მეორეხარისხოვანი ბლოკინინო ხაჩიძეპოლიტიკა

როგორ გახდნენ დეპუტატ მახირ დარზიევის ოჯახის წევრები 1 500 და 111 კვადრატული კილომეტრი მიწის ფართობების მფლობელები

ნინო ხაჩიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, მახირ დარზიევი, 1957 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და ისტორიის პედაგოგია. მისი სამუშაო გამოცდილება 1974 წელს დაწყებულა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ტრესტში, სადაც ზეინკლად 1975 წლამდე იმუშავა. 1980 წელს თბილისისა და რუსთავის გამწმენდი ნაგებობების ზეინკლად დასაქმდა (1981 წლამდე), 1982 წელს კი რუსთავის საშუალო სკოლის სამხედრო ხელმძღვანელი იყო. 1982-1992 წლებში მარნეულის საშუალო სკოლაში ასწავლიდა ისტორიას, 1991-2003 წლებში კი განჯის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორად იყო დასაქმებული. 1998-2002 წლებში მარნეულის საკრებულოს წევრი იყო. მას შემდეგ მის სამუშაო ბიოგრაფიაში წყვეტაა, თუმცა 2012 წლიდან საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია.
შესაბამისად, ბ-ნი დარზიევის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო როგორც ხალხის რჩეულმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1958 წელს დაბადებული მეუღლე – იქაიათ დარზიევა და ორი შვილი – 1984 წელს დაბადებული ზია და 1991 წელს დაბადებული ზექა. რაც შეეხება ქონებას: მახირ დარზიევის საკუთრებაა მიწის ნაკვეთი მარნეულის რაიონის სოფელ ლეჟბადინში (1 575 კვ. მ.) და, ასევე, საცხოვრებელი სახლი (260 კვ.მ.); არასაცხოვრებელი ფართი, ასევე, სოფელ ლეჟბადინში (213 კვ.მ.). მის მეუღლეს კი ეკუთვნის მიწის ორი ნაკვეთი სოფელ ლეჟბადინში 1 530 და 111 800 კვ.მ. ფართობის. ზია დარზიევს კი ეკუთვნის მიწის ორი ნაკვეთი ლეჟბადინში – 1 500 000 და 1 291 კვ.მ. ფართობის და იქვე მდებარე საცხოვრებელი სახლი (100 კვ.მ.).
დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული მხოლოდ დეპუტატს ჰქონდა – 15 000 ლარი. 2011 წლის განმავლობაში დეპუტატის მეუღლემ 3 000 ლარი მიიღო, როგორც მარნეულის საჯარო სკოლის მასწავლებელმა; მახირ დარზიევმა კი – 10 000 ლარი სოფლის მეურნეობიდან. თუმცა ხარჯიც ჰქონდა: რემონტი 5 000 ლარი დაუჯდა; ზექა დარზიევმა კი 2 500 აშშ დოლარის ოდენობის სტიპენდია მიიღო. 2013 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ბ-ნი დარზიევის ვაჟი დაოჯახებულა. დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული ისევ დეპუტატს ჰქონდა – 20 000 ლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში იქაიათ დარზიევამ, როგორც მასწავლებელმა, კვლავ 3 000 ლარი აიღო, ხოლო ბ-ნმა დარზიევმა, როგორც დეპუტატმა, ორ თვეში – 9 841 ლარი; სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციით კი – 20 000 ლარი.
2014 წლის დეკლარაციით ვიგებთ, რომ ცოლ-ქმარი უმცროს ვაჟთან ერთად ცხოვრობს, რომელიც უკვე არის სოფელ ლეჟაბდინში 40 000 კვ. მ. მიწის ფართობის მფლობელი. ასევე, დეპუტატს 2013 წლის „ლენდ კრუიზერ პრადოც” შეუძენია.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში დეპუტატის მეუღლის სამასწავლებლო ხელფასმა 3 700 ლარი შეადგინა, ხოლო დეპუტატის შემოსავალმა – 60 285 ლარი. 2013 წელს ბ-ნ დარზიევს სამომხმარებლო სესხი აუღია – 35 000 ლარის ოდენობით, რომლის მომსახურებაც 18 315 ლარი დაუჯდა.
დეპუტატის ბოლო დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება. უცვლელია ოჯახის წევრთა და უძრავ-მოძრავი ქონების რაოდენობა. ნაღდი ფული დეკლარაციის შევსების მომენტში კვლავ მხოლოდ დეპუტატს ჰქონდა: 10 000 ლარი. რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში მახირ დარზიევმა, როგორც დეპუტატმა, 60 201 ლარი, ხოლო მისმა მასწავლებელმა მეუღლემ – 3 900 ლარი აიღო.

ნინო ხაჩიძე. ჟურნალი ,,თბილისელები”

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები