მედიცინა

როგორ მოვუწყოთ საკუთარ თავს განტვირთვის დღეები

ახლა ისეთი პერიოდია, როცა ადამიანს, დიდი მარხვის შემდეგ, ხშირად უწევს ქეიფი და დროსტარება. ქართულ სუფრაზე რომ მრავალფეროვანი კერძებია, ეს ყველას კარგად მოეხსენება. დამეთანხმებით, ცდუნებისგან თავის შეკავება ამ დროს ძალიან რთულია. უპირველესად, ადამიანმა უნდა იფიქროს იმ შედეგებზე, რაც შეიძლება თან ახლდეს უკონტროლო სმა-ჭამას.

თუ როგორ შევძლოთ სადღესასწაულო დღეების შემდეგ ორგანიზმის დახმარება, დასვენება, განტვირთვა და ფორმაში მოყვანა, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანს, რომელმაც მეტად საჭირო და გასათვალისწინებელი რჩევები მოგვაწოდა.

–  ორგანიზმი სადღესასწაულო დღეების შემდეგ, მეტად გადატვირთულია. რა შეიძლება მოჰყვეს სამომავლოდ ამას და როგორ დავიზღვიოთ თავი შესაძლო პრობლემებისა და ჯანმრთელობის გაუარესებისგან?

– მართალია, სადღესასწაულო დღეებში ადამიანს ზომაზე მეტი საკვების მიღება უწევს. ეს კი, რასაკვირველია, ორგანიზმისთვის ზედმეტი დატვირთვაა. კუჭს უჭირს მიღებული საკვების მონელება-გადამუშავება, იწყება პრობლემა ზედმეტი წონის მხრივაც. ადამიანი თავს დამძიმებულად გრძნობს. ბუნებრივია, ვერავის ავუკრძალავთ ცდუნებისგან თავის შეკავებას, მით უმეტეს სადღესასწაულო დღეებში.  ამ დროს ყველა ოჯახში მზადდება ათასნაირი ტრადიციული კერძი, საგულდაგულოდ ირჩევა ამ კერძებთან მისაყოლებელი სასმელიც. ეს არის ის მიზეზი, რაც ქმნის ხელსაყრელ პირობას, ადამიანმა დროებით დაივიწყოს მისი დაავადება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, დიეტა, სწორი კვების რეჟიმი და მიირთვას, დალიოს მისი ორგანიზმისთვის არასასურველი საკვები თუ სასმელი. არადა, ზომიერების გრძნობამ არც ამ დროს უნდა გვიღალატოს, რადგან დიეტა არის სწორი, დაბალანსებული, ჯანმრთელი, რაციონალური კვება. დიეტაზე მყოფი ადამიანისთვის რაციონი უნდა იყოს შედგენილი, არა აკრძალული საკვებისგან, არამედ მას უნდა დაენიშნოს ინდივიდუალური, გამოკვლევების შედეგად მორგებულ-განსაზღვრული კვება. აქედან გამომდინარე, დიეტაზე მყოფი ადამიანი ყოველთვის მსუბუქად მოშიებული უნდა იყოს. ამ ეტაპზე შემიძლია, ასეთი რჩევა მოგცეთ,  გადატვირთული დღეების შემდეგ, მიირთვით შედარებით ნაკლები საკვები, ნუ დაარღვევთ სადილისა და ვახშმის დროს, მიიღეთ ის პრეპარატები, რომლებიც აფთიაქში იყიდება და ცხიმიანი, კალორიული, შემწვარ-მოხრაკული საკვების ჭამის შემდეგ დალიეთ. თუმცა, აქვე გაგაფრთხილებთ, რომ ყველა პრეპარატს აქვს როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი შედეგები და მხარეები. ამიტომ, მათ მიღებამდე უმჯობესია, ერთხელ მაინც გაიაროთ კონსულტაცია შესაბამის ექიმთან. ამის შემდეგ ზუსტად გეცოდინებათ, რამდენად შედეგიანი იქნება ამ პრეპარატის მიღება კონკრეტულად თქვენთვის. დღესასწაულების შემდეგ მეტად დიდ დატვირთვას განიცდის კუჭ-ნაწლავის სისტემა, მწვავდება „მიძინებული“ დაავადებები. ბევრი მეკითხება ამ დროს, როგორ მოვიქცეთ, როგორ დავასვენოთ ორგანიზმიო. გეტყვით რომ, ასეთ პერიოდში გარდა იმისა, რომ განსაკუთრებით დატვირთვას განიცდის კუჭ-ნაწლავი, მწვავდება „მიძინებული“ დაავადებები, ასევე, მწვავდება ფარული დაავადებები. შესაძლოა, განვითარდეს შეტევითი ხასიათის ტკივილები მარჯვენა ფერდქვეშ არეში, უსიამოვნო შეგრძნებები… ამას გარდა, ხშირია გამონაყარი კანზე. ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს სწორედ კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების გამო. ასევე, დიდ დატვირთვას განიცდის გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ამ დღეებში ეს პრობლემა აწუხებს მამაკაცთა უმრავლესობას, რადგან დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმლის მიღება უწევთ. მათთვის აუცილებელია განტვირთვის დღეების მოწყობა სადღესასწაულო დღეების შემდეგ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ზოგი ამას არასწორად აღიქვამს. კერძოდ, განტვირთვას და დიეტას უწოდებენ იმას, რომ საკვები საერთოდ არ მიიღონ. ჰგონიათ რომ, თუ საჭმელს არ შეჭამენ, არ მიიღებენ ტკბილეულს, ამით განტვირთავენ ორგანიზმს. ასეთი მიდგომა, რასაკვირველია, არასწორია. როგორც ზემოთ გითხარით, დიეტა არის სწორი, დაბალანსებული და რაციონალური კვება და არა საკვების მთლიანად შეზღუდვა. არ არსებობს არანაირი უნივერსალური დიეტა, რომელიც ერთნაირი ეფექტურობით დააკლებინებს წონაში ყველა ადამიანს ერთდროულად. იგი ინდივიდუალურია და სწორედ ამიტომ არის საჭირო ექიმთან ვიზიტი. ის სწორად შეგირჩევთ თქვენთვის განკუთვნილ საკვებ რაციონს და პრობლემასაც აგაცილებთ თავიდან. უამრავი დიეტა არსებობს, მაგრამ დამერწმუნეთ, ექსპერიმენტების ჩატარება ნამდვილად არ ღირს. შესაძლოა, ამით მეტი ზიანი მიაყენოთ საკუთარ ჯანმრთელობას, ვიდრე შედეგი მიიღოთ. შიმშილითაც ვერ დაიკლებთ. მერწმუნეთ, შეგიძლიათ ჭამოთ, დანაყრდეთ და თან წონაშიც მოიკლოთ, ეს ძალიან მარტივია. სიმსუქნე ეს არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ჭარბი წონის წინარე მდგომარეობა. ჭარბი წონა კი დაავადება სულაც არ არის. რომ ამბობენ, წონაში ვერ ვიკლებო, ძალიანაც ცდებიან. ყველა ადამიანს შეუძლია ჭარბი წონის დაგდება, მთავარი პრობლემა სასურველი წონის შენარჩუნებაა. სიმსუქნე მხოლოდ ჭარბი საკვების მიღების გამო როდი ჩნდება. ეს არის მთელი რიგი სერიოზული გარდაქმნების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის, სერიოზული ბიოქიმიური ცვლილებების შედეგი. ამიტომ არის საჭირო გამოკვლევების ჩატარება იქამდე, სანამ საკვების შეზღუდვას გადაწყვეტთ წონაში დაკლების მიზნით.

– ამბობენ დიეტა ადამიანისთვის სტრესის გამომწვევიც არისო. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

– დიეტა, ბუნებრივია, ერთგვარი სტრესია, რადგან ადამიანი განერვიულებულია შეზღუდული კვების რაციონის გამო. ბევრი პაციენტი მეკითხება ხოლმე, მირჩიეთ, რა გავაკეთო, რამდენი მივირთვა, რა დოზით, როგორ შევძლო ზედმეტად მიღებული საკვების მონელებაო. მე ყველას ვეუბნები, რომ შეუძლიათ სადღესასწაულო დღეებში დაარღვიონ დიეტა, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ დილა არ უნდა დაიწყონ საუზმეზე ღომით და ხაჭაპურით და არ უნდა გააგრძელონ საღამო ტორტის ჭამით. თუ ჩვენ არ გამოვიმუშავებთ სწორი კვების რეჟიმს და ჩვევას, ისე არაფერი გამოვა. დიეტაზე მყოფმა ადამიანმა უნდა ჭამოს დღეში მინიმუმ ხუთჯერ, რასაკვირველია, ინდივიდუალურად შედგენილი მენიუთი. ეს კი უნდა იყოს სრულფასოვანი საუზმე, სადილი და ვახშამი, შუალედებში კი ხილი უნდა მიირთვას. ჩემი, როგორც სპეციალისტის რჩევაა, ადამიანმა ჭამოს დღეში რამდენჯერმე, მაგრამ ზომიერად. ასევე, დალიოს დღის განმავლობაში მინიმუმ ლიტრ-ნახევარი წყალი, ეს არ ეხება ტკბილ და გაზიან სასმელებს. შეგიძლიათ, დალიოთ ხილის წვენები, ჩაი, ყავა, მინერალური წყლები და ჩვეულებრივი წყალი. თუ ადამიანს ქრონიკული დაავადებები აწუხებს, მაშინ განტვირთვის დღეების მოწყობა არარეკომენდებულია. მას ექიმი დაუნიშნავს შესაბამის კვების რაციონს.

– ბევრი განტვირთვის დღეებში გამოხდილ წყალს სვამს მთელი დღის განმავლობაში.

– არ არის აუცილებელი განტვირთვის დღეს მხოლოდ წყალი დალიოთ და მეტი არაფერი. შეგიძლიათ, ამ დროს მიირთვათ ნახევარი ლიტრი კეფირი, მაწონი, ერთი კილოგრამი ვაშლი, ორასი გრამი ხაჭო ან ნადუღი, ასევე, ორასი გრამი მოხარშული მჭლე საქონლის ხორცი და თან სვათ სითხე. ასევე, აქვე გეტყვით რომ, განტვირთვის დღეებში აუცილებელია, მიიღოთ ერთი აბი პოლივიტამინი დღეში.

– დიეტის დროს ვიტამინების მიღება რეკომენდებულია?

– უფრო მეტსაც გეტყვით, დიეტის დაცვა ვიტამინების კომპლექსის გარეშე, კატეგორიულად არ შეიძლება. აუცილებელია, ასევე კალცის პრეპარატის მიღებაც. დიეტის თვითნებური დაცვა, სხვა გართულებებთან ერთად, იწვევს თმის ცვენას, სისუსტეს, თავბრუსხვევას, შრომისუნარიანობის მკვეთრ დაქვეითებას… ამ დროს, ხილი, ბოსტნეული, ცილის შემცველი პროდუქტები და ვიტამინების კომპლექსი ადამიანის ორგანიზმისთვის, უბრალოდ, აუცილებელია.

მოამზადა ნონა დათეშიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

კადრები რომელიც შოკში გვაგდებს

Beso Makharashvili

უძველესი რეცეპტი ახალგაზრდობისთვის.

Zaali Tsinadze

დიეტა მათთვის, ვინც 40-ს გადააბიჯა .

Zaali Tsinadze

ყველაზე არასასურველი და სასარგებლო პროდუქტები დილით, ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის

Tika Nakaidze

წყლის უმარტივესი და უიაფესი დიეტა, რომელიც 2 კვირაში 6-10 კილოგრამს დაგაკლებინებთ

Tika Nakaidze

რეალური 2ფაქტი თუ როგორ უსწორდება ბიძინა ივანიშვილი მის მლანძღველებს?! – სიკეთის სანაცვლოდ მიღებული ტალახი

Beso Makharashvili

როგორ მოვიშოროთ ცელულიტები თეძოებზე.

Zaali Tsinadze

სტაფილოს ფოჩი უებარი მკურნალია.

Zaali Tsinadze

რომელი პრეპარატები იწვევს მამაკაცებში იმპოტენციას და სარძევე ჯირკვლების გადიდებას?