მთავარი ბლოკიპოლიტიკა

როგორ გავხდეთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის თანამოქალაქეობის ღირსნი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმემ კვლავ აქტუალური გახადა პრობლემა, რომელიც ჩვენგან კომპლექსურ რეაგირებას საჭიროებს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ყოველი მკვლელობის, ადამიანთა გატაცების თუ სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამო საზოგადოება სხვადასხვა ფორმით გულწრფელ აღშოთებას გამოხატავს, ხელისუფლებები ვალმოხდილად აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩააყენეს საქმის კურსში და ვიშ-ვიშითა და ფატალური გარდუვალობის განცდით – მეტი რა შეგვიძლია –  მომდევნო ინციდენტამდე  ვიძირებით  ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების,  პოლიტიკური ორგანიზაციისა  თუ კერძო პირის  უპირველესი ამოცანა საქართველოს დაპყრობილი ტერიტორიებისა და იქ მძევლად დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეების დაცვა უნდა იყოს!   საქართველოსთვის მთავარი გამოწვევის, რუსთის აგრესიის მოგერიების უზრუნველყოფის ღონისძიებები მრავალ კომპონენტს  შეიცავს. თითოეულ მათგანზე ერთიანი  ეროვნული  პოზიციის განსაზღვრა, ქმედებათა პროგრამის შემუშავება და მათი თანმიმდევრული და მიზანმიმართული განხორციელება  ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების  მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა იყოს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს პოლიტიკურ,   დიპლომატიურ,   სამარათლებრივ,  ეკონომიკურ და სამხედრო  ასპექტებზე.  ამ საკითხებზე ერთიანი მკაფიო პოზიციის ქონა რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების,  მიმდინარე კონკრეტული პრობლემების მოგვარებისა და გატაცებული  ჩვენი თანამოქალაქეების განთავისუფლების გზების სწორ არჩევანში დაგვეხმარება.

„სახალხო  პარტია“  გამოთქვამს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ საერთო ეროვნულ  ფართო და ღრმა დისკუსიაში და კიდევ ერთხელ წარმოადგენს თავის მოკლე თეზისურ ხედვას  სახელმწიფოებრივად აუცილებელი იმ ქმედებებისა, რომელსაც, ხელისუფლება უნდა ანხორციელებდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისგან არ არის მაქსიმალურად გამოყენებული ქართული სახელმწიფოს რესურსი და შესაძლებლობები. კერძოდ:

  1. სამხედრო – თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთთან საბრძოლო მოქმედებების ნებისმიერი ფორმით განახლება ჩვენი მხრიდან იქნება ქვეყნისათვის სახიფათო და მაქსიმალურად უნდა იყოს აცილებული. ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის მხრიდან, საერთაშორისო ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს სიღრმეში შეიარაღებული შემოჭრა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს თავისი სამხედრო რესურსი და მისი ადგილობრივი აგენტურა წერტილოვანი დარტყმებისა თუ ლოკალური პროვოკაციების განსახორციელებლად, რისთვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ მივცეთ მათ პროვოცირების საშუალება.

პარალელურ რეჟიმში მუდმივად უნდა ვანვითარებდეთ როგორც სათავდაცვო, ასევე, ზოგადად  უსაფრთხოების სისტემას  ჩვენი სტრატეგიული პარტნერების დახმარების ეფექტური გამოყენებით.

  1. პოლიტიკური – საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს: – სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, შიდა დემოკრატიისა და ქვეყნის საზოგადოებრივი  ცხოვრების  მდგრადი განვითარების  უზრუნველყოფა;           – მოსახლეობის საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის ამაღლება და მთავარ საკითხებზე სამოქალაქო ერთსულოვნების მიღწევა.

– ტერიტორიებოკუპირებული  ქვეყნის შესაბამისი  კანონმდებლობისა და პრაქტიკის შექმნა, მათ შორის პრიორიტეტულია საქართველოს კანონმდებლობაში  ეროვნული ღირებულებების  ასახვა და საქართველოს  მიერ კონტროლირებულ  ტერიტორიაზე, სხვა   ქვეყნის აგენტურის უვნებელყოფა.

მკაფიოდ უნდა გაცხადდეს, რომ რუსეთის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მიმართ (უკრაინისთვისაც) – ქვეყნის ფედერალიზაცია და  „ამბოხებული ტერიტორიების“ მარიონეტული ხელისუფლებების სუბიექტად აღიარება – შეუსრულებელი მიზანია!

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების იმედზე ყოფნა, თანაც იმ პირობებში, როდესაც მას არ უწევ სრულფასოვან პარტნერობას და დიდია ეჭვი პირადი ინტერესებით რუსეთზე რომ ხარ მიბმული, სახელწიფოსთვის ზიანისმომტანია. უნდა შეწყდეს დათმობები,  რომლებიც  ვნებს  საქართველოს სახელმწიფროებრივ სტრატეგიულ ინტერესებს და რომელთა გამოსწორება შემდეგში შეუძლებელი იქნება.

მაქსიმალურად უნდა იყოს ამოქმედებული ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის ინტერესების გამომხატველი ინსტიტუტები ან ცენტრალურ ხელისუფლებაში შეიქმნას ოკუპირებული ტერიტორიების მართვის ქმედითუნარიანი დაწესებულება (აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მხოლოდ საარჩევნო კომისიის დამხმარე ორგანოდაა გადაქცეული, ხოლო ანტიკონსტიტუციური და დანაშაულებრივად შექმნილი  ყოფილი  ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ყოვლად გაუგებარი წარმონაქმნია).

3. დიპლომატიური – ქვეყნის მიერ მსოფლიოს ერთა მდგრადი წონასწორობის  სისტემის  შექმნაში კუთვნილი ადგილის დაკავება და საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია; ყველა პლატფორმის გამოყენება საქართველოს მკაფიო პოზიციის დასაფიქსირებლად, ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისა და ნდობის ამაღლება, რაც საქართველოს მისცემს მორალურ უფლებას თხოვოს ევროკავშირსა და აშშ-ს გააძლიერონ ეკონომიური და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე!…

მსოფლიოს უნდა დავაჯეროთ, რომ  შეწყდა ცალმხრივი დათმობები  რუსეთის ფედერაციის მიმართ და მკაფიოდ გაცხადდეს, რომ ამ უკანასკნელთან საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზაცია შესაძლებელია ანექსიის შედეგების ლიკვიდაციის პირობებში.  დეოკუპაცია ერთჯერადი აქტია, მისი დასრულების შემდეგ რუსეთთან თანამშრომლობას ფართო პერსპექტივა ეხსნება. მანამდე, მხოლოდ, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებშია შესაძლებელი ურთიერთობა.

4. სამარათლებრივიმაქსიმალური დისკომფორტის შექმნა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ქვეყნებისა თუ პირებისთვის. რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე საოკუპაციო შეიარაღებული ძალების უკლებლივ ყველა ოფიცერი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მარიონეტული  ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის ყველა პირის მიმართ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები (ე. წ. პრეზიდენტები, წარმომადგენლობითი  ორგანოების წევრები, მინისტრები, ქალაქების ხელმძღვანელები და ა.შ), განსაკუთრებით კრიმინალურ  დანაშაულში მონაწილეეებისთვის.  მათ მიმართ განხორციელდეს სამართლებრივი დევნა (მაგ,  ინტერპოლით) და ეკონომიკური სანქციები ( მაგ, ყადაღა დაედოს მათ და აგრეთვე მათი უახლოესი ნათესავების ქონებას საქართველოსა თუ მთელ მსოფლიოში)…

5. ეკონომიკურისაქართველომ უნდა მოახდინოს თავისი ეკონომიკის დივერსიფიკაცია,  შექმნას დასავლური ინვესტიციების მოზიდვისა და წარმოების განვითარების პირობები; მოძებნოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის გასაღებისათვის  რუსული ბაზრის გარდა  არსებული სხვა ბაზრებიც; მაქსიმალურად შეზღუდოს რუსული კაპიტალის მეშვეობით საქართველოს მოსახლეობის რუსულ პოლიტაკაზე მიბმის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი რუსული ფირმების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფუნქციონირების ხელშეწყობის არსებული მავნე პრაქტიკა.                                                                                                                                                   მოქალაქეთა  კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ამ სფეროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის მიმზიდველობისა და პერსპექტივის გაჩენა (მათი სამოქალაქო უფლებებისა და ადგილობრივი თვითმართველობის სრული რეალიზაციის პირობებში) მაქსიმალურად  შეუწყობს ხელს ამ ტერიტორიების მშვიდობიან რეინტეგრაციას საქართველოს სახელმწიფოში.

ჩვენი აზრით, ქართული პოლიტიკური ცხოვრების ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების რეალიზება  (სხვა ფაქტორებთან ერთად) მნიშვნელოვნად შეზღუდავს  ოკუპანტს თავის  უკანონო გადაწყვეტილებებში და შეამცირებს მისი აგრესიულობის ხარისხს ამათუიმ კონკრეტულ ეპოზოდში.

ცალსახად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამხედრო მდგენელის გარდა ყველა სხვა სფეროში ქართული სახელმწიფოს შესაძლებლობები შეუზღუდავია და ქვეყნის ერთგული ძლიერი ხელისუფლების პირობებში უკუეფექტი არ ექნება.

 

გავხდეთ ღირსნი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილი თანამოქალაქეობისა!

გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები, როგორც მის გასათავისუფლებლად, ასევე მსგავსი მოვლენების პრევენციისა და, საერთოდ,  ქართული სახელმწიფოებრივი გამოწვევების საპასუხოდ!

მამუკა გიორგაძე        სახალხო პარტია          12.12.2019

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *