ეზოთერიკა

რომელი ქართული ნუგბარია ოჯახიდან ავი სულის განმდევნელი, სანაცვლოდ კი – სიუხვის შემომტანი და რატომ უნდა ატაროთ ჯიბით კაკალი?!

ახალი წელი, ახალი იმედებით, სურვილებითა და უკეთესი მომავლის მოლოდინით. საზეიმო განწყობაა ყველა ოჯახში და რა თქმა უნდა, როგორც წესი და რიგია, დაცულია ტრადიციული საახალწლო ნორმები და ატრიბუტიკა: მორთული და აციმციმებული ნაძვის ხე და ჩიჩილაკი; ფიფქები და თოვლის ბაბუ თუ სანტა კლაუსი და რა თქმა უნდა, საცივი და გოზინაყი, რომლის გარეშეც, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ახალი წელი, უბრალოდ, არც კი დადგება. ალბათ, იტყვით, რა შუაშია საცივი და გოზინაყი შეუცნობელთანო და აი, მივადექით კიდეც სათქმელს. ამჯერად, ჩვენი რუბრიკის „გმირია” გოზინაყი და მისი შემადგენელი კომპონენტები – თაფლი და ნიგოზი. აღასანიშნავია, რომ ეს ქართული ნუგბარი, რომელიც უხსოვარი დროიდან, ანუ, რაც კი ახალი წლის აღნიშვნა დაიწყეს ჩვენში, ამ რიტუალის სიმბოლოა, უმიზეზოდ არ შეურჩევია ჩვენს წინაპარს და თუ რატომ, ამას პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოს ქალბატონ ნანასგან შევიტყობთ.

– ორივე პროდუქტი – თაფლიც და ნიგოზიც, რომლისგანაც მზადდება გოზინაყი, განსაკუთრებული თვისობრივი ნიშნითა და შემადგენლობით გამოირჩევა და აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მისი მისტიკური დატვირთვაც, ასევე, განსაკუთრებული იქნება…

–  დიახ, ყველაფერი აქედან მომდინარეობს. თავდაპირველად, ცალ-ცალკე ავხსანათ ორივე კომპონენტის სიმბოლიკა. მოგეხსენებათ, თაფლი როგორც უკვდავების სიმბოლო, მიჩნეულია, რომ ძალას, სიმამაცეს ჰმატებს, ნაყოფიერებასა და პოტენციას ამაღლებს. ასტროლოგები მას მზარდ მთვარეს ადარებენ და შესაბამისად, ზრდასა და განვითარებას უკავშირებენ. მითოლოგიურად, თაფლი ღმერთების საკვებია და უფლის სიტყვათა სიტკბოებას გადმოსცემს; პოეტური გენიის, მჭევრმეტყველების, სიბრძნის წყაროა და ამიტომ, ძველი ბერძნების აზრით, სწორედ ფუტკრები უვსებდნენ პირს თაფლით ჰომეროსს, საფოს, პლატონს და სხვა გენიოს შემოქმედსა თუ მეცნიერს. თაფლი მიაჩნდათ საკვებად როგორც ცოცხალთათვის, ისე მკვდრებისთვისაც, რადგან უხრწნელად შენახვის თვისება აქვს. სხვაც ბევრი რამ შეიძლება, ჩამოვთავალოთ, მაგრამ უმთავრესი მაინც ეს გახლავთ. ამიტომ, უმჯობესია, გადავიდეთ მეორე კომპონენტზე. ნიგოზი ანუ კაკალი – ნაყოფიერების სიმბოლოდაა მიჩნეული და განაკუთრებული „გონიერებით” გამოირჩევა, რაშიც ეჭვი რომ არ შეგეპაროთ, კაკლის შიგთავსს დააკვირდით და მიხვდებით – ადამიანის ტვინის ზუსტი ანალოგია. ამიტომაცაა, რომ მედიცინაში ის სასარგებლოა, თავის ტვინიდან დაწყებული, გულ-სისხლძარღვთა, ძვალსახსროვანი სისტემებისა თუ სხვა შინაგანი ორგანობის ჩათვლით, კანისა და თმის ხარისხისთვისაც კი.

– თაფლი და კაკალი კი ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, უდიდეს ენერგიას კრავს…

– სწორედ ასეა და ამას ისიც ემატება, რომ ახალი წლის შემოსვლასთან ერთად, ენერგეტიკულ ძალთა გადაბალნსება ხდება და ამ დროს „გაფაციცებულია” ბნელი ძალებიც. ამიტომ, ისე უნდა დავუხვდეთ ახალ წელს, ბალანსი ჩვენდა სასიკეთოდ დადგეს და მერე, მთელი წელი კარგად წარიმართოს. შესაბამისად, ჩვენმა ბრძენმა წინაპარმაც, რომ იტყვიან, „ათიანში გაარტყა” და გოზინაყის სახით, უძლიერეს კომპონენტთაგან შეკრული „ენერგეტიკული თაიგული” შეაგება მას.

– კერძოდ, რას გვპირდება, ახალ წელთან ერთად, გოზონაყი?

– უპირველესად, სახლის სიმტკიცეს, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ სახლის ასაშენებლად ვარგისი ადგილის შერჩევაც კი თაფლზეა დამოკიდებული. ამისთვის შემდეგ რიტუალს ატარებენ: არჩეულ ადგილას ღამით, პატარა ორმოში თაფლით სავსე ჭურჭლი უნდა დატოვოთ. თუ დილით მასში ჭიანჭველები დაგხვდათ, შეგიძლიათ, უკვე საძირკვლის ჩაყრა დაიწყოთ. მერე კი სახლს ბარაქა რომ არ მოაკლდეს თაფლი მოიმარაგეთ. ოჯახური კერაც რომ გაჩაღდეს, საბედოს მოსახიბლად და მოსაჯადოებლად, პირდაპირი მნიშვნელობით, მისი მოთაფვლაა საჭირო – უმასპინძლეთ სტუმარს თაფლით და თქვენი სითბო, სიყვარული მასაც დაატკბობს – თან წაჰყვება და არასდროს დაავიწყდება. ეს ყველაფერი, თაფლთან ერთად, გოზინაყზეც გადადის, რა თქმა უნდა, თაფლის უკვე ზემოაღნიშნული თვისებების ჩათვლით. ამას დამატებული ნიგვზის ფენომენი კი, ფანტასტიკურ გემოსთან ერთად, სიკეთისა და სარგებლიანობის ერთგვარ კასკადს ქმნის ამ ქართულ საახალწლო ნუგბარში…

– კაკლის სიმბოლოკასა და თვისებებზე კი ვისაუბრეთ, მაგრამ არაფერი გვითქვამს: როდის რას გვიწინასწამეტყველებს ის და რა რიტუალებია საჭირო, ამა თუ იმ სურვილის ასასრულებლად.

–  საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია, რამდენიმე ეპიზოდის მოყოლა, რაც სწორედ თქვენი კითხვის პასუხია. ჩემს ქორწილში, ოცი წლის წინ, სოფლიდან შორეული ნათესავი გვეწვია და ყველას გასაკვირად, ერთი ტომარა კაკალი ჩამოგვიტანა საჩუქრად, ბედნიერები იქნებით და ყველაზე სანუკვარი ოცნება აგისრულდებათო. გულში კი გამეცინა მის გულუბრყვილობაზე, მაგრამ დრომ მალე დაგვანახვა ჭეშმარიტება – სულ რომ არ მოველოდით, საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნებულებს, ქმრის ბიძამ ასეთი პირობა წამოგვიყენა: თუ პირველი ბიჭი გეყოლებათ, ჩემს ბინას გადმოგიფორმებთო. იმ ერთი ტომარა კაკლის ბრალი იყო-მეთქი, ვერ დავიჩემებ, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ჰო, კიდევ, ბავშვობაში, ზაფხულობით სოფელში რომ ჩავდიოდი, გოგოებმა, კაკალზე მკითხაობა ვიცით და საბედოს შესახებ ყველაფერს გაიგებო. რიტუალი ასეთი იყო: ორმა გოგომ ღამით, კაკლის ნაჭუჭის ჩვენ-ჩვენს ნახევარში პატარა სანთლები დავამაგრეთ, წყლიან ჯამში ჩავუშვით და დავანთეთ. რომლის სანთელიც ადრე ჩაიწვებოდა, პირველი ის გათხოვდებოდა. ჩემზე ადრე მეორის სანთელი ჩაქრა და თქვენ წარმოიდინეთ, მართლა ის გათხოვდა პირველი. მას მერე კაკალთან დაკავშირებულ ყველა მინიშნებას ვითვალისწინებ და შესაბამისად: ჯიბეში კაკალს არასდროს გამოვილევ. აი, ახლაც თან მაქვს – ამიტომ არც ფული მელევა. ორგულიანი კაკალი თუ შემხვდა, ვიცი, რომ ბედნიერების ნიშანია და ერთს მაშინვე შევჭამ, მეორეს კი – მარცხენა მხარსუკან გადავაგდებ და სურვილსაც ჩავუთქვამ. თან, ხმას მანამ არ ამოვიღებ, სანამ ისეთ რამეს არ მკითხავენ, პასაუხად „კი” ვუთხრა. ასე, თითქმის ყოველთვის შემსრულებია სურვილი. მაგრამ, გაითვალისწინეთ, როცა შეყვარებულთან ერთად ხართ, ორივემ უხმოდ, იქვე, უნდა შეჭამოთ ორგულა კაკლიდან თქვენი წილი… დაბოლოს, ახალი წლის სამზადისს რომ შეუდგებით და კაკალი უნდა მოამზადოთ საცივისა თუ გოზინაყისთვის, აიღეთ მუჭით რამდენიმე ცალი და მათგან ერთ-ერთი გატეხეთ. თუ ჩუტე აღმოჩნდა, დამდეგი წელი მოუსავლიანი და ავადმყოფობის მომტანი იქნება. სავსე გული კი ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას გიწინასწრმეტყველებთ. სწორედ ამ სავსე, საღი ლებნებისა და ფუტკრის ღვთიური ნაჟურისგან მოგებებულ გოზინაყს ოჯახის კერიიდან ავი სულის განდევნაც ძალუძს; ჯანისა და სიმრთელის შენარჩუნება; სიბრძნის, სიუხვის, ძლიერების დამკვიდრება და ნაყოფიერება-გამრავლება. მაშ, მიეგებეთ ახალ წელს ამ განუმეორებელი ნუგბარით და ტრადიციული დალოცვით: „ასე ტკბილად დამიბერდი!” …და ბედნიერება თქვენს კარშიც შემოაბიჯებს.

ავტ: ანა წერეთელი

ეზოთერულ საკითხებთან დაკავშირებით, კონსულტაციისთვის ან დახმარებისთვის დაუკავშირდით თავად ქალბატონ ნანას და არ საიტის ადმინისტრაციას. T: 557 332 999

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

აგრეთვე იხილეთ

Close