ისტორია

რომელი ქართველ დედოფალზე იყო შეყვარებული მოლა ნასრედინი.

გურჯი ხათუნი, იგივე თამარ ბაგრატიონი, თამარ მეფის შვილიშვილი და რუსუდან მეფის ქალიშვილი იყო. ის ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი მძლავრი პოლიტიკოსი გახლდათ. გურჯი ხათუნი 13 წლის ასაკში მიათხოვეს რუმის სელჩუკთა 17 წლის სულთანს – ქეიჰუსრევ მეორეს. რა თქმა უნდა, ეს ქორწინება, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. თუმცა, გურჯი ხათუნის სილამაზემ პოლიტიკა უკან გადადო და ის სულთანს თავდავიწყებით შეუყვარდა.

სელჩუკთა სახელმწიფოში მრავალი მომლოდინე გაოგნებული იყო 13 წლის ქართველი ქალწულის სილამაზით, სათნოებითა და გულუხვობით. მნახველები თამარს არ აკლდებოდა. მაგალითისთვის, იბნ ბიბის გადმოცემით, მრავალი ქართველი ქორწილის შემდეგ უკან არ გაბრუნებულა და სამუდამოდ დარჩა კონიაში (რუმის სელჩუკთა დედაქალაქში). მინდა აღვნიშნო, რომ სელჩუკთა დიდი ისტორიკოსი იბნ ბიბი არ გამოირჩევა ქართველებისადმი კეთილგანწყობით. მეტიც, სულ დამამცირებელი ეპითეტებით ამკობს მათ. თუმცა, კარდინალურად განსხვავებულია მისი შეხედულებები თამარ ბაგრატიონზე. იგი აღტაცებულია ამ ქალის გარეგნობითა და ყველა ქმედებით. ფაქტობრივად, ღმერთის წყალობადაც კი აფასებს ამ ქალის სელჩუკეთის მიწაზე მობრძანებას.

არის გადმოცემები, რომ თვით ცნობილი მოხეტიალე და მოარაკე – მოლა ნასრედინი, რომლის ოხუნჯობანი დღესაც კი აქტუალურია, უზომოდ იყო გურჯ ხათუნზე შეყვარებული, რის გამოც იგი სულთანმა სამაგალითოდ გააწკეპლინა. გარდა ამის, გურჯი ხათუნი უამრავი პოეტისა და მხატვრის მუზა იყო.

მუსლიმ მამაკაცებს ოთხი კანონიერი ცოლის ყოლის უფლება ჰქონდათ, თუმცა მათი ჰარამხანები სავსე იყო ათეულობით და ზოგჯერ ასეულობით მანდილოსნითაც. მათ შვილებს რომ შემდეგ სასულთნოზე არანაირი პრეტენზია არ გამოეხატათ, წესის თანახმად, პირველი ცოლის შვილს ჰქონდა ყველაზე დიდი შანსი გამხდარიყო მემკვიდრის დედა.

რაც შეეხება თამარს, ის ქეიხუსრევის მესამე ცოლი იყო. თუმცა მისმა სილამაზემ და გამჭრიახობამ, ქეიჰუსრევის უსაყვარლეს მეუღლედ აქცია იგი, რამაც ძალიან გააღიზიანა სულთნის დანარჩენი ცოლები. მათ გურჯი ხათუნის მოწამვლაც კი სცადეს, სულთნის პირველი მეუღლის თაოსნობით. ამით განრისხებულმა სულთანმა პირველი ცოლი სიკვდილით დასაჯა.

ქორწილის პირობების თანახმად, თამარი ქრისტიანად უნდა დარჩენილიყო ქორწინების შემდეგაც, თუმცა რუსუდან მეფის უსაქციელობის გამო, მას არჩევანი აღარ დარჩა და ქმრის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, რჯული შეიცვალა. რუსუდანმა თამართან გააგზავნა მისი ძმისშვილის – ლაშა-გიორგის შვილი, დავითი, შემდგომში ულუდ წოდებული. რუსუდანს, დავით ლაშას ძე თავისი შვილის – დავით რუსუდანის ძის კონკურენტად ესახებოდა საქართველოს ტახტზე და ამიტომ გურჯ ხათუნს მისი მოკვლა დაავალა. თუმცა, გურჯმა ხათუნმა, არათუ შეასრულა დედამისის დავალება, პირიქით, სრულ კომფორტსა და ფუფუნებაში ამყოფებდა თავის ბიძაშვილს. ამით განრისხებულმა მეფე რუსუდანმა, საკუთარი შვილის წინააღმდეგაც გაილაშქრა და სიძეს – რუმის სულთანს მისწერა: დაბრმავებულხარ და ვერ ხედავ, როგორ გღალატობს ცოლი ლაშა-გიორგის ძესთანო.

ქეიჰუსრევი ძალიან განრისხდა, ცოლი ისე სცემა, რომ სიკვდილის პირას მიიყვანა, დავითი კი დილეგში ჩააგდო. სულთანმა გურჯ ცოლს ულტიმატუმი წაუყენა, რომ მას აუცილებლად რჯული შეეცვალა. გურჯმა ხათუმა ისლამი მიიღო, თუმცა, ქრისტიანული სათნოება, ისლამურ სათნოებაში ჰპოვა. ამ პერიოდში რუმის სასულთნოში მოღვაწეობდა შუა საუკუნეების დიდი მოაზროვნე და პოეტი ჯალალ ედდინ რუმი. გურჯი ხათუნი ამ პიროვნებას დაუახლოვდა და მისი მოწაფე და მფარველი შეიქნა.

ქეიჰუსრევი მალევე მიხვდა, რომ რუსუდანმა ის საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და გურჯ ხათუნს პატიება სთხოვა. მათი სიყვარული, ქეიჰუსრევის ბურუსით მოცულ სიკვდილამდე გაგრძელდა. წყაროების მიხედვით, ქეიჰუსრევი აბანოში დაიხრჩო. თუმცა, ამბობენ, რომ მის დახრჩობაში დიდი წვლილი მიუძღოდა მის პირველ ვეზირს ფერვანეს. ქეიჰუსრევის გარდაცვალების შემდეგ, რუმის სულთანი და ბატონი სწორედ ეს ფერვანე გახდა. აღსანიშნავია, რომ გურჯი ხათუნის ქმრის მკვლელმა, იძულებითა და ძალდატანებით იქორწინა გურჯ ხათუნზეც. ფერვანესაც იგი სიგიჟემდე უყვარდა. ყველაფერს უსრულებდა და იმდენად ანებივრებდა, რომ უბრალო მიზეზის გამო გურჯმა ხათუნმა, სასახლე დატოვა და ფერვანეს განერიდა. სულთანმა მის დასაბრუნებლად და პატიების სათხოვნელად, ჯალალ ედდინ რუმიც კი გაგზავნა შუამავლად. თავდაპირველად, გურჯი ხათუნი შერიგებას იმ პირობით დათანხმდა, თუ მას ფერვანე გაეყრებოდა, მაგრამ შემდეგ ჯალალ ედდინ რუმის დიდი მოთხოვნით, გურჯი ხათუნი სულთანს შეურიგდა.

ამის შემდეგ რუმის სელჩუკთა სასულთნოს მონღოლები შემოესივნენ და თამარი იძულებული გახდა თავის ვაჟთან ერთად კონია დაეტოვებინა და ლტოლვილობაში წასულიყო. თუმცა, ლტოლვილობამ ის დიდ განსაცდელს ვერ აარიდა. ნახევარძმების მოთხოვნით, თამარისა და ქეიჰუსრევის შვილი მოკლეს. რადგან ქეიჰუსრევმა სიკვდილამდე, მის შემცვლელად, თამართან შეძენილი ვაჟი აღიარა. სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზიც. შვილის სიკვდილმა საბოლოოდ გატეხა წელში გურჯი ხათუნი. მისი სიკვდილის შესახებ წყაროებში არაფერია მოთხრობილი და გადმოცემები კი ურთიერთგამომრიცხავია. ზოგი გადმოცემით, იგი კონიაში გარდაიცვალა, ზოგის მიხედვით კი, საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებს.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები