყვარდა ნადირობა, უფრო მეტად – თევზაობა. განსაკუთრებით ცნობილია მისი გატაცება ნუმიზმატიკით. მისი გარდაცვალების შემდეგ დარჩა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ნუმიზმატიკური კოლექცია. ამბობდნენ, მისი ოჯახი ტახტის დაკარგვის მერე, აღნიშნული მონეტების გაყიდვით იუმჯობესებდა მატერალურ მდგომარეობასო.
ერთ დღესაც სასტუმროს პატრონმა აირბინა სასტუმროს ბაღში, სადაც იმ დროს შალვა მაღლაკელიძე ისვენებდა და მოახსენა – „გთხოვენო“. როცა მაღლაკელიძე სასტუმროს შესასვლელთან ჩავიდა, ნახა – მეფეს თავისი კარეტა გამოეგზავნა, სადაც იჯდა მეფის იურისტი, მონარქისტული პარტიის ლიდერი ებერტი.

ებერტმა შალვას გადასცა თხოვნა, ხვალ საღამოს მეფე სტუმრად გელითო.

შალვა მაღლაკელიძე გვიამბობს: „მეორე დღეს, საღამოს, საგანგებო ფრაკით გავეშურე სადარბაზოდ. შევედი მეფესთან კაბინეტში და ნაცვლად იმისა, რომ ის დამენახა დიდ საწერ მაგიდასთან მჯდომი, ვნახე კუთხეში, იქვე, სკამზე იჯდა. ჩემი შესვლისას წამოდგა. ცოტა სახტად დავჩი: პატარა ტანის იყო, მელოტი, ზევით აწკეპილი თეთრი ულვაშებით, სამოქალაქო ტანსაცმელში, მოგრეხილი ფეხებით. დაბრძანდითო, მითხრა გერმანულად. როგორც მივხვდი, მისი კუთხეში ჯდომა და ასეთი მომართვა, განგებ იყო, რადგან მე თავი თავისუფლად მეგრძნო.

– თქვენ ქართველი ხართ, ხომ?

– დიახ, „იავოოლ“, – ვუპასუხე.

საქართველოს მე ვიცნობო, თქვა. როდესაც ტახტის მემკვიდრე ვიყავი, ასეთივე მემკვიდრე იყო მაშინ რუსეთში ნიკოლოზ მეორე და მან დამპატიჟა თავისთან. პირველად ჩავედით ბათუმში და რუს სამხედროებთან ერთად იქ შეგვეგება ქართველი თავადაზნაურობა, შესანიშნავი შესახედაობის ხალხი იყო. შემდეგ მაჩვენეს სურამში დიდი მთავრის, მიხეილის სამაგალითო სამხედრო სასწავლებელი და იუნკერების პარადი. იქაც გვახლდა ქართველი თავადაზნაურობა, მერე მიმიყვანეს სურამის ციხის ნანგრევებთან. იცოდნენ, რომ მე ნუმიზმატი ვიყავი. უნდა გითხრათ, რომ ჩემს ნუმიზმატურ კოლექციაში ინახება ერთი ქართული ოქროს ფული წარწერით „მეფე დავით სომეხთა და ქართველთა“. ახლა ამ სურამის ციხესთან ვნახე ის სამხედროები და თავადები ჯოხებით და მითხრეს, რომ ამ ჯოხს რომ დავუკაკუნებთ ნანგრევებს, ზოგჯერ „თეთრა“ (ე. ი. ქართული თეთრი) ცვივაო. მართლაც, სხვებმა სადაც მიაკაკუნეს და მოჩხრიკეს – არაფერი ჩამოვარდა. ახლა მე მომაჩხრეკინეს და ნახე, მართლაც ჩამოვარდა „თეთრა“! ეჰ, მე იტალიელს ქართველები რას მომატყუებდნენ, მაგრამ მაინც შევიფერე ეს, ვითომ მართლაც „აღმოვაჩინე“ ეს ფული და ამით იმათ მე მაამეს, ხოლო მე კიდევ – მათო“.

შალვა მაღლაკელიძის მიერ მოთხრობილ ამბავში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. როგორც ჩანს, იტალიის მეფე კარგად იცნობდა საქართველოს და მის ისტორიას. როგორც ნუმიზმატმა, იცოდა, რომ ანტიკური ხანიდან გვქონდა ფული, რომელსაც „თეთრი“ ეწოდებოდა. მის კოლექციაში ყოფილა ქართული მონეტაც. ძალიან საინტერესოა იმ მონეტის ამბავი.

სომეხთა მეფის წოდება საქართველოს მეფეებმა მიიღეს 1118 წლიდან, როდესაც დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკებს წაართვა სამშვილდე და ლორე, სადაც რამდენიმე ათეული წლით ადრე მეფობდა სომხური წარმოშობის დინასტია. ტერიტორია კი ქართული იყო, მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა მას მაინც სომხითი უწოდეს. შემდეგ, 1123 წელს დავით აღმაშენებელმა ანისის სომხური სამთავრო საქართველოს შემოუერთა.
იტალიის მეფის მიერ ნახსენებ მონეტას, ალბათ, ეწერა: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“. ასეთი წარწერით მონეტა დავით აღმაშენებელმა მოაჭრევინა თავისი მეფობის ბოლო წლებში (1118 ან 1123 წლის მერე). ამწარწერიანი მონეტა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ცალია აღმოჩენილი. აღნიშნული მონეტა გამოჩნდა წინა საუკუნეში. მისი აღწერილობა 1957 წელს ინგლისელმა ქართველოლოგმა, პროფესორმა დევიდ ლენგმა გამოაქვეყნა ჟურნალ Numismatic chronicle-ში. მონეტა სპილენძისაა და ლონდონის მუზეუმს ეკუთვნის.
იტალიის მეფის მიერ ნახსენები მონეტა ვერ იქნებოდა დავით მეხუთის, რომელმაც მხოლოდ 6 თვე იმეფა. ცნობილია, რომ მის მიერ მოჭრილი მონეტა იყო სპილენძის და ზედ ეწერა „დავით მეფეთა მეფე, მესიის მახვილი“.

დავით მეექვსე ნარინი, დავით მეშვიდე ულუ და დავით მერვე ურჩი მონღოლების ბატონობის დროს მეფობდნენ და მათ მონეტებზე ასეთი წარწერა არ იქნებოდა. მონღოლთა ბატონობის დროინდელ სპილენძისა და ვერცხლის მონეტებზე, ვასალობის გამომხატველი წარწერაა: „მონა ყაენისა“ და სხვა. ორი დავითის – დავით ულუს და დავით ნარინის მონეტაც არ იქნებოდა, რადგან იმ მონეტებს აწერია: „დავით მეფე, მეფეთა მეფე დავით“. არც დავით მეცხრისა და დავით მეათის მონეტები იქნებოდა ასეთი წარწერით. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ რომ იტალიის მეფის კოლექციაში დავით მეოთხე აღმაშენებლის მონეტა იყო.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მაღლაკელიძის თქმით, იტალიის მეფისთვის ქართველი თავადების მიერ ნაჩუქარი მონეტა ყოფილა ოქროსი. ასეთი მონეტა ჯერ აღმოჩენილი არ არის. უნდა აღინიშნოს, შალვა მაღლაკელიძეს ჰქონდა კარგი მახსოვრობა. მონათხრობი ჩაწერილია, როცა საკმაოდ მოხუცი იყო, მაგრამ თავისი წარსულიდან, ბავშვობიდანაც კი, ბევრი რამ დეტალურად ახსოვდა. იქნებ, ამ შემთხვევაშიც არ ცდებოდა და მართლა არსებობდა ქართული ოქროს მონეტა, რომელზეც სხვასთან ერთად, „მეფე აფხაზთა, ქართველთა“, „სომეხთა“ ეწერა. შესაძლოა, დავუშვათ, რომ მონეტა არ იყო ოქროსი, თუმცა, მაინც უნიკალურია, დავით აღმაშენებლის სულ რამდენიმე მონეტაა შემორჩენილი. თუმცა, ასეთი წარწერით სხვა მონეტა ქართველებს აღარ დაგვრჩა (გარდა იმისა, რაც ბრიტანეთის მუზეუმშია).
ასე დაიკარგა დავით აღმაშნებლის ერთ–ერთი, უნიკალური მონეტა.

ჟურნალი ,,თბილისელები”

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები