მედიცინაქალი და მამაკაცი

როდის ხდება არასრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება ოჯახის დანგრევის მიზეზი და რატომ იწყება სექსში პრობლემები ადრეულ ასაკში

სამწუხაროდ, დღეს ბევრ ახალგაზრდას აწუხებს სექსუალური პრობლემები. ზოგიც არასწორი სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობს და ამის გამო, ხვალ მისთვის ამ მხრივ პრობლემა გარდაუვალი გახდება. ასეა თუ ისე, სექსუალური კულტურა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ უცხო ხილია. ამ თემაზე არა მარტო ასაკში შესული ადამიანები, არამედ ახალგაზრდებიც, საუბარს ერიდებიან, საკუთარი გამოცდილებით იწყებენ ცხოვრებას და სექსუალურ სფეროში უამრავ შეცდომას უშვებენ. ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ ექიმ-სექსოლოგ პაატა სოფრომაძეს, რომელმაც მეტად საინტერესო და დასაფიქრებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.


– ბატონო პაატა, სამწუხაროდ, ბიჭებში ადრეული ასაკიდანვე ჩნდება პრობლემები სექსუალური ცხოვრების დროს. თქვენი, როგორც კომპეტენტური ადამიანის აზრით, რაშია საქმე?

– ეს პრობლემები დღეს არ დაწყებულა. რაც სექსი არსებობს, ეს პრობლემები იმ დღიდან ჩნდება. პრობლემები სხვადასხვაგვარია და გამოვლინებები სხვადასხვაგვარი აქვს. ამიტომ, ყველა გამოვლინებას თავისი მიზეზი აქვს. რაც შეეხება სექსუალური პრობლემების გაახალგაზრდავებას, ამის სტატისტიკა არ არსებობს. საქართველოში სექსუალური რევოლუცია უკვე დაწყებულია და ეს ფაქტია. რაც ადრე იწყებს ადამიანი სექსუალურ ცხოვრებას, პრობლემებიც ადრეულ ასაკში ჩნდება. ამიტომ ამბობენ, ასაკი გაახალგაზრდავდა სექსუალური პრობლემების მხრივო. სხვათა შორის, გამონაბოლქვი, გენმოდიფიცირებული, არაჯანსაღი საკვები, სტრესები და ასე შემდეგ, არა მარტო სიცოცხლის ხანგრძლივობაზე აისახება უარყოფითად, არამედ, ნეგატიურად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზეც.

– ეს ყველაფერი ქალის პოტენციაზეც მოქმედებს?

– ქალის პოტენცია, მამაკაცის პოტენციისგან მკვეთრად განსხვავდება. მამაკაცისა და ქალის სექსუალურობა აბსოლუტურად სხვადასხვა მცნებაა. მამაკაცის სექსუალურობაში დიდი როლი უჭირავს ფიზიოლოგიურ ბაზისს, ხოლო ქალში მთავარი ფსიქოლოგიური მომენტია, და არა ფიზიოლოგიური ფაქტორი. მაგალითად, მამაკაცი, რომელსაც აქვს ფიზიოლოგიური პრობლემები, მეტი შანსია, სექსში წარუმატებელი იყოს, ანუ პრობლემები შეექმნას ამ მხრივ. ქალს კი შესაძლოა, ამ დროს პრობლემა არ ჰქონდეს. არსებობენ კაზანოვა-მამაკაცები, ანუ მოთამაშე ტიპის, რომლებიც სექსში მხოლოდ სიამოვნებას ეძებენ. აქ მთავარი მათი წამყვანი ფსიქოლოგიური მხარეა. ასევე, არსებობს შაბლონურ-რეგლამენტირებული ტიპის მამაკაცები – მათთვის სექსში მთავარი მხოლოდ ფიზიოლოგიური მომენტია. კაზანოვა-მამაკაცი სიამოვნებას ეძებს, შაბლონური ტიპი კი – მხოლოდ ფიზიკურ მომენტს. ქალის შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს სექსში პარტნიორს, სიტუაციას, დროს და ასე შემდეგ.

– საშუალოდ, რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს სექსუალური აქტი ჯანმრთელ წყვილს შორის?

– ძალიან საინტერესო კითხვაა და ამაზე სწორ პასუხს, ალბათ ვერც ერთი ადამიანი ვერ გაგცემთ. ყველა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გიპასუხებთ. ბევრი შემთხვევაა, როცა მამაკაცს ხანმოკლე სექსუალური აქტი აქვს პარტნიორთან და ამას თავად ვერ აღიქვამს, ეს დრო ნორმალური ჰგონია. ამ დროს ქალი უფრო გვაძლევს ობიექტურ შეფასებას, ვიდრე მამაკაცი. საშუალოდ, სექსუალური აქტი უნდა გრძელდებოდეს წუთიდან დაახლოებით 3-4 წუთამდე. თუმცა, აქვე ვაღიარებ, რომ ყველა სექსუალური აქტის ხანგრძლივობა, მაინც ინდივიდუალურია. ის დამოკიდებულია, ადამიანის მდგომარეობაზე, სიტუაციაზე, გარემოზე, სასმელსა და ნარკოტიკზე, აქტიდან აქტამდე გასულ დროზე და ასე შემდეგ. ქალი სექსუალური დროის ხანგრძლივობას უფრო ობიექტურად საზღვრავს, ვიდრე – მამაკაცი. სხვათა შორის, ბევრ მამაკაცს, სექსუალური აქტი რომ გაიხანგრძლივოს, ყურადღება სხვა რამეზე გადააქვს. მაგალითად, აქტის დროს ხსნის გონებაში მათემატიკურ ან ფიზიკურ ამოცანას, ფიქრობს განყენებულ თემებზე და ამით დროს ახანგრძლივებს. არც ერთი ქალი კი ამაზე არ ფიქრობს, უფრო სწორად, ყურადღება თუ გაეფანტა, ის სექსში ვერც ჰარმონიას და ვერც სიამოვნებას ვერ მიაღწევს. ქალის სექსუალურობა მის ფსიქიკასთან უფრო მჭიდრო კავშირშია, ვიდრე მამაკაცის. ახლა პარადოქსულ რამესაც გეტყვით, კერძოდ, არსებობენ ქალები, რომლებიც ორგაზმს ვერ აღწევენ სექსუალური აქტის დროს, მაგრამ განიცდიან უდიდეს სიამოვნებას მამაკაცთან ურთიერთობის დროს. ეს იცით, რას შეგვიძლია შევადაროთ? ადამიანს რომ აჩუქოთ წიგნი, რომლის შინაარსიც არ გესმით, მაგრამ იცით, რომ ეს წიგნი მას ძალიან გაახარებს. აქ არეკლილ სიამოვნებაზე ვსაუბრობთ, რომელიც ბევრისთვის გაუგებარია, მაგრამ სპეციალისტებისთვის, საკმაოდ ნაცნობი თემაა.

– ეს, თუ არ ვცდები, სამედიცინო ენაზე ანორგაზმიაა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა იწვევს ამას, და ხშირია თუ არა ეს პათოლოგია?

– დიახ, ანორგაზმია არის ბიოლოგიურად ორგაზმის მიუღწევლობა. მისი გამომწვევი შეიძლება, იყოს ფიზიოლოგიური მომენტი, მაგრამ არ არის გამორიცხული, მისი მიზეზი ქიმიურიც აღმოჩნდეს. მამაკაცის სექსუალურობა ცოტა წახალისებულია. ამ მხრივ კი ქალი შეზღუდულია. დააკვირდით, მამაკაცისთვის პირველი სექსუალური აქტი სიამოვნებასა და განცდილ ორგაზმთან ასოცირდება, ქალისთვის კი ეს შიშს და ტკივილს უკავშირდება, იქ კი ორგაზმზე საუბარი ზედმეტია. არადა, ნორმალური სექსუალური კულტურის ცოდნა ამ შიშს და ტკივილს ხსნის. აღნიშნულ ფაქტს, ქალისთვის არასასურველი შედეგიც აქვს, ანუ სექსუალურობა მასში უარყოფით განცდებს წვევს. ასევე, რომ იგებს მამა მის ვაჟს ურთიერთობა ჰქონდა ქალთან და მან ბუნებრივი მოთხოვნილება დაიკმაყოფილა, სიამაყით ამბობს, ჩემი შვილი დაკაცდაო. მაგრამ, აბა, გაიგოს, რომ იგივე სექსუალური, ბუნებრივი მოთხოვნილება მისმა გოგონამ დაიკმაყოფილა, მსოფლიოს შეძრავს, ეს რა ჰქენი, შვილო, თავი მომჭერიო (იცინის). აი, სამწუხაროდ, რეალობა ასეთია. ისე, გაგებას გააჩნია, თორემ, ერთი კახელი მეგობარი მყავს და ამას წინათ იხუმრა, ისე გავრცელდა პედერასტობა, ისევ გოგო მყავდეს მირჩევნია, დიდი-დიდი, გამიბოზდეს, მეტი ხომ არაფერიო (იცინის). რაც შეეხება ანორგაზმიას, ბევრი წყვილი მოსულა ჩემთან და უთქვამთ – გვიყვარს, გადასარევად ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ სექსუალური აქტის დროს ცოლი ვერ განიცდის ორგაზმსო. ეს პრობლემაა, რომელსაც ბევრი წყვილი მალავს. აქ სამარცხვინო არაფერია და აუცილებელია, შესაბამის სპეციალისტთან ვიზიტი.

– ამ დროს, ქმრის დამოკიდებულებას ცოლის სექსუალურობის მიმართ მთავარი მნიშვნელობა არ ენიჭება?

– ქმრის დამოკიდებულებას ცოლის სექსუალურობის მიმართ, რასაკვირველია, მთავარი როლი აკისრია სექსუალური აქტისა და ორგაზმის დროს. ბევრ მამაკაცს, ვერ წარმოუდგენია, რატომ უნდა აღვიძებდეს ის საკუთარ ცოლში სექსუალურობას. ანუ, ის ცოლში ხედავს შვილების დედას, მეოჯახეს და არა სექსუალურ პარტნიორს. ეს არასწორი მიდგომაა და ასეთ წყვილს შორის სექსუალური თანაცხოვრება, რასაკვირველია, სრულყოფილი და დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება. ასე რომ, ბევრ კაცს რომ ვკითხე, ცოლში თუ აღვიძებ სექსუალურობას საწოლში-მეთქი, გაუკვირდა, რატომ უნდა ვაღვიძებდეო. სექსის მიმართ შეიძლება, როგორც წამახალისებელი, ასევე ნეგატიური დამოკიდებულება გქონდეს ადამიანს და ამას თავად განსაზღვრავ. შემიძლია, ხმამაღლა გითხრათ, რომ საქართველოში სექსის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაა და ეს წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. თუ კომპლექსები არ მოვიცილეთ და „ჩავიციკლეთ“, ვერასდროს მივაღწევთ სიამოვნებას სექსუალური თანაცხოვრების დროს.

– თუ გაკითხავენ სექსუალური პრობლემებით დღეს და თუ შეინიშნება ამ მხრივ რაიმე პროგრესი?

– გეტყვით, რომ ძალიან ცოტა ლახავს ბარიერს, რომ საკუთარი სექსუალური პრობლემით ექიმს მიმართოს. ასევე, უმჯობესია, როცა სექსუალური თანაცხოვრებისას რაიმე პრობლემაა, ორივე პარტნიორი მოვიდეს ექიმთან და არა – ერთი. ზოგადად კი, ქალთან მუშაობა ამ კუთხით ძალიან რთულია. თუ ვამბობთ, რომ ქალის სექსუალურობა მის ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული, მაშინ გამოდის, რომ მას ფსიქოლოგიურად უნდა მიუდგე. მამაკაცი კი ფიზიოლოგიურ მომენტზეა დამოკიდებული და ამიტომ, ძლიერი სქესი უფრო ხშირად აკითხავს ექიმს, – ფიზიკური ფორმის აღსაღდგენად და სექსში თავისი უძლურების დასამარცხებლად. ქალის სექსუალურ მდგომარეობას მისი ნაამბობიდან ვხვდებით და არა გამოკვლევებით. მაგალითად, როგორ იზრდებოდა, რა ინფორმაციას აწვდიდნენ მას ამ თემაზე, როდის დაიწყო სექსუალური ცხოვრება და ასე შემდეგ. ამიტომ, როცა მამაკაცი მოდის და არ ჰყავს პარტნიორი, ვიწყებთ მასთან მუშაობას და ბოლოს ვთხოვთ, მოძებნოს სექსუალური პარტნიორი. თუ ის სექსუალურობის რეალიზებას ვერ მოახდენს, მაშინ რა აზრი აქვს მკურნალობას? სხვათა შორის, განქორწინებებმა კატასტროფულად იმატა და ამის მთავარი მიზეზი, დამიჯერეთ, სექსუალური პრობლემებია. ოჯახს არ ანგრევს კონკრეტული მიზეზი, მას ანგრევს მოულოდნელი ფაქტი და ეს უდავოა. ამიტომ, მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიიღოთ იმ ადამიანისგან, ვისთანაც აპირებთ დაოჯახებას და ამასთან წინასწარი სექსი არაფერ კავშირშია. სექსი ორი ადამიანის ურთიერთობის მწვერვალია და თუ ამ მწვერვალს ურთიერთობის დაწყებისთანავე არ დაიპყრობთ, რა პრობლემაა? სექსი დღესასწაული უნდა იყოს ცოლ-ქმარს შორის და თუ ამ დროს რაიმე პრობლემა ან წარუმატებლობა იჩენს თავს, ეს ტრაგედიაა და არა დასაცინი, ან დასაძრახისი ფაქტი.

ნონა დათეშიძე

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები