შოუ-ბიზნესი

როგორ მოხვდა რამდენიმე ქვეყნის ჟურნალში ლაშა ლალიაშვილის ჰომოსექსუალთა ქორწილის თემაზე გადაღებული ფოტო და როგორ გახსნა მან ბანგკოკში საკუთარი მაღაზია

გეი ქორწილი – ასეთი გადაღება გვქონდა, ვითომ რეალურად ჩატარდა  ქორწილი…

ლაშა ლალიაშვილს ქართველი საზოგადოება ჯერ არ იცნობს. პატარა იყო, როცა ოჯახთან ერთად, საქართველო დატოვა და მას შემდეგ, ლაშას არაერთი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა მოუწია. დღეს ის ტაილანდში ცხოვრობს და საკუთარი ბრენდიც აქვს – lash artbrand. მისი ხელთნაკეთი კედები უკვე ბევრ ქვეყანაში იყიდება. 

ლაშა ლალიაშვილი: დავიბადე საქართველოში, თბილისში. ჩემი ოჯახი ძალიან ღარიბი იყო და მახსოვს, ყოველ ზაფხულს როგორ დავდიოდი სოფელში. ოჯახში ვცხოვრობდით მე, დედა, მამა – რომელიც ჩემი

მამინაცვალი იყო, ბებია და ჩემი და-ძმა. ბევრი რამ აღარ მახსოვს, რადგან მას შემდეგ საცხოვრებელი ადგილი არაერთხელ გამოვიცვალე. თუმცა, მახსოვს, ბაზალეთი, სახლი თბილისში და ჩემი ნათესავები. ის დრო ნამდვილად არ მენატრება, თუმცა, როგორც ვიცი და ტელევიზორს ვუყურებ, ხალხიც შეიცვალა და ქვეყანაც. ჩამოსვლა მინდა, ოღონდ მინდა თუ არა მანდ ცხოვრება, არ ვიცი. როცა ჩამოვალ, ვეცდები, ჩემი მაღაზია გავხსნა.
– ბავშვობიდან გიყვარდა ხატვა, კერვა?

– ნატვრა მქონდა, ხატვის სკოლაში მესწავლა. დედაჩემი ყოველ წელს მეუბნებოდა: მომავალ წელს მიგიყვანო, მაგრამ ისე დავბერდი, არ მივუყვანივარ. ახლა ამ თემაზე ვიცინით ხოლმე. 13-14 წლის
ვიყავი, საქართველოდან რუსეთში რომ წავედით – იმ დროს, როცა ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაცია იყო. სამარის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დავსახლდით. მეცხრე თუ მეათე კლასში ვიყავი და ტელევიზორში ვუყურებდი კონცერტს. გამოვიდა ერთ-ერთი ცნობილი მომღერალი და ისე მომეწონა მისი ჩაცმულობა, მაშინვე დავხატე. მეორე დღეს ისევ დავხატე და ასე, სკოლიდან რომ მოვდიოდი, სულ ვხატავდი სამოსს. თან, ჩემს შტრიხებს ვუმატებდი. მე-11 კლასში უკვე ვცდილობდი, ჩემი ტანსაცმელი შემექმნა. სოფელში ვცხოვრობდი და ძალიან რთულია, როცა სხვანაირი ხარ. მინდოდა, ისეთი ვყოფილიყავი, როგორც პოპ-ვარსკვლავი, თავისი ჩაცმით, ვარცხნილობით.

– ამის გამო გექმნებოდა პრობლემები?

– ამიტომ არა, თუმცა იმის გამო, რომ იმ სოფელში მარტო მე ვიყავი კავკასიელი, ფილმებში რომ აჩვენებენ, ისეთი პრობლემები მქონდა. რამდენჯერმე ვიჩხუბე, კბილები მომტეხეს და ასე შემდეგ. სკოლის დამთავრების შემდეგ, სამარაში გადავედი საცხოვრებლად. მინდოდა, დიზაინის ფაკულტეტზე მესწავლა. თან, ერთ ოთახში 6 ადამიანი ვცხოვრობდით. მინდოდა, ამ ყველაფერს გავქცეოდი და რაღაც შემეცვალა. მამა გაბრაზდა, მითხრა: არაფერში დაგეხმარები, მინდა, მშენებელი გახდეო. მაგრამ ძალიან პრინციპული ვარ. ვთქვი: არ მინდა არავის დახმარება-მეთქი და წავედი. სწავლა დავიწყე დიზაინის ფაკულტეტზე. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი და სულ ვცდილობდი, მემუშავა. 5 წლის ვიყავი, პირველად ფული რომ გავაკეთე. პატარა ეზო გვქონდა, სადაც ქათმები, კურდღლები მყავდა და ყოველ შაბათ-კვირას ისნის ბაზარში დავდიოდი, ბაჭიებს ვყიდდი. იმ ფულით ისევ კურდღლებს, ქათმებს ვყიდულობდი – ჩემი ბიზნესი მქონდა. რუსეთშიც რომ გადავედით, ისე გვიჭირდა, მხოლოდ სწავლით ვერ დავკმაყოფილდებოდი, უნდა მემუშავა. ჩემი ძმა მთელი დღე მუშაობდა, საღამოს მეც ვეხმარებოდი – „მეძროხეები“ ვიყავით. პარალელურად მამას ვეხმარებოდი და მშენებლობაზე ვმუშაობდი. მინდოდა, ჩემი ფული მქონოდა, რომ ფეხსაცმელი მეყიდა, ან ის, რაც მჭირდებოდა. მოკლედ, სამარაშიც რომ გადავედი, იქაც დავიწყე მუშაობა. პირველი სამი თვე ქუჩაში ვიდექი, ჩემი კოლეჯის წინ და ვარიგებდი სარეკლამო ბროშურებს. დავიწყე ოფიციანტად მუშაობა, შემდეგ ბარმენად – კაზინოში. იმ დროს ჩემს კოლეჯში ძალიან პოპულარული ვიყავი, ვარსკლავივით. იმ დროს სამარაში ტარდებოდა დიზაინერების კონკურსის ნახევარფინალი და შემდეგ უკვე ფინალი, სადაც დამწყები დიზაინერები მონაწილეობდნენ. უნდა დაგეხატა კოლექცია, რომელსაც ჟიური შეაფასებდა და თითო კოლეჯიდან სამი გამარჯვებული მიდიოდა: მასწავლებელი, დამწყები დიზაინერი და ასევე სტუდენტი, რომელიც ამთავრებდა სწავლას. ჩემი კოლექცია იმდენად მაგარი იყო, მე ამირჩიეს – სამარაშიც გავიმარჯვე კონკურსზე, პირველი ადგილი ავიღე და გამაგზავნეს უკვე მოსკოვში, ფინალზე. კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი ვიაჩესლავ ზაიცევი იყო. ჩემმა კოლექციამ აიღო პირველი ადგილი და შემოთავაზება ზაიცევისგან, რომ მასთან მასტერ-კლასები გამევლო. ამის შემდეგ არაერთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და წარმატებასაც მივაღწიე. 

 

– როგორ ცხოვრობდი მოსკოვში?

– მოსკოვში განვაგრძე სწავლა. გარდა ამისა, ვმუშაობდი დღე და ღამე: მოცეკვავედ. მთელი ღამე ვმუშაობდი, ზოგჯერ დასვენების დღეებშიც. „გოუ გოუ დანსერი“ ვიყავი – ქალებსაც და კაცებსაც მოვწონდი, როგორც მოცეკვავე, ადამიანი. ბევრი ცოლშვილიანი მამაკაცი მოდიოდა, მეუბნებოდნენ: რა მაგრად ცეკვავ, მე და ჩემი ცოლი ვართ აქ. იმხელა ენერგიას აძლევ დარბაზს, მხოლოდ შენ გიყურებთო. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო. „გოუ გოუ დანსერი“ არ არის სტრიპტიზიორი
ან პრივატული მოცეკვავე. შენ ცეკვავ სცენაზე და მთელი კლუბი გიყურებს. არ გაქვს კონტაქტი ადამიანებთან, რომ ვინმემ იეჭვიანოს, ან რამე კონფლიქტი მოხდეს. სასცენო კოსტიუმებსაც ჩემით ვიკერავდი. ისე მოსწონდათ სხვა მოცეკვავეებს, რომ მათთვისაც დავიწყე შეკერვა. ზოგჯერ ათას დოლარსაც ვიღებდი ერთ კოსტიუმში. იმ პერიოდში ძალიან პოპულარული მოცეკვავე გავხდი მთელ რუსეთში, ასევე უკრაინაში, ლატვიაში და ასე შემდეგ. დავდიოდით გასტროლებზე, როგორც სპეციალურად მიწვეული მოცეკვავე. როგორც მოცეკვავეს, ძალიან წარმატებული კარიერა მქონდა, ასევე, ვკერავდი კოსტიუმებს მოცეკვავეებისთვის.

– პარალელურად, ფეხსაცმელებზეც მუშაობდი?

– ჩემს მეგობარს ჰქონდა დაბადების დღე და კედებზე ნიანგის ტყავი დავუხატე. ძალიან მოეწონათ. ვყიდულობდი თეთრ კედებს და ზემოდან ვხატავდი. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და ნელ-ნელა ხატვა დავიწყე. თავიდან არც მიფიქრია, რომ ეს იქნებოდა ბიზნესი. სოციალურ ქსელში დავიწყე ნამუშევრების დადება და ერთმა მომცა შეკვეთა, შემდეგ მეორემ და ასე წავიდა გაყიდვები.

– რატომ გადაწყვიტე ტაილანდში ცხოვრება?

– მოსკოვში ბოლო სამი წელი მარტო აღარ ვცხოვრობდი, მეორე ნახევარი მყავდა და ორივემ ერთად გადავწყვიტეთ წასვლა. ამოვირჩიეთ ტაილანდი. ჩვენ ჩამოვედით არა ბანგკოკში, არამედ პატაიაზე, რომელიც ძალიან პოპულარული კურორტია, განსაკუთრებით კი, რუსებისთვის. გადავწყვიტეთ, სწორედ იქ გაგვეხსნა ჩვენი მაღაზია. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ აქ ძალიან რთული ყოფილა სერიოზული ცხოვრების დაწყება. ადაპტაციაში ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, თან არცერთმა არ ვიცოდით ინგლისური.

– შენი მეორე ნახევარი, როგორც ვიცი, მამაკაცია.

– კი, მამაკაცია და ამის გამოც წამოვედი ტაილანდში. ბოლო პერიოდში, რუსეთში შეიცვალა სიტუაცია. პირადად მე არ მქონია პრობლემები, რადგან მხოლოდ ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან ვიყავი თავისუფალი. სამსახურში მქონდა ლეგენდა, რომ მყავს მეგობარი გოგონა და ასე შემდეგ. ადამიანებს ისედაც არ უყვარდათ ასეთი განსხვავებული რაღაცები და თან, იმ პერიოდში, ტელევიზორითაც დაიწყო ანტიპროპაგანდა. ზიხარ ოფისში და მთელი ოფისი საუბრობს: როგორ უნდა შეაგროვო ყველა ერთ კუნძულზე და დაწვა. შენ არაფერს ამბობ და გეკითხებიან: რას ფიქრობო. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან რთული. მოკლედ, როცა რუსეთში კრიზისი დაიწყო, პატაია გაკოტრდა, რადგან ძირითადად, რუსებზე იყო ორიენტირებული. ჩვენ ვერ დავიწყეთ ბიზნესი და ბოლოს ერთმანეთსაც დავშორდით. ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ ვარ ბანკროტი, დავრჩი მარტო და ვიგრძენი, ცხოვრება ამ ადგილას მთავრდება. არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ვთქვი: უნდა მივხედო საკუთარ თავს-მეთქი და ჩავედი ბანგკოკში, სადაც კიდევ თავიდან დავიწყე ახალი ცხოვრება. ტაილანდში, როგორც ჰოლივუდში, ბევრ ფილმს, სერიალებს იღებენ. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან აქ, რომ გადაიღონ ფილმები. მომცეს რამდენიმე აგენტის ნომერი და დავიწყე გადაღებებში მონაწილეობა. ფილმებში, სერიალებში მიღებდნენ, ასევე რეკლამებში, კლიპებში. ორი თვის წინ მქონდა ფოტოგადაღება „ფოტო – ბანკისთვის“. ეს არის კომპანია, სადაც ბევრი ფოტოა და შემდეგ სხვა კომპანიები ყიდულობენ და იყენებენ. გეი-ქორწილი – ასეთი გადაღება გვქონდა, ვითომ რეალურად ჩატარდა  ქორწილი. ჩემი მეგობარი წავიყვანე. ამერიკაში, სინგაპურში, ავსტრალიაში იყიდეს ჩემი ფოტოები და დაბეჭდეს ჟურნალებმა, ბანკის რეკლამაში და ძალიან პოპულარული გახდა. ცოტა ხნის წინ კი მივიღე გადაწყვეტილება და გავხსენი ჩემი მაღაზია. აქ ძალიან პოპულარული ბაზრობებია, სადაც დღეში ნახევარი მილიონი ადამიანი მაინც მიდის. იქ შეგიძლია, იყიდო ყველაფერი. ჩემს მაღაზიაში მხოლოდ ჩემი ფეხსაცმელები იქნება წარმოდგენილი.

– ულამაზესი ნამუშევრები გაქვს. რა ტექნოლოგიით მუშაობ?

– ყიდულობ გამზადებულ სამოსს და შემდეგ შენი დიზაინით აკეთებ. შეგიძლია, მთლიანად შეცვალო იდეა. მარტო ვმუშაობ, ვყიდულობ კედებს და შემდეგ მასზე ვაკეთებ მოდელს. ვხატავ, ვკერავ, ვაწებებ, ვჭრი. თითქმის მთლიანად ვცვლი მოდელს და ვცდილობ, გამოვიდეს გიჟური. ძირსაც კი ვუცვლი, ვღებავ ოქროსფრად. ადამიანი რომ იყიდის ფეხსაცმელს, უნდა მიხვდეს, რომ მთლიანად ხელით არის ნამუშევარი. ყველა ნამუშევარს აწერია lash artbrand. ერთი კედის შექმნას გაუჩერებლად, დაახლოებით, 5-6 საათი სჭირდება. ყველა მოდელს სამ ზომას ვაკეთებ. გოგონების მოდელებიც მაქვს და ბიჭებისაც. თუმცა, უფრო მეტად უნისექსია. მაღაზიის გარდა, ძირითადად, სოციალური ქსელით ვყიდი. ჩემი ფეხსაცმელები იყიდება რუსეთში, ევროპაში, ასევე ბანგკოკში, ამერიკაში, კანადაში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ავსტრალიაში, აფრიკაში, თითქმის ყველა კონტინენტზე. საქართველოში ჯერ არ გამიყიდია, იმედი მაქვს, ეს მოხდება და ჩემი ბრენდი კიდევ უფრო ცნობილი გახდება: ეს ის არის, გიჟური ფეხსაცმელები რომ აქვსო.

ნათია უტიაშვილი – www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *