მთავარი ბლოკინათია უტიაშვილირელიგია

როგორ გახდა ინდოელი ქრისტიანობის დიდი მქადაგებელი ?!

(სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ქადაგებიდან)

Sadhu Sundar  მეოცე საუკუნეში ინდოეთში ცხოვრობდა მქადაგებელი სუნდარ სინგხი, რომელიც ქრისტიანი გახდა. მას დაწერილი აქვს საოცარი ქადაგებები. ადრე ის ინდუისტური აღმსარებლობის მიმდევარი იყო, მაგრამ მას ეს რელიგია არ აკმაყოფილებდა და ჭეშმარიტების ძებნა სხვა რელიგიებში დაიწყო. წაიკითხა ბიბლია, მაგრამ ვერაფერი გაიგო და დაწვა. მერე ყურანი წაიკითხა და არც ის მოეწონა. ასე გაეცნო ყველა რელიგიას და მათში ღმერთი ვერ ჰპოვა. რადგან ამქვეყნად ჭეშმარიტებას ვერ მიაგნო, გადაწყვიტა, თავი მოეკლა. ის შეძლებული ოჯახიდან იყო. მათ სახლთან ახლოს მატარებლის ლიანდაგი გადიოდა. ამიტომ, კარგად იცოდა, როდის ჩამოივლიდა ღამის მატარებელი. გადაწყვიტა, ლიანდაგზე გაგებულიყო და ასე მოეკლა თავი. თავისი გადაწყვეტილების შესახებ არავისთვის გაუმხელია, ჩაწვა ლოგინში, მაგრამ არ დაუძინია და ელოდებოდა დროს, როცა მატარებელი ჩამოივლიდა. უეცრად მისი ოთახი სინათლით აივსო. იფიქრა, ეტყობა, მოსამსახურე ადგა და რაღაცას აკეთებსო. წამოდგა, რომ გაეგო რა ხდებოდა, მაგრამ ვერავინ დაინახა. ისევ ლოგინში ჩაწვა და ლოდინი განაგრძო. ამ დროს მაცხოვარი გამოეცხადა მას და უთხრა: „რაისათვის მდევნი მე?“ სინგხი შეკრთა და ჰკითხა: „და ვინ ხარ შენ?“ „მე ვარ ჯვარცმული იესო ქრისტე ნაზარეველი“, – მოესმა მას პასუხად და ხილვა გაქრა. სინგხი საწოლიდან წამოხტა, მამამისთან მივარდა, გააღვიძა და განუცხადა: „დღეიდან მე ქრისტიანი ვარ!“ მამას ეგონა, რომ შვილი ავადაა, სიცხე აქვს და ბოდავსო. ამიტომ, თავიდან მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ შემდგომში, როცა დარწმუნდა, რომ შვილი მართლა ქრისტიანი გახდა და მისი სარწმუნოება ურყევია, გადაწყვიტა, მოეწამლა ის. სინგხი სახლიდან წასასვლელად ემზადებოდა. მამამ განკარგულება გასცა, მისთვის საჭმელში საწამლავი გაერიათ. მან საჭმელი მიირთვა და წავიდა. გზაში ცუდად შეიქნა და დაეცა. მას ისეთი საწამლავი ჰქონდა მიღებული, ადგილზევე უნდა მომკვდარიყო, მაგრამ თითქმის მონასტრამდე იყო მისული, ცუდად რომ გახდა.  ბერებმა ის მონასტერში მიიყვანეს და მკურნალობდნენ. ხედავდნენ, როგორ გამოდიოდა მისი სხეულიდან საწამლავი. ეს მეტად უჩვეულო სახილველი იყო – ნამდვილი სასწაული.
ამის შემდეგ სუნდარ სინგხი ქრისტიანობის დიდი მქადაგებელი გახდა. ერთხელ ის საქადაგებლად ნეპალში ჩავიდა. ნეპალის მთავარი სასულიერო პირი ფლობდა ცათამბჯენების სახურავებზე არსებული საპყრობილეების გასაღებს. მიწაში იყო ორმო, რომელსაც რკინის სახურავი ჰქონდა. მასში აგდებდნენ დამნაშავეებს. სინგხიც იქ ჩააგდეს და ელოდებოდნენ, როდის მოკვდებოდა. და აი, ღამით, მან ისეთივე ნათელი იხილა, როგორიც ერთ დროს თავის ოთახში. შუქი ზემოდან ეცემოდა. სინგხმა დაინახა, რომ სახურავი ახდილი იყო და თვითონ გვამებს შორის იწვა. მერე შენიშნა თოკი, რომელიც ზემოდან იყო ჩამოშვებული და ასე გათავისუფლდა. გარეთ გავიდა, მიიხედ-მოიხედა, იქ არავინ დახვდა, სახურავი კი ჩაკეტილი იყო. როცა ნეპალის ხელისუფლებამ და სასულიერო პირებმა ეს ამბავი შეიტყვეს, ძლიერ გაოცდნენ, მითქმა-მოთქმას მოერიდნენ და გადაწყვიტეს, სინგხი ქალაქიდან ფარულად გაეყვანათ და გაეშვათ.
სინგხი ევროპაში გაემგზავრა საქადაგებლად. ერთ-ერთ თავის ქადაგებაში ის იხსენებს, თუ როგორ ჰკითხეს ერთხელ: მილიონობით ადამიანი ისმენს თქვენს ქადაგებას, ნუთუ ამის გამო სიამაყე არ გიპყრობთ? სინგხს ასეთი პასუხი გაუცია: როცა ბზობის დღეს ვირზე ამხედრებული მაცხოვარი იერუსალიმში ზეიმით შედიოდა და ხალხი თავის სამოსსა და პალმის რტოებს ფეხქვეშ უფენდა, მათზე ხომ ვირი მიაბიჯებდა? ნუთუ ვირს უნდა ეფიქრა, რომ ეს პატივი მას ეკუთვნოდა? ასე შაედარა მან საკუთარი თავი იმ ვირს.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები