მედიცინაუკატეგორიო

როგორ უნდა გავარჩიოთ სურდო ალერგიისგან

ალერგია ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი დაავადებაა. მას ალერგოლოგები სეზონურ დაავადებასაც კი უწოდებენ. თუ არ მოხდა სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის კურსის ჩატარება, შესაძლოა, მას სავალალო შედეგები მოჰყვეს. ამიტომ, ალერგიის დროს შესაბამის სპეციალისტთან ვიზიტი, მისი რჩევების გათვალისწინება და დაცვა აუცილებელია. ნებისმიერმა ალერგიულმა რეაქციამ, თუ არ მოხდა ექიმთან დროული ვიზიტი, შეიძლება, ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

ალერგია მომატებულ მგრძნობელობას ნიშნავს და ის ადამიანისთვის ძალიან საშიში დაავადებაა. ამიტომ, უნდა გაითვალისწინოთ ექიმის რჩევები და რეკომენდაციები. ალერგიული ადამიანი სხვადასხვა გარემო ფაქტორზე იმაზე უფრო მეტად ძლიერად და აგრესიულად რეაგირებს, ვიდრე ნორმალური ადამიანი. ყველაზე ხშირად კი ასეთი ალერგიული გამოვლინებები სასუნთქ გზებში იჩენს თავს. სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებები თავის მხრივ იყოფა ორ ჯგუფად, კერძოდ: ქვემო სასუნთქი გზების, რომელშიც შედის ბრონქული ასთმა და ზემო სასუნთქი გზების, რომელშიც შედის მაგალითად, ალერგიული სურდო, ალერგიული კონიუნქტივიტი და ასე შემდეგ. აქვე გეტყვით, რომ, როგორც ზედა, ისე ქვედა სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებები, არის როგორც სეზონური, ასევე არასეზონური. ეს ორივე დაავადება ძალიან მძიმედ და აგრესიულად მიმდინარეობს როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. მას განსაკუთრებული, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა ესაჭიროება. მთავარია, ადამიანმა ჩაიტაროს სინჯები ზუსტი სადიაგნოსტიკო საშუალებებით. ზოგადად, პაციენტისთვის შედარებით რთულია ქვედა სასუნთქი გზების, კერძოდ, ასთმის, ბრონქების დიაგნოზის დასმა, ესეც, იმ შემთხვევაში, თუ პროცესი მიმდინარეობს ატიპურად, ან მხოლოდ ხველა შეინიშნება. ეს პროცესი სპეციალისტს არ გამოეპარება, მაგრამ, კიდევ ვამბობ, დროულად უნდა მიაკითხოთ მას. ზედა სასუნთქი გზების ალერგია კი უფრო ადვილი ამოსაცნობია და თავადაც მიხვდებით პრობლემის არსებობას. შეიძლება, ადამიანს ახველებდეს დაახლოებით რვა თვის განმავლობაში და არ იცოდეს, რომ ეს, შეიძლება, ასთმური პრობლემა იყოს.

თუ გაციების შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში ხველა გაგყვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ დროებით ტრანზიტოლურ ასთმასთან გაქვთ საქმე. ის მიმდინარეობს მხოლოდ ხველით, მწვავდება სხვადასხვა მძაფრი სუნისა და გამაღიზიანებელი ფაქტორების არსებობის დროს და, შეიძლება, დიდხანსაც გაგყვეთ. ამას სპეციალისტები ეგრეთ წოდებულ „გარდამავალ ასთმას“ კი აღარ უწოდებენ, არამედ, „ჩამოყალიბებულ ასთმას“. თუ შეიძლება, რომ პრობლემა დროულად აღმოფხვრათ, რატომ უნდა გაირთულოთ საქმე? გაციებიდან გამოყოლილ ხველას მკურნალობა უნდა, ვინაიდან, თუ ის უყურადღებოდ დატოვეთ, დიდი შანსია, ასთმაში გადაიზარდოს. ამიტომ, დროში გაწელილი ხველის დროს საჭიროა, სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის კურსის დროულად დაწყება-ჩატარება. გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სეზონური ალერგიის დროს, იწყება სასუნთქი გზების პრობლემები: ცხვირში გაჭედვა, ცხვირის ქავილი, სურდო, ცემინება, თვალების ქავილი, ცრემლდენა, ყურების დაგუბება, ყნოსვის დაკარგვა, გემოვნების რეცეპტორების დაქვეითება. ამ დროს იშვიათად ვითარდება ბრონქოსპაზმი, ანუ ასთმური შეტევები. აქვე იმასაც გეტყვით, რომ, შესაძლოა, ადამიანს ამ დროს ასევე დაეწყოს კანის პრობლემები, გაუჩნდეს ჭინჭრისმაგვარი დაავადებისთვის დამახასიათებელი წვრილი გამონაყარი კანზე, შეუშუპდეს კანის გარკვეული ადგილები. ასე რომ, კლინიკური ნიშნები საგრძნობლად თვალში საცემია.

თუ ადამიანი დაკვირვებულია, მაშინ ადვილად გაარჩევს სურდოს ალერგიისგან. რინიტი, ანუ სურდო, სამი სახისაა: ალერგიული რინიტი, სეზონური რინიტი და ლაზორნოტორული რინიტი. ეს უკანასკნელი მთელი წლის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ის დაკავშირებულია არა გარემო ფაქტორებთან, არამედ ზემო სასუნთქი გზების სისხლძარღვების არაადეკვატურ რეაგირებასთან გარემო ფაქტორებზე. აქედან გამომდინარე, ის, შეიძლება, გამწვავდეს ადამიანის ემოციური გადატვირთვის დროს, ამინდის ცვლილებების ფონზე ან სხვადასხვა საკვების მიღებისას. ყველაზე კარგია, როცა ადამიანი ჩამოყალიბებულია და იცის, რომელი ტიპის სურდოს „ტყვეა“. ექიმის დანიშნულების გარეშე კი ამ დაავადების მკურნალობა ყოვლად დაუშვებელია, რადგან ზემოთ ჩამოთვლილ სამივე რინიტის სახეობას სხვადასხვა მედიკამენტით მკურნალობა სჭირდება. მაგრამ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ სურდო ალერგიული გენეზისაა, მაშინ, შეგიძლიათ, ანტიალერგიული პრეპარატები ექიმის დანიშნულების გარეშეც დალიოთ. თუმცა, გაფრთხილებთ: ამ დროს მკაცრად უნდა დაიცვათ მედიკამენტის მიღებისა და დანიშვნის პრინციპი, რადგან მათი დიდი ხნის განმავლობაში მიღება შეჩვევას იწვევს.

კატეგორიულად იკრძალება ამ დროს ცხვირის გამხსნელი, სიმპტომური, სურდოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება, რადგან მათი გარკვეული დროით მიღება იწვევს მედიკამენტურ რინიტს. ხომ ჯობია, ექიმთან გაარკვიოთ, რასთან გაქვთ საქმე და მერე დაიწყოთ მკურნალობა? დღეს უამრავი ალერგენი იყიდება აფთიაქებში და, თუ არ იცით თქვენი ზუსტი დაავადება და ამ პრეპარატების მიღების სწორი წესი, მაშინ დიდ პრობლემას შეუქმნით საკუთარ ჯანმრთელობას. მერწმუნეთ, ეს არ ღირს, რადგან ალერგია – ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პათოლოგია, რომელმაც, შესაძლოა, უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს. სხვათა შორის, პრაქტიკულად ყველა ის ფატალური შემთხვევა, რომელიც ბოლო დროს გამოვლინდა, ძირითადად გამოწვეული იყო არაქრონოლოგიური, პაციენტის საკუთარი დანიშნულებით მიღებული მედიკამენტების ბრალი. ასე რომ, შორს წასული ალერგია, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც გახდეს. თუმცა, იმასაც მნიშვნელობა აქვს, რომელ ალერგიაზე ვსაუბრობთ. როცა საქმე ეხება ზედა სასუნთქი გზების ალერგიას, ის ძალიან ტანჯავს ადამიანს და, არ არის გამორიცხული, გადაედოს ქვედა სასუნთქ გზებსაც. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ასთმა, რინიტი, კონიუნქტივიტი და ასეთი სეზონური ალერგია ბრონქიალურ ასთმაში გადადის. ეს დაავადება კი საკმაოდ არასასურველი და სერიოზულია. ასეთი ადამიანები გამუდმებით საჭიროებენ ექიმის კონტროლს, მედიკამენტების მიღებას. არასწორი მკურნალობა ამ შემთხვევაში, უბრალოდ, შეუძლებელია, რადგან სავალალო შედეგით მთავრდება. სამწუხაროდ, ბოლო დროს, ბრონქიალური ასთმის შემთხვევები საკმაოდ გახშირდა. აქვე გეტყვით, რომ ალერგიისგან განკურნებაზე დღესდღეობით ლაპარაკი რთულია, თუმცა, მისი მართვა შესაძლებელია. მთავარი და აუცილებელია, ალერგიულმა ადამიანებმა და არა მარტო მათ, სახლი ხშირად დაალაგონ სველი წესით, ქარიან ამინდში ქუჩაში სიარულისგან შეიკავონ თავი, დაიცვან ჰიგიენა და მოერიდონ ალერგიული საკვების მიღებას. დაავადების გართულების შემთხვევაში კი დროულად მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ სწორი მკურნალობის კურსი.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები