ბლოგერებიმთავარი ბლოკინინო ხაჩიძეპოლიტიკარელიგია

როგორ იქცა ეკლესიისა და პატრიარქის ლანძღვა პროგრესულობის მაჩვენებლად და რატომ არის წარმატებული საზოგადოებრივი საქმიანობის გარანტი

– სიახლე არ არის ეკლესიის კრიტიკა, რაც უკვე დოგმების კრიტიკაშიც გადადის, შესაძლოა, 13 ივნისის სტიქიით გამოწვეული სტრესის გავლენით, უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო ეკლესიისა და პატრიარქის პირდაპირმა ლანძღვამ, რაც განვითარებულობის მანიშნებლად იქცა. რა კავშირი აქვს ლანძღვას პროგრესთან?

– პირდაპირი კავშირი აქვს იმ ადამიანების ტვინში, რომლებიც ამას გეგმავენ. ეკლესიის ლანძღვა ყოველთვის მოდაში იყო და ეკლესიის ლანძღვა ყოველთვის მიიჩნეოდა წარმატებული საზოგადოებრივი საქმიანობის გარანტად, იმ უბრალო მიზეზით, რომ ეს ლანძღვა, ფაქტობრივად, არის გზავნილი გარკვეული წრეებისადმი, რომ მზად ვარ ანტიქართულ პროექტებში მივიღო მონაწილეობა. შესაბამისად, იქ, სადაც მივა ეს სიგნალი, მოინიშნავენ ამ ადამიანებს და შემდეგ ისინი ხდებიან წარმატებულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
– რას გულისხმობთ „წარმატებულში“?
– საზოგადოებრივი ცნობადობა, ფული, ადგილი, მედიით უზრუნველყოფა, თანამდებობრივი წინსვლა. ეკლესიის წინააღმდეგ გამოსვლა ყველაზე კარგი გზავნილია, რომ მზად ვარ, ჩემი ქართული გვარი მოვაწერო ანტიქართულ საქმებზე; მზად ვარ, მივიღო ახალ-ახალი დავალებები. როდესაც დაუმტკიცებ, რომ მზად ხარ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯებისთვის, შემდეგ ხდება პრივილეგირება. გადავხედოთ უახლოეს წარსულს: თავის დროზე გამოდიოდა ძალიან უწყინარი ჟურნალები, რომლებშიც ეს ხალხი მუშაობდა, „თავისუფალი ინსტიტუტის“, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მაგალითად, გამოდიოდა ჟურნალი „სოლიდარობა“, ომბუდსმენის აპარატის ეგიდით, ჟურნალი „მე“ და სხვა. მაღალპოლიგრაფიული ხარისხის, მაგრამ, სულ რაღაც, 150-200 ეგზემპლარი. ეს ჟურნალები, რა თქმა უნდა, არ იყიდებოდა, მაგარამ ამ ჟურნალებში გარკვეული ადამიანების მოსაზრებები განთავსდებოდა იმ მიზნით, რაც ზემოთ ვთქვი და ცოტა ხანში ეს ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში მოგვევლინენ. ფაქტობრივად, ეს არის შულავერის კომიტეტი. ეს არის შულავერის კომიტეტში მოხვედრის მსურველთა განცხადებები, რომ ისინი მზად არიან, თავის დროზე ტალახი ესროლონ ეკლესიას ან გამოვიდნენ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ.
– ეს ტენდენციაც ბოლოდროინდელია: ილია ჭავჭავაძისა და პატრიარქის დაპირისპირება.
– ეს არის ის, რომ ანთებული სანთლებით უნდა ვებრძოლოთ ეკლესიას; ილია ჭავჭავაძის სახელით – ილია მეორეს. გახსოვთ, სააკაშვილის განათლების რეფორმა იაკობ გოგებაშვილის სახელით ტარდებოდა და „დედა ენა“ ამოიღეს სწავლებიდან. ეს ბოლშევიკური მეთოდია და პროცესი მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში მომზადდეს ადამიანების ის კასტა, რომლებიც გარე ძალების ფიზიკური ზემოქმედების შემდეგ მოვლენ ხელისუფლებაში. ისევე, როგორც შულავერის კომიტეტი მოვიდა ხელისუფლებაში მეთერთმეტე არმიის მეშვეობით და მაშინაც ცივილიზებულად ითლვებოდა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, იმიტომ რომ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი წინაპრების გვამებზე გადამბიჯებლები აღმოჩნდნენ ამ მოძრაობაში. თუ შენ მზად ხარ, გადააბიჯო საკუთარ წინაპრებს, მაშინ გექნება წარმატების ის შესაძლებლობა, რომელსაც ახლა აძლევენ. ტრაგედია ისაა, რომ წარმატებულობის ეს გზა ლეგალიზებულია საქართველოში. ჩვენ არ გვყოლია ხელისუფლება, რომელიც არ დაპირისპირებოდა საქართველოს ეკლესიას.
– მაგრამ საქართველოს უკლებლივ ყველა ხელისუფლება ხაზს უსვამს მის პატივისცემას ეკლესიისადმი და ფორმით დიდ ღვთისმოსაობას ავლენს?
– ესეც ნიშანდობლივია. მათ იციან, რომ არ გამოუვათ პირდაპირი შეტევა ქართულ სახელმწიფოზე და ამის გამო მათ ქართველი ხალხი პასუხს მოსთხოვს. ამიტომაც ცდილობენ, რომ ქართული სახელმწიფოს გალავანი აგურ-აგურ დაშალონ. რადგან საქართველოში არ არსებობს ორგანიზებული ჯგუფი საქართველოს ინტერესების დასაცავად და საზოგადოებაში დაბალია თვითორგანიზების ხარისხი. მათ იციან, რომ ერთი აგურის მოხსნის გამო ხალხი ქუჩაში არ გამოვა. მაგრამ ყოველდღე თითო აგური იხსნება და აი, ეს უკვე შედეგისკენ, ქართული სახელმწიფოს დაშლისკენ, მიმავალი გზაა. ამიტომ ეკლესიასთან მიმართებაში თითქოსდა ლოიალურები არიან და არის მეორე მომენტი – ბუნებრივადაა ძლიერი მისი უწმინდესობა, როგორც პიროვნება, ამიტომ მასთან საჯაროდ დაპირისპირებას ვერ ბედავენ. მაგრამ ჩუმად, „ფეისბუქში“, ვიღაცის სახელს ამოფარებულები კადრულობენ ამ უკადრებელს.
– ყველა ბლოგს წერს და კარგია, რომ ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის საშუალება. თუმცა ისეც ხდება, როდესაც დასტურდება ჭეშმარიტება, რომ ენას ძვალი არ აქვს. ერთმა ახალგაზრდა კაცმა დაწერა პატრიარქზე, უვიცი და ბოროტიაო. მე არ მესმის, რატომ უწოდა მსგავსი სიტყვები, ვინც უნდა იყოს, მას და რატომ მოხდა, რომ უფლებებისა და თავისუფალი სიტყვის დამცველები უაპელაციოდ აყენებენ შეურაცხყოფას მას, ვისი აზრიც არ მოსწონთ?
– ეს ბუნებრივია, რადგან თავისი თავის პატივისმცემელი ინტელექტუალი ხომ არ იკადრებს იმ გზით წავიდეს, ესენი რომ მიდიან?! ხომ არ იკადრებს, რომ ბოლშევიკური არსენალი გამოიყენონ ბრძოლაში?! არ იკადრებს თავისი თავის პატივისმცემელი, საჯარო სივრცეში ასეთი ლექსიკით მეტყველებას. არ გამოიყენებს ამ გზას წარმატების მისაღწევად. ისევე, როგორც, როდესაც გრძნობ, რომ დიდი მომღერალი ხარ და შენი ნიჭით შეგიძლია წარმატების მიღწევა, მაშინ არ ფიქრობ სექსუალურ იმიჯზე. ტანსაცმლის გახდა სჭირდება მას, ვისაც არ აქვს ის მონაცემები, რომლებიც საჭიროა წარმატების მისაღწევად. ამდენად, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც არ ჰყოფნით განათლება, ინტელექტი, სამშობლოს სიყვარული, აზროვნების სიღრმე.
– მე ვიტყოდი, რომ ისინი არღვევენ დემოკრატიის პრინციპს.
– დემოკრატია საჭიროა, როგორც სიტყვათა მარაგი, რომელიც აუცილებელია გამოსვლებში ჩასართავად. თუ გახსოვთ „ყვარყვარე თუთაბერი“?! ფილმი მაინც აქვს ყველას ნანახი და იქ ყვარყვარე ამბობს უნიკალურ სიტყვებს: მეც ვისწავლი შენნაირ ლაპარაკსო. აი, ისწავლეს თანამედროვე ლექსიკით საუბარი: დემოკრატია, გამოწვევები, სამოქალაქო თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, პლურალიზმი და ამ სავალდებულო სიტყვათა ერთობლიობით ქმნიან წინადადებას, მაგრამ ეს წინადადება შინაარსობრივად აცილებულია საგანთან. მათ იციან, რომ აქვთ უფლებები, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი უგულებელყოფენ კაცობრიობის უმთავრეს მიღწევას: პირად პასუხისმგებლობას, რადგან თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. პასუხისმგებლობა არ აქვს მხოლოდ მონას, პასუხმსმგებლობა თავისუფალ ადამიანთა ხვედრი და თვისებაა. იმ ადამიანების თვისებაა, რომლებიც საკუთარი შრომით, ბრძოლით, ოფლითა და სისხლით აღწევენ წარმატებას. ამ ადამიანებს წარმატების ამ გზით მიღწევა არ შეუძლიათ და ამიტომ ირჩევენ უფრო იოლ გზას. იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც ასეთ რამეს კადრულობენ ქართული ეკლესიის მიმართ, საჯარო დისპუტში რამეს წარმოადგენენ?! ისინი გრძნობენ თავიანთ არაკომპეტენტურობას?! თავისუფალი კონკურენციის პირობებში როგორ შეიძლებოდა, ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოსულიყვნენ?! როგორ შეიძლებოდა, რომ ისინი მედიას წარმოადგენდნენ?! როგორ შეიძლება, ეს ადამიანები სამოქალაქო სივრცეს წარმოადგენდნენ?! როგორ შეიძლება, რომ გუშინდელი პოლიციელები, რომლებსაც დანაშაულებრივ ქმედებებში აქვთ მიღებული მონაწილეობა, დღეს ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობდნენ?! აი, ეს არის ჩვენი ტრაგედიის საფუძველი: გარე ძალა უქმნის მათ შესაძლებლობას, ამ ფორმებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჩვენ გვახსოვს, როგორ ხდებოდა თავის დროზე ბასილ მკალავიშვილის, გიგა ბოკერიასა და „რუსთავი 2-სა“ და სხვების და სხვების წარმოჩენა. ყველა ბედნიერი იყო: ერთი იცავდა თავის იდეებს, იეღოველები – თავიანთ უფლებებს, მესამე – მედიის საინტერესოობას ამტკიცებდა, მეოთხე – გრანტებს იღებდა. ყველა კმაყოფილი იყო, მაგრამ მთელ მსოფლიოში საქართველო გამოიყურებოდა, როგორც ველურობის გამოხატულება.
– ჯვარი ვაქციეთ ძალადობის სიმბოლოდ.
– ეს ყველაფერი ორგანიზებულია, ისევე, როგორც შულავერის კომიტეტი იყო ორგანიზებული და ელოდებოდა მეთერთმეტე არმიას. და აქ არის მთავარი მომენტი: დღეს, როდესაც პოლიტიკურ სცენაზე არ არსებობს ძლიერი სამოქალაქო ძალა, ქვეყნის ინტერესების დამცველი ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო ხდება საქართველოს ეკლესია – ბოლო გოდოლი საქართველოს დაცვის გზაზე. სანამ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოს დაცვა, ეკლესია, როგორც დედა, არ იღებს თავის თავზე ამ ფუნქციას. არ მოუკიდებია ხერხეულიძეების დედას დროშისთვის ხელი, სანამ ვაჟკაცი ბიჭები იბრძოდნენ. ამიტომაც ვუწოდებთ დედაეკლესიას. მისი ბუნებაა, სანამ მისი შვილები დგანან სამშობლოს დასაცავად, ის თავის თავს უფლებას არ აძლევს, ღიად გამოვიდეს. დღეს, რადგან ასეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფების სისუსტეა ქვეყანაში, გამოჩნდა ეკლესიის სახელმწიფოებრივი ბუნება. ეს შემიძლია, შევადარო მეოცე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისს, როდესაც ბოლშევიკებმა გაანადგურეს ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება, ქვეყნის ინტერესების დამცველი ამბროსი ხელაია აღმოჩნდა. დღესაც სწორედ საქართველოს ეკლესიაა ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი საქართველოს გადარჩენის გზაზე და სწორედ ამის გამო ებრძვიან საქართველოს ეკლესიას.
– თუმცა ისიც ფაქტია, რომ არიან სასულიერო პირები, რომლებიც საკმაოდ მსუყე არათუ საბაბს, მიზეზს აძლევენ საზოგადოებას კრიტიკისთვის.
– ეს არ არის დასამალი, საქართველოს ეკლესიას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, აქვს ხინჯი. და მათ შორის, ვინც ვითომდაც ცდილობს ეკლესიის დაცვას, ბუნებრივია, ბევრი თავისი ჭკუასუსტობით ან დავალებით იქცევა ისე, რომ პრობლემები შეუქმნას საქართველოს ეკლესიას. მაგრამ აქ პირდაპირ უნდა ითქვას ფორმულა: ეკლესიის შიგნით არსებული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია ეკლესიაზე გარედან ზეწოლის შესუსტების პარალელურად. აი, ეს არის ჩვენი, ქართველი საზოგადოების უდიდესი ამოცანა.
პრობლემა ის კი არ არის, რომ შულავერის კომიტეტი არსებობს, რომ ტალახის მსროლელები არსებობენ, არამედ პრობლემა არის ის, რომ სამოქალაქო სივრცეში არ არსებობს ძალა, რომელიც ამის გამო მათ პასუხს მოსთხოვს. ეკლესიას ჩვენი დაცვა არ სჭირდება, ლენინმა და დეოკლეტიანემ ვერაფერი დააკლეს. ჩვენ ვჭირდებით ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენოთ და ამ მშენებლობის პროცესში ყველაზე დიდი პარტნიორი საქართველოს ეკლესია იქნება. უნდა გავუფანტოთ მტერს ილუზია, რომ ყველაფერი შერჩებათ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ამ პროცესში ვლინდება დედაეკლესიის ბუნება – არც ერთხელ არ უთქვამს საქართველოს ეკლესიას, რომ მას ეტკინა იმ ქვის მოხვედრა, რომელიც მას ესროლეს. ესაა მისი დედობრივი ბუნება: ისევე, როგორც დედა არ გეტყვის, ვიღაცამ შეურაცხყოფა მომაყენაო, რომ ისევ შენ არ ჩაგაგდოს უხერხულ მდგომარეობაში და შარში არ გაგხვიოს. ითმენს, მაგრამ როგორი ღირსებით?! თუ კაცი ხარ, ამან ძალა უნდა მოგცეს, რომ დაიცვა შენი სამშობლო. ეკლესიას ამით ვერაფერს დააკლებენ, მაგრამ რამდენი ადამიანი შეიძლება, ცდუნდეს ამის გამო?! რამდენი ადამიანი დგამს ნაბიჯს, რომ წარმატების ამ გზაზე დადგეს?! მათაც უჩნდებათ ცდუნება, ერთი გუნდა მაინც გაისროლონ ეკლესიის წინააღმდეგ. აი, უკვე ჩვენი დანაშაულია, რომ მათ ამ იოლ გზაზე სიარულის ცდუნება უჩნდებათ. არადა, ეს ხალხი შეიძლება, გამოადგეს ქართულ სახელმწიფოებრიობას, თუ დაინახეს, რომ წარმატების მიღწევის სხვა გზებიც არსებობს. ხალხი, რომელიც 1989 წლის აპრილის აქციების დროს ტანკებს უცვივდებოდა, რამდენიმე წლის შემდეგ 5 და 10 ლარის გამო „ნაცმოძრაობას“ უჭერდა მხარს და ეს არ არის ამ სუსტი ადამიანების პრობლემა. ეს ყველას პრობლემაა და რაც მალე გააცნობიერებს ამას ქართველი საზოგადოება, მით უკეთესი იქნება ამ ადამიანებისთვისაც და, როდესაც სამოქალაქო სივრცეში ეკლესიას გაუჩნდება პარტნიორი, ეკლესია მოგერიებისკენ კი არ იქნება მიმართული, არამედ აღმშენებლობისკენ.
ნინო ხაჩიძე. ჟურნალი ,,თბილისელები”.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები