მეორეხარისხოვანი ბლოკირელიგიასხვა

როგორ ხვდებიან ადამიანები საიქიოში და რას გრძნობენ გარდაცვალების წინ?!

სულის არსებობისა და სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის რწმენა სულ უფრო და უფრო მტკიცდება. ამ თემაზე ეზოთერიკოსები და მეცნიერები დიდი ხანია მსჯელობენ, იკვლევენ ფაქტებს, აკეთებენ ანალიზს, ესაუბრებიან იმქვეყნად მყოფ ადამიანებს. მართალია, ჯერჯერობით მეცნიერულად დადასტურებული არ არის, მაგრამ, ახლაც უამრავი ადამიანი მოიძებნება, ვინც ამტკიცებს, კლინიკური სიკვდილი მქონდა, გვირაბი გავიარე და ბოლოში სინათლე დავინახეო. შეუძლებელია, ისინი ტყუოდნენ, თანაც, ბევრის ნათქვამი ერთმანეთს ემთხვევა. საიქიოს არსებობაში დღეს ეჭვი აღარავის ეპარება. კლინიკური სიკვდილი ადამიანებს ძირითადად ექსტრემალურ სიტუაციებში ემართებათ და, მათი თქმით, იმქვეყნად ბევრი რამ ნახეს, იხილეს გარდაცვლილი ახლობლები, ნათესავები და, ბოლოს, რაღაც ძალამ ისინი ისევ ამქვეყნად მოაბრუნა. თუმცა ვერავინ ხსნის, რა არის სიკვდილის წინა გამოცდილება. ერთ-ერთმა ამერიკელმა მეცნიერმაც სცადა ამ მისტიკური მოვლენისთვის ფარდის ახდა, წლები შეალია ამ ფაქტების კვლევა-ძიებას. უამრავ სხვა ადამიანთა შორის ის ქართველ კაცსაც ესაუბრა, რომელსაც შემთხვევით, მოგზაურობისას შეხვდა. მისი მტკიცებით, არსებობს მექანიზმი, რომლის წყალობითაც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავე მოვლენას ეჯახებიან.

ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ბატონი დავითი, სწორედ ის ადამიანია, რომელიც თავად შეხვდა ამერიკელ მეცნიერს და საკუთარი გამოცდილების შესახებ უამბო. წლების წინ მას საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა, ათეისტურ გარემოცვაში გაიზარდა და მასაც სჯეროდა, რომ იმქვეყნიური ცხოვრება არ არსებობდა, თუმცა დღეს ეჭვი აღარ ეპარება, რომ სიკვდილის შემდეგაც გრძელდება სიცოცხლე.

ბატონი დავითი: ჩემი აზრით, საიქიოს ხილვა ეს ძილის ნაირსახეობაა. უფრო კონკრეტულად კი – მისი ერთ-ერთი ფაზა, ეგრეთ წოდებული სწრაფი ძილის დარღვევა, რასაც თან ახლავს მთელი რიგი მოვლენები. თავად მე კომუნისტურ რეჟიმში გავიზარდე და თავის დროზე საკმაოდ მაღალი თანამდებობაც მეჭირა, კერძოდ, ერთ-ერთი რაიონის რაიკომის მდივანი გახლდით. ვერ გეტყვით და ვერ მოგატყუებთ, საიქიოს არსებობის მჯეროდა-მეთქი, კლინიკურ სიკვდილსა და გვირაბის ბოლოს სინათლის ხილვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მოკლედ, არ მჯეროდა ამ მისტიკური, ამოუცნობი და შეუცნობელი ფენომენების და რა მექნა?

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ისეთი რამ შემემთხვა, რამაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება და შეხედულებები. როგორც გითხარით, ერთ-ერთ რაიონში ვმუშაობდი, ჩემი ოჯახი კი თბილისში ცხოვრობდა. ამიტომ, ყოველ შაბათ-კვირას გზაზე ვიყავი გაკრული. ერთ ორშაბათ დღეს ადრიანად გავიღვიძე, რომ რაიონში წავსულიყავი. ცოლმა მთხოვა, დღეს ნუ წახვალ, დარეკე მოადგილესთან და რამე მოიმიზეზეო. გადავირიე, რას ჰქვია, მოვიმიზეზო, სამსახური სამსახურია და ვერ გავაცდენ, თან, საპატიო მიზეზი ხომ უნდა მქონდეს-მეთქი. თურმე ჩემს ცოლს რაღაც ცუდი სიზმარი უნახავს, მაგრამ არ მითხრა, დამიმალა. ისეთი განცდა მქონდა, მანამდე რომ არ მიგრძნია, თითქოს ყველაფერს ვემშვიდობებოდი, ბავშვებს ვუთხარი, აბა, თქვენ იცით, არ შემარცხვინოთ, კარგად ისწავლეთ და არ იცელქოთ-მეთქი. გაეცინათ – როდის იყო, ასე გვაფრთხილებდი, რა გჭირსო. ვისაუზმე, დავემშვიდობე ცოლ-შვილს და კიბე ჩავირბინე. სანამ მანქანასთან მივიდოდი, ვიგრძენი, ვერ ვიყავი კარგად. შევჩერდი, დავფიქრდი ცოლის ნათქვამზე, მართლა რამე ხიფათი ხომ არ მელის გზაზე, ნეტავ რატომ მთხოვდა დარჩენას-მეთქი. მოკლედ, ჩავჯექი მანქანაში და გზას დავადექი. გზაში ვფორიაქობდი, თითქოს რაღაცა არ მასვენებდა, თან საშინელი აზრებიც ამეკვიატა, გარდაცვლილი დედაც გამახსენდა. თან ცოლზე ვბრაზობდი, სულ იმის ბრალია ყველაფერი-მეთქი. იგოეთს რომ მივუახლოვდი, ჩემს უკან მომავალმა მანქანამ საშინელი სისწრაფით გამისწრო, საპირისპიროდ მომავალ, წინმხვედრ მანქანას გვერდი ვეღარ აუარა და დაამუხრუჭა. მეც სწრაფად დავამუხრუჭე, საჭე მარჯვნივ ავიღე ვიფიქრე, არ დავარტყა-მეთქი და ამოვტრიალდი. ეს კი მახსოვს, მაგრამ ამის მერე მთელი ერთი თვე კომაში ვიყავი. კლინიკური სიკვდილი გადავიტანე. რომ ამბობენ, ცხოვრება კადრებივით ჩაუვლის ადამიანს ექსტრემალურ სიტუაციაშიო, სწორედ ეს დამემართა. ახლა აღარ მეპარება ეჭვი, რომ კლინიკური სიკვდილი ნამდვილად შესაძლებელია და არც მაშინ ტყუიან ადამიანები, როცა ამბობენ, გვირაბი გავიარე და ბოლოში სინათლე ჩანდაო.

როგორც ყველა იმქვეყნად დროებით მოხვედრილი ადამიანი ამბობს, მეც ენით აუწერელი სილამაზე, სიმშვიდე და ნეტარება განვიცადე და ვიხილე. არ მინდოდა აქეთ დაბრუნება. დედაჩემი შემეგება პირველად და, სხვათა
შორის, არ გახარებია ჩემი დანახვა. მითხრა, ვიცი, შენი დრო ჯერ არ დამდგარა და ჩემს სანახავად დროებით მოხვედიო. რაც კლინიკური სიკვდილი მქონდა ტკივილი არ მიგრძნია, ჩიტივით ვიყავი. გამოფხიზლებისას კი ისეთი ტკივილი ვიგრძენი, ვერ აგიწერთ. მთელი ერთი თვე ვიყავი კომაში, გამოფხიზლებულს კი, მეგონა თითქოს სულ რაღაც ხუთი წუთი იყო გასული. მეტსაც გეტყვით: საერთოდ, ტვინს ასი პროცენტით არასდროს სძინავს და არც ასი პროცენტით იღვიძებს, ყველაზე საინტერესო კი სწორედ მაშინ იწყება, როცა ძილი და სიფხიზლე ერთმანეთს ეჯახება. ამ თემით თავად დავინტერესდი და წლებია ინფორმაციებს ვაგროვებ. მინდა, ამის შესახებ წიგნიც გამოვცე, როცა მზად მექნება მასალები. მოკლედ, მეცნიერებმა გაშიფრეს საიქიოს მყოფ ადამიანთა ხილვები. მათი თქმით, გვირაბი ადამიანის ტვინში კეფის მხარეს ჩნდება. ამ დროს მხედველობის არე მკვეთრად ვიწროვდება და თვალის გუგა ბუდის ცენტრალურ ნაწილშია გაჩერებული. შედეგად იქმნება ილუზია, რომ ადამიანი გვირაბს ხედავს. მთელი ცხოვრება თვალწინ გაირბენს, გამოჩნდებიან გარდაცვლილი ნათესავებიც. ერთი სიტყვით, დროებით ხვდები, იქ, სადაც ჯერ ადრეა მისვლა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ტვინში ის ნაწილები ამუშავდა, რომლებიც ხანგრძლივ მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. ეს ნაწილი პირველი ჩაირთვება, როცა კრიზისი გაივლის.

სული სხეულს რომ ტოვებს, ეს ფენომენიც შეიძლება აიხსნას. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა გათიშვის პირას მყოფი ადამიანის ტვინში ქაოსურად აქტიური ის ნაწილი ხდება, რომელიც მხედველობის, შეხებისა და წონასწორობის ორგანოებთანაა დაკავშირებული. შედეგად სიგნალები ირთვება ერთმანეთში, ანუ, ტვინი უგზავნის მხედველობის ორგანოს ინფორმაციას სივრცეში სხეულის მდგომარეობის შესახებ. ასე ჩნდება ცრუ სურათები, გამოფხიზლებისას კი ადამიანს ახსენდება, თითქოს საკუთარ თავს ზემოდან უყურებდა; თითქოს სიზმარში ნახა, ის რაც რეალურად გადახდა; ახსენდება ცხოვრებისეული, მნიშვნელოვანი მომენტები; თითქოს ტვინში ხან რაღაც ირთვებოდა, ხან ითიშებოდა და მერე ისევ თავიდან იწყებდა მუშაობას. აქედან მოდის ხილვებიც. ადამიანი ცხადსა და სიზმარს კარგად არჩევს ერთმანეთისგან და, რომ მეუბნებიან, შენ იმქვეყნად კი არ იმოგზაურე და კლინიკური სიკვდილი კი არ გქონდა, არამედ, სიზმრებს ნახულობდი და ახლა ისინი გახსენდებაო, მწყინს. დამიჯერეთ, მე ის ადამიანი არ ვარ, მოვიტყუო, ან, სიზმარი ხილვისა ან რეალობისგან ვერ გავარჩიო. სხვათა შორის, ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა კლინიკური სიკვდილის შემთხვევები. ვერ გეტყვით, რა არის ამის მიზეზი. შესაძლოა, ადრე ამას არ ახმაურებდნენ, დღეს კი თამამად ლაპარაკობენ ამაზე და, არც იმის ეშინიათ, ვინმე გიჟად შეგვრაცხავსო.

fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები