ისტორია

რომელ კაფეში მუშაობდა ჯუნა დავითაშვილი და თბილისის რომელი სასტუმრო გადაიქცა ჩეკისტების სახლად

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, საქართველოში, კერძოდ, თბილისში, სასტუმროების განვითარება შეჩერდა. დაიხურა უამრავი ცნობილი სასტუმრო, მათი შენობები სახელმწიფოს გადაეცა და პროფილი შეეცვალა. გასაბჭოების შემდგომი პერიოდის სასტუმროების შესახებ ძველი ფოტოების დახმარებით გაგაცნობთ საინტერესო ცნობებს.

 

სასტუმროები გასაბჭოების შემდგომ წლებში

გასაბჭოების შემდგომ წლებში „მაჟესტიკი” (ამჟამინდელი „თბილისი მარიოტი”)  პროფკავშირების საბჭოს გადაეცა: „სევერნიე ნომერა” ჩეკისტების საერთო საცხოვრებელი გახდა, „კავკაზსა” და „გრანდ-ოტელს” წითელი არმია დაეპატრონა და შიგ თავისი მეომრები შეასახლა. თბილისის 1929 წლის გზამკვლევი სულ ხუთ სასტუმროს ასახელებს: „ორიანტს”, „ევროპას”, „პალასს,” „ავრორასა” და „ინტერნაციონალს“. მალე ამათგან ოთხი სასტუმრო დაიხურა და ერთი პერიოდი თბილისში ერთადერთი სასტუმრო – „ორიანტი” ფუნქციონირებდა (საუბარია რუსთაველის გამზირზე კინო „რუსთაველის” გვერდით მდებარე, 1992 წლის თბილისის ომის დროს დამწვარ მხატვრის სახლის შენობაზე, 1939 წელს „ორიანტს” დაემატა ხელახლა გახსნილი „მაჟესტიკი,” ამჯერად „თბილისის” სახელით, რომელიც, ასევე, 1992 წლის თბილისის ომის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა და მოგვიანებით მასში „თბილისი მარიოტი” გაიხსნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელახლა გაიხსნა „რუსთავი” (ყოფილი „ვეტცელი”, „ნოე”, „ევროპა”). მანამდე, ომის დაწყებამდე, რამდენჯერმე დადგა თბილისში ახალი სასტუმროს აგების საკითხი. 1930 წელს მისთვის ადგილიც კი შეარჩიეს რიყეზე, მაგრამ, ეს ჩანაფიქრი არ განხორციელდა. 1938-1939 წლებში აგებულ ცნობილ ასბინიან სახლში (ახლანდელ კოსტავას ქუჩაზე) შუა ნაწილი პროექტით სასტუმროს უნდა დათმობოდა, მაგრამ, მშენებლობის დასრულების შემდეგ ის დაწესებულებებს გადაეცა. პირველი საბჭოთა სასტუმრო თბილისში – „საქართველო” – მელიქიშვილის ქუჩაზე 1950-იან წლებში აშენდა. საინტერესოა, რომ ის თავიდან სამინისტროდ იყო ნაგულისხმევი და სასტუმროდ მშენებლობის პროცესში იქცა.

„ივერია“

საბჭოთა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო „ივერია” იყო, რომელიც ამჟამად „რადისონ ბლუ ივერიის” სახელს ატარებს. სასტუმროს საძირკველი 1964 წლის 16 იანვარს ჩაეყარა და მშენებლობა 1967 წელს დასრულდა. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1965 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სასტუმროს ეწოდა „ივერია”. სასტუმრო შეიცავდა 289 ნომერს 540 ადგილით, მისი მოცულობა შეადგენდა 60 000 კუბურ მეტრს. ეს იყო სრულიად ახალი ტიპის შენობა, რომლის მსგავსი არ იცოდა ქალაქის ომამდელმა არქიტექტურამ. სასტუმროს პროექტი „თბილქალაქპროექტში” დამუშავდა, ავტორი იყო არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილი, თანაავტორი – ი. ცხომელიძე. პროექტის ავტორს, ოთარ კალანდარიშვილს, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატობა მიენიჭა. სასტუმროს შენობა უნიკალური იყო თავისი ინტერიერით: ცენტრალური ჰოლის შემინული კედლიდან  იხსნებოდა ხედი შიდა ეზოსკენ, სადაც დეკორატიული აუზი, ვაზი და გოგონას თეთრი მარმარილოს შიშველი ფიგურა მოჩანდა – გაზაფხულის სიმბოლო (მოქანდაკე – გურამ კორძახია). სასტუმროს ამშვენებდა ხალხურ თემაზე შექმნილი ფრესკა, რომელიც რესტორნის კედელზე ბელა ბერძენიშვილმა შეასრულა; გარდა ამისა, იყო ორმოცი მონუმენტური, ფოლკლორული მოტივებით დატვირთული ჭედური ფურცლები (ავტორი – ანთიმოზ გიორგაძე), ვახტანგ ქოქიაშვილის ვიტრაჟები ქართული ხალიჩების მსგავსი მოხატურლობით, კერამიკული პანო ჭურჭლის გამოსახულებით და გულდა კალაძის ბარელიეფი. საბჭოთა დროს, 1970-იანი წლების ბოლომდე, სასტუმრო „ივერიის” წინ, ფუნქციონირებდა ცნობილი კაფე „მეტრო”, რომელიც თბილისელებისთვის ერთ-ერთ საყვარელ დასასვენებელ ადგილად ითვლებოდა. ცნობისთვის. კაფე „მეტროში” ოფიციანტად მუშაობდა ამჟამად განთქმული ექსტრასენსი ჯუნა დავითაშვილი. საბჭოთა კავშირის დანგრევისა და აფხაზეთში მომხდარი საომარი კონფლიქტის შემდეგ სასტუმროს მძიმე პერიოდი დაუდგა – შენობაში დევნილები შესახლდნენ და ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში „ივერია” თავისი წარსულის აჩრდილს დაემსგავსა. 2000-იანი წლების დასაწყისში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, თბილისის მთავრობამ დევნილების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და, განახლებული იერითა და სახელით, ამჟამად თბილისის ერთ-ერთი საუკეთეოსო სასტუმროა

 

„ანდროპოვის ყურები”

„ივერიის” პროექტის ავტორს, ოთარ კალანდარიშვილს, კიდევ ერთი ცნობილი თბილისური მონუმენტი ეკუთვნოდა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ  დემონტაჟი გაუკეთეს. საუბარია ეგრეთ წოდებულ “ანდროპოვის ყურებზე” ყოფილ რესპუბლიკის მოედანზე. კალანდარიშვილმა მაშინ დაარწმუნა ედუარდ შევარდნაძე, რომ საჭირო იყო სპეციალური ტრიბუნის აგება, რომელიც აღლუმებზე გამოიყენებოდა. ტალღების ფორმის მქონე ორიგინალურ ნაგებობას მაშინვე „ანდროპოვის ყურები” დაარქვეს,  თბილისში ხუმრობდნენ, თითქოს, „კაგებეს” ყოფილი შეფის ვიზიტისთვის აგებულ ნაგებობაში ჩამონტაჟებული იყო მოსასმენი აპარატურა „ივერიის” სტუმრების მოსასმენად და სათვალთვალოდ. ოფიციალურად, ნაგებობას „საზეიმო მოედნის  ტრიბუნის სივრცული არკადა” ეწოდებოდა, თუმცა, საეჭვოა, რომ „ანდროპოვის ყურების” ნამდვილი სახელი თბილისის მცხოვრებლებს სცოდნოდათ. პროექტის თანახმად, „ყურებს” რამდენიმე ელემენტი უნდა ჰქონოდა, მათ შორის დაკიდებული ზარები. 2005 წელს თბილისის მერიამ საბჭოთა სიმბოლოს – „ანდროპოვის ყურების” დემონტაჟი დაიწყო, რომელიც წარმატებით განხორციელდა.

„აჭარა”, „კოლხეთი”

1950-იანი წლების ბოლოს, ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით დაიწყო თბილისის ხუროთმოძღვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეების შეტანა: განაშენიანება ტიპობრივი პროექტებით, ინდუსტრიული მეთოდებით, ასაწყობი კონსტრუქციებით. იმ პერიოდში აშენდა საბჭოთა წყობილების ყველაზე ცნობილი მონუმენტური ნაგებობები, მათ შორის, სასტუმროები – „კოლხეთი” და „აჭარა”. „კოლხეთი” 1962 წელს აშენდა (არქიტექტორები თ. თევზაძე და ნ. ჯობაძე), ხოლო „აჭარა”, რომელსაც ამჟამად „ჰოლიდეი ინი” ეწოდება, 1975 წელს არქიტექტორ მ. მელიას პროექტით აიგო.

 

მასალაში გამოყენებულია ნაწყვეტები წიგნებიდან: დავით ხოშტარია, „თბილისის ძველი სასტუმროები” (გამომცემლობა „არტანუჯი”, თბილისი, 2011); გ. ხუციშვილი, „ჩემო თბილის ქალაქო” (გამომცემლობა „სამშობლო,” 1980).

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები